Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი ალხაზიშვილი - პოეტი


9 აგვისტო, კვირა

არდადეგების ჟამია ზაფხული... ამას ჩემი ხნის კაცი თუ იტყვის, ვინც თვალი შეავლო სამოცდათერთმეტწლიანი ზაფხულის მთლიანობას და აღმოაჩინა რომ თივის სუნი, რომელიც არამხოლოდ ბალახის, არამედ გასული და მომავალი დროის სუნია, წარმავალობის თანხლებით – დროებით მარადისობაც სუნთქავს ჩვენთან ერთად...

მუდმივი ცვალებადობა

ნებისმიერი გაბატონებული კულტურა ბუნებრივად აჩენს კონტრკულტურის ჩამოყალიბების აუცილებლობას, შესაბამის ატმოსფეროს და ნიადაგს. როცა კონტრკულტურა დამკვიდრდება და ერთგვარ კლასიკად იქცევა, დროთა განმავლობაში მასაც გაუჩნდება ალტერნატიული კონტრკულტურა. ლიბერალური ღირებულებებით ჯერ ადრექრისტიანულის, ხოლო მოგვიანებით პროტესტანტული კულტურის ჩანაცვლება არ იყო უმტკივნეულო პროცესი და ასეთ გარდასახვას ან იქნებ უფრო სწორია, ვთქვა – თავის ახლით შობას – ყოველთვის თან სდევს „მომხმარებლის“ ბუნებრივი პროტესტი, ტკივილის შეგრძნება, გამშობლიურებული სტერეოტიპების მთელი კომპლექსის თანდათანობით ნგრევის გამო. ეს ის პროცესია, როცა ნგრევა წინმსწრებია და აჩენს გაურკვეველი სიახლის ბუნდოვან მოლოდინს და არავინ იცის, საით წაიყვანს ირაციონალური ძიება მაძიებელს. ბევრი რამ ნათლად გვაჩვენა ლიტერატურის ისტორიამ, მუდმივი განახლების პროცესი უწყვეტია და ვინც აღარ იცვლება და ერთ ადგილს შეეხამა, იმავე ადგილს ტკეპნის, მას მივიწყების ხავსი ისე გადაუვლის, რომ, სტერეოტიპური აზროვნების ტყვეობაში მყოფი, თვითონაც ვერ შეამჩნევს... ისიც გვასწავლა ლიტერატურის ისტორიამ, რომ ნებისმიერი ნოვაცია ვერ დამკვიდრდება, რაც უნდა პროპაგანდისტული სამსახური გაუწიოს არსებულმა პრომოუშენმა. სუბკულტურული აღმოჩენები სუბკულტურაშივე რჩება, თუმცა არსებობს მათი ვიწრო წრიდან გაღწევის, დამკვიდრების არაერთი მაგალითი. ასე იქმნება საერთო ლიტერატურული გარემო, გამუდმებით რომ იცვლება და ოკეანესავით ნაპირზე რიყავს ცოცხალ თევზებს და მკვდარ სხეულებს, აგრეთვე წერილებიან ბოთლებსაც, რომლებსაც, როგორც გამოცდილება გვკარნახობს, შესაძლოა არაერთი მკითხველი გამოუჩნდეს. სამწუხაროდ ჩვენში, ჯერ კიდევ ინერცია ბატონობს ლიტერატურაში, თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი, რაც ლიტერატურულ პროცესს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს და რომლის გვერდის ავლას, მიფუჩეჩებას გემოვნებიანი მკითხველი ვერ შეძლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მთელ ლიტპროცესზე ზეგავლენისთვის. სამწუხაროდ, გავლენის ასეთი ძალა დღესაც ინერციას აქვს და ინერცია ბატონობს! მართალია, ეს მანქანა ვერ მოძრაობს, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ გაჩერებულ ავტომობილს უწყვეტლად არყევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ცოცხალი ეგონოთ.

თავისუფლების დღიურები - გივი ალხაზიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:21 0:00
გადმოწერა

10 აგვისტო, ორშაბათი

„რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...“

ე.წ. „დემოკრატია“ თანდათან ჩიხში შეჰყავთ და სიმულაკრების და ფიქციის „გასაგნებით“, რაც აუქმებს, სათუოს ხდის სამართლის არსებობას, იმ ქაოსამდე მივყავართ, სადამდეც მიიყვანეს საქმე „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებმა, რომლებიც დროთა განმავლობაში, მრავალჯერ, მხოლოდ იმიტომ ცვლიდნენ ერთმანეთს, რომ მისი საბოლოო პატრონი ყოფილიყო ის, ვინც დღესაც კულისებიდან მართავს არსებულ ვითარებას. ეს არის სიმულაკრებით თამაში, რაშიც ისინი კარგად არიან გაწაფული. თუმცა, სიმართლის დადგენა შესაძლებელია, თუ ხელოვნურ ბარიერს, ანუ დავას დავისათვის, არ დაუშვებს სასამართლო, მხოლოდ არსებულ არგუმენტებს დაეყრდნობა და არა ფიქციურ იწილო-ბიწილოს... წლების მანძილზე ყველაფერი კეთდებოდა სამართლის ასაბურდად, რათა მიეღწიათ იმ აბსურდისთვის, რომლის ხელის ხლების სურვილი არ უჩნდებოდა ახალ მეპატრონეებს. ეს ის შემთხვევაა, როცა აფერი გამოიყენება, როგორც სიმულაკრი, რომელიც ბოჭავს სამართალს და ძალაუფლებას ანიჭებს აბსურდს. რა მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობენ? მთავარია, რომ ლაპარაკობენ, როგორც ამბობდა სამუელ ბეკეტის პერსონაჟი მის ერთ-ერთ მოთხრობაში. ეს სენტენცია შეიძლება მუდმივად იმეორონ იმ პერსონაჟებმა, რომლებიც აბსურდის რეალობას უფრო მეტ პატივს მიაგებენ, გაღებული და გასაღები სარფის გამო, ვიდრე საქმის რეალურ გამოძიებას, რაც წინასწარულად უარყო ამ საქმის შემქმნელმაც და შემსრულებელმაც, რადგან აბსურდის „გაიასნება“ არამც და არამც ხელს არ აძლევთ. ახლა უკვე ნათელია, წლების მანძილზე არხის სერიული გადაფორმება ახალ-ახალ მეპატრონეებზე ერთი ფანტასმაგორიის ანიმატორის სტილისტიკაა. ერთმა მეგობარმა ასე იხუმრა: თურმე ამ საქმის ანიმატორი ხანდახან არის ალიგატორი! შესაძლოა, გალაკტიონის პალინდრომი აშორდიაზე გააქტიურდეს თუ „რუსთავი 2“-ის გამო მართლა აირია ივერია.

აი, რა მზის სიზმარია,

აირევი ივერია...

აი, დროშა, აშორდია,

აერების სიბერეა....

ეს ტექსტი წაღმა-უკუღმა თავისუფლად იკითხება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ივერია მხოლოდ იმიტომ აირიოს, რადგან აშორდიამ ასე მოისურვა.

11 აგვისტო, სამშაბათი

უეფას სუპერთასის ფინალს ველოდი მთელი დღე და დადგა მატჩის გამართვის დრო. მშვენივრად იმღერეს ბავშვებმა ლენონის სიმღერა! მანამდე ჩვენი ფოლკლორის ბრწყინვალედ აკინძულ ფრაგმენტებს უყურებდა თითქმის მთელი მსოფლიო, რაც სიამაყით და სიხარულით აღგვავსებდა ყველას, ვინც ამ დიდებულ წარმოდგენას თვალს ვადევნებდით. არ შევუდგები მატჩის მიმოხილვას, ამას სპორტული მიმომხილველები უკეთ მოახერხებენ. ჩემთვის მთავარია საქართველოს წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, მაშინ, როცა ისევ გაიმის საქართველოს მისამართით მუქარა და ისევ დაცოცავენ საქართველოს საზღვრები უძღები მეზობლის აკვიატების კვალდაკვალ.

ერთი აღსარების ნათელი

რაც თავი მახსოვს, სულ ვეძებ. ადამიანის დანიშნულებაზე უამრავჯერ მიფიქრია, თუმცა არ ჩამომიწერია პუნქტებად, რადგან ოჯახმა, გარემოცვამ, აღზრდამ, სკოლამ და უნივერსიტეტმა, თითქმის ყველაფერი მომცა, რითიც უნდა აღიჭურვოს ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა საკმარისი და ვიდრე თვითონ არ აღმოვაჩინე, რა არის ჩემთვის მთავარი ამ სოფელში, მანამადე ვერ ვხვდებოდი, რადგან აყოლილი ვიყავი სტერეოტიპურ გამონათქვამებსა და ლოზუნგურ შეძახილებს და არა გულისხმას, ჩვენ რომ გვიხმობს თავისთან და იქით მიგვიძღვის, საითაც გულისთვალის სხივი სწვდება. ასეთი აღმოჩენის შემდეგ იწყება უწყვეტელი ძიება და ეს ძიება იქცევა ცხოვრების წესად და არა ინერციად, რადგან ხან იცი, ხან არ იცი, რას ეძებ და რატომ ეძებ, მაგრამ იცი, რომ ძიების გარეშე არაფერი შეგიძლია და არაფერი გსურს, რადგან ის, რაც შინაგანად გიზიდავს, არა ზედაპირულად და თავისთან გიხმობს, ყოველთვის საძებნელია, მაშინაც კი, როცა შენშია.

„მე კი არ ვცოცხლობ, ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ – ეს პავლე მოციქულის სიტყვებია და ამის აღმოჩენა იყო ჩემთვის მთავარი და ვერ ვიტყვი, რომ ამ აღმოჩენის მერე განელდა ძებნის ჟინი, რადგან მე დღემდე ვეძებ იმ სამოთხეს, რომელიც ჩემში მხოლოდ მძლავრი ნოსტალგიის მოუხელთებელ ანარეკლად შემორჩა, და მუდამ თანმდევია ის, რაც აღარ არის და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თავს გვახსენებს ის, რომლის ნაკვალევი მძაფრად აღბეჭდილა ჩვენს სულში, „და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისგან“ (2 კორ. M5. 6); მე ვიცი, რა იმალება ადამიანშიო, ამბობს იესო და მყისვე გვახსენდება, პეტრე როგორ შედრკა წუთიერი სისუსტისას, ვიდრე გამთენიამდე მამალი სამჯერ იყივლებდა.

მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსარება სულისშემძვრელი მაგალითია ჩვენთვის. სადაც ადამიანია, იქვეა დაცემა და ამაღლება, ცოდვა და მონანიება, მიტევება და თანაზიარება. პატრიარქის საჯარო მონანიება ახლაც ჩამესმის, გადამდებია სულიერი ტკივილი, ასე ბუნებრივად რომ ამოთქვა, ამოიქვითინა, ამოიგვრინა და ლამის გული ამოაყოლა! უფალო, შენ ხარ ჩემი სამშობლო! ეს ფრაზა ჩავიწერე წლების წინათ და ახლაც ვიმეორებ...

12 აგვისტო, ოთხშაბათი

პურის რიგი

პურის რიგში დგომის რამდენიმე ქრონოლოგია მახსენდება. პირველად პურის რიგში აღმოვჩნდი 50-იანი წლების დასაწყისში. დიდედას დავყავდი პურის რიგში და ყველაფერს ისე ვიმახსოვრებდი, რომ ის შავ-თეთრი კადრები ჩემშია ჩაბეჭდილი. პურის რიგში ისეთი ზედახორა იმართებოდა, რომ დიდედამ ჩემი წაყვანა გადაიფიქრა და ნავთის რიგში მიმიჩინა ადგილი, ცხადია მასთან ერთად, რადგან იქ, რატომღაც, უფრო მოწესრიგებული რიგი ჩანდა ყოველთვის.

ვიღაცაზე ამბობდნენ, პურის რიგში დაორსულდაო. მაშინ არ მესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა და მოგვიანებით კი თვალწინ დამიდგა ეს ბაკხური კადრი.

მეორედ პურის რიგში ამოვყავი თავი სამოციან წლებში, ტალახივით პურს რომ გვაჭმევდა ნიკიტა სერგეევიჩი და ხორბლის მარაგის ნაკლებობას სტალინს აბრალებდა, რატომ მეტი მარაგი არ დაგვიტოვაო. მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. როგორც ჩანს, ათწლიანი მარაგი ვერ იმყოფინა ხრუშჩოვმა და სტალინის ლანდს შეაწმინდა ხელი. როცა ვამბობ, უნივერსიტეტში ვსწავლობდი-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნივერსიტეტი ერთადერთი იყო და ასე ყოველ მოსახვევში არ ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, ამჟამად, უმაღლესდამთავრებულთა უმრავლესობა უმუშევართა რიგებს ავსებს.

პურის რიგი მთელი თავისი სიდიადით საუკუნის ბოლო ათწლეულის პირველ წლებში აბობოქრდა – დაუვიწყარ 90-იან წლებში, როცა ნანატრ დამოუკიდებლობას ვეზიარეთ და როცა გვეგონა, რომ თავისუფლება თვითონ შობდა ყველა სიკეთეს, ხელის და თავის გაუნძრევლად. სამწუხაროდ, ეს ინერცია გარკვეულწილად, დღემდე გრძელდება, რადგან ჩვენებურთა დიდმა უმრავლესობამ მიატოვა მიწის დამუშავება და ხელისბიჭობის გზა აირჩია, სხვა ასპარეზი ვერ პოვა სამშობლოში, დათმო მიწათმოქმედების ათასწლეული ტრადიცია და პენჯაბელ ინდოელებს, ლიბოს თანამემამულე ჩინელებს, პაკისტანელ და სპარსელ გლეხებს გადააბარა სადღეგრძელოებში ნალოლიავები სავარგულები.

* * *

ეს ღამეც გადაიფურცლა, ახალი ცა და მიწა ამოიზარდა წყვდიადიდან და სინანულის განცდა ამყვა, არცთუ უმიზეზოდ. ვერ ამოვშალე მეხსიერებიდან ის რესენტიმენტები, რაც ამედევნა საბჭოური ცხოვრებიდან და 90-იანი წლების უმძიმესი და დაუვიწყარი რეალობიდან. უკვე ვგრძნობ, რომ მომიწევს წიგნის, „მომავალი წარსულის“ შევსება ან საერთოდ უარის თქმა ამ ჩანაფიქრზე. ვიღას აინტერესებს ის განუმეორებელი წლები, დროდადრო გვამებს რომ ამოატივტივებს ხსოვნის ფსკერიდან? ყველას თავის სიმართლე აქვს, არადა სინამდვილე ერთია. გული არ მიმიწევს, „მომავალ წარსულს“ რომ მივუბრუნდე და მეხსიერებაში აღდგენილი ახალი დეტალებით შევსებას მივყო ხელი. ამ ორჭოფობას თანდათან დავძლევ და ვრცელი სიმშვიდისკენ ავიღებ გეზს ან ვცდუნდები და ისევ მივუბრუნდები ერთხელ წამოწყებულ საქმეს.

13 აგვისტო, ხუთშაბათი

...ის ახლა ჩემში ისევ ანათებს,

შუქი, რომელსაც არ უნდოდა დამშვიდობება,

როცა თვალს ვხუჭავ, ვშიშობ არ გაქრეს...

როცა პოეზია ტოვებს ადამიანებს, მხოლოდ ლექსებს არ ვგულისხმობ, რადგან ლექსი ყოველთვის არ უდრის პოეზიას, გავიფიქრებ, პოეზია ხომ ჩვენს არსებობაში მოიპოვება, როგორც უძვირფასესი მადანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს სულიერად გაუჭირდა და დაკნინდა, ნირი იცვალა და დათმო ის, რასაც „ეყუდნოდა!“ უფრო სწორად, რომ ვთქვათ, თანდათან, ნელ-ნელა შეაჩვიეს და დაუმალეს არსობის არსი, დაათმობინეს და ახლა უაზროდ დაყანტალობს წინ და უკან და უმუშევარს, უაზრო მოცალეობით გაბეზრებულს, დაგლახავებულს, მშიერი და უაზრო თავისუფალი დრო რომ უპირებს გასრესვას, დროდადრო თუ წამოაგონდება ადრინდელი სკოლის პროგრამიდან „ვაჰ, სოფელო“ ან „ვაჰ, დრონი, დრონი“ და ესეც მაშინ, თუ სადმე მოახერხა და გადაკრა თავისუფლების ორიოდ ყლუპი.

ახლები აღარ აციტირებენ ქართულ კლასიკას, უბრალო მიზეზის გამო: ზეპირად თითქმის აღარაფერს ასწავლიან და რა უნდა აციტირონ? თანამედროვე ქართულ მწერლობაშიც არის საინტერესო გამონათებები, მაგრამ ამ ტექსტებს სკოლაში არ აჭაჭანებენ „კვალიფიციური“ შემდგენლები. ასე იქცა სახელმწიფო ენა მხოლოდ საპარლამენტო სხდომების და საკანცელარიო დოკუმენტების ენად და პრესის ენად, მაგრამ ვინმე თვლის, რომ მწერლობა სახელმწიფო ენის ნაწილია?! ასე რომ ფიქრობდნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, შესაბამის ფაკულტეტებზე მაინც პროგრამებში შეიტანდნენ ზოგიერთ ღირებულ მხატვრულ ტექსტს, რომელსაც ასპარეზი უნდა ჰქონდეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. რადგან საბაზრო თვითდინებას და არაკვალიფიციურ, უგემოვნო შემდგენლებს მივანდეთ სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა, ყოველგვარი შეფასებისა და შესწავლის გარეშე. სწორედ ამიტომ სავალალოა შედეგი, რომლის გამოსწორებასაც, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს.

სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოგვიწევს. ისინი თავიანთ ენებს უდიდესი სიფრთხილით და სიყვარულით ეკიდებიან. შვედებისთვის, ნორვეგიელებისა და ფინელებისთვის, ბენილუქსის ქვეყნებისთვის, ენა და ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურა მთავარი საზრუნავია, როგორც ენის შენახვისა და გადარჩენის უმთავრესი საყრდენი და საშუალება. ჩვენ, როგორც ჩანს, მსგავსი პრობლემა არ გვეხება და გლობალიზაცია ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლით აგრძელებს გზას.

14 აგვისტო, პარასკევი

„ვეფხისტყაოსნის“ ქუჩები

რამდენიმე თვეა, ხატაეთის ქუჩაზე ვცხოვრობ ჩემს ვაჟიშვილ ლაშასთან, მის მეუღლე ქეთი ცეცხლაძესა და უფროს შვილიშვილ ქეთისთან ერთად. ხატაეთის ქუჩა უერთდება როსტევან მეფის ქუჩას, იქვე ახლოს ნურადინ ფრიდონის და შერმადინის ქუჩები მეზობლობენ, ქვემოთ ათცამეტი ასურელი მამის ქუჩაა, ხოლო როსტევან მეფის ქუჩა მშვიდად მიემართება სასამართლოსკენ. რომ მეკითხებიან, „სად ცხოვრობ?“, ვპასუხობ: „ვეფხისტყაოსანში!“ მართლაც ასეა. აქ ყველა ქუჩის სახელი „ვეფხისტყაოსანთან“ მაკავშირებს.

ადამიანურობის დეგრადაცია

ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის პლებეური აღზევება და მათი გემოვნების, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „გოიმოვნების“ დამკვიდრება, მაგრამ ამ უარყოფით მოვლენას მრავალჯერ აღემატება მიზანთროპების ზიზღში აღმოცენებული ქედმაღლობა და დამცინავი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ, ვინც მათ მენტალიტეტს არ ღებულობს და მათ იდეოლოგიას არ იზიარებს. ადამიანების ურთიერთობაში გაფეტიშებული პარტიული დისციპლინა სრულიად აკნინებს და კლავს ადამიანს, მის ნაცვლად კი აყალიბებს პარტიული ნიშნით შესაშური ორგანიზებულობით გამორჩეულ მანქანას, რომლის ცხოვრების წესი არაადამიანურობით, ხელოვნურად გაფეტიშებული მომავლით, ფაშიზაციით გამოირჩევა, იმ მომავლით, რომლის დასამკვიდრებლადაც აუცილებელია ფეოდალური მენტალიტეტის ქართველების „გზიდან ჩამოცილება“. რადგან მათი გარდაქმნა შეუძლებელია, ე.ი. უნდა მოვიშოროთ. ეს აუცილებლობა გამოსჭვივის მათი იდეოლოგიიდან და საქმიანობიდან. ასეთი, სხვათა, თუნდაც მოწინააღმდეგეთა ზიზღით შეპყრობილი ტიპები ვერ წყდებიან არადამიანურობის პათოლოგიურ ინერციას და სწრაფად დეგრადირდებიან! დეგრადაციის გამომწვევი მიზეზია ჰიპერბოლიზებული სიძულვილი, სიძულვილი კი იმ პერსონებით საზრდოობს, ვის სულსაც გამუდმებით ხრავს!

იგი თავის დამარცხებას ფეოდალური მენტალიტეტის საქართველოს აბრალებს, რომლის ამოძირკვა ვერ შეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, მომავალში კვლავ შეეცდება დასახული მიზნის მიღწევას, ცხადია, თუ მიეცა ამის საშუალება!

15 აგვისტო, შაბათი

ღვთისგან ნაწყალობევი დრო

სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან შენი და ჩემი დრო, მიუხედავად იმისა, რომ აწმყო საერთო გვაქვს. განსხვავება ჩვენს სინამდვილეს შორის იმდენად საგრძნობია, რამდენადაც შენ ვერ ამჩნევ სხვაობას, რადგან სტერეოტიპზე აგიწყვია ყოველდღიურობა და თითქოს დრო გაგყავს, მაშინ, როცა დროს გაჰყავხარ.

მე არსად მეჩქარება შენგან განსხვავებით და საკუთარ მოცალეობაში ვარსებობ იმ დროის კარნახით, ღვთისგან რომ მაქვს ბოძებული და არ არის მექანიკური და ელექტრონული საათების ნაწყალობევი. ამიტომ არ უნდა გაიმეორო უაზროდ, დაუფიქრებლად, მეტიჩრული შენიშვნა, მეტადრე მაშინ, თუ შენიშვნა ზედაპირულია და სიღრმეში წუთითაც არ შეყოვნებულა.

თანდათან ყველანი გავუჩინარდებით, მაგრამ უწყვეტი პოპულაცია ასხვაფერებს, ჩქმალავს დანაკლისს, ინარჩუნებს როგორც ადამიანურ რესურსს, ასევე აწესრიგებს ქალაქელი ბეღურების, მწერების, ქალაქელი ყვავების და ჭილყვავების ბალანსს.

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე. მიუხედავად საერთო აწმყოსი, რომელიც საერთო საცხოვრებელს მაგონებს, ასევე არის დრო, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იციან ზოგიერთებმა, ვისაც ეჩვენება, რომ საკუთარი აზრი გააჩნია. აზრის გამოთქმის თავისუფლება არ ნიშნავს ყველა ეთიკური ზღვარის დარღვევას, მეტადრე უარყოფას. იყავ შენთვის, ჩემო ძვირფასო და უსაყვარლესო ადამიანო, მაგრამ ეცადე, სულში არ ჩამიძვრე! თუთიყუშივით ნუ გაიმეორებ იმას, რაც გონებაში კი არ მომწიფებულა, არამედ დაუფიქრებლობის ზედაპირზე წამოტივტივდა, როგორც მიმზიდველი ფიქცია. გავიმეორებ: ჩვენი საერთო დრო აწმყოა, რომელიც გაურკვეველი დროის შემდეგ იქცევა წარსულად და გვიან მიხვდები იმას, რასაც ახლა ვერ აცნობიერებ – მექანიკური დინების გადამკიდე. შენ რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი ხარ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ გირჩევ, ნუ აყვები ზედაპირის კარნახს, რომელმაც არაფერი იცის იმ სიღრმის შესახებ, რადგან შეუძლებელია იცოდეს ის, რაც არ უგრძვნია და გაუთავისებია, რაც არ გააჩნია. რადგან ერთადერთი რეალური დრო, როცა შეგვიძლია რაიმე გავაკეთოთ, არის აწმყო, სწორედ აწმყოშია აუცილებელი იმ განაზრების რედუცირება, რომელიც მომავალში, მაშინაც კი იარსებებს, როცა ჩვენ მხოლოდ ფიზიკურად აღარ ვიქნებით. ინტენცია იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რისი ამოცნობაც შეუძლებელია, მაგრამ საიდანაც გამოდნება ან გამოკრთის ის სინათლე, რომელიც მხოლოდ იქიდან იღებს სათავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG