Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ადამია - ჯარისკაცი


8 ნოემბერი, კვირა

კვირადღე ძალიან მოღუშული, რაღაცნაირად სევდის მომგვრელი და ნაცრისფერი გათენდა. თითქოს იცის, რომ მძიმე დღე მელის. წინასწარ ფეხები მეკვეთება, გული სევდით და დარდით მევსება და იქ ასვლა მიმძიმს. ავღანეთში ყოფნისას, თითქოს შეგუებული ვიყავით ყველანი, რომ შეიძლებოდა რომელიღაც ჩვენთაგანი ვერც კი დაბრუნებულიყო ცოცხალი, მაგრამ ამას რაღაც ძალის დახმარებით ისე ვეგუებოდით, თითქოს არც არაფერი იყო ამაში განსაკუთრებული. მაგრამ, რასაც ყველაზე მეტად არ ველოდი, ჩემი ბავშვობის მეგობრის სიკვდილი იყო, ადამიანის, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში და ცხოვრებაში. დავკარგე მეგობარი, რომელიც ყველაფრით განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. ყველაზე მძიმე ის არის, რომ მისი სიკვდილისთვის ცხოვრება არაფრით გვამზადებდა, მას არაფერი აწუხებდა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი უეცრად რომ გეცლება ხელიდან, ეს კიდევ უფრო მწარე და მძიმეა. დღეს კი მიწევს ავიდე იქ, სადაც ლამის ნახევარი ჩვენი უბანი მდუმარედ გადმოჰყურებს თბილისს, თითქოს იქიდანაც ცდილობენ ჩვენთვის სწორი გზის ჩვენებას. გულ-სევდიანი გადავყურებ თბილისის ზღვის სასაფლაოს და ღრმა მოგონებებში ვიხლართები. ნეტა, წუთით შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება...

მდუმარე და სევდის მომგვრელი სასაფლაოდან დაბრუნებულს, ეზოში ბავშვების ჟრიამული შემომესმა, რაც მაიმედებს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება.

9 ნოემბერი, ორშაბათი

დილა, 7:45. მე და ჩემი შვილი, ცოტნე, ჩვეული და მონატრებული რეჟიმით სკოლისკენ მივდივართ. ავღანეთიდან ჩამოსულს, სახლში არ მაჩერებს, უნდა, ყველას აჩვენოს ჩემი თავი, ეამაყება, რომ მამამისი შინ დაბრუნდა და დღეს მის გვერდით დგას. სიამაყით გადმომხედავს ხოლმე, მისი ვეებერთელა ცისფერი თვალები სითბოსა და იმედს აშუქებენ.

გზად ავღანეთის ამბებს მეკითხება, ერთი ამოსუნთქვით მაყრის კითხვებს, ცდილობს, ყველაფერი გაიგოს, სანამ სკოლაში მივა. მეკითხება იქაურ ყოფაზე: როგორ ცხოვრობენ მისი თანატოლები? როგორ ცხოვრობენ სამშობლოს ათასობით კილომეტრით მოშორებული ჯარისკაცები? როგორი შემართებით ასრულებენ სამშვიდობო მისიას? როგორია ავღანეთის ბუნება, სახლები და მოსახლეობა? ცოტნეს კითხვებმა ჩამაფიქრა, რამდენიმე კვირით უკან დამაბრუნა ბაგრამზე და ავღანელი შილ აღას ნატვრა გამახსენა...

ლაპარაკში და ფიქრებში გართულები, ისე მივედით საკლასო ოთახთან, ვერც კი გავიგეთ. კარებთან მასწავლებელი შემოგვეგება. ცოტნემ მასწავლებელს ჩემკენ მიანიშნა და სიამაყით უთხრა, რომ მე დავბრუნდი. ო, როგორ მაგრად მაკლდა ეს ყველაფერი! მადლობა ღმერთს, რომ ისევ ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად.

სკოლიდან გამოვედი ჩაფიქრებული იმაზე, თუ როგორი წამიერია ეს ცხოვრება, თუ რამოდენა მადლია ღვთის, რომ ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი და არ ამომდის ის აზრი თავიდან, რომ ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ფიქრებში მეტროს მივუახლოვდი. აქაური ქაოსი, ხმაური, ხალხის მოძრაობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. იმდენად ვარ გადაჩვეული ამ ყველაფერს, თითქოს სრულიად სხვა სამყაროდან ვიყო, თითქოს ეს ყველაფერი არც მენახოს და არც განმეცადოს. გადავეჩვიე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ აუცილებლად შევეჩვევი. ვცდილობ, კუთვნილი შვებულება შეძლებისდაგვარად კარგად გავატარო, მოვასწრო ყველაფერი ის, რის გაკეთებაც დიდი ხანია მინდოდა, მოვინახულო და მოვეფერო ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მენატრებოდა და ვისაც დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

თავისუფლების დღიურები - ალექსანდრე ადამია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:10 0:00

10 ნოემბერი, სამშაბათი

დღეს მე და ჩემი უფროსი ბიჭი, ჩვეულებისამებრ, სკოლაში წავედით. გზად უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ. ვისაუბრეთ იმაზე, როგორი ვაჟკაცი უნდა გაიზარდოს, როგორ უნდა ასახელოს თავისი ოჯახი და გამოადგეს სამშობლოს. მას ისტორიული გმირები მოჰყავდა მაგალითად და ამბობდა, რომ ძლიერი უნდა გახდეს და ისეთივე მამაცი, როგორებიც იყვნენ ცხრა ძმა ხერხეულიძეები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს. საუბარ-საუბარში სკოლამდე მივედით. ცოტნეს გამოვემშვიდობე და საკლასო ოთახში შევუშვი, მე კი ნაბიჯს ავუჩქარე, რადგან სახლში უმცროსი ბიჭი, დემეტრე მელოდა და ისიც ბაღში უნდა წამეყვანა.

დემეტრეს ბაღში წაყვანის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ საყიდლებზე გადავწყვიტეთ წასვლა. სავაჭრო ცენტრში საშინელი ქაოსი, ფუსფუსი და ხმაური იყო, რასაც ვერა და ვერ შევეჩვიე, მაღაზიებში ნანახმა ფერების გამამ ბაგრამის ბაზაზე არსებული ათასფერი აბრეშუმით მორთული ბაზრობა მომაგონა. ისევ ფიქრებში წავედი და წუთით ისევ ავღანეთში დავბრუნდი. ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ მომაგონდება იქაურობა, რამდენჯერ გავავლებ პარალელს აქაურსა და იქაურ ყოფას შორის და რამდენჯერ ვიგრძნობ ბედნიერებას იმის გამო, რომ ამ დალოცვილი მიწა-წყლის შვილი ვარ.

დღე ისევ მონატრებული ქართული ღვინის დაგემოვნებაში, ბავშვების ჟრიამულში და ოჯახის წევრების გარემოცვაში დავასრულე.

11 ნოემბერი, ოთხშაბათი

შვებულების დღეები ძალიან სწრაფად გარბის. ან, შეიძლება, მე მგონია ასე. ყველაფერს მონატრებული, ვცდილობ, ყოველი დღე, რაც შეიძლება ნაყოფიერად გავატარო. ვნახო, მოვიკითხო, ვესტუმრო, ანდა მესტუმროს ყველა ის ადამიანი, ვინც მაკლდა და მენატრებოდა ასე ძალიან.

დღევანდელი დღეც ძალიან მაგარი ემოციებით დატვირთული გამოდგა. დღეს სოციალურ ქსელში ვესაუბრე ჩემს მეგობარ ესპანელ ოჯახს, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და რომლებთანაც დიდი ხანია, არ მისაუბრია. გავიხსენეთ ესპანეთში გატარებული დღეები, განსაკუთრებით ბარსელონაში ახალწლებზე გატარებული დღეების ნოსტალგია ვიგრძენით. ბარსელონა ხომ ჩემი ბავშვობის სიყვარულია და ეს მათაც ძალიან კარგად ახსოვთ. გამახსენეს ჩემი რეაქცია, როდესაც შობის საჩუქარი მათი წესით წინდაში ჩადებული ნაძვის ხის ქვეშ აღმოვაჩინე. კონვერტში იდო ბარსელონაში დაჯავშნილი სასტუმროს ბილეთი. ნოუ კამპზე მოხვედრა, ხომ ყველა ბარსას გულშემატკივარის ოცნებაა, აი სწორედ მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

რა თქმა უნდა ავღანეთის თემასაც შევეხეთ. აინტერესებდათ თუ მომიწია ესპანელ სამხედროებთან შეხვედრა, რომლებიც იქ ნატოს სამშვიდობო მისიით იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ მათ მხოლოდ ქაბულში შევხვდი და ისიც მხოლოდ შორიდან, ვერ მოვახერხე მათთან გასაუბრება.

საუბრისას გამოვთქვით იმედი და სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს, რაც ასე ძალიან გვინდა, მაგრამ მთავარი მაინც ის ადამიანური და თბილი დამოკიდებულებაა, რაც ამდენი ხნის მანძილზე შენარჩუნდა ჩვენს ოჯახებს შორის. დრო, მანძილი და განშორება ვერაფერს აკლებს ურთიერთობას, რომელიც ადამიანებს გულით უნდათ.

12 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღევანდელი დღე ხალისიანად დაიწყო. დღე სავსეა სიურპრიზებით და დატვირთული თბილი ემოციებით. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბავშვები კინოში წაგვეყვანა − დემეტრეს ძალიან უნდოდა „პინოქიოს“ ნახვა კინოში. ამიტომ ბილეთები დავჯავშნეთ და წავედით. როდესაც დარბაზში მჯდომ ჩემს გახარებულ შვილებს თვალს გადავავლებდი, წუთით ჩავფიქრდებოდი იმაზე, რა ცოტაა საჭირო მათი გახარებისათვის. მათ სხვა სიხარულიც ელოდათ: ახლოვდება ცოტნეს დაბადების დღე და გადავწყვიტეთ, მისთვის სიურპრიზი დროზე ადრე მოგვეწყო. დიდი ხანია, ფულს აგროვებდა იმისთვის, რომ NERF-ის თოფი ეყიდა. ოცნებობდა ამ თოფზე და გადავწყვიტეთ, გვეყიდა. უდიდეს სითბოს და სიხარულს აშუქებდა მისი ცისფერი თვალები, სიხარულისაგან ცქმუტავდა და იარაღს ხელში ატრიალებდა, ერთი სული ჰქონდა, სახლში მივსულიყავით და თავისი მეგობრებისთვის ეჩვენებინა.

შვილების გახარებული თვალების შემყურენი და ტკბილი, ემოციებით დატვირთულნი, ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით შინ. რა ცოტაა საჭირო ბავშვის გასაბედნიერებლად!

13 ნოემბერი, პარასკევი

დღეს განსაკუთრებული დღე მაქვს. თავისებურად ყველა დღე განსაკუთრებულია, მაგრამ დღეს ისევ ავღანეთში მომიწევს „მოგზაურობა“, რადგან სტუმრად ვიკრიბებით ჯარის მეგობრები ოჯახებით, ის ხალხი, ვისთან ერთადაც მძინავს, ვჭამ, მიხარია, მწყინს, განვიცდი და, რაც ყველაზე მთავარია, ვგეგმავ ჩვენს მომავალს აგერ უკვე ექვსი წელია.

ძალიან მიხარია მათი ნახვა, სულ რამდენიმე კვირაა, რაც ერთად აღარ ვართ და უკვე გვენატრება ერთმანეთი. ავღანეთში ვხუმრობდით, სახლში რომ ჩამოვიდოდით, მთელი თვე არ უნდა გვენახა ერთმანეთი და არც უნდა დაგვერეკა ერთმანეთთან, მაგრამ აეროპორტიდან გაგვიშვეს თუ არა, მხოლოდ რამდენიმე საათს გავძელით უერთმანეთოდ. მეუღლეებს სახუმაროდაც აქვთ ეს თემა: ამათ ერთმანეთი ჩვენზე მატად უყვართ და ენატრებათო.

გავიხსენეთ მთელი ჩვენი თითქმის შვიდთვიანი მისია, ჩვენი პირველი გასვლა პატრულში. ეს დაუვიწყარი იყო! შეუძლებელია იმის დავიწყება, როგორ ირეოდა ჩვენში გრძნობები. ერთი სული გვქონდა, გარე პატრულში გავსულიყავით: საკუთარი თავის გამოცდის ინტერესი, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი და ადრენალინი ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ გაძლევს. და, როგორც იქნა გავდივართ! მახსოვს, ბაზიდან გასვლისთანავე, როგორ გაიყინა ჩემში ყველაფერი და გადავიქეცი სულ სხვა ადამიანად, ისეთად, როგორიც არსად, არასდროს ვყოფილვარ. თითქოს რადარივით ვაფიქსირებდი ყველა მოძრაობას თუ გაფაჩუნებას. ყველაფერი, რაც კი იქამდე მესწავლა, რაც კი იქამდე ინსტრუქტორებსა თუ ავღანეთმოვლილ ბიჭებს მოეყოლათ და ეთქვათ, თვალწინ ამომიტივტივდა. ბაზარში გავლა გვიწევს. რაციაში გაისმა: „ყურადღებით იყავით!“ ამის გაგონება იყო და გულისცემა გამიათასმაგდა რაღაც ცუდის მოლოდინში. არ შეიძლება იმ სახეების დავიწყება. სახეებზე მეტი მათი თვალები იყო: რაღაც უაზროდ მოშტერებული, თითქოს დამფრთხალი და ზიზღით სავსე.

პატრულის დასრულებამდე, ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში, რაციით მოდის ბრძანება შეჩერებაზე და მას მოჰყვება ხელით მინიშნება მიწაზე დაწოლაზე. ვითხოვთ ინფორმაციას, თუ რა მოხდა. ვიგებთ, რომ ბოლო პატრულის ჯარისკაცს ესროლეს. პირველი, რასაც ფიქრობ: ხომ ყველა ცოცხალია? მხოლოდ პატრულის დასრულების მერე იწყებ გაანალიზებას, რა შეიძლება მოჰყოლოდა იმ ერთი ტყვიის მიზანში მოხვედრას: სიკვდილი ან, ყველაზე უკეთესი, დაჭრა, და გიპყრობს განცდა, თუ რა წამიერია ჯარისკაცის ცხოვრება. სიკვდილის შიშზე მეტად, რაც ალბათ მარტო ჯარისკაცებს გვჭირს, სიცოცხლეზე ფიქრობ და ხვდები, რომ არ გაქვს უფლება, მოკვდე და შენს სიკვდილზე უფრო შენ გვერდით მყოფი თანამებრძოლის სიცოცხლეზე ფიქრობ. ესაა ზუსტად ჩვენი ძალა და მეთოდი, დაამარცხო ჯარისკაცის პირველი მტერი − სიკვდილის შიში.

ჩვენი პატრულირების განმავლობაში ამერიკელ მეგობრებთან ერთად პირისპირ ვხვდებოდით ბევრ საფრთხეს. საოცარი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ენა არც ისე კარგად ვიცოდით, უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. ამაში გვეხმარებოდა ნატოს სტანდარტების მიხედვით ჩვენი მომზადების მაღალი დონე, რაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი ჯარისკაცების მომავალი პროგრესისთვის. ჩემთვის, როგორც ჯარისკაცისთვის, ამ მისიის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ის იყო, რომ შეხება მოგვიწია მაღალ სამხედრო ტექნოლოგიებთან. ეს ფასდაუდებელ გამოცდილებას გვძენს, რადგან ეს სისტემები სამხედრო სფეროს უახლესი მიღწევებია, რომლებიც ხვალ, ნატოელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, ჩვენთანაც დაინერგება. ავღანეთის მისიამ მოგვცა უდიდესი გამოცდილება რეალობაში მოქმედების, რეალურ პირობებში გადაწყვეტილების მიღების, უცხოელ სამხედროებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღისთვის.

ჩვენი მთავარი მისია ქვედანაყოფის უდანაკლისოდ დაბრუნება იყო, რაც, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. ყველა მცდელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, გამოგვაკლდა ერთი თანამებრძოლი: მეგობარი და, უბრალოდ, კარგი ქართველი. დაგვაკლდა მებრძოლი, მაგრამ შეგვემატა კიდევ ერთი ქართველი გმირი და, თუ ვინმე ჩვენთაგანს უდროო სიკვდილი გვიწერია, ვინატრებდი მასავით გმირულად სიკვდილს...

14 ნოემბერი, შაბათი

დღეს შაბათია. შემოდგომისთვის შეუფერებლად თბილი დღე გათენდა და მზის სხივები შეძლებისდაგვარად ათბობს ჩემს ქალაქს. თითქოს ამინდიც გრძნობს ჩემი იტალიური სკოლის მეგობრების ჩანაფიქრს და ხელს უწყობს მათ.

მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, გეზი ასურეთისაკენ ავიღეთ. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და მწვადზე შეკრება გადავწყვიტეთ. ეზო შემოდგომის ფოთლებით აჭრელებული დაგვხვდა, რაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ჩასვლისთანავე, ფუნქციები გავინაწილეთ და საქმეს შევუდექით. მაყალი გარეთ გამოვიტანეთ, ცეცხლი ავაგიზგიზეთ და შამფურზე ხორცი წამოვაცვით შესაწვავად. ბოლოს, როგორც იქნა, ყველამ შევასრულეთ დაკისრებული მოვალეობები, თავი სუფრასთან მოვიყარეთ და მონატრებული ქართული, დალოცვილი ღვინის დაგემოვნებას შევუდექით. შიგადაშიგ ყველა ავღანეთის ამბებს მეკითხებოდა, აინტერესებდათ, როგორი იყო იქ გატარებული დღეები, რა მიჭირდა იქ ყოფნის დროს და ასე შემდეგ. თან ბავშვობისას გადახდენილ ამბებს ვიხსენებდით და ბევრს ვიცინოდით.

კარგია, როცა თითოეული დღე სასიამოვნო ემოციებითაა დატვირთული და ამ ფაზაშივე ამთავრებ კვირას. ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვებულების დარჩენილი დღეებიც ასეთივე დადებითი, მონატრებული ემოციებით იქნება დატვირთული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG