Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი გვახარია - ექიმი


26 ივლისი, კვირა

გუშინ, გვიან ღამით, მეხიკოდან ნიუ-იორკის გავლით ჩამოვფრინდი ჩემს საყვარელ პარიზში. ერთად ვართ მე, ჩემი მეუღლე თამრიკო და ჩემი ორი უმცროსი შვილი: ნატი და სანდრო. ნატი და სანდრო დილიდან რუკებით და ფოტოაპარატებით ხელში არიან მზად. დღის გეგმაც მათ შემიდგინეს. პარიზი რომ განუმეორებელია, ყველამ ვიცით, მაგრამ მე, ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, ორს დავამატებ: ჯერ ერთი ეს, ალბათ, ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ორი დღით რომ ჩადიხარ, აქეთ ემალები ნაცნობებს; მეორეც, ალბათ, ერთადერთი ქალაქია, სადაც, რა დღის გეგმაც უნდა შეგიდგინონ, მაინც ბედნიერი და კმაყოფილი რჩები და მთლიანად შეიძლება მიენდო სხვის დაგეგმვას, ამ შემთხვევაში – ჩემი სანდროსი და ჩემი ნატისა.

დღეს ქალაქის ცენტრი ორ ნაწილად იყო გაყოფილი „ტურ დე ფრანსის“ ბოლო ეტაპის გამო. მთელი პარიზი ქუჩაშია გამოსული. ჩვენ 5 საათისთვის რივოლიზე დავდექით და ველოდებით „რკინის ადამიანების“ გამოჩენას. ყველგან ჩანს კოლუმბიის დროშები. და აი, გამოჩნდნენ ლიდერები, რომელთა შორის არის ადამიანი, რომელსაც მთელი წლევანდელი „ტურის“ განმავლობაში ვგულშემატკივრობდი. ეს არის კოლუმბიელი ნაირო კინტანა, ღარიბ ინდიელთა ოჯახიდან, რომლისნაირიც მილიონობით არის დღეს ლათინურ ამერიკაში და რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რაღაც წინააღმდეგობიდან შენი ცხოვრების უბედნიერესი ეტაპი დაიწყო.ის ხომ სკოლამდე დღეში 20 კილომეტრს გადიოდა წინ და უკან ველოსიპედით... და ასე მივიდა ტრიუმფალური თაღის წინ დაჯილდოებაზე, როგორც „ტურ დე ფრანსის“ ვერცხლის პრიზიორი.

ღამე ლათინურ კვარტალში დავამთავრეთ, სადაც უბრალო, ჩვეულებრივ რესტორანში ვივახშმეთ. უცბად გამოჩნდა იაპონელების დიდი ჯგუფი. გამყოლი რაღაცას მოჰყვა, მათაც ფოტოაპარატები ამოიღეს და ყველამ გადაღება დაიწყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რესტორნის მეპატრონესაც გაუკვირდა: ასეთი, ნეტა, რა თქვეს ჩემს კაფეზეო. მოკლედ, ჩვენი აზიელი მეგობრები ყოველთვის მაკვირვებენ თავიანთი ცნობისმოყვარეობით, ტექნიკის სიყვარულითა და გუნდურობის შეგრძნებით. წარმოვიდგინე, ქართველი რომ ყოფილიყო, სხვისი ამოღებული ფოტოაპარატის დანახვაზე, ალბათ, პირიქით, შეინახავდა თავის აპარატს.

თავისუფლების დღიურები - ირაკლი გვახარია
please wait

No media source currently available

0:00 0:11:25 0:00

27 ივლისი, ორშაბათი

ეიფელის წინ აღმოვჩნდით. პირველი აზრი, რაც აქ მებადება ხოლმე, ისაა, რომ მსოფლიოს ისტორიაში ალბათ, ყველაზე მეტჯერ ნანახს ვუყურებ. ვკამათობ თამრიკოსთან: რატომ მაინცდამაინც ეიფელი, შემდეგ ტრიუმფალური თაღი, სადაც რატომღაც ნაპოლეონის მიერ ყველაზე სახელოვან მოგებულ ბრძოლებს შორის ვხედავ მოსკოვსაც, თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოსკოვი ნაპოლეონს უბრძოლველად ჩაბარდა. შემდეგ Les Invalides – ნაპოლეონის ორი გამოსახულება: როგორც იმპერატორისა და როგორც დამარცხებულისა. ყველაფერი ეს ძალიან მოქმედებს ჩემს შვილებზე, რომლებსაც ისტორია ძალიან უყვართ.

ღამე ვიგებთ, რომ ჩვენი ჩემოდნები ჯერ კიდევ არ ჩამოსულა ნიუ-იორკიდან. იძულებული ვართ, შოპინგს მივმართოთ. ღამე, როგორც იქნა, ჩამოვიდა ჩემოდნები, სადაც დაგვხვდა ამერიკელების მიერ დატოვებული ბარათი, რომ ჩემოდნები რაღაც უსაფრთხოების გამო გახსნილი და დაკავებული იყო ორი დღის განმავლობაში.

28 ივლისი, სამშაბათი

პარიზიდან მივფრინავთ სტამბულში. გზაზე პარიზის სხვა შენობებსაც ვათვალიერებ. სტამბულში ბოლოს და ბოლოს ვუერთდები სხვა ქართველებს. გამახსენდა მოსკოვ-თბილისის თვითმფრინავის რეისები. ვუყურებ ხალხს და სულ იმას ვფიქრობ, რას უნდა აკეთებდნენ ნეტა საქართველოს გარეთ-მეთქი. შემდეგ იმასაც ვფიქრობ, რა შეიძლება საქართველოში გააკეთონ-მეთქი.

ვხვდები ჩემი მეგობრის, რეზოს გოგონას თავის მეუღლესთან ერთად. უფრო მეტად ვგრძნობ საქართველოს მოახლოებას.

თვითმფრინავში, ჩემ გვერდით 70 წელს გადაცილებული ქართველო ქალი ზის და ძალიან მოხერხებულად ხმარობს კომპიუტერის პროგრამებს. უეცრად წარმოვიდგინე დედა და გავიფიქრე, რა კარგი იქნება, 70-80 წელს გადაცილებულ ადამიანებს რაღაცნაირად კომპიუტერი რომ ვასწავლოთ. მაშინ ხომ შეიძლება, რაღაცით შევუმსუბუქოთ ის სიმარტოვის შეგრძნება, რასაც ამდენი ნეირო-ფიზიოლოგიური ავადმყოფობა მოჰყვება დღეს საქართველოში.

თბილისის აეროპორტი. მოცინარი სახეები, ჩვენი ძმები, დები, ბიძაშვილები. როგორც ყოველთვის, თამრიკოს ცრემლები...

და, რა თქმა უნდა, ჩემი გულის აჩუყება, როდესაც გოგი დავინახე. ჩემი ძმა გოგი ბევრს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის კეთილი პაექრობა გვქონდა ერთმანეთთან. სწავლაში (როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტში) გოგი ყოველთვის ჩემი მაგალითი იყო. ორივე 23-ე სკოლაში ვსწავლობდით და კარგად მახსოვს, დედა რომ გამოგვივლიდა ხოლმე და ხელიხელჩაკიდებული მივყავდით, სულ ეკითხებოდა ხოლმე გოგის: „გოგი, აბა, რა ჰქენი, მათემატიკაში რა მიიღე? ქიმიაში რა მიიღე?“ (საერთოდ, ამ საკითხში მშობლები უფროსი შვილისადმი უფრო ყურადღებიანი არიან). მე აქედან ვხტუნაობდი ხოლმე: „მე, მე, მე რატო არ მეკითხები? მე რატო არ მეკითხები?“ შემდეგ ისე გამოვიდა, რომ, პრაქტიკულად, გოგის გზა გავიარე მეც. სკოლა მედალზე დავამთავრე გოგისავით, მაგრამ გოგი უფრო ხელოვნებაში წავიდა, მე – მედიცინაში. გოგის არსებობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... გოგის დღეს დედაჩემთან ყოფნის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრია, და მე მას დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის.

ვუახლოვდები სახლს, სადაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა გავატარე და, რომელსაც ძველი თბილისელები კარგად იცნობდნენ, როგორც კამოს 2-ს და სადაც ასე დიდი ხნის წინ შესახლდნენ უახლესი საქართველოს ყველაზე ცნობილი ადამიანები: პარტიული მუშაკები, ტელევიზიის დიქტორები, ფეხბურთელები, აკადემიკოსები, მათ შორის, ბაბუაჩემიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი გეოლოგი და პროფესორი იყო. თუმცა ჩვენს საძმოში ნახევარზე მეტი ადგილი მეზობელი ქუჩების „ჩვეულებრივი“ ოჯახის ბიჭებს ეკავათ და ყველა ასე, ერთად ვიზრდებოდით.

ბოლოს და ბოლოს ვხვდები დედას. ცრემლები, როგორც ყოველთვის... 1992 წლიდან იგივე: „ირაკლი, კი მაგრამ, სულ როდის ჩამოხვალ, დედიკო?“ შემდეგ თამრიკოს დედა. ისევ თამრიკოს ცრემლები... ღამე, ფაქტობრივად, თეთრად გავათენეთ.

29 ივლისი, ოთხშაბათი

დილას მამის საფლავზე მივდივართ. სანდრო და ნატი განსაკუთრებით აფორიაქებული არიან. სანდრო იხსენებს, პატარები რომ იყვნენ და ბაბუას ერთ ლარს რომ სთხოვდნენ ხოლმე, ის კი ათს აძლევდა, ან ჯოკერს რომ ეთამაშებოდა და ყველა ერთად ჭყიპინებდა. თვალზე ცრემლი მოგვადგა. ვიცი, რომ ბაბუას სული, რა თქმა უნდა, ამ საბურთალოს სასაფლაოდან ძალიან შორს არის, მაგრამ ალბათ იმაზე ახლოს, ვიდრე მექსიკაა. ალბათ, კიკეთშია, ან იქნებ – გაგრაში. მოვინახულე თამრიკოს მამის და ჩემი საყვარელი მერაბის, თამრიკოს ძმის, საფლავები. ისევ მოგონებები, ცრემლები...

6 საათზე, როგორც დავთქვით, წყნეთის რესტორანში ვართ. ცხოვრებაში ბევრი მეგობარი მყოლია და თან – ძალიან განსხვავებულები, დაწყებული საბავშვო ბაღით. შემდეგ – კოლორიტული 23-ე საშუალო სკოლა, უბანი, სამედიცინო ინსტიტუტი, მოსკოვი, მექსიკა... მაგრამ ჩვენი სამედიცინოს ჯგუფის მეგობრობა მაინც სხვა არის და, შეიძლება ითქვას, განუმეორებელი. თხუთმეტამდე მეგობარი ასე განუყრელად ვართ იმ შორეული 1978 წლიდან, როდესაც სამედიცინოს კარი შევაღეთ. იგივე ხუმრობები, იგივე სადღეგრძელოები, იგივე სიმღერები. თითქმის არაფერი შეცვლილა ამ 37 წლის მანძილზე და ჩვენც ისევე ვიცინით და ვმხიარულობთ, თითქოს პირველად ვხედავთ ერთმანეთს. აქვე იყო ჩემი გოლა, ჩემი მეგობარი პირველი კლასიდან, როცა ბუჯიაშვილი-გვახარია სიის მიხედვით ერთ მერხზე დაგვსხეს; ჩემი რეზო და ალიკო – მეგობრები 76 წლიდან, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში შესასვლელად ერთ მასწავლებელთან დავიწყეთ მეცადინეობა ფიზიკაში; მიშა, პაატა, ჯაყო, ხაჩიკა, გია, სევა, გოჩა. მერე ტელეფონით ზურაც ჩაგვერთო ვაშინგტონიდან. სანდრო და ნატი გასუსულები გვიყურებდნენ და, ალბათ, ფიქრობდნენ, ეს ამხელა ხალხი რამ გააგიჟაო. მერე იყო ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ფხალეულობა... მოკლედ, მაგრად ვიგიჟეთ!

მე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე 1984 წელს და იქ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული იყო კარდიოქირურგიაში მუშაობით. ჩვენ ყველანი მოსკოვში გავემგზავრეთ სამუშაოდ. სამი წლის მანძილზე ვმუშაობდი პირველ კლინიკურ ორდინატურაში, შემდეგ დავიცავი დისერტაცია ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტში. შემდეგ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩამოვედი თბილისში და ვცდილობდი, შემენარჩუნებინა მუშაობის ის ტემპი, რომელსაც მოსკოვში ვიყავი მიჩვეული. ვმუშაობდი ერთად სამ საავადმყოფოში, მაგრამ, სამწუხაროდ, დავინახე, რომ ვერ ვიღებდი იმას, რასაც ვთვლიდი, რომ უნდა მიმეღო და რისთვისაც ამდენი ხანი ვისწავლე. ამიტომ დროებით უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. გაცვლითი პროგრამით უნდა წავსულიყავი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში. სამწუხაროდ, ამ დროს დაიწყო თბილისის ომი და ფრანგი ქირურგი თბილისში აღარ ჩამოვიდა. მეც თბილისში დავრჩი. ამ დროს მოხდა ანეკდოტური რამ: ჩვეულებრივ ქართულ ქეიფში ვიყავი. გვერდით მომიჯდა ერთი ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი, რომელსაც ჩემს ამბავს მოვუყევი. იმან კი მითხრა, რომ ჰყავდა ბიძაშვილი, რომელიც მექსიკის ქალაქ ლა-პასში ცხოვრობდა. ისიც მითხრა, რომ სამ კვირაში აპირებდა წასვლას და შემომთავაზა, შენც წამოდიო. მეც, რა თქმა უნდა, გამეხარდა. მეორე დღეს პასპორტების გამოსართმევად მოვიდა. მივეცი პასპორტები. ის წავიდა მოსკოვში, გამიკეთა ვიზა. გავყიდე ჩემი მანქანა სამი ათას დოლარად და ამ ფულით მე და თამრიკო ჩავედით მექსიკაში. როცა ჩავედით, სოლიკომ მითხრა (სოლიკო ერქვა იმ ჩემს ნაცნობს), რომ უკვე ლა-პასში უნდა წასულიყო და ჩვენ, ფაქტობრივად, მარტო დავრჩით აეროპორტში. მე არც ესპანური ვიცოდი, არც არავის ვიცნობდი. შემდეგ დავუკავშირდით სოლიკოს ბიძაშვილის ერთ-ერთ მანქანის ხელოსანს, რომელიც მეხიკოში იყო გადმოსული საცხოვრებლად და იმასთან ერთად წავედი მის სახლში. ასე მოვხვდი 20-მილიონიან ქალაქში აბსოლუტურად ენის უცოდინარი, უნაცნობოდ, პრაქტიკულად, უფულოდ...

შემდეგ დავიწყე ვიზიტები მექსიკის კარდიოქირურგიულ ცენტრებში, მაგრამ ყველგან მთხოვდნენ სპეციალურ დოკუმენტებს: მექსიკის ექიმის ტიტულს და ასე შემდეგ. დრო რომ მომეგო, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით მივედი ერთ-ერთ კლინიკურ ლაბორატორიაში და... კარდიოგრამების გადაღებით დავიწყე სამსახური მექსიკაში. თვეში 300 დოლარი მქონდა, მაგრამ მე და თამრიკო მაინც ბედნიერები ვიყავით. შემდეგ გავხდი იმ კლინიკური ლაბორატორიის დირექტორი. ორ წელიწადში გადავედი სხვა კლინიკურ ლაბორატორიაში, რომელიც დღეს მექსიკაში სამ წამყვან ლაბორატორიას შორის არის. ამ კლინიკურ ლაბორატორიებში ვარ ახალი პროექტების დირექტორი, ვაკონტროლებ ყველა ახალ პროექტს. ვემსახურებით წელიწადში ნეხევარ მილიონამდე ავადმყოფს. ეს არის კერძო კლინიკები, სადაც ჩვენი ძირითადი სამსახური ავადმყოფების მიღება და დიაგნოზის დასმაა, უამრავი ავადმყოფობის თაობაზე. შემდეგ, როდესაც სამი წლის მერე, მომცეს მექსიკის ექიმის ტიტული, გულის ქირურგიას აღარ დავუბრუნდი, მაგრამ კარდიოლოგის პრაქტიკას ისევ ვაგრძელებ და ასევე ვარ ამ კლინიკური ლაბორატორიების სპეციალისტი.

30 ივლისი, ხუთშაბათი

დილას, დაპირებისამებრ, ბავშვები გამოვიყვანე ქალაქის დასათვალიერებლად. საშინელი სიცხეა. იმას ვფიქრობ, ფოტოაპარატით ხელში ვიღაცამ რომ დამინახოს ამ სიცხეში, ხომ იფიქრებს, ეს ირაკლი რამ გააგიჟაო. შიგადაშიგ თავს ვაფარებთ სუვენირების მაღაზიების კონდიციონერებს. ამ 23 წლის მანძილზე სულ ეს პრობლემა მაქვს: რამე ლამაზ საჩუქარს ვეძებ მექსიკაში წასაღებად და, ფაქტობრივად, სულ ერთსა და იმავე ყანწებს და ხანჯლებს ვაწყდები. მარტო გამყიდველები იცვლებიან.

საღამოს წყნეთში მივდივარ სტუმრად თამრიკოს ბავშვობის მეგობარ ნინო სუხიშვილთან. ვუყურებ ნიანიუს და სულ იმას ვფიქრობ, როგორ ახერხებს ასე, მხრებით ატაროს ამოდენა პასუხისმგებლობა –საქართველოს ერთ-ერთი ისეთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, როგორიც სუხიშვილების ცეკვის ანსამბლია. დღეს ვამთავრებთ და ნიანიუ და ზურა გვეპატიჟებიან ზემო წყნეთში, რესტორანში. ამ სიცხეში ნამდვილად ედემის ბაღში მეგონა თავი. კიდევ ერთხელ გამახსენდა ის 70-იანი წლები, როდესაც კიკეთში დავდიოდით და საუკეთესო გართობა ჩვენთვის კიკეთის ღია კინოს ხის სკამებზე ჯდომა და „ფანტომასის“ ყურება იყო, ან პანტიანში ასვლა და ფეხბურთის სანახავად მანქანებზე ანტენების გამობმა. მოკლედ, დრო იცვლება...

ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ოთხი შვილი მყავს. ჩემი გოგონა 18 წლისაა. მექსიკაში დაიბადა, მექსიკაში გაიზარდა. მისი უფროსი ძმები ცურავდნენ და ნატიც დაჰყვებოდა ხოლმე საცურაოდ. შემდეგ სწორედ ის აღმოჩნდა საუკეთესო მოცურავე. პროფესიონალი მოცურავეა. მექსიკის მრავალგზის ჩემპიონია როგორც ახალგაზრდებში, ისე მოზრდილებში. ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ვარჯიშობდა ფლორიდაში. ახლა დაამთავრა სკოლა და შედის ტეხასის A&M-ის უნივერსიტეტში, ძალიან აინტერესებს კვების ინჟინერია. სხვათა შორის, ეს უნივერსიტეტი ამ დარგითაც არის წარმატებული.

სანდრო 20 წლისაა. სწავლობს მექსიკის უნივერსიტეტში, რომელიც უფრო ეკონომიკური განხრისაა, მეორე კურსზე გადავიდა. შემდეგ მოდის 22 წლის გიორგი. გიორგიმ დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ერთი თვეა, რაც მუშაობა დაიწყო „გოლდმან საქსის“ მექსიკის ფილიალში. ჩემი უფროსი ბიჭი, ნიკა, 31 წლისაა. მადრიდში ცხოვრობს და მარკეტინგის დარგში საქმიანობს. უყვარს დიჯეობა, უყვარს მუსიკა და ძალიან უყვარს მადრიდი...

31 ივლისი, პარასკევი

დილას ბევრი სამუშაო მაქვს დაგროვილი. მექსიკასთან განსხვავება 9 საათია. სამსახურში ვცდილობ, ყველაფერი ჩემი კონტროლის ფილტრში გავატარო. ამიტომაც ჩემი არდადეგები ერთ-ერთი მომენტია, როდესაც ამ სივრცეს ვტოვებ. ჩემი მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო, რომ იტყვიან, ჯარისკაცების აყვანა და ჩემსა და ამ ჯარისკაცებს შორის ისევ მათ მიერ ამ სივრცის შევსება, ვიდრე, ვთქვათ, სხვა, უცხო ხალხის მოყვანა გუნდში. ვთვლი, რომ ეს უფრო დინამიკურს ქმნის ჯგუფს, რომელიც წელიწადში ნახევარ მილიონ ავადმყოფს ემსახურება.

ღამით ჩემს საყვარელ რეზოსთან ვარ, წავკისში. რეზოსთან მისვლაც ტრადიციაა. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს მაგრძნობინებს, რომ თბილისიდან წასული ვიყავი და ისე მექცევა, როგორც უცხოეთში რომ ხარ ჩასული და ვიღაცა რომ გვერდით დაგიდგება.

ღამე ბავშვებს უნდა გავუარო შარდენზე. იძულებული ვარ, დავჯდე კაფეში. შემდეგ ავდივარ ახალ ხიდზე და იქიდან ვათვალიერებ თბილისს. ვიღებ სურათებს და იმავე წუთს ვაგზავნი მექსიკაში. დაახლოებით ხუთი წუთის მანძილზე ასამდე „ლაიკი“ მომდის ჩემი აღფრთოვანებული მექსიკელი მეგობრებისგან.

1 აგვისტო, შაბათი

დღეს მივდივარ ფუნიკულიორის რესტორანში, რომელიც ასე ძალიან უყვარს ჩემს საყვარელ ნატის, ჩემს ორ უახლოეს მეგობართან: ლია ჯანელიძესა და ზვიად ბახუტაშვილთან ერთად. ზვიადი, შეიძლება ითქვას, საქართველოში დღეს ყველაზე გამორჩეული და მსოფლიო დონის კარდიოქირურგია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მე თვითონ გავიარე ეს გზა, მოსკოვში ერთად ვსწავლობდით, მერე მოსკოვიდან ჩამოვედი და აქ ვაპირებდით გულის ქირურგიის აწყობას. სამწუხაროდ, ჩვენ არ გამოგვივიდა, ზვიადი კი ჩამოვიდა და შეძლო. გუშინ მითხრა, რომ ამ წლის მანძილზე 200-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული. ზვიადი ნამდვილად ჩემი სიამაყეა და ძალიან მიხარია, რომ ის ჩემი მეგობარია. ალბათ, კარგად გავატარებთ დღევანდელ საღამოს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG