Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა კობალაძე - იურისტი


12 აპრილი, კვირა

დღიური არასდროს დამიწერია. მიზეზი არ ვიცი. ალბათ ვფიქრობდი, რომ საკუთარ საიდუმლოს გავთქვამდი, ჩემს პირადს გამოვამზეურებდი. პრინციპში, ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ დავთანხმდი, ვცადო და ჩემი ერთი კვირა აღვწერო. იქნებ საინტერესოც იყოს!

დღეს აღდგომაა! არ მიყვარს დღესასწაულები. მიზეზი ვიცი. რიტუალი − ზოგადი, უშინაარსო მოქმედება, რომელსაც მოწესრიგებული ფორმა აქვს და თავისუფლებას გიზღუდავს. და კიდევ, მგონია, რომ ამ დროს ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს და გაჩერებულია. აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული. უმოქმედობა მაღიზიანებს. დამოუკიდებელი ცხოვრება ადრეული ასაკიდან დავიწყე. სულ სამსახურში ვიყავი ჩაფლული და, მგონი, ზედმეტი მომივიდა. დღემდე ასეა, სამსახურს ყველაზე მეტ დროს ვუთმობ.

გვიან გავიღვიძე. უკვე რამდენიმე წელია, მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე. დღეს შვილები უნდა ვნახო, გუშინ შევპირდი. ხშირად ვერ ვნახულობ, კვირაში ორჯერ თუ ვახერხებ. განვიცდი.

მეგობარმა დამირეკა, ერთ-ერთ კაფეში იკრიბებიან. მივედი. ბევრნი მოვგროვდით. ვისაუბრეთ, ვიხუმრეთ, ცოტა ვიკამათეთ კიდეც. რამდენიმე საათი სასიამოვნოდ გავატარე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავრჩი, შვილები მელოდებიან.

ნუცა 12 წლისაა, ელენე − 11-ის. უკვე დიდები არიან. დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფლები არიან, როგორც მათი თაობის უმრავლესობა. მიხარია. სახლში ჩემი ყოფილი ცოლიც დამხვდა. სადღაც მიდიოდა, მაგრამ შეყოვნდა, ცოტა ხანს ჩვენთან ერთად იყო, შემდეგ წავიდა. რამდენიმე საათს ვიყავი. ელენეს ახალი, ჩემთვის უცნობი სიმღერა აუწყვია. დაუკრა. შევაქე. ნუცაც ჩაერთო, ვისაუბრეთ, ცოტა ვიცელქეთ კიდეც. მოწესრიგებულად შეღებილი წითელი კვერცხებიც გავტეხეთ სიმბოლურად. არდადეგები აქვთ და გაზარმაცება შევატყვე. მსუბუქად ვუსაყვედურე, მაგრამ მესმის: ყველაფერი ხომ გაჩერებულია!

სასიამოვნოდ დამუხტული დავბრუნდი სახლში. მონატრება დავიკმაყოფილე. სინდისიც ნაკლებად მქენჯნის. დედაჩემმა დამირეკა, საფლავზე წასვლის საათზე შევთანხმდით. ხვალ რიტუალის დღეა. ვემორჩილები.

ქრისტე აღდგა!

თავისუფლების დღიურები - გიგა კობალაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:33 0:00
გადმოწერა

13 აპრილი, ორშაბათი

შეთანხმებულ დროს მივდივარ მამაჩემის და ბებია-ბაბუის საფლავებზე. არც საფლავზე მისვლა მიყვარს, განსაკუთრებით საყოველთაო მსვლელობის დროს. მგონია, რომ საფლავზე მიუსვლელადაც შესაძლებელია უხილავი კონტაქტის დამყარება.

მეხსიერება საუკეთესო საშულებაა. და კიდევ, არანაკლები მიზეზი „საცობია“, რომელიც ამ დროს განსაკუთრებულ ფორმას იძენს. თითქოს ყველა პირობა შექმნილია, რომ დაუბრკოლებლად გადავადგილდეთ, მაგრამ მაინც არ გამოდის. არასწორად ვმოძრაობთ, სხვაზე ადრე გვინდა მისვლა; არასწორად ვჩერდებით, ყველაზე ახლოს გვინდა ვიყოთ; არასწორად მოვდივართ უკან, გვეჩქარება, სხვაც ბევრი საქმე გვაქვს; ერთმანეთს არ ვუთმობთ, ღირსების საკითხია! ეტყობა ჩვენი ხასიათია. ვერ გამოვსწორდებით?!

დედაჩემი და ჩემი და უკვე მისულან. დავაგვიანე. სანთლები უკვე დაუნთიათ. ისევ მოწესრიგებულად შეღებილი წითელი კვერცხები, პასკა და ღვინო, ტრადიციულად. ცოტა ხნით ვჩერდებით. ვსაუბრობთ, ვიხსენებთ და ისევ ჩვენი გზებით ვბრუნდებით უკან.

ირგვლივ ყველაფერი ისევ გაჩერებულია. ქუჩებიც ცარიელი და უსიცოცხლოა. სახლისკენ წავედი. უცბად მამიდაჩემთან მომინდა მისვლა. სახლში უნდა იყოს. მოვტრიალდი. ბავშვობიდან მიყვარს მასთან ყოფნა. ხშირად მივდიოდი. ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ და მსაყვედურობს ხოლმე. ვენატრები. მგონია, რომ ყველაზე მეტად ესმის ჩემი. მეგობრები ვართ. ბევრ საერთოს ვპოულობთ. და კიდევ, მასთან ყოველთვის კარგი განწყობაა. ბევრნი ცხოვრობენ დიდ სახლში. ბიძაჩემი (მამის შემდეგ ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი), მამიდაშვილები, მამიდაშვილის ქმარი და შვილები. ახერხებენ მხიარულად ყოფნას. იუმორით და სიყვარულით. ბებია და ბაბუაც აქ იყვნენ. ბებიამ ორიოდე წლის წინ გადაწყვიტა წასვლა, ბაბუამ − ოდნავ მოგვიანებით. მაიმედებდა მათი ყოფნა. მათ გარეშე დაირღვა მთლიანობა. მამიდაჩემი სახლში დამხვდა. გამიმასპინძლდა. მზრუნველია. სხვანაირი გემო აქვს მის მორთმეულს. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ბევრი სიტყვა არ დაგვჭირვებია. კიდევ ერთი მონატრება დავიკმაყოფილე. წამოვედი.

გზად დედაჩემმა დამირეკა. ნუცა და ელენე თავისთან მიუყვანია და მთხოვა, მოგვიანებით უკან, სახლში წამეყვანა. დავთანხმდი. მეგობარმა მომწერა, გნახავდიო. სახლში მოვიწვიე, თან ვუთხარი რამდენიმე საათი მაქვს დრო-მეთქი. უხეშად მომივიდა. ეწყინა. აღარ აპირებდა მოსვლას. ცოტა ხანს ვიყავით ერთად. შვილები მყავს სახლში წასაყვანი.

გადავწყვიტე, დედაჩემთანაც შემევლო. იშვიათად მივდივარ. როცა ნუცა და ელენე მასთან არიან და ვაკითხავ, ქვემოდან ვურეკავ და ჩამოდიან ხოლმე. დღეს ავედი. მიზეზიც მაქვს. ჩემი და მეორედ თხოვდება. ემზადება. სტუმრების სიას ადგენს. ანაწილებს, ვინ სად დაჯდება. რესტორანი, მენიუ და სხვა წვრილმანები უკვე გარკვეული აქვს. ორგანიზებული ადამიანია. როგორც უფროს ძმას, დეტალებს მითანხმებს. აზრსაც ითვალისწინებს. მომავალი ქმარიც გამაცნო. არ მინდა ჩავერიო. თავისუფალი გადაწყვეტილებები მინდა მიიღოს.

შვილებს ვტოვებ და სახლში ვბრუნდები. ხვალ სამუშაო დღეა. გეგმებს ვაწყობ. გაჩერებული ვიყავი. ბევრი საქმე დაგროვდა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. ყურადღებიანი ვიყავი. დღესასწაული გამომადგა. ყველგან და ყველაფერში შეიძლება კარგის პოვნა!

14 აპრილი, სამშაბათი

ხუთდღიანი მოსაწყენი შესვენების შემდეგ, ენერგიულად მივდივარ სამსახურში. ბევრი საქმის მოსწრება მინდა. გეგმები დაწყობილი მაქვს. თავში მიტრიალებს. ბლოკნოტი არ მაქვს, ვერ მივეჩვიე. ტელეფონში ჩაწერაც ვცადე, არ გამოვიდა. რიტუალს ვამსგავსებ, მოწესრიგებული ფორმა აქვს და გზღუდავს. მთავრის ჩანიშვნა რომ გამოგრჩეს, შეიძლება აღარც გაგახსენდეს. არადა, მთავარი არასდროს გავიწყდება. მეხსიერება საუკეთესო საშუალებაა. მთავარი კი პასუხისმგებლობაა!

ჩაუნიშნავი საქმეების გაკეთება დავიწყე. თითქმის ყველა თანამშრომელს ცალ-ცალკე დაველაპარაკე. კიდევ ერთხელ განვიხილეთ უახლოესი გეგმები. დავრწმუნდი, რომ ფორმაში იყვნენ. ყოველთვის მიყვარდა ჩემი პროფესია. შეგნებულად ავირჩიე. 11 წელი აქტიური ადვოკატი ვიყავი. საავტორო უფლებებში რამდენიმე წლის წინ მოვხვდი. ამ საქმესაც დიდი სიყვარულით ვაკეთებ. მგონი, წარმატებულადაც. რთული სფეროა. თავიდანვე დიდი შემართებით დავიწყეთ. კარგი გუნდი ვართ. ერთად კარგად გამოგვდის. გვიყვარს ჩვენი საქმე. მთავარი მოტივაცია ხომ სიყვარულია!

3 საათზე ერთ-ერთ რადიოში მივედი. ჩამწერეს. ბოლო წლებში საავტორო უფლებები აქტუალურია. მასმედიის მხრიდან ყურადღება ექცევა. ცნობიერებაზე დადებითი ზემოქმედება უნდა მოხდეს, სხვაგვარად ამ სფეროში პრობლემების გადაჭრა გაგვიჭირდება. სხვისი საკუთრების პატივისცემა შინაგანი კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. საავტორო უფლებების დარღვევა სირცხვილად უნდა იქცეს, სხვა გზა არ არსებობს. მიზანი ძნელია, მაგრამ მიღწევა შეიძლება!

სამსახურში დავბრუნდი. დღეს ყველაფერს, ალბათ, ვეღარ მოვასწრებ. რაღაცების ხვალისთვის გადადება მომიწევს. აპრილის ბოლო განსაკუთრებით დატვირთული გვაქვს. 26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. წელს ეს დღე საავტორო უფლებებს ეძღვნება. „საქპატენტთან“ ერთად აღვნიშნავთ. დიდი სამზადისი გვაქვს. ჰიმნის შექმნაზე კონკურსი გამოვაცხადეთ, სოციალური ვიდეორგოლის გადაღება გვინდა, ავტორებისთვის სამუშაო შეხვედრის გამართვას ვაპირებთ, კონცერტიც უნდა გავაკეთოთ და საზეიმო მიღება მოვაწყოთ, მოკლედ, საქმე ძალიან ბევრია!

ამ ყველაფერს 28-29 აპრილი მოსდევს. საავტორო უფლებების ევროპის კომიტეტი თბილისში იკრიბება. ევროპის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. 50 ქვეყანაა, თუ არ ვცდები, ევროპაში. მნიშვნელობით და მასშტაბით ეს ყველაზე დიდი შეკრებაა ამ სფეროში, რაც კი ოდესმე ჩვენთან ყოფილა. რამდენიმე წელი ვცდილობდით საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ეს შეკრება თბილისში ჩატარებულიყო. პირობა წაგვიყენეს, შედეგები გააუმჯობესეთო. შევპირდით. შევძელით. პირობა არც მათ დაურღვევიათ. აპრილის მიწურული აირჩიეს. ბევრი რამ უნდა მოვასწროთ. შთამბეჭდავად უნდა ჩავატაროთ. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა.

სამსახურიდან 8 საათისთვის წამოვედი. დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე. კაფეში ვივახშმეთ, შემდეგ ჩემთან ავედით. ცოტა მოვწრუპეთ. ბევრი ვისაუბრეთ. გვიანობამდე დარჩა. უერთმანეთოდ გატარებული დრო ერთ საღამოში გავატარეთ.

15 აპრილი, ოთხშაბათი

სამსახურში ისევ ენერგიულად მივედი. გუშინ გადადებული საქმეებიც უნდა მოვასწრო. დღეს რამდენიმე შეხვედრაც მაქვს დანიშნული. ტელევიზიიდან დამირეკეს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენების ფოტოები გავრცელებულა. დიზაინერს ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატები გამოუყენებია საკუთარ ნამუშევრებზე. მისი ეს გადაწყვეტილება რეზონანსული აღმოჩნდა. ჰქონდა თუ არა გამოყენების უფლება? დაირღვა თუ არა საავტორო უფლებები? ეს კითხვები დაისვა და ჩემი კომენტარი აინტერესებთ. ინტერვიუზე დავთანხმდი. ჩავწერეთ.

სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვერ გავხდი. ელექტრონული დღიურია, თითქოს გაშიშვლებს. ჩემს მოსაზრებებს არ ვაზიარებ. არაგულწრფელი მგონია. პოზიორობა არ მიყვარს. არც ფოტოებს ვინახავ ბევრს, რამდენიმე მაქვს. სოციალურ ქსელს კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის მისაღებად ვიყენებ და, თუ რაიმე საინტერესოს გადავაწყდი, საკუთარ კედელზე ვინახავ ხოლმე. კიდევ, დაბადების დღეები აღარ მავიწყდება!

3 საათზე „არტარეაში“ მივედი. 28 აპრილისთვის ვიდეორგოლი უნდა მოვამზადოთ. ვიდეორგოლი ქართული ხელოვნების გამორჩეულობასა და მისი დაცვის მნიშვნელობას ეხება. ცოტა რთული ამოცანაა. გადმოცემის მარტივ ხერხს ვეძებთ. სათქმელი გულწრფელი უნდა იყოს, გულწრფელობა ხომ დამაჯერებელია! რამდენიმე ადამიანის ჩაწერა გადავწყვიტეთ. რა კადრები გამოვიყენოთ, მოვიფიქრეთ. სცენარის მონახაზი გავაკეთეთ. დრო ცოტა გვაქვს, უნდა მოვასწროთ!

ისევ სამსახურში ვარ. დღის ბოლოა. დღეს თითქმის ყველაფერი მოვასწარი, გუშინ გადადებული საქმეებიც კი. კმაყოფილი ვარ. სოციალურ ქსელში მეგობარმა მომწერა, მომენატრეო. შევხვდით. კაფეში გვინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემთან გადავწყვიტეთ სახლში. ჩინური საჭმელი და საკე ვიყიდეთ. ვახშამი გემრიელი გამოვიდა. თბილი საკეც მოუხდა. თითქოს გუშინდელი საღამოს გაგრძელებაა სხვა პერსონაჟით. მალე წავიდა.

16 აპრილი, ხუთშაბათი

დილა ისევ ფიროსმანით და გუდიაშვილით დაიწყო. სხვა არხმა გააშუქა. ჩამწერეს. რომელიღაც სააგენტოს და გაზეთსაც მივეცი სატელეფონო ინტერვიუ. ჩვენს სფეროში მასმედიის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია! იგი ხომ ერთდროულად ბევრ ადამიანამდე ინფორმაციის მიტანის საუკეთესო საშუალებაა. დიზაინერის ქცევა დიდწილად სწორედ ინფორმაციის არქონამ გამოიწვია.

ისევ ბევრი საქმე მაქვს. მსიამოვნებს. კიდევ ერთხელ ვამოწმებ თანამშრომლებს. ყველაფრის საქმის კურსში მინდა ვიყო. არ მინდა რამე გამომრჩეს. ყველა დეტალი მაინტერესებს. დეტალები მნიშვნელოვანია. მთლიანობის უკეთ შეგრძნებაში მეხმარება.

3 საათზე კულტურის სამინისტროში მივედი. რაღაც საკითხზე გადაწყვეტილება აქვთ მისაღები. საავტორო უფლებებს ეხება. ჩვენი აზრიც აინტერესებთ. საკითხი განვიხილეთ. საჭიროზე დიდხანს ვიმსჯელეთ. საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ბევრი დრო დავკარგე, რამდენიმე საათი. დროის დაკარგვა არ მიყვარს. დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. ცოტა გვაქვს. გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღო. შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ისწავლო, გამოცდილება შეიძინო და მომავალში უკეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღო.

უკვე 6 საათი იყო, სამსახურში რომ დავბრუნდი. ისევ ვერ ვასწრებ რაღაცებს. ხვალის იმედად უნდა ვიყო. ინტერნეტში ელექტროველოსიპედების ვებგვერდს გადავაწყდი. ველოსიპედით სიარული მიყვარს. რამდენიმე წელია, დიდი ხნის მეგობართან ერთად დავდივარ თბილისის ზღვაზე. საკმაოდ კარგი ვარჯიშია და თან სასიამოვნო. ზღვას წრეს ურტყამ, მუსიკას უსმენ და თავისუფლებას გრძნობ. თითქოს დროსა და სივრცეში იკარგები. დიდი ხანია, აღარ ვყოფილვართ. მეგობარს ვებგვერდის მისამართი მივწერე და გავეხუმრე, ამით მაინც ვიაროთ-მეთქი. მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ განვაახლებთ „დიდ სპორტს“, როგორც კი დათბება.

გვიანობამდე ვიმუშავე. არ მიყვარს საქმის გადადება.

17 აპრილი, პარასკევი

პარასკევი შეხვედრით დაიწყო. ახალი რადიოს გახსნას აპირებენ და საავტორო უფლებების საკითხი აინტერესებთ. ნებართვა სჭირდებათ. წინასწარ ზრუნავენ. მიხარია. ადრე ასე არ ხდებოდა. საავტორო უფლებები უკვე მნიშვნელოვანია. თანდათან შინაგანი კულტურის ნაწილი ხდება. ესე იგი ამ სფეროსაც აქვს მომავალი. ეს მომავალი აუცილებლად დადგება!

3 საათზე საკონკურსო კომისია იკრიბება. 26 აპრილის ჰიმნის გამოვლენა უნდა მოხდეს. შვიდი განაცხადი შემოვიდა. შეკრება „საქპატენტის“ ოფისშია. კომისიის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ. მუსიკაში დილეტანტი. შევიკრიბეთ. შვიდივე სიმღერა მოვისმინეთ. ჩემი მოკრძალებული აზრიც გამოვთქვი. ბევრი მსჯელობის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვავლინეთ. არსებულებიდან საუკეთესო. ბოლომდე არ მოგვწონს. რაღაცები შესაცვლელია ტექსტში. ვურეკავთ. ვულოცავთ. ხვალ ვთხოვთ შეხვედრას. დრო ცოტაა. უნდა მოვასწროთ!

სამსახურში ვბრუნდები. დღეს მთელი სამსახური უნდა შევიკრიბოთ. პარასკეობით, როგორც წესი, 7 საათზე ვიკრიბებით ხოლმე. მთელი კვირის შედეგებს განვიხილავთ. პრობლემებს ვაანალიზებთ. მომავალ კვირას ვგეგმავთ. ეს შეკრებები ერთიანობას უწყობს ხელს. ინფორმაციის გაცვლა უკეთ ხდება. ერთმანეთის პრობლემებში უკეთ ვიხედებით. ურთიერთდახმარების სურვილი გვიჩნდება. ვერთიანდებით. ძალა ხომ ერთობაშია!

შეკრება მორჩა. პრობლემა ბევრია. გადაწყვეტის სურვილი − დიდი. მშვიდად ვარ. ყველას იმედი მაქვს. მოტივაცია სიყვარულია. სიყვარული ხომ აუცილებლად იმარჯვებს!

ბევრი საქმის მიუხედავად, შაბათ-კვირას ვისვენებთ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. მინდა სამსახურისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკმარისია. დასვენება აუცილებელია. არ უნდა გადაიღალო. ხარისხი მნიშვნელოვანია. თუ აკეთებ, ხარისხიანად უნდა გააკეთო, ნაკლები შეცდომით, რწმენით და სიყვარულით!

პარასკეობით ყველაზე მეტად ვერთობი ხოლმე. მეგობრებთან ერთად კლუბებში დავდივარ, ხანდახან დილამდეც კი. მიყვარს პარასკევი. განტვირთვას ვახერხებ. საქმეებზე არ ვფიქრობ. ამ დღეს თავისუფლება განსაკუთრებით იგრძნობა. ყველგან უჩვეულოდ ბევრი ხალხია. ყველა ცდილობს, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დასვენების ფორმა მოძებნოს. უკვე ესეც ერთგვარ ჩვეულებად ჩამოყალიბდა. ჩვენც თანდათან ვსწავლობთ სამსახურის და დასვენების გამიჯვნას, ერთმანეთთან შეთავსებას. ამ პარასკევს არ გამიმართლა. „თავისუფლების დღიურები“ უნდა დავწერო. გართობაზე უარს ვამბობ. სახლში ვარ. წერას ვაგრძელებ. იქნებ, ეს არის ნამდვილი დასვენება და ის გამოგონილია. პასუხი არ მაქვს. თავისუფლება მსიამოვნებს, დღიურის ფორმით გამოხატულიც კი. თავისუფლების პოვნა ყველა სიტუაციაში შესაძლებელია!

18 აპრილი, შაბათი

ეს შაბათი დასვენების დღე არ გამოვიდა. 12 საათზე სამუშაო შეხვედრა გვაქვს ხელოვანებთან. შეხვედრა „საქპატენტის“ ოფისშია. რაც შეიძლება, მეტი ხალხი გვინდა მოვიდეს. მოდიან. საინტერესოა მათთვის. იწყება. ბევრი კითხვა აქვთ. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვართ. ინტერესდებიან. ვუხსნით. მომწონს. მთავარი მოქმედი პირები არიან. მათი განწყობა მნიშვნელოვანია. უპასუხოდ არ უნდა დარჩნენ. მათთვის ვცდილობთ. იმსახურებენ. მინდა, კმაყოფილები იყვნენ. უკეთესობა იგრძნონ.

შეხვედრა 3 საათამდე გრძელდება. 3 საათზე ჰიმნის კონკურსში გამარჯვებულს ვხვდებით. კიდევ ერთხელ ვულოცავთ და ჩვენ მოსაზრებებს ვაცნობთ. გვეთანხმება. კარგი ჰიმნი უნდა გამოვიდეს. ამაყები ვართ. შევძელით. თუმცა, ირაკლი რომ ყოფილიყო, ალბათ ამოცანა გაცილებით ადვილი იქნებოდა. ირაკლი ხომ უალტერნატივოა. სურვილი მაინც გადამწყვეტია, სიყვარულს იწვევს. სიყვარული მთავარი ძალაა, ყველაფერს შეგაძლებინებს!

დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩემი და წვეულებას მართავს. მისი მომავალი ქმრის მშობლები და ნათესავები უნდა გაგვაცნოს. ვემზადებით. ემოციურად განსხვავებული მდგომარეობაა. ვიკრიბებით. ქართული სუფრა იშლება. იშვიათია კარგი ქართული სუფრა. ძირითადად, მომავალი კეთილგანწყობის იმედად არიან ხოლმე სუფრის წევრები. რეალობა სხვაა. დიდხანს იშვიათად ვჩერდები. მოსაწყენია. გულწრფელობა აკლია. ავანსად ხდება აქტივების გაცემა. შეიძლება, არც დაგიბრუნდეს. ქართული ხასიათია. გავცემთ. ერთი შეხედვით, არ ვფიქრობთ გაცემულის დაბრუნებაზე, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მატად გაცემულის დაბრუნება გვინდა! ამით ვცოცხლობთ, ეს გვამოძრავებს!

წამოვედი. შაბათი საღამოც დღიურის წერას დავუთმე. ვამთავრებ. ალბათ, პირველად და უკანასკნელად გავრისკე ასე. განტვირთვა მინდოდა. პასუხისმგებლობის შეგრძნება არ მეშვება. პირველად ვცადე. შაბათ-კვირა გადავიხადე. ყველაზე დიდი ფასი, რაც შემეძლო. ბედნიერი ვარ. უჩვეულოდ საინტერესოა. ღირდა. უფასო ხომ არაფერია! ყველაზე სასიამოვნო მაინც თავისუფლების განცდაა!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG