Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ბრეგვაძე - იურისტი


28 ივნისი, კვირა

თითქმის ორი წელია, პირადსა და საჯაროს შორის ბალანსს ვეძებ, დღეს კი ჩემი პირადი ჩემივე ნებით უნდა გავასაჯაროო. რადიო თავისუფლების დღიურების ხშირი მკითხველი ვარ, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ჩემს დღიურებს სხვები წაიკითხავდნენ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი კვირა დღეა, როდესაც არ ვარ სამსახურში და შევძელი ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე დასვენება ძალების მოსაკრებად. ქალაქში გვიან დავბრუნდი.

29 ივნისი, ორშაბათი

დღიურების წერა საკმაოდ მძიმე და მოვლენებით დატვირთულ სამუშაო კვირას დაემთხვა. როგორც წესი, ორშაბათ დილას მთელი კვირის კალენდარს ვადგენ ხოლმე, თუმცა ამჯერად უკვე დაგეგმილი გამოვიდა: სამი სასამართლო პროცესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის – ჩემი სამსახურის დაბადების დღე. მგონი, სავსებით საკმარისია ერთი სამუშაო კვირისთვის.

შაბათ-კვირას „მაგთის“ მიერ გავრცელებული შეტყობინების გამო სამსახურში მისულს მსჯელობა და განხილვა მხვდება. ჩვენი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ღელავს და მიყვება, რომ მთელი ფეისბუკი ამ ამბავს აზიარებს და მეკითხება, როგორია ჩვენი პოზიცია. სანამ ორშაბათის ტრადიციულ მენეჯმენტის თათბირზე შევალ, ჩვენს იურისტს, სალომეს ვთხოვ, წერილი დაწეროს „მაგთისთვის“, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად შევძლოთ საკითხის შესწავლის დაწყება. თათბირზე შესვლამდე ეკასთან, მარიამთან და ნატალიასთან ვასწრებ სასწრაფო საკითხების გავლას.

ძალიან გამიმართლა, ასეთი თანამშრომლები რომ მყავს, ბევრი მათგანის შერჩევაში პირადადაც ვმონაწილეობდი. მათი მონდომება, საქმისადმი დამოკიდებულება და ენთუზიაზმი ყოველდღე სასიამოვნოდ მაკვირვებს!

მენეჯმენტის შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე კვირის პრობლემური თემები: მოქალაქეთა განცხადებებით დაწყებული, სამეურნეო საკითხებით დამთავრებული.

შეხვედრის შემდეგ ვიწყებ მზადებას სასამართლო პროცესისთვის. ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ დავაჯარიმეთ სამი სააფთიაქო ქსელი: „ავერსი“, „პსპ“ და „სახალხო აფთიაქი“ და დავავალეთ 1 ივლისამდე აფთიაქებში აუდიოჩაწერის შეწყვეტა. აღმოჩნდა, რომ დახლზე დამონტაჟებული გოლფის ბურთის მსგავსი მიკროფონებით აფთიაქები მომხმარებლისა და ფარმაცევტის კომუნიკაციას იწერენ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.ბოლო დროს ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ასეც უნდა იყოს მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, რადგან აფთიაქში შესული ყველა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა ხდება. მომხმარებლების უფლებებთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ფარმაცევტების უფლებებიც. სამივე სააფთიაქო ქსელში 4000-მდე ფარმაცევტი 24-საათიანი აუდიო- და ვიდეოკონტროლის ქვეშ იმყოფება, მათი ქცევა თუ საუბარი დამსაქმებლის მუდმივი კონტროლის საგანია.

თავისუფლების დღიურები - ნიკა ბრეგვაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00
გადმოწერა

​სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი, თუმცა ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვს: შარშან პირველი სასამართლო პროცესი მოვუგეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ორი კვირის წინ კი სასამართლომ ინსპექტორის კიდევ ერთი გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ვნახოთ, რა მოხდება დღეს...

ხუთის ნახევარზე სასამართლოში მივდივართ, დღეს მოწინააღმდეგე მხარე „პსპ აფთიაქია“. მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რის გამოც სასამართლო განხილვა მომდევნო კვირისთვის გადაიდო.

ოფისში ვბრუნდებით, საქმის გადადებასაც აქვს თავისი დადებითი მხარე: მეტი დრო დამრჩა სხვა საქმეებისთვის. თამუნა და მე გვიანობამდე გავდივართ სხვადასხვა თემებს.

სახლში გვიან ვბრუნდები. ასე ხშირად ხდება, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, რომ ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას მეტი მუშაობა სჭირდება, ჩვენ კი სულ რაღაც ორი წელია, ვარსებობთ და ქმედით, ავტორიტეტულ, მოქალაქეზე ორიენტირებულ სამსახურს ვქმნით.

30 ივნისი, სამშაბათი

დილა სასიამოვნოდ დაიწყო. ჩემმა დამ, რომელიც უკვე ერთი წელია, ნიდერლანდში ცხოვრობს და სადოქტორო თემაზე მუშაობს, გახარებულმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი ნაშრომი ევროპის ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება. უმცროსი დის წარმატებები განსაკუთრებით მახარებს.

სამსახურში საქმეები დროულად დავასრულე და ამიტომ სავარჯიშოდ წასვლა მოვახერხე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კრივი. ვცდილობ, კვირაში ორჯერ მაინც მივიდე კრივის დარბაზში და ვივარჯიშო. ეს განტვირთვაში მეხმარება. კრივთან დაკავშირებით ერთი სურვილიც მაქვს: მინდა, მეგობრებთან ერთად უფასო თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი მოვაწყო კრივით დაინტერესებული ბავშვებისთვის.

1 ივლისი, ოთხშაბათი

დილას ტრადიციულად ყავაზე გავიარე და სამსახურში მივედი. განსაკუთრებული ხმაური ჩვენი ენერგიული და დაუზარელი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ოთახიდან გამოდიოდა: დღეს აპარატის დაბადების დღეა. პიარი ღელავს, მოკლე ფილმიც მოამზადა ჩვენი საქმიანობის ორ წელზე.

დღესაც სასამართლოა. ამიტომ გვანცასთან დიდხანს საუბრის დრო არ მაქვს, მალევე გამოვდივარ. არადა, უნდა, ყველაფერს დეტალებში მომიყვეს. სამსახურში ყველასთან ჩამოვიარე და მივესალმე, აქამდე პატარა ოფისში ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ერთად ვიყავით და მხოლოდ ორ ოთახში მიწევდა გამარჯობის სათქმელად შესვლა. ახლა გრძელი დერეფანი უნდა გავიარო.

სასამართლოსთვის ვემზადები. არ მინდა, რომ ეს პროცესიც გადაიდოს, მოქალაქეები კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. ორი საათისთვის მე და სალომე დიღმისკენ დავიძარით. ამჯერად სასამართლო განხილვა შედგა. მოსამართლეს ავუხსენით, რომ აფთიაქებში დახლებთან საუბრის ჩაწერა არის უხეში ჩარევა როგორც მომხმარებლების, ისე ფარმაცევტების პირად ცხოვრებაში. თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ცოტა უხერხულია, როცა ვიღაც გიყურებს და გისმენს, ხედავს და იცის, რა წამალი ან პირადი ჰიგიენის ნივთები იყიდე აფთიაქში, თან ამას მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს. სულ ვფიქრობ, ახლა რომ არ გავაპროტესტოთ, რა იქნება შემდეგი. ალბათ, ექიმის კაბინეტშიც დაგვახვედრებენ კამერებს და აუდიოჩამწერებს და დაგვარწმუნებენ, რომ ეს, ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესების დასაცავად კეთდება.

მოსამართლემ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, საბოლოო გადაწყვეტილებას ათ დღეში გამოაცხადებს.

ოფისში ვბრუნდებით, შეხვედრა მაქვს. არადა, ჩვენი თანამშრომლები შეხვედრების ოთახში მეძახიან, ფილმის ჩვენება იწყება და უშენოდ არ ვიწყებთო. დავპირდი, რომ მალე მივიდოდი. უკვე ძალიან გავმრავლდით, 36-ნი ვართ! გადავწყვიტეთ, წელს ინსპექტორის აპარატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე ადამიანი გამოგვეყო და სერტიფიკატებით დაგვეჯილდოებინა. ადამიანს უხარია, როცა მის შრომას და მონდომებას საჯაროდ აღიარებენ ხოლმე, ღონისძიებამ უჩემოდ ჩაიარა, ვერ მოვასწარი შესვლა. არადა, თურმე მეც დამაჯილდოეს. გამეხარდა, აქტიური და გამოწვევებით აღსავსე ორი წელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო წინ გველოდება

ღონისძინებით ყველა კმაყოფილია. საღამოს თამუნასთან ერთად სხვადასხვა თემებს განვიხილავთ. შევაჯამეთ დღე და სამომავლო გეგმები განვსაზღვრეთ.

ძილის წინ წიგნი გადავშალე, მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა მოვახერხე. მალევე ჩამეძინა.

2 ივლისი, ხუთშაბათი

დღის პირველ ნახევარში სასამართლო სხდომა იყო, ხოლო საღამოს ერთ-ერთ მობილურ ოპერატორთან გვქონდა კვლავ შეხვედრა. თითქმის ყველა კომპანიასთან ასე ინდივიდუალურ რეჟიმში ვმუშაობთ. გვესმის, რომ კომერციულ ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესები აქვთ, მაგრამ ამის ხარჯზე მოქალაქეების უფლებები არ უნდა ილახებოდეს. მოკლედ ისევ ბალანსის თემაა. ალბათ, ყველა სამსახურში გიწევს დანის პირზე სიარული, მაგრამ აქ – განსაკუთრებულად.

ჩვენი სამუშაო საათები შვიდის ნახევარზე მთავრდება, მაგრამ, როგორც წესი, ჩემი სამუშაო დღე გვიანობამდე გრძელდება. თუმცა, ეს ისე ბუნებრივად ხდება, ხშირად ვერც კი ვგრძნობ. კარგია, როდესაც საქმის კეთება გსიამოვნებს და აცნობიერებ, რომ შენი ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების მოხდენაში მონაწილეობ. მჯერა, ინსპექტორის აპარატს განვითარებისა და წარმატების დიდი პოტენციალი აქვს.

3 ივლისი, პარასკევი

დღეს სასამართლო განხილვა არ გვაქვს. სამაგიეროდ, აპარატში სხვადასხვა შეხვედრებია დაგეგმილი. საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ. რამდენიმე მნიშვნელოვანია დეტალია, რომლებიც აფერხებს ინსპექტორის აპარატის ეფექტიანობას. გვინდა, აღმოფხვრათ ხარვეზები, მაგრამ, სანამ მთავრობასა და პარლამენტს წარვუდგენთ, გველოდება მსჯელობები და განხილვები. ერთმანეთის ოპონენტები ჩვენ თვითონ ვართ.

საღამოს, ძალიან დატვირთული კვირის შემდეგ, მეგობრები მოვინახულე. მათთან ერთად ხშირად ვუსმენ მუსიკას და განვიხილავ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ვცდილობ, არ გამოვტოვო საინტერესო და, ასევე, ჩემი საყვარელი შემსრულებლების კონცერტები. კონცერტებსა და ფესტივალებზე მიღებული ენერგეტიკული მუხტი დიდხანს მიმყვება ხოლმე.

4 ივლისი, შაბათი

შაბათი დღეც დადგა. მინდა, ეს დღე ჩემს ოჯახს დავუთმო, მაგრამ სამსახურში შევლა მაინც მომიწევს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო მგონია. სრულად ვიზიარებ ამერიკელების მთავარ ღირებულებას, რომ ადამიანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია ღირებული რაღაცების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG