Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილი - უფლებადამცველი


10 იანვარი, კვირა

რამდენჯერ მინდოდა და რამდენჯერ მიცდია დღიურის დაწერა, მაგრამ დღემდე ვერა და ვერ მოვახერხე... ეს სურვილი კი ჩემთვის, ალბათ, ბუნებრივიცაა, რადგან, სხვა თუ არაფერი, „ვგიჟდები“ ფოტოგრაფიაზე, მოყვარულ ფოტოგრაფადაც კი ვთვლი თავს. ეს კი, გარდა მხატვარ წინაპართა „სისხლის ყივილისა“ და საკუთარი მხატვრული წარსულის ერთგვარი სუბლიმირებისა, თავად ფოტოს ბუნების არსითაა გამოწვეული...

ფოტო ხომ ასე ჰგავს დღიურის ფურცელს, რომლის მთავარი მიზანია წამის, მომენტის, ძირითადად ლამაზის, მაგრამ, რაც მთავარია, მნიშვნელოვნის დაჭერა, ბამბაში გახვევა და სათუთად შენახვა. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა და ამგვარი წამების კოლექციონირებისადმი ჩემი მიდრეკილებისა, დღიურებს აქამდე ვერასდროს დავუდე გული, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ცხოვრების დაუდგრომელი ტემპის, საქმეების სიუხვისა და კიდევ, ალბათ, წერაზე მეტად, ზეპირი მეტყველებისადმი მიდრეკილების გამო. სწორედ ამიტომ, მრავალჯერ მიფიქრია აუდიოდღიურებზე, მაგრამ ხან დიქტოფონს მიმტვრევდნენ მიტინგზე, ხანაც მსგავსი ფუნქციით აღჭურვილ ტელეფონს. ასე რომ, დავრჩი დღემდე განვლილი ცხოვრების ასო-ბგერითი კოლექციის გარეშე...

მოკლედ, დღე რადიო თავისუფლების ოფისში უთენია სტუმრობით დაიწყო, რომ საბოლოოდ შეგვეთანხმებინა „თავისუფლების დღიურებთან“ დაკავშირებული ტექნიკური ამბები. შემდეგ კი ჩემი ბავშვების მორიგი დაპირების შესასრულებლად წავედი. ამჯერად საქმე მათ კიდევ ერთ საახალწლო სურვილთან გვქონდა. ჰოდა, საციგურაოდ გავემართეთ ყინულის მოედანზე, რომელიც ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის მოედანზეა მოწყობილი. გრძელი რიგი დაგვხვდა და ამიტომ „ვენდიში“ მოგვიწია შესვლა და, ცოტა არ იყოს გაყვლეფაც! მაგრამ საბოლოოდ ბავშვებმაც და, ვაღიარებ, მეც საკმაოდ ვიმხიარულეთ, განსაკუთრებით − სათამაშო ავტომატებით. მსხვილ კორპორაციებს ვერ ვიტან, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არჩევანს პრაქტიკულად არ გვიტოვებენ, მით უფრო რეკლამებით გაჯერებულ თანამედროვე სამყაროში და „ტრადიციულად“ მონო-ოლიგოპოლიზებულ ქართულ ბიზნესგარემოში...

როგორც იქნა, ჩვენი რიგიც მოვიდა. დიდის წვალებით ციგურების მორგების შემდეგ ბავშვებმაც და მეც ყინულზე რაღაც-რაღაცები მოვახერხეთ. არ ვიცი, რამდენად მოვიპოვეთ ოლიმპიური საგზურები (ამას თვითმხილველები უფრო იტყვიან), მაგრამ, რაც მთავარია, ტრავმატოლოგიურში გადაყვანას გადავურჩით, თან ბევრი ვიცინეთ... მიუხედავად ეგზომ „დატვირთული“ გართობისა, ქეთუთამ გეზი, რა თქმა უნდა, მაინც მორიგი „სასრიალოებისაკენ“ აგვაღებინა. ვინი-პუჰების კოლექციონერობასთან ერთად, მას ხომ კიდევ ერთ ჰობი აქვს: მიზნად აქვს დასახული, გამოსცადოს ყველა სასრიალო-სათამაშო მოედანი.

ამ ყოველივეს შემდეგ კვლავ საქმეებმა მიხმეს. ერთ ყოფილ პოლიტპატიმართან შეხვედრაზე წავედი, ასევე სამშაბათის ჩემი გარემოსდაცვითი ტოკ-შოუს, „მწვანე ზონის“ დაგეგმვაც და სტუმრების ძიებაც მომიწია. საღამოს სოციალურ ქსელში მიუსაფარი ბავშვებისათვის ჩვენი - „დემოკრატიის ინსტიტუტის“ - ინიციატივით 15 იანვრისთვის დაგეგმილი საახალწლო-საბედო ზეიმის მხარდამჭერთა წახალისების კამპანიის წარმოებაც მომიხდა. არც ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა დამვიწყებია...

თავისუფლების დღიურები - ლაშა ჩხარტიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:24 0:00

11 იანვარი, ორშაბათი

დღე ოფისში, დილის ათის ნახევარზე დაიწყო „გამგაზვრებ-გასეირნებით“ და ამჯერად არა პარტიზანული კროსით, რადგან კვირის პირველ დღეს ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო. კროსი კი იმიტომ მიწევს ხოლმე, რომ ამინდისადმი ჩემი დამოკიდებულება „საეჭვოდ“ ჰგავს ერთი ქართული „პაპსა“ სიმღერის შინაარსს. თუმცა, მე აშკარად უფრო დიდი ხანია, მიყვარს თოვლი და თანაც სითბო-მხურვალება... ჩვენი ორგანიზაციის − „დემოკრატიის ინსტიტუტის“ − შტაბში მისვლის შემდეგ დღემ ჩვეულსა და არაჩვეულ საქმეებში გაირბინა.

ჩვეული საქმეებიდან ძირითადი დრო რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის ონლაინვერსიის მასალების დამუშავება-მოძიებამ მოითხოვა. ამჟამად ვახორციელებთ ძალიან საინტერესო და, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს. ცნობილია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის უმეტესი ნაწილი აღიარებს, რომ ძალადობრივი ხასიათის მასშტაბურ დანაშაულებს სისტემური ხასიათი ჰქონდა როგორც საბჭოთა ეპოქაში, ისე შევარდნაძის პერიოდში თუ სააკაშვილის მმართველობისას. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი, რათა საზოგადოებას არ დაავიწყდეს ეს საშინელებები და ფხიზლად იყოს, რომ მოქმედსა და მომავალ მთავრობებს აზრადაც არ მოუვიდეთ მსგავსის განმეორება! საწყის ეტაპზე მუზეუმის ონლაინვერსიაზე ვმუშაობთ, მერე კი ვნახოთ...

ეს ასე ხდება: ვეყრდნობით რა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშებს, ვახდენთ უფლებადარღვევათა სისტემატიზაციას, თითოეულ ამგვარ ფაქტთან დაკავშირებით ვცდილობთ მოვიპოვოთ ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა და მას განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე. ამ ეტაპზე სააკაშვილის რეჟიმის დარღვევებზე ვმუშაობთ, დარღვევათა რაოდენობა კი, სამწუხაროდ, კოლოსალურია! ასე რომ, სამუშაო ძალიან-ძალიან ბევრია და, თანაც, დამთრგუნველი, რადგან ყოველდღიურად ათობით ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და მათი ტრაგედიების გაცნობა თუ გახსენება გვიწევს, იქნება ეს მკვლელობები, უკანონო და პოლიტიკური პატიმრობები, წამება, გაუპატიურება, დარბევა, უკანონო თვალთვალი, საკუთრების უფლების შელახვა თუ სხვა და სხვა... საქმიანობას ართულებს ფოტო-ვიდეო მასალის სიმწირე, რის შესავსებადაც მრავალ გზას მივმართავთ, მათ შორის ვცდილობთ დანაკლისი სოციალურ ქსელებში განთავსებული მასალებიდან ავანაზღაუროთ. დღეს, გარდა მუზეუმის მასალებზე მუშაობისა, რამდენიმე მიმდინარე უფლებადარღვევის ფაქტიც შევისწავლეთ და გამოვეხმაურეთ, განვაახლეთ მზადება მიუსაფარი ბავშვების საახალწლო ზეიმისათვის, რომელიც „ნამდვილ“, „ძველ“ ბედობას გვაქვს დანიშნული.

12 იანვარი, სამშაბათი

აღარ მოვიხსენიებ ჩემს ბრძოლას სიცივესთან, თუ მის ფსიქოლოგიურ აჩრდილებთან, აღარც რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმს შევეხები. პირდაპირ სხვა ამბებზე გადავალ. მაგალითად, გავიხსენებ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველ ლევან მურუსიძეს. ამ ახალ წელს ის რა გასახსენებელია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის უსამართლო სასამართლოს ეს სიმბოლო, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში დატოვეს წინამორბედი და მოქმედი ხელისუფლების მიერ შერჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ამით შექმნეს უაღრესად სახიფათო, ხელისუფლების (და არა კანონის!) მორჩილების დაფასების, დაუსჯელობის ამაზრზენი პრეცედენტი!

ყველაფერი აქაც წინამორბედი ხელისუფლების მიერ ფართოდ ნაცადი კიდევ ერთი ხერხის გამოყენებით გაკეთდა. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება სწორედ საახალწლო დღეებში მიიღეს, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციის ნაკლები მასშტაბის მისაღწევად, რაც, სამწუხაროდ, გამოუვიდათ კიდეც... დღეს კი მურუსიძე იმიტომ გავიხსენე, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უნდა შევკრებილიყავით არასამთავრობოები და პოლიტიკოსები, რათა ზემოხსენებული კანონდამრღვევი მოსამართლეების მფარველად გადაქცეული იუსტიციის საბჭოს რეფორმირების მოთხოვნით წარმოებულ კამპანიის დაგეგმვაზე გვესაუბრა. მაგრამ შეხვედრა გადაიდო. ამიტომ ოფისში ჩვეულ საქმეებს დავუბრუნდი, პარალელურად გავააქტიურე მზადება მიუსაფარი ბავშვების საახალწლო ზეიმისთვის, ინტენსიურად ვეკონტაქტე მათი დახმარების მსურველ თანაფეისბუკელ მოქალაქეებს, რომელთა ნაწილი ოფისშიც გვეწვია...

ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზაციის წევრის, სოფო ძიგუას იდეით დაიწყო. სოფომ შემოგვთავაზა, საახალწლოდ მოგვეწყო კამპანია რომელიმე ბავშვთა დაწესებულების დახმარების მიზნით. მე კი ზეიმის ჩემთვის და თავად სიდუხჭირეში მყოფი ადამიანებისთვის უფრო ჩვეულ, ქუჩის გარემოში მოწყობის წინადადება წამოვაყენე. საბოლოოდ, მიუსაფარი ბავშვებისათვის ზეიმი 15 იანვრისთვის დავგეგმეთ მარჯანიშვილის მოედანზე და მას „დაიბედე სიკეთე“ დავარქვით. მის ფარგლებში გადავწყვიტეთ მცირე კონცერტის, კინოჩვენებისა და იმპროვიზებული ფოიერვერკის მოწყობა, რომელსაც „ნამდვილი“ თოვლის სანტა (ამჯერად მე) და ფიფქია (თაკო სუარიშვილი) წავიყვანთ... ამასთანავე, რაღა თქმა უნდა, დავიწყეთ ტკბილეულისა და სათამაშოების შეგროვება იმ კეთილი თანამოქალაქეების დახმარებით, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით მოვიზიდეთ.

13 იანვარი, ოთხშაბათი

ძველით საახალწლო-საკალანდო დილა, მოლოცვანარევმა საქმიანმა ზარმა გამითენა. დამირეკა ნანა ფაჟავამ, „მაესტროს“, რადიო „იმედის“ და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი მედიასაშუალების ჟურნალისტმა. ის პროკურატურაში დაიბარეს, საქმე ეხებოდა ჩვენი − „დემოკრატიის ინსტიტუტის“ − მოთხოვნით (მართალია, რვა წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც) დაწყებულ გამოძიებას. საუბარია ჩემსა და ჩემს მაშინდელ თანამებრძოლებზე, 2007 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, პრაქტიკულად ღია ეთერში განხორციელებულ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმასა და ანგარიშსწორებაზე.

ჩემი არ იყოს, გამოძიების დაწყებით (მით უფრო, საახალწლო დღეებში) ნანაც გაკვირვებულია. მან ეჭვნარევი იმედი გამოთქვა, რომ ეს ყოველივე, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ერთ-ერთი დამნაშავის, ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის „ზონდერის“, ხოლო შემდგომ „პოლიციელად დაწინაურებული“ პირის დასჯით არ დასრულდება. მეც დავუდასტურე, რომ ყოველგვარი შერჩევითობის წინააღმდეგი ვარ და ბოლომდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის, მათ შორის დღემდე პოლიციაში შემორჩენილი, ალბათ კი უფრო „შემოტოვებული“ დამრბევ-ჯალათების დასჯას!

ძველ თანამებრძოლ-მეგობართან ერთად გარდასულ დღეთა გამოძახილზე საუბარსა და სააკაშვილის პერიოდში ჩვენ დარბევების „ტკბილმა“ მოგონებებმა იმდენად გაგვიტაცა, რომდრომ ელვისებურად გაირბინა და ოფისში კარგა ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი. არადა საქმეები რუსული ანდაზის საწინააღმდეგოდ, კომპიუტერთა ტყეში პირდაფჩენილი მელოდნენ. ისევ მუზეუმი, ისევ გამოხმაურებები, მიუსაფარ ბავშვთა ზეიმი და, ვინ მოთვლის, კიდევ რა აღარ...

თუმცა დღეს ყველაზე მოულოდნელი ფიფქიას გამოცხადება გამოდგა. ოფისში გუშინ მოცემული დაპირებისამებრ, გამოგვეცხადა კეთილი ფიფქია. ეს ჩემი „ფეის-მეგობარი“ და, პრაქტიკულად, უცნობი მოდელი, მსახიობი, ფსიქოლოგი და რა ვიცი, კიდევ ვინ, რეალობაში კი პრაქტიკულად უცნობი გოგო, თაკო სუარიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ფიფქიას ფორმით გამოგვეცხადა ოფისში და თანაც ბავშვებისათვის ტკბილეულობისა და სათამაშოების შეძენაშიც დაგვეხმარა. სასიამოვნოდ გაკვირვებული და ძალიან გახარებული დავრჩი: ჩვენს დროში ასეთი კეთილი საქციელი დიდ იშვიათობადაა ქცეული.

ხუთი საათისთვის უსახლკაროების პრობლემასა და მიუსაფარ ბავშვთა ზეიმზე სალაპარაკოდ რადიო თავისუფლების ეთერში გავქუსლე, სადაც გოგი გვახარიას მიწვევით ამ ამბებზე ვისაუბრე, ამჯერად − განსაკუთრებული სიამოვნებით, რადგან მსმენელთა შორის მიუსაფარი ბავშვების ზეიმის ახალი მხარდამჭერების აღმოჩენა-გამოჩენის დიდი იმედი მქონდა.

შემდგომ კვლავ ოფისის გავლით, ბაზრობასა და სათამაშოების მაღაზიებისაკენ გავქანდი, რადგან ჩემი ოთხი წლის ქეთუთასათვის უნდა მომეპოვებინა დაპირებული მოლაპარაკე თუთიყუში, ხოლო 13 წლის დუდუსთვის − „ვარსკლავური ომების“ ხმალი. იმდენ ხანს ვირბინე და ვიჯირითე, რომ თავი „ერხანს“ „უკანასკნელ ჯედაიდაც“ კი წარმოვიდგინე. ხოლო როცა ძლივს აღმოჩენილი საძველითახალწლო საჩუქარი კინაღამ ცხვირწინ ამაცალა სხვა მამიკომ, ლამის შვარცენეგერის კინოგმირად გადავიქეცი: კინაღამ ხელში ვწვდი იშვიათობად ქცეული თუთიყუშის „აწაპვნის“ მსურველ „თავხედ“ მამიკოს.

საბოლოოდ, ყველაფერი „ვარსკვლავური ომების“ გამოუცხადებლად დასრულდა. 15 ლარად ბაზრობაზე უკვე რარიტეტად ქცეული, ელექტრონული თუთიყუშიც შევიძინე, ყოველი შემთხვევისათვის დუდუს ვარსკვლავური ომების განუყოფელი ლაზერული ხმალითაც შევიარაღდი და ბავშვებთან ერთად მხიარულად შევხვდი კალანდას, რომელიც მე, როგორც თბილისში დაბადებულ-გაზრდილ, მაგრამ სისხლით მაინც დაუდგრომელ გურულს, ორმაგად მიყვარს და კარგ განწყობაზე მაყენებს.

14 იანვარი, ხუთშაბათი

მიუსაფართან ერთად, ჩემი საკუთარ ბავშვების ზეიმზე ფიქრით გამეღვიძა. დღეს ისინი „ვენდის“ საახალწლო ზეიმზე უნდა წამეყვანა, რასაც ჩემი ქეთუთა და დუდუც მოუთმენლადელოდნენ...

მანამდე ოფისში მივედი, გავაგრძელე მუშაობა მიუსაფარი ბავშვებისთვის გასამართ ზეიმზე, ასევე რეპრესიების მსხვერპლთა საქმეებსა და მიმდინარე უფლებადარღვევებზე. ამ ყოველივეს კი ისეთ ის ავადსახსენებელი მურუსიძე დაემატა. ამჯერად ჩვენი ამოცანა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ძიება იყო, რადგან მე, ირაკლი კაკაბაძესთან და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებას დავპირდი, რომ აქციებს გამართავთ ამ „მოსამართლის“ და მისი ამრჩევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ათი მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრის („ნაციონალებისა“ და „ოცნების“ წარმომადგენელთა) სახლებთან. მურუსიძის სავარაუდო მისამართები ადგილზე გასვლის შემდეგ არ დადასტურდა, ამიტომ მისი ძიება სხვა დროისთვის გადავდეთ. ვერ ვფარავ აღშფოთებას მურუსიძისა და სააკაშვილის რეჟიმის სიმართლის მკვლელი ათობით სხვა მოსამართლის არჩევის გამო! გარდა საზოგადოებისა და მოკლულთა ხსოვნის შეურაცხყოფისა, ეს წარმოადგენს უმძიმეს პრეცედენტს, რომლის ძალაში დატოვება უცილობლად იქცევა სასამართლო სისტემის ჩანასახოვან მდგომარეობაში არსებული დამოუკიდებლობის ძირშივე განადგურებისა და მომავალში მსგავსი ტრაგედიების განმეორების წინაპირობად.

დამირეკა დუდუმ, აშკარად ქეთუთას თხოვნით, ხომ არ გაგვიანდებაო. საბოლოოდ, ჯერ რუსთაველის „ვენდიში“ ამოვყავით თავი (15 წუთის დაგვიანებით და თან, თურმე, შეცდომით) და მერე უკვე სწორ ადგილას, ანუ დოლიძის „ვენდიში“ ოღონდ არასწორ დღეს! ეს შეცდომათა კომედია, „ვენდის“ „პეპი-გოგონების“ გულკეთილობის გამო, საბედნიეროდ, შეცდომათა ტრაგედიაში არ გადაიზარდა და ჩვენც ერთი დღით ადრე დაგვიშვეს ზეიმზე. საოცრად ვიმხიარულეთ! აი ისე, ისე ძალიან, რომ მეშინია, ვინმემ რეკლამად არ ჩამითვალოს. ამიტომ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ არც მსხვილი კომპანიების, და არც სწრაფი კვების სასადილოებისა თუ რესტორნების მხარდამჭერი ვარ.

ახლა ვუყურებ ჩემს ელექტრონულ თაბახის „ნაგლეჯს“ და ვხვდები, რომ ჩემი და ჩემი ბავშვების მხიარული ზეიმ-თავგადასავლები ვეღარ ეტევა რადიო თავისუფლების დაწესებულ ლიმიტირებულ და ისედაც კარგა გვარიანად დარღვეულ საზღვრებში. ამიტომ ერთსღა ვიტყვი: ბავშვებზე მეტად თუ არა, მეც არანაკლებ გავერთე სხვადასხვა სამშობლ-საშვილო თამაშობებით...

15 იანვარი, პარასკევი

დადგა მშფოთვარე პარასკევიც. დილის რვის ნახევრიდან დამეწყო ჩვეულზე ორჯერ უფრო სწრაფი გადარბენა. დღეს ხომ მიუსაფარი ბავშვებისათვის დაპირებული ზეიმის დღეა! ჯერ კომპიუტერული პროექტორის წამოსაღებად გავქუსლე, შემდეგ ოფისში, შემდეგ ბაზრობასა და მაღაზიებში პატარებისთვის ტკბილეულის და წვრილმანი სათამაშოების, ასევე „თოვლის“ შესაძენად.

დამირეკა დილიდანვე გარეთ გამოსულმა, ასევე „დემოკრატმა“ სოფომ, რომელმაც შემაშფოთებელი ამბავი მაუწყა. კერძოდ მითხრა, რომ, სავარაუდოდ, სუსხიანი დღის გამო, მიუსაფარი ბავშვები ქუჩაში მხოლოდ კანტიკუნტად თუ ხვდებოდნენ: დათქმული ორის ნახევრისთვის აღმაშენებლის გამზირისა და სადგურის მოედნის ბავშვების უმრავლესობის შეკრება ვერ მოხერხდებაო. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ კანფეტებითა და სათამაშოებით დახუნძლულმა, ოფისისკენ მორბენალმა, გზაშივე გადავწყვიტე, რომ „დავიბედოთ სიკეთეს“ „დავინათლოთ სიკეთეც“ დავუმატოთ და 19 იანვარს ნათლისღებისთვის მეორე ზეიმიც მოვაწყოთ.

დათქმულ დროს მარჯანიშვილზე მაინც მოვაწყვეთ მცირე ზეიმ-რეპეტიცია, სადაც თოვლის ბაბუას როლი მე მერგო. ასე იყო თუ ისე, მარჯანიშვილის მეტროსთან დროულად გამოვცხადდით კანფეტებით ხელში, იქ კი ორი ღვთისნიერი და ჩვენი იდეის მხარდამჭერი ადამიანი, თაკო სარდანაშვილი და ნიკა ჩიქოვანი დაგხვდნენ სათამაშოებისა და თბილი ტანსაცმლის დიდი მარაგით ხელში. ორი ბავშვი მალევე გადაიქცა ათად და კიდევ მეტად, და ჩვენ მათი არნახული სიხარულის მომსწრენი გავხდით. უმრავლესობა გახარებული იყო საჩუქრებისა და ყურადღების გამო, ხოლო ნაწილი ცოცხალი ფიფქიას გამოცხადებით აღფრთოვანებული და გაოცებული, ადგილს ვერ პოულობდა. სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ მთელმა ჩვენმა საახალწლო „ბანდამ“ ოფისში გადავინაცვლეთ, 19-ის „დაინათლე სიკეთის“ დაგეგმვისა და დღევანდელი ფოტოების ატვირთვის, ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ, ყავის დალევაც კი მოვასწარით.

ცოტა ჩვეულ არასაახალწლო საქმეებსაც მივუბრუნდით და, საბოლოოდ, მაინც უაღრესად ნასიამოვნები დავრჩით. ასეთ ამაღლებულ განწყობაზე მყოფებმა დავტოვეთ შეკრების ადგილი და სახლებისაკენ გავემართეთ. თან იმაზეც ვნერვიულობდი, როგორი გამოვა 19 იანვარი, 19 საათი: მიუსაფარი ბავშვების უმრავლესობამ, სამწუხაროდ, არც საათის ცნობა იცის, და არც კალენდარს ადევნებს თვალყურს, ვერც დღეების დასახელებაში ერკვევა და წერა-კითხვასთანაც მწყრალად არის... ბოლოს გადავწყვიტე, რომ სამშაბათს, „პალიტრაზე“ ჩემი გარემოსდაცვითი ტოკ-შოუს, „მწვანე ზონის“ დაწყებამდე მთელი დღე მიუსაფარი ბავშვების შემოვლა-გაფრთხილებას დავუთმო. თუმცა მერე გამახსენდა, რომ მთელ დღეს ვერ დავუთმობ, რადგან საკუთარ ბავშვებს დავპირდი, რომ ნათლისღებას კინოში წავიყვან...

16 იანვარი, შაბათი

კიდევ ერთი სიმღერის „ლაიტმოტივის“ საწინააღმდეგოდ, ჩვენთვის ყოველთვის ორშაბათია, ასე რომ, დღე ისევ ოფისითა და საქმეებით დაიწყო. ამჯერადსხვა ყოველივესთან ერთად, ჯერი ურბანულ-ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მცდელობისა და მოქალაქეთა გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისათვის წარმოებული ბრძოლის მორიგი ეტაპით გაგრძელდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება „აკადემქალაქის“ მოსახლეობის ჯგუფს, რომელიც ჩვენთან ერთად უკვე სამი თვეა იბრძვის, თბილისის ისედაც ყველაზე გადატვირთული და ალბათ მოსახლეობის ყველაზე მეტი სიმჭიდროვით გამორჩეულ უბანში ახალი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ.

ამ უბანში, რომელიც ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი „კაპეზეს“ ეზოს ჰგავს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება ისედაც თითქმის შეუძლებელია, სამი ახალი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ და გეგმის ნაწილს უკვე ახორციელებენ კიდეც. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს უბანი საბოლოოდ იქცევა ბეტონის გაუვალ ჯუნგლებად და თანამედროვე თბილისის ამაზრზენ სავიზიტო ბარათად, ხოლო იქაური მოსახლეობა განწირული იქნება მანქანების დაბინძურებული საწვავის ოხშივარში გამომწყვდეულ ულტრათანამედროვე ჯოჯოხეთურ ქვაბში ცხოვრებისთვის!

ამასთან შეგუებას არც აქაურები აპირებენ, და არც ჩვენ. ამჯერად საკრებულოს მივადექით: შევძახეთ, მოვუწოდეთ, განცხადებითაც მივმართეთ, დავემუქრეთ კიდეც „ოკუპაი აკადემქალაქით“ და დროებით დავიშალეთ.

კვლავ ოფისში მივედით, დავამუშავეთ საინფორმაციოთა მასალები, სხვა მიმდინარე საქმეებსაც მივხედეთ და დავიშალეთ. საღამოს ვესტუმრე ჩემს ახლობელ და ძალიან, ძალიან საინტერესო მეგობარს, გენეალურ გენეალოგს (როგორც მოფერებით ვეძახი), ქეთი პაპუნაშვილსა და მის ოჯახს. ცოტა ვიმხიარულეთ, მსტვენავი ბუშტები გავბერეთ, გავხეთქეთ კიდეც. „კინდერის“ უცნაური სათამაშოს აწყობითა და შემდეგ „სიჩაუქეში“ ვარჯიშითაც ვინერვიულ-გავერთეთ და მერე − სახლისაკენ ჰერი-ჰერი!

გზად ქუჩაში ნაპოვნი „კანტუზიიანი“ და ძლივს გადარჩენილი კნუტისთვის საკვები ვიყიდე. მეტროში განწყობა ალბათ ყველგან უარყოფითია, მაგრამ ჩვენთან (განსაკუთრებით კი „ვაგზლის მოედანი 2“-სა და ე.წ. „პირველ ხაზს“ შორის გადასასვლელში) დეპრესიულობის პიკს აღწევს: უპოვართა სიმრავლე, მათი უიმედო გამომეტყველება, შავი მარმარილოს ინტერიერისა და პირდაღებული გვირაბების კონტექსტში განსაკუთრებულ სიურრეალისტურ და, გარკვეულწილად, გროტესკულ ეფექტს იძლევა. მით უფრო, როცა ამას 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალისა და მისი უსინათლო ოჯახის წევრთა მიერ ფანდურზე შესრულებული მელოდიები და ნაღვლიანი სიმღერები ედება ფონად.

როგორღაც დავაღწიე თავი უიმედობის ამ სამფლობელოს და დამძიმებული გავემართე სახლისკენ, სადაც ამჯერად მეტროს გვირაბზე არანაკლებ ფართოდ ხახადაღებული „ვორდის“ ფურცელი და ჩემი „თავისუფლების“ დღიურ-კვირეული მელოდა. ნუგეშად კი კვლავ ის მრჩება, რომ 19 იანვარს მიუსაფარ ბავშვებს კვლავ გავახარებთ და მათთან ერთად „დავინათლავ სიკეთეს“!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG