Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შავლაყაძე - სამოქალაქო აქტივისტი


31 აგვისტო, კვირა

გუშინ კვარიათიდან ჩამოვედით. საშინლად ცხელა, სახლში უამრავი საქმე მაქვს. რა რთულია ერთბაშად ყოველდღიურ რუტინაში ჩართვა! თორმეტი დღე არ არის საკმარისი დასვენებისთვის, მაგრამ ამისთვისაც დიდი მადლობა!

მეუღლე, მე და უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი, გარუჯულები, უპირველესად ამდენი ხანი ერთად ყოფნით კმაყოფილები, დღევანდელ დღეს ვგეგმავთ... აუცილებლად უნდა ვნახოთ ჩვენი დიდი ოჯახის დანარჩენი წევრები: ჩემი მშობლები, უფროსი ვაჟი – გიორგი, მისი ცოლი და ცხრა თვის შვილიშვილი სანდრო – ბუთხუზა, მხიარული და სასაცილო ბიჭუნა და შუათანა ვაჟი, თორნიკე, მეუღლესთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ თორნიკე, რომელიც ჯარშია, ამ კვირა დღეს არ მორიგეობს. ვემზადებით, თან ვალაგებ.

უცბად გაისმა მობილური ტელეფონის ზარი ხმა. დავხედე თუ არა ნომერს, მივხვდი, საპატრულო პოლიციიდან რეკავდნენ. ალბათ ისევ ვიღაცას უჭირს. ასეც აღმოჩნდა. პატრული მიხსნის: იმიტომ გამოიძახეს, რომ მშობლებს დავა ჰქონდათ მცირეწლოვანი ბავშვების გამო. გაყრისას დედამ ბავშვები მამასთან დატოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საცხოვრებლის პრობლემა მოაგვარა, მათ წასაყვანად მოვიდა. ყოფილმა მეუღლემ ბავშვების გატანებაზე უარი უთხრა. პოლიციელმა მითხრა, რომ მოდავეებს სურდათ სოციალური მუშაკის ჩართვა, რომელსაც ვერ დაუკავშირდნენ და მთხოვა, იქნებ თქვენ დაეხმაროთ ქალბატონსო. ვთხოვე, ყურმილი გადაეცა მისთვის. მესმის ქალის საოცრად აღელვებული ხმა: „ნუთუ სასამართლოს გარეშე ვერ მოვაგვარებ შვილების მიკუთვნების საკითხს, რამდენ ხანს უნდა ველოდო?“ თან მემუდარებოდა, შვილების სახლში გადაყვანაში დავხმარებოდი. საბედნიეროდ, დავარწმუნე, რომ ასე ხელაღებით ვერაფერს გავხდებოდით და ხვალისთვის ჩვენთან დავიბარე. დავამშვიდე. შევთანხმდით, კოორდინატებიც ჩაიწერა.

ვართ ჩემს მშობლებთან, აღმაშენებელზე. ყველანი ერთად, ბედნიერები. სანდრო ძალიან გვახალისებს, სიარულს ცდილობს, საშინლად ეფხანება ღრძილები... უფროსი ძმები ტინეიჯერ ნიკოლოზს აწვალებენ – ეჭიდავებიან...

ისევ ზარი. ისევ ის გოგოა, ეკა, დილით რომ ვესაუბრე. უფრო მშვიდად, დალაგებულად ლაპარაკობს და მიყვება მომხდარის ამბავს: „დღეს დილით გვცემა მე და ჩემი ნათესავი ქალი, დაიკარგეთ აქედანო. ადრეც ხშირად მცემდა. არაეთხელ წავსულვარ ოჯახიდან და კვლავ შევრიგებივარ. დღეს პატრულმა ამიხსნა, რომ საქმეს აღძრავს მის წინააღმდეგ და შეიძლება დაიჭირონ კიდეც. მერე ალბათ გირაოთი გამოუშვებენო. მე ჩემი შვილების მამას ასე ვერ გავიმეტებ და ვთხოვე, საქმე არ აღეძრათ.“

მერამდენედ მესმის ერთი და იგივე! არადა, როგორი კარგი პრევენციული ღონისძიებაა შემაკავებელი ორდერი... საქმე 126-ე მუხლითაც რომ დაწყებულიყო, მისთვის და მისივე შვილებისთვის ხომ უკეთესი იქნებოდა? სამწუხაროდ, დილით არც მას და არც პატრულს არაფერი უთქვამთ ძალადობის შესახებ. შემაკავებელი ორდერით შვილების მონახულების დარეგულირებაც კი შესაძლებელია. რამდენი მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან! იმ ქალს საკუთარი უფლებები კარგად რომ სცოდნოდა, არ შეშინებოდა და პატრულისათვის დაეჯერებინა, შემაკავებელი ორდერი იმუშავებდა და დადებით შედეგსაც გამოიღებდა: დედა და შვილები უკვე ერთად იქნებოდნენ.

დაწვრილებით ავუხსენი რა შეგვიძლია, ვუთხარი, რომ გვყავს იურისტი-ადვოკატი, რომელსაც მისი უფლებების დაცვა შეუძლია სასამართლოში, გვყავს სოციალური მუშაკი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა ჩართულობა, იმუშავებს მისი ოჯახის წევრებთანაც. თუ სურვილი ექნა, შეძლებს ისარგებლოს ფსიქოლოგის მომსახურებით, ისარგებლოს თავშესაფრითაც, თუ მოძალადის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ყველა ამ სამსახურით სარგებლობა უფასოდ შეუძლია. შევთანხმდით და ორშაბათს მოვა ჩვენთან.

სანდროს ეძინება, ჩვენც დავიშალეთ. დღეს უკრაინის ამბებს თვალი ვეღარ მივადევნე. ძალიან მაწუხებს იქ მიმდინარე მოვლენები. ძალიან მინდა, მშვიდობა იყოს უკრაინაში, მშვიდობა იყოს ყველგან...

თავისუფლების დღიურები - ნატო შავლაყაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:54 0:00

1 სექტემბერი, ორშაბათი

ძალიან ადრეა. გული მწყდება, რომ ზღვაში აღარ უნდა ჩავიდე. არაჩვეულებრივი იყო აჭარა წელს!

ცხრა საათი ჯერ არ შესრულებულა, ისევ ტელეფონის ზარია. ამჯერად მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი მირეკავს და მეკითხება ჩვენს ძველ ბენეფიციარზე, რომელიც ჩვენთან მათი მეშვეობით მოვიდა წლების წინ და რომელსაც ისევ დავჭირდით. ახალი ოფისის კოორდინატები ჩავაწერინე და ჩვენს საერთო პროექტზეც ვესაუბრე. პროექტი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებაზე და ტრეფიკინგის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებაზეა ორიენტირებული. დავგეგმეთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გარდაბანსა და მარნეულში ერთად ჩავატარებთ საჯარო დისკუსიას თემაზე: „ადრეული ქორწინება – მსხვერპლად გახდომის ერთერთი რისკ-ფაქტორი“. შეხვედრას ჩვენი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, ქვემო ქართლის წარმომადგენლობა ატარებს.

ისევ ზარი. ამჯერად საპატრულო პოლიცია ასაკოვანი ქალის განთავსების თაობაზე რეკავს. ბოდიშს მიხდიან, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არ არის და მაინც მე მირეკავენ. მათი ინფორმაციით, წლების წინ შვილი დედაზე ძალადობდა, მერე მოტყუებით გაუყიდა ბინა და ქუჩაში დატოვა. ამჟამად კი მოხუცი ქალი სოციალურად დაუცველია.

ყოველთვის გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ რა პროექტს ახორციელებს, ვის რისი შესაძლებლობა აქვს და ვცდილობთ, ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ვინც გვიკავშირდება იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ვცდილობთ, ხალხი ერთმანეთს დავაკავშიროთ, შევახვედროთ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კოორდინაცია გავუწიოთ საკითხის მოგვარებას. ამჯერადაც დავუკავშირდი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, საქართველოს საპატრიარქოს. სამწუხაროდ, ამ ქალბატონის განსათავსებლად არც ერთს ადგილი არ აღმოაჩნდა. მოვიძიე მოხუცთა ერთ-ერთი თავშესაფრის კოორდინატები და გადავეცი პატრულს. სამწუხაროა, მაგრამ ასაკოვანი, უპატრონოდ დარჩენილი მოხუცების განთავსება დღეს საქართველოში ძალიან რთულია, ისევე როგორც მენტალური აშლილობის მქონე პირებისა. არადა, ეს უკანასკნელნი ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და მათთვის, სპეციფიკური პროფილის სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ოფისში შვებულებების შემდეგ ერთმანეთის ნახვა განსაკუთრებით გაგვიხარდა. სოციალური მუშაკი ადგილზეა და, შეთანხმებისამებრ, უკვე ესაუბრება დედასთან ერთად მოსულ ეკას. შევთანხმდით, რომ ჩვენი იურისტი დაეხმარება მას სამართლებრივი კუთხით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდნენ ბავშვები დედასთან. დავრეკეთ სოციალურ სააგენტოში და ვთხოვეთ რეაგირება. მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქმრის ოჯახის თითქმის ყველა წევრს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში მივლენ და შეაფასებენ ოჯახს, სადაც ამჟამად ბავშვები იმყოფებიან.

დამირეკეს პარლამენტიდან ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრას ეხება. დაგვინიშნეს შეხვედრა, ამჯერად უკვე თბილისში. ძალიან მიხარია, რომ საკომიტეტო მოსმენები უკვე თბილისში ტარდება, პარლამენტის ძველ შენობაში, რუსთაველზე.

შევამოწმე ელფოსტა, ვუპასუხე ყველას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მიმოწერა ესტონელ ექსპერტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ესტონეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტთან – „სტრესის მენეჯმენტის ტრენინგი 112 -ის თანამშრომლებისათვის“ – დაკავშირებით. დავაზუსტე პოლიციის აკადემიაში შაბათისთვის დაგეგმილი ღონისძიების დეტალები. ეს არის ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე საპატრულო პოლიციელებისათვის. წელს ამ თემაზე ეს უკვე მეათე ტრენინგია.

მე და ჩემმა მეუღლემ შევამოწმეთ ახალ სახლში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა. საღამოს ნიკოლოზი მეგობრებთან მიმყავს წავკისში, შვილიშვილის მონახულებასაც ვასწრებ...

2 სექტემბერი, სამშაბათი

დღეს მქონდა შეხვედრა ევროკავშირში ჩვენს მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით. პროექტს სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში“ ვახორციელებთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ – ერთად. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და იმედი გამოვთქვით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ სახელმწიფო მომავალში მეტ მზრუნველობას გამოიჩენს.

დღეს პირველ საათზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის ვატარებთ ჯგუფურ თერაპიას, რომელსაც ჩვენი ფსიქოლოგი უძღვება. მერე გოგოებს თვითონ მიჰყავთ თვითდახმარების დახურული ჯგუფური შეხვედრა ჩვენსავე ოფისში.

პირველი სამშაბათია ზაფხულის შვებულებების შემდეგ. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, ისევ უამრავი მადლობა გადაგვიხადეს: თქვენ რომ არა, ახლა საშინელი ცხოვრება გვექნებოდაო. ძალიან მრცხვენია, როცა ამდენ მადლობას გვიხდიან. მაგრამ როცა ხვდები, რომ სრულ ჭეშმარიტებას ამბობენ, რომ თითოეული ჩვენგანის დაუღალავი, თავდადებული შრომის შედეგად რაღაცას მივაღწიეთ, ძალიან მიხარია მათ გამო და საოცრად მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის. დღეს ჩვენ ერთი დიდი გუნდი, ერთი დიდი ოჯახი ვართ, ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა საქმისადმი ერთგულების, თავდადებისა და დიდი ადამიანური თანაგრძნობის ნიჭის შედეგია, რასაც ვაღწევთ. ამ თვისებების გარეშე ჩვენს საქმეში ვერ გაძლებ, ვერ იმუშავებ. თითოეული თავისი საქმის პროფესიონალია და იმედი მაქვს, ერთად კიდევ უამრავი კეთილი საქმის გაკეთებას შევძლებთ, კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ.

ძალიან გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით მუდმივი პარტნიორები: შვედეთის ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“, „ღია საზოგადოების ინსტიტუტი ბუდაპეშტი“ და გაეროს ქალთა ფონდი.

3 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს დილიდან თავშესაფარში მივედით მე, ჩვენი სოციალური მუშაკი და ოფისის მენეჯერი. ჩვენი დანახვა ყველას საოცრად გაუხარდა. ბავშვებს ტკბილეული მივუტანეთ. სახლში დაგვხვდა ჩვენი ძველი ბინადარი ორ შვილთან ერთად. თერთმეტი წლის განმავლობაში საშინელი ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ყველა მსხვერპლი, იმედს არ კარგავდა, რომ მეუღლე შეიცვლებოდა და სანამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, ამ ყველაფერს ყველასგან მალულად ითმენდა. ამ ქალს დასაქმებაში დავეხმარეთ. ახალ სამსახურში ყველას შეაყვარა თავი. მოძალადე მეუღლე ბევრჯერ მიუვარდა სამსახურში, მაგრამ მან ერთხელაც არავის მისცა უფლება, პოლიცია გამოეძახებინათ. უარს ამბობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიღებაზეც, რის გამოც კარგავს სახელმწიფო თავშესაფარში გადასვლის შესაძლებლობას. ამბობს, რომ ამას შვილების გამო აკეთებს, რათა დედაზე გაბრაზების გამო მამამ შვილები უბინაოდ არ დატოვოს. თავშესაფრიდან უნდა გადასულიყო, როცა, სამწუხაროდ, ჯამრთელობა გაუუარესდა, რის გამოც ჩვენთან ყოფნა გავუხანგრძლივეთ. დღეს იგი მკურნალობს, ჩვენ გარდა მას არავინ ჰყავს. ცოტა ხანში აუცილებლად შეეცვლება მდგომარეობა, შეძლებს ბინის ქირაობას და შვილებთან ერთად შეეცდება, იყოს ბედნიერი.

ჩვეულებრივ თავშესაფარში ყოფნის ვადა სამთვენახევარია. ავადმყოფების გარდა, თავშესაფარში ყოფნის პერიოდი უხანგრძლივდებათ იმ ბენეფიციარებსაც, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ, რადგან სკოლის ხშირი ცვლა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესია.

კავშირი კი, რომელიც ჩვენსა და ბენეფიციარებს შორის არსებობს, ფაქტობრივად, არ წყდება, რადგან საჭიროების შემთხვევაში მათ ყოველთვის შეუძლიათ მოგვმართონ. ყოფილი ბენეფიციარები გვაკითხავენ არა მარტო მაშინ, როცა უჭირთ, არამედ მაშინაც, როცა მათ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი სასიხარულო ცვლილებები ხდება. ჩვენც მათთან ერთად გვტკივა და მათთან ერთად გვიხარია. ვისურვებდი, რომ მეტი სერვისი შეიქმნას მათ დასახმარებლად და, რაც მთავარია, გაჩნდეს მათი დასაქმების მეტი შესაძლებლობა. ეს ქვეყნის კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული და იმედია, ეს დღეც მალე მოვა. მანამდე მთელმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ თითოეული ჩვენგანის თავდადებულ შრომას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მთავრობაც უნდა გვყავდეს. სხვგვარად ვერაფერს მივაღწევთ.

თავშესაფარი გადატვირთულია, ათი ადამიანის მაგივრად დღეს 12 სული ცხოვრობს და თითოეული მათგანის საჭიროება გასათვალისწინებელია. მე და სოცმუშაკი გავესაუბრეთ ძველ ბინადრებს, გავეცანით ახლებს, ჩავინიშნეთ მათი საჭიროებები, დავთქვით შეხვედრა ჩვენს კრიზისულ ცენტრში.

4 სექტემბერი, ხუთშაბათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელმა დაგვაკავშირა ორ უცხოელ სავარაუდო მსხვერპლთან, რის შემდეგაც დავგეგმეთ მათთან ჩვენი რეგიონული წარმომადგენლის შეხვედრა, რათა დაზუსტებულიყო მათი საჭიროებების ნუსხა.

დილითვე გვქონდა კრება, სადაც ვისაუბრეთ ოჯახში ძალადობის ახალი შემთხვევების შესახებ, დავგეგმეთ თითოეული ბენეფიციარის უსაფრთხოების გეგმა, დავსახეთ სამომავლო ქმედებები და განვიხილეთ მომავალი ერთი კვირის საქმიანობა.

დანარჩენი დღე დაეთმო თანამშრომლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს და მათი მოსაზრებების განხილვას.

საღამოს ავედი წავკისში, სადაც ჩემი შვილი ბედნიერად ატარებს არდადეგებს მეგობრებთან ერთად. დედებმა შვილებთან ერთად ძალიან კარგი საღამო გავატარეთ.

5 სექტემბერი, პარასკევი

სამუშაო კვირის ბოლო, მძიმე დღეა. 12 საათისთვის ოფისიდან იუსტიციის სახლში წავედი შეხვედრაზე, რომელზეც განიხილებოდა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. დიდი ხანია, ვმუშაობთ მსჯავრდებულებთან და განხორციელებული გვაქვს არაერთი წარმატებული სარეაბილიტაციო პროექტი. ამიტომ ჩემთვის ეს შეხვედრა საინტერესო იყო, მით უმეტეს, რომ ამჟამად პატიმართა ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრი ვარ.

ამ შეხვედრიდან მე და ჩვენი ორგანიზაციის იურიდიულ საკითხთა ექსპერტი წავედით საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტში, სადაც შევხვდით კომიტეტის იურისტს და ვუპასუხეთ კითხვებს იმ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მარტოხელა დედებს და შემუშავებულია ჩვენი ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში.

მესამე შეხვედრა 5 საათზე მქონდა. მასში ჩემი მონაწილეობა აუცილებელი იყო. სახალხო დამცველის მიერ მოწყობილი ეს შეხვედრა ბოლო პერიოდში ქალთა მკვლელობის გახშირებულ ფაქტებზე მსჯელობას მიეძღვნა.

საღამოს დიდი წვიმა მოვიდა. მიუხედავად ამისა, მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი დიდი ხნის უნახავი მძახლების სანახავად მიგვეჩქარებოდა, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოვიდნენ.

6 სექტემბერი შაბათი

შაბათია, მორიგი ტრენინგია პოლიციის აკადემიაში.

კვლავ სატელეფონო ზარი. ამჯერად ეკა ხოფერიას გადაცემიდან დარეკეს. დაინტერესდნენ პატიმარ ქალებთან ჩვენი მუშაობით, განსაკუთრებით კი იმ პროექტით, რომელიც ქალთა დაწესებულებაში განვახორციელეთ და რომელიც ეხებოდა შვილის მკვლელი დედების კვლევას და მათ რეაბილიატაციას.

დღე ჯერ არ დასრულებულა. ვინ იცის, კიდევ ვინ დარეკავს. მე კი ზუსტად ვიცი – ტელეფონი მუდამ ჩართული უნდა მქონდეს.

XS
SM
MD
LG