Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა სამნიაშვილის „წინდაზე წასული“ თვალი


გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ შარშან დაბეჭდილი „ლოცვა აბსტრაქციად“ ლელა სამნიაშვილის რიგით მეხუთე პოეტური კრებულია. მასში 2010-2013 წლებში დაწერილი სულ რაღაც 21 ლექსი შედის და თითქოს სულ რაღაც 50-გვერდიანია, მაგრამ სინამდვილეში ეს კრებული ასე 150-200-გვერდიანია. საქმე ისაა, რომ წიგნში შესულ ყოველ ლექსს ასეთი თვისება აქვს: ბოლოში როგორც კი გახვალ, უკანასკნელი სტრიქონი უკან გიბიძგებს, დასაწყისისკენ და ტექსტის თავიდან წაკითხვას გაწყებინებს. ისევ ჩახვალ ბოლოში და იგივე ძალა კვლავ უკან მოგისვრის. მიმოქცევის ეს ძალა ლექსის შუაშიც მოქმედებს - ხანდახან შეგაყოვნებს, რამდენიმე სტრიქონით უკან გაგაცურებს, მერე ისევ წინ წაგწევს... ერთი სიტყვით, მკითხველის კარგი თვალი, როგორც ტივი, ამ წიგნს მდინარესავით ვერ ჩაუყვება ერთი ტემპით და შეუფერხებლად. პრინციპში, ლელა სამნიაშვილის წინა წიგნებიც ასეთი იყო, მაგრამ რაკი ახლა ამ წიგნზე ვლაპარაკობთ და მისი კითხვისას მიმოქცევის ეს ძალა მე ძალიან მატორტმანებდა, ამიტომ ამ პირველადი გარეგნული ეფექტის აღნიშვნა საჭიროდ ჩავთვალე. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ყველა კარგი ლექსის დამახასიათებელი თვისებააო, მაგრამ მე ასე არ მგონია. მგონია, რომ არის კარგი ლექსები, რომლის კითხვისასაც პირიქით, უკან კი არ იყურები, არამედ სიჩქარეს უმატებ და რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო თავქუდმოგლეჯილი მიჰქრი დასასრულისკენ. მაგრამ ასეთი ლექსები სხვა დროს გავარჩიოთ, ახლა კი ლელა სამნიაშვილის პოეზიას დავაკვირდეთ: რატომაა ასეთი, რა ხდება მასში. ამაზე სასაუბროდ კი მოვიწვიეთ პოეტი დიანა ანფიმიადი.

დიანა ანფიმიადი: „ლელა ჩემს საყვარელ პოეტებში შედის და რამდენიმე მიზეზია ამისთვის. პირველი და მთავარი - ჩემთვის, როგორც ენათმეცნიერისთვის, ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს ლელას ლექსებს - ყველა აღსანიშნს აქვს თავისი კონკრეტული აღმნიშვნელი. ანუ დამოკიდებულება ნიშანში არის ძალიან ზუსტი. ყველა თავს თავისი ქუდი აქვს, მოკლედ რომ ვთქვა და არაზუსტი მეტაფორა, რაღაცის გამო გაპარებული, ეგეთი რაღაცეები პრინციპში არც მახსენდება. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ლელას ლექსები არის საერთაშორისო პოეტური ენა, ერთგვარი პოეტური ესპერანტო, რომელზეც შეგვიძლია აბსოლუტურად ყველა ქვეყნის პოეზიას ველაპარაკოთ ისე, რომ თავიდან ბოლომდე გაიგონ, რასაც ვამბობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალიან კარგი ავტორი ძნელად გასაგებია სხვებისთვის და ძნელად ითარგმნება. და ლელასთან, ზუსტად იმის გამო, რომ აქ რაღაც გარეგნული სამკაულები ნაკლებია და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, რაც კი არის ლექსში, ამიტომ მთარგმნელისთვისაც მგონია, რომ ადვილი არა, მაგრამ გასაგები სამუშაოა, ანუ ზუსტი სამუშაოა. ამიტომ მგონია, რომ ლელას კარგად გავაგებინებთ აბსოლუტურად ყველას. ეს მეორე თვისება. მესამე, რაც მომწონს, ეს ლექსების სტრუქტურაა, ტექსტის ფურცელზე განლაგების სტრუქტურა. ამ ახალ წიგნშიც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები ცოტა მორბილებულია, ცოტა განწყობები შეცვლილი, ემისი ტექსტების ს მთავარი თვისება, ეს სიზუსტე არ არის შეცვლილი, და პირიქით, ოსტატობის რაღაც სხვა ეტაპზეა გადასული“.

საბედისწერო დეფექტია - დრო. წინდაზე წასულ თვალს გავს. არაფერი არ ეშველება...
ლელა სამნიაშვილი

ოსტატობის ეს სხვა ეტაპი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დიდოსტატობაა. ავტორი ფილიგრანული დიდოსტატობით ქსოვს თავის ტექსტებს, და მთავარი ისაა, რომ თუკი ადრე ეს ფილიგრანულობა იშვიათად, მაგრამ მაინც იხრებოდა ფორმალიზმისკენ, ამ კრებულის ლექსები უკვე ბოლომდე ინარჩუნებენ ბუნებრიობას და თვალსაჩინოდ, ხანდახან კონცეპტუალურ დონეზეც კი გამოკვეთილია თითოეულ მათგანში სათქმელი. წიგნში ძირითადად კონვენციური ლექსებია, არის ორიოდე ვერლიბრიც, და არის რაღაც შუალედურიც - როდესაც შუა ლექსში კონვენცია ქრება, მერე ისევ ჩნდება, მერე ისევ ქრება... ლექსის ზომაც ხშირად მოქნილია, ცვალებადია, რითმებიც ძირითადად ასონანსური თუ კონსონანსურია, არცთუ იშვიათად - ძლივს შესამჩნევი, აქა-იქ მირაჟივით ჩნდება ალიტერაციებიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ ქმნის ხელოვნური ნაკეთობის შთაბეჭდილებას. ყველგან მაღალია კონცენტრაცია - პოეტის სინტაქსი ერთ ზედმეტ სიტყვასაც არ ტოვებს ტექსტში და სათქმელს ბოლომდე წნეხს.

რაც შეეხება სათქმელს: „საბედისწერო დეფექტია - დრო. / წინდაზე წასულ თვალს გავს. / არაფერი არ ეშველება.“ - ამბობს ის ერთგან. სწორედ ეს „წინდაზე წასული თვალია“ ამ წიგნის მთავარი თემა. ავტორის თვალი ამ წინდის თვალს ჩასცქერის. ოღონდ ეს მედიტაცია არაა, ესაა ჭვრეტა. ლელა სამნიაშვილი აკვირდება წინდაზე წასულ ამ თვალს და ცდილობს დაინახოს, თუ რა ფენომენია წარსული, რა ფენომენია აწმყო და რა - მომავალი. აქ პიროვნული გამოცდილება და სამყაროსეული გამოცდილება ერთმანეთს ენაცვლება, პოეტურ მეტაფორებამდე, პოეტურ განმარტებებამდე ხან ერთს მიჰყავს და ხან მეორეს. აი, მაგალითად, ლექსში „წარსულის გადარჩენა“ დროზე დაკვირვება არც მეტი, არც ნაკლები, ეჭვიანობის საფუძველზე ხდება - პოეტური წყვილი ერთმანეთის ძველ მუზებზე ეჭვიანობს. ეს მუზები ხან ფლამენგოს მოცეკვავე ცეცხლოვანი ქალებივით არტყამენ ქუსლებს პოეტი მამაკაცის სტრიქონებში, ხან გახეხილი ჯინსებით თუ ფრაკებით ბოლთას ცემენ პოეტი ქალის ლექსებში. სანამ ისინი ბოლო სტრიქონში აი, ასეთ მეტამორფოზას არ განიცდიან:

„მომავალი კი, მომავალი - ბედისწერის სადარბაზოა.

ნაცნობები და უცნობები აყავს, ჩამოყავს.

ბავშვი არბის. ის, რომლისთვისაც ყველა მუზა

სტრიქონებში შეფრენილი ანგელოზია.“

საერთოდ ბავშვის სახე და ოჯახის სურათები საკმაოდ ხშირად შემოდის ამ კრებულის ლექსებში. ალბათ სწორედ ეს არბილებს რაღაცეებს და ცვლის განწყობებს, როგორც დიანა ანფიმიადმა აღნიშნა ზემოთ, თუმცა იმ დაზუსტებით, რომ ეს არავითარ შემთხვევაში სენტიმენტალურობას არ აჩენს, უბრალოდ ხედვის ახალ წესს თუ რაკურსებს აჩენს. როგორც, მაგალითად, ლექსში „ანდროგინები“, სადაც „დრო კი განაგებს ძველ ატელიეს - / ჭრის, აგვირისტებს, ჭრის, აგვირისტებს - / უთვალავ სახედ - ერთ მატერიას“. და სწორედ გაჭრის, გაკვეთის ეს მტკივნეული პროცესია „იმის დასამტკიცებლად, რომ მომავალში გასაღწევად / საჭიროა ქალი და კაცი.“ ხოლო ქალი და კაცი კი იმისთვის არიან საჭირო, რომ თავის მხრივ ბავშვი გამოჭრან...

დიანა ანფიმიადი
დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადი: „მე ძალიან მომწონს ეს წიგნიც, ისევე როგორც წინა და იმის წინა წიგნიც, და მგონია, რომ კი არის რაღაც საერთო ხაზი, ლელას წინა წიგნებს რითიც უკავშირდება ეს პოეტური კრებული, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება: ჩემთვის უფრო ინტიმური გახდა და უფრო მეტად სუბიექტი ჩაერთო ლელას პოეზიაში. რადგან ლელა არის ძალიან ინტელექტუალი ავტორი, რომელიც ხშირად რაღაც თეორიებს ამბობს ლექსებში, ამიტომ ეს ახალი კრებული უფრო სუბიექტური გახდა ჩემთვის და უფრო ახლოს მივედი, როგორც მკითხველი, ავტორთან. ახალ წიგნში ჩემთვის ავტორი ცოტა უფრო მოშვებულია. პოეტური სტრუქტურის თვალსაზრისით არ ვამბობ, სათქმელის თვალსაზრისით ვამბობ. ასეთია აი, ჩემთვის ეს წიგნი: „ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან, / რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს - სიფხიზლეს ვივიწყებ, ვიძინებ შენთან“. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ეს მჭვრეტელობა, რასაც შენ ამბობ, არის ამ ლექსებში და არის ასევე სიღრმე, ძილის ნება ჩანს“.

კი, ძილის ნება ჩანს, მაგრამ გარემო ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომაა ამავე კრებულში აი, ასეთი ლექსებიც: „სამხედრო წვრთნები“, „ზავის დადება“, „მესაზღვრის სიმღერა“... თუმცა ვინც ლელა სამნიაშვილის პოეზიას კარგად იცნობს, ეს ოდნავადაც არ გაუკვირდება. ამ ავტორის მზერა ხომ საკუთარ თავში ჩაბრუნებულიც და გარე სამყაროსაკენ მიმართულიც ერთნაირადაა. თუმცა რაიმე სასაცილოს, გროტესკულს მისი მზერა არასდროს არ ხვდება. მის სტრიქონებში რაიმე ირონიულს თუ თვითირონიულს ვერ იპოვით. ეს მის მიერ მოსაქსოვი მატერია არ არის. მას ისიც ეყოფა, რომ დროს უნდა უჭვრეტდეს, როგორც წინდაზე წასულ თვალს. დაე უჭვრიტოს. და მერე, თუ მოუნდება და თუ მოახერხებს, ამოკემსოს კიდეც.

XS
SM
MD
LG