Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე რუსეცკი - სამოქალაქო აქტივისტი


1 მარტი, კვირა

კვირაა. სამსახურში არ მივდივარ. გვიან გამეღვიძა. სიზმარში ბებია ვნახე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დღეს ჩემი უფროსი შვილი, სანდრო ჩამოდის ახმეტიდან. ერთი კვირაა, არ მინახავს. მეგობრებთან ერთად პრაქტიკას გადიოდა ადგილობრივი გამგეობის არქიტექტურის სამსახურში. მოუთმენლად ველი.

გადავწყვიტე, ყოველ კვირას მეგობრები ვნახო, თორემ უკვე ყველა გავანაწყენე. მაინც პირიქით გამოდის − თვითონ უკეთებენ ორგანიზებას ყველაფერს. დღესაც მარიკამ დამირეკა, თუ სახლში ხართ, მე და შაკო გამოვალთო. შაკო მისი მეუღლეა. ახლად დაქორწინებულები არიან, ძალიან ბედნიერები. არაჩვეულებრივი წყვილია! სულ სიყვარულით და ღიმილით საუბრობენ. დაკვირვებული ვარ, არასოდეს არ ლაპარაკობენ უარყოფითზე, მხოლოდ − პოზიტიურზე. იმხელა ენერგია მოდის მათგან, რომ დარწმუნებული ვარ, მთელი კვირა გამყვება.

მარიკა ლიდერი ქალია. გორში ორგანიზაცია „ბილიკს“ ხელმძღვანელობს და ის ადამიანია, ბევრ საქმეს რომ აკეთებს და საკუთარ მიღწევებზე არ საუბრობს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთების შესახებ უნდა შეიტყოს საზოგადოებამ.

გვიან დავიშალეთ. მამუკა დამეხმარა და მივლაგდით. ხვალ ორშაბათია.

2 მარტი, ორშაბათი

ვინმესთვის თუ არის ორშაბათი მშვიდი დღე? ყველაზე დაძაბული დღეა ჩემთვის. ამ დღეს მთელი კვირის მანძილზე ვგეგმავ ხოლმე.

ჩვეულებრივ, დილით სახლიდან გავრბივარ. არც ყავა, არც საუზმე. ყავას სამსახურში დავლევ. ათის ნახევარზე ტრადიციული თათბირი გვაქვს და მომზადებული უნდა ვიყო. თან, ახალი წესების მიხედვით, ერთ საათში უნდა ჩავეტიოთ, რასაც თითქმის, ვერასდროს ვახერხებთ. ძალიან ბევრი გვაქვს ხოლმე ერთმანეთისთვის მოსაყოლი.

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ძლივს ვიპოვე, ორჯერ შემოვუარე ოფისს. გოგოები გარეთ იდგნენ და მელოდებოდნენ, როგორც ყოველთვის, მხიარულ გუნებაზე.

საქმეს შევუდექით. ამჯერად მაიკომ დააგვიანა. ორი არაჩვეულებრივი პატარა შვილი ჰყავს და, რომ წარმოვიდგენ, რამდენი რაღაც აქვს მოსასწრები დღის განმავლობაში და სამსახურშიც რამდენ საქმეს აკეთებს, როგორ გინდა, შენიშვნა მისცე?! საქართველოში ძალიან რთულია, იყო დასაქმებული დედა. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეს ყველაზე უკეთ გვესმის. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად ვმუშაობთ.

თავისუფლების დღიურები - ელენე რუსეცკი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:44 0:00
გადმოწერა

12 საათზე მემორანდუმს ვაფორმებთ ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის. 19 მარტს მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმართავთ ერთად ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით: უნდა გამოვფინოთ გასული საუკუნის 20-იანი წლების, საქართველოს დამოუკიდებლობისდროინდელი დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ფოტოები და მათი საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალები. ეს ღონისძიება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ხარისხის გაზრდისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ამიტომ წელს ქალთა ორგანიზაციებს გადამწყვეტი ბრძოლა გველის იმისთვის, რომ გაისად პარლამენტში ქალთა რაოდენობა გაიზარდოს. მე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ადამიანებთან ურთიერთობა.

5 საათზე კი იწყება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის საშუალედო ანგარიშის წარდგენა. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

უამრავი ვინმე ვნახე. შეხვედრა მანანა კობახიძეს მიჰყავს. მთავარი ამოცანაა, დაველაპარაკო კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმს ეხება, და კიდევ ერთხელ წამოვწიო წინ კვოტების თემა. ანგარიშის წარდგენისას ექსპერტმა რამდენიმეჯერ ახსენა ქალთა საინფორმაციო ცენტრი. ვამაყობ ჩვენი ორგანიზაციითა და ჩვენი გუნდით!

სანდრო გვიან მოვიდა სახლში. მე და მამუკამ, რა თქმა უნდა, ვერ დავიძინეთ. ვისხედით და ვნერვიულობდით, თითქოს ჩვენც ამასვე არ ვაკეთებდით ახალგაზრდობაში.

3 მარტი, სამშაბათი

დღეს დედის დღეა. უცნაური შეგრძნებაა, რომ შუა კვირაში სამსახურში არ ვარ წასასვლელი, თუმცა საქმე ბევრი დამიგროვდა, როგორც ყოველთვის. ყავა მინდა. აღმოვაჩინე, რომ სახლში ყავა გამთავებია, ეს იშვიათად ხდება. უამრავი საქმე მაქვს და უყავოდ გამიჭირდება. კარგია, რომ სახლში მყავს ადამიანი, ვისაც შემიძლია, ყავის მოატანა ვთხოვო და უარს არ მეტყვის...

სანდრომაც გაიღვიძა. „დე, წუხელ ნიკუშას ველაპარაკე“, მომაძახა და გერმანულზე გაიქცა. ყურადღება ვერ მივაქციე. თვითონ მიხედა თავს, ისაუზმა და გავარდა სახლიდან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

3 მარტი უცნაური დღეა. დედის დღეა და, რა თქმა უნდა, დედას უნდა მივულოცო. მაგრამ თავში უამრავი აზრი მიტრიალებს და კომპიუტერს მივუჯექი. ჩემი აზრით, ასეთი დღეები სწორედ იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საზოგადოებას ქალთა უფლებების შესახებ შევახსენოთ. მაშინ, როცა დედების უფლებები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაცული და კანონშიც ბევრი ხარვეზია ამ მიმართულებით, 3 მარტს ზეიმით ვერ აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, კარგია დედებისთვის ყვავილების ჩუქება, მაგრამ მათ უფლებებზე ზრუნვა გაცილებით მნიშვნელოვანია.

ორგანიზაციის ბუკლეტს უნდა გადავხედო. ხუთშაბათს იბეჭდება და შესწორებებია შესატანი. გამახსენდა, რომ სათემო ორგანიზაციების პროექტებიც წასაკითხი მაქვს, მთელი დასტაა. ეს საპასუხისმგებლო საქმეა და გულდასმით ჩაჯდომა სჭირდება.

მამუკა მეუბნება, სამსახურში უნდა წავიდეო. ისიც ჩემს დღეშია. მანამდე ყავა მომიტანა. ისე მიხარია, თითქმის მჯერა, რომ ყავა აზრებს დამალაგებინებს.

საქმე წინ მიდის. წასაკითხი პროექტები განახევრდა.

ამასობაში მამუკაც დაბრუნდა სამსახურიდან და ტიტები მომიტანა − დედის დღე მომილოცა. მისგან ყვავილები არ მაკლია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.

სანდრო დაბრუნდა, შემოვიდა და დედის დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. ჩემი შვილი არ ცნობს ოფიციალურ დღესასწაულებს, მხოლოდ დასვენების დღეებს აღიარებს. მოკლედ, ჩვენს ოჯახში დისკუსიები ხშირია. შემდეგი თემა ალბათ 8 მარტი იქნება.

დედასაც დავურეკე. ხმა არ მომეწონა. ცუდია, როდესაც საყვარელი ადამიანის ხმა არ მოგწონს ტელეფონში. მივულოცე დედის დღე. მორიდებით მკითხა, შევძლებდი თუ არა მასთან მისვლას დღის განმავლობაში. ვერა-მეთქი, ვუპასუხე და სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. ალბათ, მოგვიანებით მაინც მივალ. დღეს ხომ მისი დღეა.

მთელი დღე არ შეწყვეტილა ზარები. განსაკუთრებით გამახარა იმან, რომ რეგიონებიდან უამრავმა ქალმა დარეკა, ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. თითოეულ მათგანთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მიხარია, როცა ისინიც სიყვარულსა და ყურადღებას გამოხატავენ.

ერთი ძალიან კარგი ამბავია დღეს: პოლიციელ ქალთა კონფერენციაა, სადაც თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა და ქალთა პოლიტიკურ აქტიურობაზე და კვოტებზე ისაუბრა. ქალური სოლიდარობა შესაძლებელია. მთავარია, მოინდომო.

4 მარტი, ოთხშაბათი

სამსახურში წასვლამდე სილამაზის სალონში წავედი. ერთი სალონი მაქვს ამოჩემებული. მისი მფლობელი ქალია. სალონი კარგი ადგილია დღის ხალისიანად დასაწყებად, თანაც, აქ უამრავ ინფორმაციას იღებ, ჭორსაც და მართალსაც. ერთმანეთს ენაცვლება დისკუსიები მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ლარის ინფლაციაზე და ა.შ. ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტში შესვლაც კი არ დაგჭირდება, ისეთი ამბავია!

ამ სალონის მფლობელი ქალი ჩემთვის სამაგალითოა. მუდამ შრომაშია, მუდამ ფეხზე დგას, კლიენტებს ღიმილით ემსახურება, თანამშრომლებს აკვალიანებს, თანაც, ოთხი შვილი ჰყავს და სახლშიც უამრავი საქმე აქვს მოსასწრები.

როცა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ვმუშაობთ სოფლებში, ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქალები ასეთი ენთუზიაზმით და მონდომებით მიუდგნენ საქმეს და დაიჯერონ, რომ ყველაფერი გამოვა, თუ მოინდომებ, თუ იშრომებ და თუ არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც მხარში ამოუდგებიან. ერთმანეთის დახმარება, თანამშრომლობა, სხვისი გაკეთებული საქმის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

სამსახურში მივირბინე. ყველა თავისთვის დაფუსფუსებდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა: ქალთა სტატუსის კომისია (CSW), 19 მარტის გამოფენა... უამრავ წერილზეა პასუხი გასაცემი. სტამბიდან პლაკატები მოიტანეს. კარგი გამოვიდა. მიხარია, რომ ჩვენს კონკურსში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ახალგაზრდების ჩართვა მოვახერხეთ. კარგი ნამუშევრები წარმოადგინეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა. საკმაოდ ბევრი მასალა დაგვიგროვდა, პოსტერებს ემატება ჩვენი პროექტების ფარგლებში მომზადებული ალბომები, კალენდრები და გამოკვლევები. ამ ყველაფერს ნიუ-იორკში წავიღებთ და შეხვედრებზე გავავრცელებთ. კარგია, რომ მარტო არ მივდივარ.

ოფისიდან გასვლას ვაპირებდი, როცა სალომემ, ჩვენი ორგანიზაციის პიარმა, მომაძახა, არ წახვიდე, სცენარი უნდა წავიკითხოთო. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე ვიღებთ კლიპს. მგონი, კარგი გამოდის.

სახლში დავბრუნდით 10 საათისთვის. სანდრო და მისი მეგობარი ანა თავიანთ პროექტზე მუშაობდნენ. დღეს 12 საათამდე უნდა გააგზავნონ, დედლაინი აქვთ. როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა!

შემოსული არ ვიყავი, დამიძახა, დე, ნახე, რა გავაკეთეთო. ძალიან მომეწონა. ვკითხე პროექტის სახელზე და ბევრი ვიკამათეთ. მერე სახელის სამ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ. კონსულტაციისთვის „ზარი ახლობელთან“ განვახორციელე და ვკითხე აზრი, სამი სახელიდან რომელი მოგწონს-მეთქი. ბოლოს პროექტს „ესღა გვაკლდა“ დაარქვეს.

5 მარტი, ხუთშაბათი

ადრე გამეღვიძა. ავდექი და კომპიუტერს მიუჯექი. ბევრი სამუშაო მაქვს, უნდა მოვასწრო სამსახურში წასვლამდე. რა თქმა უნდა, უკვე დამხვდა შეტყობინებები ფეისბუკზე. კიდევ ერთხელ გადავხედე ნიუ-იორკის დოკუმენტებს, შესწორებები შევიტანე, წერილები გავგზავნე და წერა გავაგრძელე.

დედამ იცის, რომ დღეს მივფრინავ და დილიდანვე დამირეკა, მომიკითხა, როგორც ყოველთვის.

10 საათია, მამუკა უკვე სამსახურშია, მე ოდნავ ვაგვიანებ, სახლში რაღაცები უნდა მოვასწრო. დღეს ღამით მივფრინავ. მე და სანდრო სახლიდან ერთად გავალთ. გზაში მოვასწრებ დალაპარაკებას.

6 მარტი, პარასკევი

უკვე ნიუ-იორკში ვართ. ჩემი უმცროსი შვილი, ნიკუშა, გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობს, ტეხასის შტატშია. ვამაყობ მისი მიღწევებით, ბედნიერი ვარ, რომ მისი მასპინძელი ოჯახი და სკოლა უამრავ მადლობას გვიხდის ნიკას კარგი ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გამო. თუმცა ძალიან ვდარდობ, რომ მისი ნახვის უფლება არ მაქვს. პროგრამა უკრძალავს ამ ერთი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებთან შეხვედრას.

ქალთა სტატუსის კომისია, რომლის გამოც შეერთებულ შტატებში ჩამოვედით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ჯამდება, თუ რა ხდება გენდერის მიმართულებით მთელ მსოფლიოში. საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ კოლეგების გამოცდილების გაზიარება ძალიან გვეხმარება. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, დაუფარავად წარმოვაჩინოთ როგორც პრობლემები, ისე მიღწევები. საბედნიეროდ, მიღწევაც ბევრი გვაქვს.

ვცდილობ, თბილისში მყოფ თანამშრომლებთან მუდმივად ვიკონტაქტო. დღეს რამდენიმე მათგანი პანკისში მიდის ჟურნალისტებთან ერთად. უხუცესთა საბჭოს ხვდებიან ქალებისა და ახალგაზრდების პრობლემების განსახილველად.

მალე კონფერენციის საშვებს ავიღებთ. ყველა ღონისძიებაზე შევძლებთ დასწრებას. ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, მაიკო და ნათია, ოდნავ ღელავენ. პირველად არიან ქალთა სტატუსის კომისიაზე. თან ქეთიც გვახლავს, გენდერული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი, რომელიც კონფერენციის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. სააგენტო გასული წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის პორტალის ბაზაზე. ჟურნალისტის აქ ყოფნა დაგვეხმარება, თბილისში მყოფ კოლეგებს ინფორმაცია დროულად მივაწოდოთ.

7 მარტი, შაბათი

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შაბათი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. მხოლოდ შაბათს შემიძლია, ნიკუშას დაველაპარაკო. გამოდის, რომ ოჯახი მთელ კვირას შაბათის მოლოდინში ვატარებთ.

შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ჩემი გულისა და გონების ნაწილი თბილისშია. ხვალ საქართველოს ქალაქებში დიდი მსვლელობა გაიმართება დევიზით: „მეტი ქალი პარლამენტში!“ მიხარია, რომ ქალთა მოძრაობამ ახალი ძალები მოიკრიბა და ჩვენი ხმის ჩახშობა შეუძლებელია. ხვალ ჩვენი კოლეგები, მეგობრები, თანამოაზრეები და, უბრალოდ, საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლი ადამიანები, სარვამარტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენ კი აქ, ნიუ-იორკში შევუერთდებით გაეროს მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ქალთა უფლებებისათვის, მსოფლიოს ქალებთან ქართველი ქალების სათქმელს მივიტანთ.

ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და ვხვდები, რომ როცა ადამიანებს საერთო იდეები და მიზნები ამოძრავებთ, დედამიწა პატარავდება, დრო და მანძილი ვეღარაფერს ცვლის. დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როცა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მეტ ქალს ვიხილავთ.

დღეს ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, გვჭირდება მეტი ქალი სამშვიდობო პროცესებში, გვჭირდება მეტი ქალი ბიზნესში, ერთი სიტყვით, ყველა სფეროში. სხვანაირად პროგრესი წარმოუდგენელია.

ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

P.S.: მინდოდა, ჩემს დღიურში მომეხსენიებინა ყველა, ვინც ჩემი ყოველდღიური საქმიანობისა და ცხოვრების ნაწილია, ყველა პარტნიორი, ბენეფიციარი, სათემო მუშაკი და უბრალოდ, გულშემატკივარი, მაგრამ ვერ ჩავატიე. ასევე მინდოდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრის ყველა თანამშრომლის შრომა და როგორ ვაფასებ თითოეულ მათგანს: მარიამს, მარიკას, მამუკას, მაიკოს, ნათიას, ნანუკას, ანკას, მაგდას, ქრისტინეს, ქეთის, რუსიკოს, სერგეის, ორივე ნინოს, ორივე თამუნას, ორივე დათოს და ორივე სალომეს...

XS
SM
MD
LG