Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობისთვის 94 კანდიდატი იბრძვის


უპრეცედენტო შემთხვევა ლაგოდეხში: ბოლო ინფორმაციით, გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 94 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საკონკურსო განაცხადების მიღება 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ლაგოდეხში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ საკრებულოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. საკრებულოს წევრებმა 26 ნოემბერს გამგებლის თხოვნა დააკმაყოფილეს და კონკურსი ამის შემდეგ გამოაცხადეს.
საკრებულო პრეტენდენტთა განაცხადებს ელექტრონული სახით იღებს. საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი მესხიშვილი ამბობს, რომ ვაკანსიის შესახებ განაცხადი გამოქვეყნებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე, სადაც, თავის მხრივ, სამსახურის მაძიებლები არიან დარეგისტრიტებული. მისი თქმით, შესაძლოა განაცხადები კონკრეტული თანამდებობისთვის ავტომატურ რეჟიმში იგზავნება.

“მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, შეიძლება ზოგიერთმა კანდიდატმა არც იცოდეს, რომ ლაგოდეხის გამგებლობის სურვილი გაუჩნდა. მე მქონდა საშუალება რამდენიმე კანდიდატის საბუთები მენახა და პრაქტიკულად ვერც ერთი ვერ ვნახე, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩვენ მიერ დაყენებულ მოთხოვნებს. ანუ სტუდენტს გამორიცხულია, რომ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ განცხადებები ან ავტომატურ რეჟიმში იგზავნება ან საკუთარ თავს გამოცდას უწყობენ“.

94 კანდიდატს შორის, რომელთა განაცხადიც საკრებულომ მიიღო, 4 ლაგოდეხელია. მათ შორის არიან თენგიზ თუთისანი, მევლუდ გელაშვილი და ვალერ ალიბეგაშვილი. იმის გამო, რომ საკრებულო გამგებლობის მსურველთა საკონტაქტო ინფორმაციას არ გასცემს, მათთან გასაუბრება ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა. საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი მესხიშვილი იმ პროცედურებზე გვესაუბრება, რომელთა მიხედვითაც გამგებლის არჩევა მოხდება. მესხიშვილის თქმით, კომისიაში, რომელმაც გამგებელი უნდა აირჩიოს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევლენ:

„კომისიაში შევლენ: საკრებულოს რამდენიმე წევრი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ადამიანები სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებიდან, პროფკავშირები. მე რამდენადაც ვიცი, პროცესში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიამ ჯერ სამუშაო პროგრამა და გრაფიკი უნდა შეადგინოს. მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს“.

კომისიის წევრობის შესახებ შეთავაზება მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოკერია ამბობს, რომ ისინი გამგებლის არჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ:

„მე ვიცი, რომ ლაგოდეხის გამგებლობის მსურველი ძალიან ბევრია. ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება მათ შესახებ წინასწარ ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას, ვინ არიან, რას საქმიანობდნენ დღემდე. ჩემი აზრით, კანდიდატები კარგად უნდა იცნობდნენ რაიონის სპეციფიკას, უნდა ჰქონდეთ ადგილზე მუშაობის გამოცდილება. სასურველია, რომ ლაგოდეხის მომავალი გამგებელი ადგილობრივი იყოს“.

ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა მოულოდნელი აღმოჩნდა რიგითი ლაგოდეხელებისთვის. ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილის აზრით, კომისიას გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება:

„ძალიან ბევრი კანდიდატები არიან. მე მგონია, რომ მათგან რეალური შესაძლებლობების ორი-სამი ადამიანი იქნება“.

„უნდა მოვიცადოთ! მე ამდენი კანდიდატურის წამოყენება არარეალურად მიმაჩნია“.

„ძალიან ბევრია! ამდენ კანდიდატებში როგორ უნდა აირჩიონ? რომ იყოს 10-20 კანდიდატი, იქიდან უფრო ადვილად აარჩევს კომისია“.

„დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც განცხადება არა აქვს დაწერილი? გამოდის, რომ ვინც მოიწადინა, ყველას გამგებლობა მოუნდა საკუთარ ქუჩაზე. ლაგოდეხელებს გვკითხონ და ჩენ ავირჩევთ!“


გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების მიღება 7 დეკემბერს დასრულდება, თუმცა როდის მოხდება გამგებლის არჩევა, ცნობილი არ არის. საკრებულოში ვარაუდობენ, რომ განცხადებების მიღების ვადის ამოწურვამდე გამგებლობის მსურველთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG