Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია გვიანიშვილი - ქალთა მოძრაობის აქტივისტი


1 თებერვალი, კვირა

ბაკურიანში ვარ. ინტეგრირებული, ანუ, როგორც ნინო ეძახის ხოლმე, გაშინაგნებული უსაფრთხოების უორკშოპს ვატარებთ. ეს ახალი მიმდინარეობაა ქალთა მოძრაობაში და ემყარება ძალიან მარტივ პრინციპს: ქალი უფლებადამცველები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები ვართ, ჩვენი რესურსიც იწურება და მნიშვნელოვანია, საკუთარ კეთილდღეობაზე ვისწავლოთ ზრუნვა. სივრცე, რომელიც ამ უორკშოპების დროს იქმნება, საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ რისკები, დავსახოთ სტრატეგიები, ვისწავლოთ ერთმანეთისგან.

მე და ნინო ხარჩილავას, რომელიც ამ უორკშოპებში ჩემი მეწყვილე და, ამავე დროს, ძალიან ახლო მეგობარია, ძალიან გვიყვარს ამ საქმის კეთება. თითოეული ასეთი შეკრება ახალი პლატფორმაა, სადაც ძალიან დიდი გამოცდილების გაზიარება ხდება, ქალებს შორის ახალი ქსელები იქმნება და ეს ყველაფერი ეფუძნება ემოციას, ღიაობას, ადამიანების შინაგან სამყაროს და არა ჩვენი სამუშაოს ფორმალურ მხარეს.

„ქალთა ფონდმა საქართველოში“ ამჯერად შეკრიბა ეთნიკურად, ასაკობრივად, სოციალური სტატუსით, გამოცდილებით და სხვა ბევრი ნიშნით მრავალფეროვანი ჯგუფი და თითოეული ეს ქალი ენერგიის ისეთი წყაროა ჩემთვის, რომ დაჯერებაც კი მიჭირს.

დღეს ორი თემა გვაქვს: ძალაუფლება და ჩვენი ემოციების კავშირი ჩვენს სხეულთან. ეს მეორე საკითხი განსაკუთრებით გვიყვარს მე და ნინოს. მონაწილეები ხატავენ საკუთარ სილუეტს და სიმბოლოებით ან სიტყვებით აღნიშნავენ, რომელ ემოციას სხეულის რომელი ნაწილით ატარებენ. შედეგები საოცარია ხოლმე, ზოგი სევდას გულის გარშემო მოძრავ ჭიად ხედავს, ზოგი ტკივილს საფეთქელში დაჭედებულ ლურსმნად აღიქვამს, მაგრამ ამ ნახატებს რომ უყურებ, ბევრ საერთოსაც პოულობ. მაგალითად ხვდები, რომ გამოთქმა „მხრებით სამყაროს ტარება“ საფუძველს მოკლებული არაა. თურმე რამდენ სიმძიმეს ვატარებთ მხრებით ყველანი!

თავისუფლების დღიურები - ნათია გვიანიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:26 0:00
გადმოწერა

2 თებერვალი, ორშაბათი

დღეს თბილისში ვბრუნდებით. ცოტა გული გვწყდება, მაგრამ, ამავე დროს, სიახლისა და იმედის მუხტი გვაქვს. გზაში ვიგებ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი − ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის − სარჩელი საბი ბერიანის მკვლელობის გაშუქებასთან დაკავშირებით. ცუდ გუნებაზე ვდგები. მესმის, რომ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია და ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ ისაუბრონ ტრანსგენდერ ადამიანზე მისი დამატებითი გარიყვისა და დისკრიმინაციის გარეშე. მაგრამ ნუთუ ის, რომ დედამ შეიძლება ტელევიზიით გაიგოს, რომ შვილი მოუკლეს, არაფერია?! ასევე არაფერი ყოფილა ჟურნალისტის გააზრებული თუ გაუაზრებელი მცდელობა, ადამიანის პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს ჩაუღრმავდეს, რომლებიც მომხდარ ტრაგედიასთან კავშირში არაა. არავინ ყოფილა დაცული. არც სიკვდილის შემდეგ. ესაა რეალობა, რომელშიც ვბრუნდები.

ოფისში მივდივარ და აქ მხვდებიან მაგდა კალანდაძე − ჩვენი რედაქტორი, ციალა რატიანი − ჩვენი ადვოკატი, ანა გუნია − ჩვენი ოფისის მენეჯერი, ანი გიორგაძე − ჩვენი სათემო ოფიცერი და ჩვენი კატა − კატო. ხო, კატოს საქმიანობა ძირითადად იმით შემოიფარგლება, რომ მაგიდებიდან რაღაცებს გვიყრის, შემდეგ კი ისეთ სასაცილო პოზაში წვება და ისეთი თვალებით გვიყურებს, რომ ვერც კი ვუბრაზდებით. თუმცა, გარდა ამისა, ის ეფექტურად გვიხსნის სტრესს და კარგად ახერხებს დაძაბული სიტუაციების განმუხტვას.

ელექტრონულ ფოსტას ვხსნი და მუშაობას ვიწყებ. მხოლოდ სატელეფონო ზარებია ჩემთვის უფრო მეტად შფოთვისმომგვრელი, ვიდრე გახსნილ ინბოქსში 30 (ან მეტი) წაუკითხავი წერილი...

რამდენიმე საათში საბის დედა გვსტუმრობს. ჩვენ მას იურიდიულ დახმარებას ვუწევთ. ერთად ვსხდებით და ვსაუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო ნაბიჯებზე. ცოტაც საბის ვიხსენებთ. წასვლის წინ გვეუბნება, იცოდეთ, 8-ში გელოდებითო. ჩამოვალთ-მეთქი, ვპირდები ისევ. 8 თებერვალს საბი ბერიანს 24 წელი შეუსრულდებოდა.

ამასობაში ექვსი საათი მოდის და მე „ფემინსტრიმის“ საორგანიზაციო შეხვედრაზე უნდა გავიქცე. „ფემინსტრიმი“ ახალი პროექტია, რომელსაც, ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და ქალთა ფონდის მხარდაჭერით, რადიო თავისუფლებაზე მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გავუძღვებით რამდენიმე ფემინისტი აქტივისტი: ეკა იმერლიშვილი, იდა ბახტურიძე, დაკო ბახტურიძე, ლილი მამულაშვილი, ბაია პატარაია და მე. პროექტის მიზანი იმ სტერეოტიპების დარღვევაა, რაც ფემინიზმთან დაკავშირებით არსებობს და ადამიანებისთვის იმის ჩვენება, რომ შეიძლება ფემინიზმი უცხო სიტყვაა, მაგრამ მისი შინაარსი ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.

პროფესიით ჟურნალისტი არც ერთი არ ვართ და ქალბატონი მარინასგან ბევრს ვსწავლობთ. მახსენდება, როგორი სასიამოვნოა იმის სწავლა, რაც გაინტერესებს. ოღონდ, გამოცდების ჩაუბარებლად.

მოკლედ, შურდულივით გავრბივარ ოფისიდან და დავალებას, რომელიც შეხვედრისთვის უნდა მომემზადებინა, სამარშრუტო ტაქსიში ფეხზე მდგომი, ზეპირად ვწერ. რადიო თავისუფლების ოფისში შევდივარ და ვხვდები, რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია.

3 თებერვალი, სამშაბათი

როგორც იქნა, მშვიდი დღე! სამსახურში ადრე მივდივარ. საერთოდ, როცა შემიძლია, ვცდილობ, ადრე მივიდე, რომ ცოტა ხანს სულ მარტო ვიყო. ამ დროს ან ვმუშაობ, ან ვცდილობ აკუსტიკური ბლუზისა და ბლუგრასის დაკვრა ავითვისო. ან ფოტოგრაფიაზე ვკითხულობ რაღაცებს და ჩემს ფირიან „პენტაქსს“ ვაჩხაკუნებ.

ეს რიტუალი მას შემდეგ დავიჩემე, რაც ერთი წლის წინ დეპრესიაში ჩავვარდი და, სრულიად გამოფიტულმა, ფსიქოთერაპევტს მივაკითხე. თერაპიის დროს აღმოვაჩინე, რომ აქტივიზმის გარდა, ჩემი პიროვნების სხვა განზომილებები თითქმის დაკარგული მქონდა. დავიწყებული მქონდა, რომ სხვა ინტერესებიც მაქვს, რომ მუსიკა მიყვარს და დაკვრისგან ერთ დროს სიამოვნებას ვიღებდი, რომ ფოტოგრაფია მაინტერესებს და ენების შესწავლა კმაყოფილებას მგვრის. მივხვდი, რომ, თუ მინდა გადავრჩე, როგორც პიროვნება, სიამოვნებას და სიახლეს დრო უნდა დავუთმო. ზოგადად, თერაპია ძალიან დამეხმარა, ამიტომ ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურზე, და დახმარების თხოვნა სისუსტე სულაც არ არის.

ცოტა ხანში ეკა აღდგომელაშვილი მოდის, დაღლილი და ბევრსაქმეაკიდებული, როგორც ყოველთვის. მას შემდეგ, რაც 2009 წელს გავიცანი, ეკა ჩემთვის მნიშვნელოვან საყრდენ წერტილად და მოტივატორად იქცა. აქტივისტი თუ ვარ დღეს, მისი დამსახურებაა. ესაა ადამიანი, რომლისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ადამიანები უყვარს და ეს ყოველთვის ჩანს მის საქმეში.

სამუშაოდ ვსხდებით. კატო მაგიდაზე წევს და ჩემს დღიურზე უდევს თავი.

4 თებერვალი, ოთხშაბათი

„უორლდ ვიჟენის“ ოფისში მივდივარ, გენდერული ძალადობის დაძლევის პროექტში ექსპერტად ამიყვანეს. საინტერესო პროექტია. საქმე არ მაკლია, მაგრამ ვხვდები, რომ კონკრეტულ სფეროში ჩაკეტვა რეალობის შეგრძნებას მაკარგვინებს, ამიტომ გარემოსთან კავშირის აღსადგენად მჭირდება ვნახო, რა ხდება სხვაგან, მაგალითად რეგიონებში, და საკუთარი ძალები რაღაც უფრო ახალში მოვსინჯო.

თავი ამტკივდა. არადა, ამის დრო არ მაქვს. ასე როცა მტკივდება, დედა გადმომხედავს ხოლმე და მეტყვის, რაღა მაინცდამაინც ეს გამოგყვა ჩემგანო?! ამაზე ვპასუხობ, რომ მისგან გაცილებით უფრო მეტი გამომყვა, მაგალითად სიმაღლე (რომელიც მერჩივნა, მამაჩემისა მქონოდა), სიჯიუტე, ამტანობა, ადამიანების პატივისცემა და თანაგანცდის უნარი (ეს ბოლო ორი მამაჩემისგანაც მაქვს გამოყოლილი). ამაზე ორივეს გვეცინება და დედა მეკითხება ხოლმე, ახლა მე მაქებ თუ თავს იქებო?

ინტერნეტით ვიგებ, რომ 15 თებერვალს ქუთაისში ლია უკლებას გამოფენა ჩატარდება. ლია სწორედ ბაკურიანში გავიცანი და მიხარია იმიტომ, რომ დღევანდელ ქართულ ხელოვნებას სრულიად არაფრისმთქმელად ვთვლი. სულ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ვიცნობ, მათ შორის ლიას, რომლებიც მართლა სიღრმიდან იღებენ საკუთარ ნამუშევრებს და არც რაიმე კონკრეტული შეტყობინების ჩადებას ერიდებიან მათში.

ამაზე ვფიქრობ და ისე ემთხვევა, რომ ანუკ ბელუგამ და იდამ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ გვერდზე დაიწყეს საუბარი ლიას გამოფენის თბილისში მოწყობაზეც. გადაწყვეტილია, ნემსის ყუნწში გავძვრებით, მაგრამ გამოფენა შედგება და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, ლია უკლება გაიცნოს.

გულანთებული მივდივარ სახლში. ამჯერად მშობლებთან. ამ ბინაში გავიზარდე. ჩემი ოთახი პატარაა, მაგრამ მიყვარს. ყველაფერი მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ აქ არის, ყველა ის წიგნი და თოჯინა, რომელიც 90-იან წლებში ნავთის ლამპრის შუქზე გატარებულ საათებს მატანინებდა.

მალე დედაჩემი მოდის და დაღონებული მიყვება პატარა კნუტის შესახებ, რომელსაც მანქანამ დაარტყა და სახელმწიფო თავშესაფარში წაიყვანეს. იქ თათის ამპუტაცია უნდა გაუკეთონ. ამპუტაციის მერე კი აპირებენ ისევ ქუჩაში გაუშვან, თუმცა იციან, რომ იქ ვერ გადარჩება. დედას ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ მე მივხედავ, ხვალ ვეტერინართან წავიყვან, ვუმკურნალებ და მერე დედას მოვუყვან ან სხვა, კარგ პატრონს ვუპოვი. დედა მშვიდდება.

თამთა მელაშვილს ველაპარაკები სკაიპით. დიდი ხანია, არ მინახავს და მენატრება. ისევ წერს, რაც ძალიან მახარებს. საოცარია, მე და თამთა რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ამდენი წელია, ეს ადამიანი სიმშვიდეს მგვრის და კრიტიკულ მომენტებში ახერხებს ღრმა ჭაობიდან ამომიყვანოს. მის გარეშე ყოფნა საერთოდ ვერ წარმომიდგენია.

კმაყოფილი ვიძინებ.

5 თებერვალი, ხუთშაბათი

ადრე დღესაც ვერ ავდექი. არადა, იმდენი საქმე მაქვს!.. გამოკვლევის ტექსტია გადასაკითხია, პრეზენტაციები − გასაკეთებელი, ანგარიშები − გასაგზავნი, მე კი არხეინად მძინავს ათის ნახევრამდე.

ყავას ვისხამ, კომპიუტერთან ვჯდები და ვიგებ, რომ ფისო, რომლის გადარჩენასაც ასე ვცდილობდით, ვერ გადარჩა. დედას ვეუბნები. ვამშვიდებ. მეც მეტირება. ასეთ სიტუაციებში უიმედობის განცდა მეუფლება, იმდენი რამ არის მოსაგვარებელი ამ ქვეყანაში, რომ რას მოვკიდო ხელი, აღარ ვიცი.

გავრბივარ სამსახურში. ვესალმები ეკა წერეთელს, რომელიც დღეს გვესტუმრა, დავრბივარ ერთი ოთახიდან მეორეში. თავში ქაოსი მაქვს.

შვიდ საათზე შვედეთის ელჩთან მივდივარ მიღებაზე. სახლში მალინს მოვყავარ მანქანით. მალინი შვედურ ფონდ „კვინა ტილ კვინაში“ მუშაობს. უკვე მესამე წელია, მათთან ვთანამშრომლობთ. მშვიდი და ნათელი ადამიანია, გზად ვსაუბრობთ ბევრ რაღაცაზე: კატებზე, განათლების სისტემაზე, ტყეზე, სიმშვიდეზე. იშვიათად მინახავს ადამიანები, რომლებიც შვედებივით აფასებენ ბუნებას და უვლიან მას. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ შვედეთის დიდ ქალაქებშიც კი, ტყე სულ რაღაც ორ ნაბიჯზეა ხოლმე. შვედეთი ხშირად მენატრება. ამ მონატრებას იმით ვიქარწყლებ, რომ შვედურ აუდიოწიგნებს ვუსმენ, შვედ მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად გავდივარ, მაგრამ არაფერი შეედრება იმას, როცა სტოკჰოლმის მშვიდ ქუჩებში დაადგამ ფეხს და იმ განსაკუთრებულ სუნს იგრძნობ, რომელიც ყველა ქალაქს თავისი აქვს.

6 თებერვალი, პარასკევი

სამსახურში მოვდივარ. მალე ნინო მოვა, ოფისს მოაწესრიგებს, ჩვენთან ერთად ყავას დალევს. ვემზადები „ფემინსტრიმისთვის“, დღეს საცდელი ჩაწერა გვექნება. მუცლის ღრუში სიახლის სასიამოვნო გრძნობას ვამჩნევ.

რადიო თავისუფლებაში მისულები, დიდხანს ვმუშაობთ იმიტომ, რომ სატრენინგო ნაწილი დასრულდა. მომდევნო კვირიდან გადაცემების ციკლი იწყება. პირველი ჩემია და ცოტა ვშფოთავ. მგონია, რომ დავალებას თავი ვერ გავართვი. არადა, საბოლოოდ კარგი გამოდის. ძალიან თბილი და კარგი გარემო გვაქვს „ფემინსტრიმის“ შეხვედრებზე, ძალიან ბევრი ცოცხალი კამათი წარმოიშობა ხოლმე, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის ვაქებთ, მხარს ვუჭერთ. ესაა, ჩემი აზრით, ქალთა სოლიდარობის საწყისი. ჩვენ ხომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ!

აქედან მაგდასთან წავალ, გლინტვაინს შემპირდა. ერთი ჭიქა ნამდვილად არ მაწყენს...

7 თებერვალი, შაბათი

დღეს წესით ნებივრობის დღე უნდა მქონდეს. სამზე რადიო თავისუფლებაში დღიურების ჩაწერაა. შემდეგ ალიას სადმე კარგ ადგილას წავიყვან, ალბათ ფუნიკულიორზე. ერთად ყოფნის სამი წლისთავს აღვნიშნავთ, თან თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოში გადმოვიდა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენი გარემოს სისასტიკის გადატანაში მეხმარება.

ლია ჯაყელს და სხვა მეგობრებს ვეხმიანები, ხვალინდელ გეგმებს ვარკვევ. ხვალ ველისციხეში მივდივართ, საბის დედასთან ერთად მისი დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. ლიაც მოდის, დოკუმენტურ ფილმს იღებს. მიყვარს ლიას ფილმები. ძალიან ადამიანურია. როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ რეჟისორს თავისი გმირები უყვარს და მათ პატივს სცემს.

მოკლედ, ასე. წავედი. ჰო, კატებისთვის საჭმლის ყიდვა არ უნდა დამავიწყდეს!

XS
SM
MD
LG