Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო გაბუნია - დრამატურგი


5 აპრილი, კვირა

დღიურების მიმართ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. ბავშვობაში არ ვწერდი, ზოგადად, კითხვა მერჩივნა და, ალბათ, ამიტომ. 19-20 წლის ასაკში ვწერდი სისტემატურად, ლექსებთან ერთად. მადლობა ღმერთს, რამდენიმე წლის წინ ეგ ჩანაწერები ერთად შევკრიბე და საზეიმოდ გადავყარე სანაგვე ურნაში. ოღონდ, არ დამიხევია, მაინც ჩემი დაწერილი იყო.

დღეს კვირაა, ახლახან დავბრუნდი დიდი ბრიტანეთიდან, ორ პატარა ქალაქში ვიყავი: ნორიჩში (ნორფოლკი) და აბერისტვითში (უელსი) − ერთგან ბრიტანული ლიტერატურის ფესტივალზე, მეორეგან ქართული პოეზიის თარგმნის უორკშოპზე. წლის ბოლოს ბრიტანული გამომცემლობა ექვსი ქართველი თანამედროვე პოეტის ლექსებს გამოსცემს და მე ბრიტანელ პოეტებს თარგმნაში ვეხმარები. პოეზია და მაღალი ლიტერატურა იქით იყოს და, თბილისში დილის 11 საათზე ჩამოფრენილმა, ბრიტანეთის ლამაზი პროვინციების შემდეგ განსაკუთრებით მწარედ ვიგრძენი, რა სიმახინჯეში ვცხოვრობთ ჩვენ. რამდენიმე დღე გავიდა უკვე, მაგრამ ეს შეგრძნება არ მშორდება. მალე მაინც ამწვანდეს ჯერ კიდევ დარჩენილი ხეები, ოდნავ შენიღბავს ამ უაზრო შენობებითა და მშენებლობებით გადაჭედილ პეიზაჟს. ერთმა მეგობარმა მითხრა, სადღა დარჩა ხეებიო?! ეგეც მართალია.

დღეს ბზობაა. ისევ გაივსო ქალაქი გაჩეხილი ტოტებით. მე-5 კლასში ნასწავლი ბოტანიკიდან მახსოვს, რომ ბზა ძალიან ნელა იზრდება. მეცოდება. აუცილებლობას ვერ ვხედავ.

კვირა დასვენების დღეა და ბევრი დრო მაქვს ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის: ძილი, ძილი და ძილი. საყვარელი ფილმების ყურებისას ან წიგნის კითხვისასაც ისე სიამოვნებით ვიძინებ, რომ სულ არ მაწუხებს სინდისი.

თავისუფლების დღიურები - დათო გაბუნია
please wait

No media source currently available

0:00 0:13:08 0:00
გადმოწერა

6 აპრილი, ორშაბათი

დილა აუზით იწყება. გამრუდებული ხერხემლის გამო დავდივარ. დიდად არ მიყვარს ცურვა და წყალი, მაგრამ სხვა რა გზაა. მეც ვამყარებ სტერეოტიპს: საქართველოს ზღვისპირეთში დაბადებულ და გაზრდილ ხალხს არ უყვარს ზღვა, არ უყვარს წყალი. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა. აუზზე ყოველი წასვლისას სულ იმედი მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს მოვკრავ ყურს და მერე სადმე, დავუშვათ, პიესაში გამოვიყენებ. შენც არ მომიკვდე! იქაური კაცების ძირითადი და ლამის ერთადერთი სალაპარაკო თემაა: რამდენი დღე სვამდნენ გაბმულად, როგორ „პახმელიაზე“ არიან და როგორ უჭირთ ან ეზარებათ ვარჯიში. არავითარი ფეხბურთი, პოლიტიკა, სექსი, მანქანები. მოსაწყენი მოსასმენია და საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი − ამ მასალის გამოყენებით პიესა არ დაიწერება. ისევ და ისევ ხერხემლის გამო გავაგრძელებ.

აუზის შემდეგ სამსახური − საქართველოს მწერალთა სახლი, მაჩაბლის 13. ორი წლის წინ, როცა მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა, გასაუბრებაზე დამიბარა, ამ სახლის სილამაზემ ისეთ დღეში ჩამაგდო, ლამის არაფერი მესმოდა, რას მეუბნებოდნენ.

დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი, ის იშვიათი გამონაკლისები იყვნენ, როცა ადამიანი ძალიან მდიდარია და თან, უკიდურესად კარგი გემოვნება აქვს. 1905 წელს აშენებულმა სახლმა ხანგრძლივი და მძიმე ისტორია გამოიარა. დღეს უკვე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც ღიაა ყველასათვის და არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ჯგუფს თუ გაერთიანებას. იმედია, მალე მოვახერხებთ მეორე სართულზე დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გახსნას, ეს დიდებული კაცი ნამდვილად იმსახურებს ამას. გაიხსნება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმიც. ჩვენთან ხშირად მოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, ვუყვებით სახლის ისტორიას, 1937 წლის ამბებს და მათი გაოცებული თვალები აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რა ხდებოდა მაშინ, ვინ იყო, დავუშვათ, სტალინი. გამოსასწორებელი საქმეა.

მწერალთა სახლში წინ დიდი დღეები გველოდება, 18-23 მაისს თბილისის პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვამზადებთ და არის დიდი გაწამაწია. ვპატიჟებთ მწერლებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან... უამრავი საქმეა, თავჩახრილები ვმუშაობთ. რუტინული და მძიმე სამუშაოა, მაგრამ მკითხველების ინტერესი უკვე იმდენად დიდია, რომ არ გვეზარება.

7 აპრილი, სამშაბათი

წიგნების ციებ-ცხელება დამეწყო. სააღდგომოდ ფოთში მივდივარ, ჩემს ოჯახთან, სადაც ორი გოგო მელოდება − ჩემი ძმის და დის შვილები, ანი და ნატა. დიდი ხანია მიეჩვივნენ, რომ ჩემგან საჩუქრად, ძირითადად, წიგნებს იღებენ, უკიდურეს შემთხვევაში − საკანცელარიო ნივთებს. ჰოდა, მეც ვაგროვებ ამ წიგნებს და ფოთში ყოველ წასვლაზე წავზიდავ ხოლმე. თან ერთი უბედურება მჭირს: ყველა ამ წიგნს ჯერ მე თვითონ ვკითხულობ და მხოლოდ შემდეგ მიმაქვს ბავშვებთან. აბა, როგორ! რაიმე რომ მკითხონ, პასუხის გაცემა ხომ უნდა შემეძლოს? ზოგ წიგნს წინასწარ ვყიდულობ, ვიცი, რომ მათთვის ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც. მიწყვია წლობით თაროზე და, როცა შესაბამის ასაკს მიაღწევენ, მერე ვჩუქნი. ასე ვიყიდე მარჯან სატრაპის „პერსეპოლისი“ − შესანიშნავი წიგნი, ჩემი გოგოებისთვის ადრეა, მაგრამ ორ-სამ წელიწადს მოვიცდი, არა უშავს.

სამაგიეროდ, თამამად წავიღებ ფოთში მალალა იუსაფზაის წიგნს, „მე ვარ მალალა“. იმედია, მოეწონებათ ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ცხოვრება. კიდევ ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ მივამატე სიას, უკვე დროა, დავსერიოზულდეთ. საერთოდ, სულ არ ვუშლი, ყველაფერი იკითხონ, რაც მოსწონთ ან მოდაშია. ასე გადააბულბულა უფროსმა „ბინდის საგა“, ადრე ძალიან მთხოვა, მიყიდეო (რა დღე დამადგებოდა მაგის წამკითხავს, არაა რთული წარმოსადგენი!). რამდენიმე თვის თავზე კი გულწრფელად გამომიტყდა, აუ, გოგო კი ვარ, მაგრამ არ მინდა ეს „სიყვარულები“, ახლა რამე სათავგადასავლო ჩამომიტანეო. ერთი სიტყვით, წაიკითხა და თვითონვე მოინელა. „შიმშილის თამაშებზე“ გადაერთო. მთავარი გმირი, მებრძოლი გოგო მოსწონს, ჯენიფერ ლორენსის ორი უზარმაზარი პლაკატიც აქვს გაკრული საძინებელში. მერე „ჰარი პოტერს“ მიადგა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფილმი ზეპირად იცის. ეტყობა, ჩემმა შეგონებამ გაჭრა, გაუთავებლად რომ ვუმტკიცებდი, წიგნები მაინც სულ სხვაა-მეთქი. დამეჯერება, 11 წლის წინ თვითონ ვთარგმნე მეორე და მესამე ნაწილები. ახლა დიდ შარში ვარ, შემდეგი ტომების ჩამოტანას დავპირდი, არადა, ტირაჟი თურმე ამოწურულა და სანამ ახალი დაიბეჭდება, ვერაფერს ვიზამ. უნდა მოვიარო თბილისის ყველა მაღაზია, იქნებ სადმე ჰქონდეთ შემორჩენილი.

მოკლედ, იკითხონ, თუნდაც, საეჭვო ღირებულების წიგნები, ჭრელი, სხვადასხვანაირი. კითხვაში გაწაფული ტვინი დროსთან ერთად თავად გამოხშირავს სისულელეებს და კარგს დატოვებს. რომ მახსენდება, რამდენი ნაგავი მაქვს ბავშვობაში წაკითხული, მეცინება. მაგრამ ეგეც ბუნებრივი პროცესის ნაწილია. მთავარია, ბავშვებმა წიგნები იკითხონ!

ძილის წინ კიდევ ერთი დიდი სიამოვნება შემოვუნახე თავს. ჩემი საყვარელი ამერიკული სერიალის, „Mad Men“-ის ბოლო სეზონის პირველი სერია ვნახე. სერიალების მიმართ აგდებული დამოკიდებულება სწორედ „Mad Men“-მა გამიქარწყლა ორი წლის წინ, როცა ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანმა ლამის იძულებით მაჩვენა ერთი სერია. მას მერე ვეღარ მოვწყდი. 1950-60-იანი წლების ამერიკა, ნიუ-იორკი, გადასარევი მსახიობები, გასაშტერებლად მაგარი დიალოგები და პერსონაჟები. ერთი სიტყვით, ისეთი გადატრიალება აღმოჩნდა ჩემთვის, რომ სერიალის სცენარისტობა მომანდომა. იმედია, ამ ოცნებას ოდესმე ავისრულებ. დღევანდელ სერიაში კი გამოყენებული იყო პეგი ლის სიმღერა „Is That All There Is?“ მოკლედ, მეთიუ უაინერმა კარგად იცის, როგორ უნდა მოიგოს ჩემი გული.

8 აპრილი, ოთხშაბათი

სამეფო უბნის თეატრში ვარ, ეს ჩემი კიდევ ერთი სამსახური და სიყვარულია. ოფიციალურად ლიტერატურული ნაწილის გამგე მქვია. სასაცილო ტიტულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი „ლიტერატურული ნაწილი“ მხოლოდ მე ვარ. ე.ი. საკუთარი თავის გამგე გამოვდივარ. მწერალთა სახლის არ იყოს, აქაც დიდი ამბებია. შარშან ჩვენთან გაიხსნა თემურ ჩხეიძის სახელოსნო, სადაც ექვსი ახალგაზრდა რეჟისორი და სამი დრამატურგი სწავლობს. თეორიიდან უკვე პრაქტიკაზე გადადიან − დრამატურგებმა დაწერეს მოკლე პიესები, რომელთა მიხედვითაც რეჟისორები ერთ მთლიან სპექტაკლს დადგამენ. არ ვიცი, სპექტაკლი როგორი გამოვა (ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია), მაგრამ ამ დრამატურგების სახელების დამახსოვრებას თამამად ვურჩევ თეატრის მოყვარულებს: მაკა კუკულავა, დათა ფირცხალავა, ალექს ჩიღვინაძე. სახელოსნოს მუშაობის მიმართ ძალიან მიკერძოებული ვარ, პირველ რიგში დრამატურგები მაინტერესებს და მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი უკვე გაამართლეს. პიესები ერთდროულად აქტუალური, სახალისო, სასტიკი და ორიგინალურია. ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებთ მაყურებელს. რატომღაც მჯერა, რომ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ეს ავტორები ძალიან მალე აალაპარაკებენ თეატრის კრიტიკოსებსა და მაყურებელს.

პარალელურად ჟან ჟენეს „მოახლეების“ რეპეტიციები მიმდინარეობს, ნიკა თავაძე დგამს. როლებში: ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე და ბაია დვალიშვილი. თანაც, ეს შედევრი პიესა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ირმა ტაველიძემ შესანიშნავად თარგმნა ფრანგულიდან! ერთი სიტყვით, დიდ მოლოდინში ვარ.

ხვალ „ტროელ ქალებს“ ორმოცდამეათედ ვითამაშებთ. ეს სპექტაკლი ჩემთვის გამორჩეულია, 2013 წელს დადგა დათა თავაძემ. ტექსტებს ყველგან ვაგროვებდით, ვიწერდით ინტერვიუებს ომგამოვლილ ქალებთან, ვიგონებდით საკუთარი ბავშვობიდან, ვთარგმნიდით ევრიპიდეს „ტროელი ქალებიდან“ და ა.შ. ყველაფერი სცენაზევე, რეპეტიციებისას, ჩვენი შესანიშნავი გოგოების, მსახიობების მონაწილეობით კეთდებოდა და უნდა ვაღიარო, სულაც არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ასეთი წარმატებული სპექტაკლი გამოვიდოდა. პრემიერა შვედეთში ვითამაშეთ და გაოგნებულები ვუყურებდით ატირებულ შვედ მაყურებელს. დამატებითი სპექტაკლიც კი დაგვანიშნინეს. მსახიობები დაიღალნენ, მაგრამ, აბა, უარს როგორ ვეტყოდით?!

მაისის ბოლოდან მოყოლებული, ჯერ გერმანიაში ორგან (ციტაუ, კარლსრუე), შემდეგ კი რუმინეთში (სიბიუ) მივდივართ გასტროლებზე. აქაც უამრავი საქმეა, არ არის ადვილი ამ ყველაფრის ორგანიზება, მოლაპარაკებები მომწვევ ფესტივალებთან, უამრავი ტექნიკური დეტალის განხილვა, მაგრამ მე და დათა ვუძლებთ. უკვე გვესიზმრება პასპორტების ასლები, ვიზები და თვითმფრინავის ბილეთები.

9 აპრილი, ხუთშაბათი

დილიდან წიგნის მაღაზიებში დავწანწალებ. ვერა და ვერ ვიშოვე „ჰარი პოტერის“ მესამე და მეოთხე წიგნები. რა გაეწყობა, ბოდიშს მოვუხდი გოგოებს.

საღამოს „ტროელი ქალებია“, ისევ ყველა ბილეთი გაიყიდა. რეჟისორის და ჩემს დამსახურებებს ვერც შევადარებ იმას, რასაც ჩვენი შესანიშნავი მსახიობები აკეთებენ და ამ საღამოს უკვე ორმოცდამეათედ დაატრიალებენ სცენაზე: ქეთა შათირიშვილი, მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე და სალომე მაისაშვილი. მე, ალბათ, ვერასოდეს გავხდებოდი მსახიობი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, ურთულესი პროფესიაა! ისევ დავჯდები დარბაზში და ვუყურებ სპექტაკლს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე თავიდან განვიცდი. ყველა იმ ქალის სახე მახსენდება, ვისი ისტორიებიც სპექტაკლში გამოვიყენეთ. ბანალური „მადლობა“ ამ ქალებისთვის საკმარისი არ იქნება. შარშან, ბრიუსელში გასტროლის დროს, სპექტაკლის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, საოცრად აღელვებული იყო, გადაკოცნა მსახიობები და მერე გვითხრა, რომ ერთ-ერთი ისტორიის გმირი თვითონაა. თურმე, მისი დისგან ამიღია ინტერვიუ თბილისში, თავად კი ახლა ბელგიაში ცხოვრობს. მართლა მქონდა შეგრძნება, რომ რეალობიდან გავედით და მხატვრულ გამონაგონში ამოვყავით თავი.

ნაშუადღევს თეატრში მივედი. სალაროს ფანჯარაში კეიტი მიტჩელის „რეჟისორის ხელობაა“ გამოდებული. ეს წიგნი ერთი თვის წინ გამოვეცით, იმედია, ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი წაიკითხავს და გამოიყენებს.

ზოგადად, როცა ჩემს პროფესიას იგებენ ახალგაცნობილი ადამიანები, ხშირად მესმის ასეთი ფრაზა: „აუ, როგორ არ მიყვარს თეატრი!“ ასეა, თეატრი ისეთ ტაკიმასხარაობად გადაიქცა საქართველოში, სულ არ მიკვირს მსგავსი დამოკიდებულება. ჰოდა, ზედმეტ და უსაგნო წუწუნს აჯობებს, თეატრში მომუშავე ყველა ადამიანმა ასეთი შეფასება საკუთარ თავს დააბრალოს და უკეთესი შედეგის მისაღწევად იმუშაოს. ჩვენ ვცდილობთ.

10 აპრილი, პარასკევი

ბედის ირონიაა, რომ ჩემისთანა უკიდურესად არარელიგიურ ადამიანს უწევს ამ დღეებში „თავისუფლების დღიურების“ წერა. ფარისევლობას ვერ დავიწყებ: ჩემში არავითარ სენტიმენტებს არ აღძრავს რელიგიური დღესასწაულები. სულ ბაბუაჩები მახსენდება, გადასარევი კაცი, შალიკო გაბუნია. 1945 წლიდან მოყოლებული, დალაქად მუშაობდა ფოთის რკინიგზის სადგურზე, 80-ს გადაცილებული, ჯიუტად, ველოსიპედით დადიოდა სამსახურში ყოველდღე და სანამ იმდენად არ დაუძლურდა, რომ ველოსიპედს ვეღარ იმორჩილებდა, სამსახურს თავი არ დაანება. მაგარი კაცი იყო, ცოტას ლაპარაკობდა, ეწეოდა გაზეთში გახვეულ თუთუნს და ჩვენ, ბიჭ შვილიშვილებს, ჭკუას გვასწავლიდა, რომ მოწევა ცუდია. ჰოდა, შალიკოსგან გამომყვა ცივი დამოკიდებულება რელიგიისადმი. არ სწამდა და მოკალი! მე გარეგნობითაც დავემსგავსე შალიკოს, აგერ უკვე ულვაშსაც ვატარებ. რა კარგია, რომ ჩემს შეუჭრელ თმას ვერ ხედავს, ერთადერთი, რაზედაც გამუდმებით მეჩხუბებოდა, ეს საკითხი იყო: როგორც კი დამინახავდა ორ სანტიმეტრზე მოზრდილ თმას, ნაწყენი ხმით მეუბნებოდა: „რას გავხარ, ბაბუ, მოი, გაგპარსო!“

და კიდევ − ბაბუაჩემის დანატოვარი სტალინის პორტრეტი (ტოლი, ზეთი), რომელიც სადალაქოში გამოსაჩენ ადგილას ეკიდა, ახლაც უნდა გვქონდეს სადღაც სახლში, მისი გარდაცვალების შემდეგ იმტვერება ალბათ სადმე. ჰო, ბაბუამ წარმატებით ჩაანაცვლა რელიგია სტალინიზმით. ამაში ვერ დავემსგავსე...

11 აპრილი, შაბათი

მატარებლის ბილეთი უკვე ვიყიდე, ფოთში მივდივარ სააღდგომოდ. გუშინ ბედის ირონია ვახსენე და ხვალ რაც მოხდება, ეგ უკვე ირონიასაც სცილდება. 12 აპრილს ჩემი დაბადების დღეა, 33 წლის ვხდები. კომენტარი ზედმეტია.

ხუთსაათიანი გზა მელოდება ფოთისკენ. რაიმე კარგი წიგნი უნდა ჩავიგდო ჩანთაში, ოღონდ, ამჯერად ჩემთვის − საბავშვოები სულ წაკითხული მაქვს. არჩევანი ელის მანროზე შევაჩერე. კიდევ კარგი, ამ შესანიშნავმა მწერალმა ნობელის პრემია მიიღო, თორემ წაუკითხავი დამრჩებოდა. შარშან მისი ორი წიგნი წავიკითხე და თავს ვერ ვპატიობდი, აქამდე რატომ არ ვიცოდი-მეთქი. სულ მოთხრობებს წერს, მაგრამ ახლა მისი რომანი − „გოგონებისა და ქალების ცხოვრება“ − უნდა წავიკითხო. მატარებლით მგზავრობას ეს დიდი ხიბლი აქვს: თბილისი-ფოთი, ფოთი-თბილისი. ორ გზაზე თავისუფლად ვასწრებ რომანის წაკითხვას.

ჩავალ ფოთში, კაის ვჭამ, კაის ვსვამ, მომივლიან, დამასვენებენ, ვისეირნებ ბავშვებთან ერთად, მომიყვებიან წაკითხულ წიგნებზე, ვიმეცადინებთ ინგლისურში. აი, თურმე მეც მყვარებია დღესასწაულები, როგორც დასვენების საშუალება.

რამდენიმე დღეში ისევ თბილისში დავბრუნდები. მწერალთა სახლი და სამეფო უბნის თეატრი − საქმეები მელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG