Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომპრომისული“ შრომის კოდექსი


„კომპრომისის შედეგი“ უწოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ბოლო ვარიანტს, რომელიც 12 ივნისს პარლამენტის პლენარულ სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. თუმცა ის, რაც კომპრომისულია კანონის ავტორებისათვის, მიუღებლად მიაჩნია საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს. მისი განცხადებით, პარლამენტი მხარს უჭერს შრომის ისეთ კანონმდებლობას, რომელიც კვლავაც არ იცავს დასაქმებულის უფლებებს, მისივე თქმით, მთავრობამ მხოლოდ ბიზნესჯგუფებისგან მიღებული მოსაზრებები გაიზიარა. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული პროფკავშირი პროტესტის ნიშნად საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

რვათვიანი დაძაბული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს შრომის კოდექსის საბოლოო, კიდევ ერთხელ განახლებული ვარიანტი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელმაც პარლამენტს შრომის ახალი კანონმდებლობა წარუდგინა, განაცხადა, რომ, მიუხედავად ბიზნესსექტორის მიმართ დაშვებული გარკვეული კომპრომისებისა, საბოლოო შედეგით ის კმაყოფილია. ეს არის დაბალანსებული შრომის კანონმდებლობა, განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი პროგნოზით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კანონპროექტს დადებითად შეაფასებს. ამასვე უნდა ველოდეთ ევროკავშირისგანაც:

„ეს დაბალანსებული შრომის კოდექსი იქნება. ვფიქრობ, მაინც ძალიან დიდი პროგრესული ნაბიჯია. ჩვენთან ერთად ბოლო წუთებამდე მუშაობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, რომელიც ახლაც დარბაზშია და რომელიც ძალიან დაგვეხმარა კომპრომისული ვარიანტის მიღებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეაქცია დადებითი იქნება და, შესაბამისად, დადებითი იქნება ევროკავშირის გამოხმაურებაც. და მათაც რომ დავანებოთ თავი, ამას მოელის ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ მე მივესალმები, რომ ეს პროცესი სრულდება და სრულდება ‘ჰეფი ენდით’“.

შრომის კანონპროექტის გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნების პროექტი უწოდა და იგი დასაქმებულების მიმართ ზედმეტი მიკერძოების გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილს დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი დაქირავებულებს ”გადაჭარბებულად მეტ უფლებებს” ანიჭებს. ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინტერესი არ დავუკარგოთ ინვესტორებსო, აღნიშნა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ამის შემდეგ გაგრძელდა შრომის კანონმდებლობაში დამატებით ცვლილებებზე მუშაობა.

„ეს არის შრომის კოდექსი და ის არ უნდა იქცეს უმუშევრობის კოდექსად“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა 12 ივნისს წარმოდგენილ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი და თქვა, რომ, მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, ეს კოდექსი ვერ შეუწყობს ხელს ადამიანების დასაქმებას. საპარლამენტო ოპოზიციისათვის შრომის კანონმდებლობის დახვეწის პროცესი „ჰეფი ენდით“ არ დასრულებულა:

„საქართველოს სჭირდება არა ისეთი შრომის კოდექსი, სადაც წახალისებული იქნება დასაქმებულთა ბევრი გაერთიანების შექმნა, ბევრი შესაძლებლობა, რომ გაიფიცონ ადამიანები და ამით კიდევ უფრო გართულდეს ვითარება. თუ საჭიროა, ყველას უფლებები უნდა დავიცვათ და ჩვენ ვიყავით მომხრე ეს ყოფილიყო მინიმალისტური - დასაქმებულს ჰქონოდა ინფორმაცია და მ მხრივ ყოფილიყო დაცული, რომ ყოფილიყო მოტივირებული დასაბუთება, თუ ის მოითხოვდა ამას, რატომ უშვებენ მას სამსახურიდან, რა პრეტენზიები აქვთ მათთან; ასევე ჰქონოდა საშუალება, რომ სასამართლოში ედავა სრულფასოვნად იმისათვის, რომ თავისი უფლებები დაეცვა. ამის მაგივრად კი შრომის კოდექსში შევიდა უამრავი ცვლილება, რომელიც აუცილებლად გაართულებს შრომით ურთიერთობებს და ვერ შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“.

ამ პათოსს არ იზიარებს ალექსანდრე ბარამიძე და მიიჩნევს, რომ კანონში ბიზნესმენების მიმართ საკმარისი რევერანსები ჩაიდო. კომპრომისი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე სადავო ვადიანი ხელშეკრულების საკითხსაც:

„საჭირო იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დადების შესაძლებლობის აღმოფხვრა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ, ერთი მხრივ, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ გარკვეული რევერანსებიც არის ამ კოდექსში ჩადებული“.

შრომის კოდექსის საბოლოო ვარიანტით უკმაყოფილოა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. პროფკავშირები კანონის საკომიტეტო განხილვებს გამოაკლდა. პეტრიაშვილის თქმით, პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც კანონის გარშემო გამჭვირვალე დისკუსია შეწყდა და მთავრობამ გადაწყვეტილებების მიღება კულუარებში დაიწყო, საბოლოო ჯამში კი, რვა მუხლში შესული ცვლილების შედეგად მივიღეთ კოდექსი, რომელიც არ იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არ უახლოვდება დასავლურ სტანდარტებს:

„ამ ცვლილებების მიხედვით, აზრისა და ნების გამოხატვა კვლავ შეზღუდული რჩება. ის ცვლილებები, რომლებიც სამუშაო დროსა და შრომით კონტრაქტებს ეხება, საკმაოდ დისკრიმინაციულია. სამუშაო დრო საერთოდ გაკვირვებას იწვევს. მოქალაქეების ერთ ნაწილს უწესდება 40 საათიანი სამუშაო კვირა, ხოლო სხვებს, სპეციფიკურ რეჟიმში მომუშავეებს ( და ჯერ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სპეციფიკური სამუშაო), უწესდებათ 48 საათიანი სამუშაო კვირა. საინტერესოა, რას ეტყვიან ამ ადამიანებს, რომ მათ პროფესიის არჩევა შეეშალათ?“

კანონში ბოლო მომენტში შეტანილმა ჩანაწერებმა ხაზი გადაუსვა ყველა იმ პროგრესულ სიახლეს, რომელიც აქამდე მომზადდა და შრომის კოდექსში ჩაიდო. მოხდა ის, რასაც ვშიშობდი და ვითარება დაემსგავსა „ნაციონალების მიერ“ შეღებილი შენობების ფასადებს, რომლებიც მხოლოდ გარედან იყო ფერადი, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. მისი თქმით, პროფკავშირს შრომის კოდექსისათვის ბრძოლის თავიდან დაწყება მოუწევს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG