Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდია - პოლიტოლოგი


8 თებერვალი, კვირა

არასდროს გამომდიოდა დღიურების წერა. რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ მალევე დავანებე. მთავარი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ როდესაც საკუთარი რეალობის ქაღალდზე გადატანას იწყებ, ხელოვნურობის, კოსმეტიკის ელემენტი შემოდის. ან დაწერილს ალამაზებ, ჩქმალავ შეუხედავს, ან ცხოვრება კარგავს ბუნებრიობას დაკვირვებისას. არც ის მგონია, სრულიად გულწრფელი და რეალისტური დღიური ოდესმე ყოფილიყო ვინმესთვის საინტერესო... ხომ ამბობდა აკუტაგავა, ცხოვრება ასანთსა ჰგავსო: მისი სერიოზულად აღქმა სისულელეა, არასერიოზულად მიდგომა − საშიში. ჩემს აღქმაშიც იგი, ერთი მხრივ, გაცნობიერებული, სერიოზული პროცესია, მეორე მხრივ − ბუნებრივი, წარმავალი და ილუზორული. ძალზე ძნელია ამ ორი ასპექტის სინთეზის სწავლა და შემდეგ − ქაღალდზე გადატანა. განუსაზღვრელობის პრინციპი, ვფიქრობ, არა მხოლოდ კვანტურ, არამედ ფსიქიკურ სამყაროშიც მოქმედებს. ამიტომ არ ვწერ დღიურებს. იქნებ ამ ეპიზოდური და შეზღუდული ფორმატის ჩანაწერებით ერთი ჩვეულებრივი, თუმც მრავლისმნახველი ადამიანის შესახებ, სხვებს რაღაცით დავეხმარო სირთულეებთან გამკლავებაში... სწორედ ამიტომ ჩემი დღიურები აბსოლუტურად სუბიექტური იქნება და არა რეპორტაჟის სტილით დაწერილი, მაგრამ ამავდროულად − ბუნებრივი და ავთენტური.

საღამოს შევიტყე იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. ბრავო! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებას დიახაც ძალუძს, ნებისმიერი საქმე გამოიძიოს... დაკავებული „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წევრი და მოქმედი პოლიციელია. ვინ იცის, კიდევ რამდენი პოტენციური და ფაქტიური დამნაშავეა სამართალდამცველებში მოკალათებული და როდის გვეყოლება ჭეშმარიტად პროფესიონალი, დეპოლიტიზებული და დეკრიმინალიზებული პოლიცია?

თავისუფლების დღიურები - ცოტნე გამსახურდია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:40 0:00

9 თებერვალი, ორშაბათი

ღამის სამ საათზე დავიწყე არსენი ტარკოვსკის, რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის მამის ლექსის თარგმნა. როგორც წესი, თარგმანს ფეისბუკზე ვდებ ხოლმე ორიგინალთან ერთად − საზოგადოების სამსჯავროზე. ზოგი კი ამბობს, ორიგინალს ჯობსო, მაგრამ არ ვეთანხმები. უბრალოდ, ვეცადე აზრი და მელოდიურობა შემენარჩუნებინა... საერთოდ, ლექსის თარგმნის სპეციფიკა პროზისგან სრულიად განსხვავდება. როგორც ერთი პოეტი ამბობდა, თარგმნა პროზაში არსებობს, ლექსში კი პაექრობააო. მთარგმნელი ახალ ლექსს წერს, ფაქტობრივად. თუმც საკუთარი ლექსი არასდროს დამიწერია... ვნახოთ, ასს რომ მიაღწევს რაოდენობა, ალბათ გამოცემაზეც ვიფიქრებ.

სხვათა შორის, ჩემის აზრით, საუკეთესო თარგმანები ციხეში, ხანგრძლივი შიმშილობის დროს გავაკეთე: როდესაც ცნობიერება სუფთა და აუმღვრეველი იყო. მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა...

მთელი დღეა ათასგვარ რუტინულ და საყოფაცხოვრებო საქმეებზე დავდივარ. აკი ვთქვი, რეპორტაჟული სტილი არ იქნება-მეთქი, მაგრამ მიხოზე ვულგარული ანეკდოტისა არ იყოს, ამ სახლში ყველა საქმე მართლა ჩემი გასაკეთებელია! :) ახლა, საღამოსკენ მოვედი აუზზე. დღეს მძიმე და ინტენსიური ვარჯიში მელის. ვნახოთ, როგორ გავუძლებ. კვირაში სამ-ოთხ დღეს სპორტს ვუთმობ. მესამე წელი დაიწყო, რაც ციხიდან გამოვედი და ჯერ კიდევ არ მეთქმის ჯანმრთელი, მაგრამ, საბედნიეროდ, სერიოზული პროგრესი მაქვს. შეიძლება ითქვას, გამიმართლა რომ ჩვენს განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობდა რეაბილიტაციის ცენტრი, საჭირო ხალხს მივაგენი ბევრი შეცდომის გარეშე. და, რაც ყველაზე საინტერესოა, საჭირო თანმიმდევრობით, რის შესახებაც თავადაც არ მქონდა გაცნობიერებული გეგმა. მიხარია, რომ ორმოც წელს მიღწეულ და მრავლის გამომვლელ კაცს შენარჩუნებული მაქვს აღდგენის უნარი. პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად გონებრივი მდგომარეობა განაპირობებს. ოპტიმიზმი, შეუპოვრობა, სიღრმისეული სიმშვიდე და მიზანდასახულობა ნებისმიერ ბარიერს გადაგალახვინებს.

10 თებერვალი, სამშაბათი

ბორის პასტერნაკის დაბადების დღე ყოფილა დღეს... ნეტში მის ნათარგმნ ტატო ბარათაშვილის ლექსს წავაწყდი: „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“. სიტყვები არ მყოფნის! ვფიქრობ, სჯობს ორიგინალს, სხვათა შორის... იდუმალი, ღრმა და უკუნი სიჩუმე გამოიწვია ჩემში ამ ლექსმა. ვეცდები, არ გაქრეს დღის განმავლობაში. ზეპირად უნდა ვისწავლო აუცილებლად...

საღამოსკენ საავადმყოფოში ვიყავი, სიკვდილის სამეფოში... ლეიკემიით დაავადებული ნონა დარბაიძის სანახავად წავედი მეგობართან ერთად. რა კარგი მეგობარი მყავს, ინესა გელაშვილი: სამი შვილის დედა, წესიერი, განათლებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ოჯახსაც უძღვება და სხვების დასახმარებლადაც ყოველთვის პოულობს დროს. ნეტავ ბევრს ვიცნობდე ასეთს...

ვნახეთ, ადამიანი როგორ ელოდება სიკვდილს − ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ჩვენთან პრაქტიკულად მოუგვარებელია ზრდასრულ ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობის საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო და ე.წ. „სოლიდარობის ფონდი“ მხოლოდ 21 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს აფინანსებს.

ვნახე ადამიანი, რომელიც მორჩილად და უდრტვინველად ელოდება დასასრულს. გამოსავალი არ ჩანს. უბრალო, გაუთვითცნობიერებელი ქალი, რომელიც ჩაიკეტა საკუთარ თავში და ყველაფრის გადაწყვეტა სხვებს გადააბარა... „არ ვიცი“... „ჩემმა დამ იცის“... „ჩემმა ქმარმა იცის“... აი, მისი პასუხები... გამოსავალი მხოლოდ უცხოეთში წასვლა შეიძლება იყოს. შევუგროვებ წასასვლელ თანხას...

აქ ყველაფერი გაყიდეს ბინის ჩათვლით, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ყელში ბურთგაჩხერილი წამოვედი. სამყაროს შევხედე მისი თვალებით. დამშვიდობებისას რომ ვუთხარი, გადარჩები-მეთქი, ცრემლები წამოუვიდა. ნეტავ მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? ადრე ერთი ინგლისელის ფოტო ვნახე, რომელსაც უკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს: წელიწადნახევარი დამრჩა, ეს ციხიდან გათავისუფლებას ჰგავსო. ვფიქრობ, ამასვე ვიტყოდი. მაგრამ ამ გოგოს მდგომარეობამ გული ცრემლით ამივსო. ეს იგივეა, ლიანდაგზე იყო მიბმული და ელოდებოდე, მატარებელი როდის გადაგივლის. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა. ჩემთვის მისი ეს რეაქცია უფრო შემაძრწუნებელი იყო, ვიდრე მისი მდგომარეობა. სპეციალურად ვცდილობ, არ „შევეგუო“ ადამიანის სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მინახავს.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავარჩინო...

11 თებერვალი, ოთხშაბათი

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ ჩემი ფეისბუკ-სტატუსების წიგნად გამოცემა შემომთავაზა. დილიდან ვარჩევ მასალებს. რა თქმა უნდა, მათი თავდაპირველი ფორმა სრულად შენარჩუნდება. რეტროსპექტულად თუ გადავხედავთ, ფეისბუკზე სხვადასხვა კატეგორიის ტექსტებს ვათავსებ: აქ არის ლექსებისა და პატარა მოთხრობების თარგმანები ჩემთვის ცნობილი ენებიდან; სტატუსები მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად, სადაც დიდი სამეგობრო წრის რესურსებს ადამიანების გადასარჩენად მივმართავ; არის პოლიტიკური სატირა და ანალიზი; მოსაზრებები სოციალურ თემებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი მენტალობის ნაკლოვანებათა შესახებ; სტატუსები (მათ შორის კრიტიკულიც) რელიგიურ თემებზე... ალბათ ძნელია, მათ საერთო მნიშვნელი ვუპოვო, მაგრამ თუ იგი მაინც არსებობს, ეს საკუთარი მოკრძალებული გამოცდილების საზოგადოებისათვის გაზიარება და მენტალური პროგრესისათვის ხელშეწყობის სურვილია. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არავითარი პრეტენზია არ მაქვს საბოლოო ჭეშმარიტების ფლობაზე.

საერთოდ, ვერ ვიტან ფანატიზმს და იდეაფიქსებს. სამწუხაროდ, ხშირად მიწევს არანორმატიული ლექსიკის გამოყენებაც: ძირითადად ფანატიკოსების გამოხდომებზე. საინტერესო რამეა დანინგ-კრიუგერის ეფექტი: როცა ყველა ბრიყვს საკუთარი თავი უცდომელ გენიოსად წარმოუდგენია იმიტომ, რომ მისი თვალსაწიერი ალტერნატივას ვერ სწვდება. გონებაში ჩაჭედილი სულელური დოგმების დაცვა პირადი ღირსების საქმედ ექცევათ და მზად არიან, ყელი გამოგჭრან − ჯერ ვირტუალურად, მაგრამ, საუბედუროდ, არც რეალობაში იტყოდნენ უარს. სწორედ ასეთები ასაზრდოებენ ათასი ჯურის მახინჯ პოლიტიკურ თუ რელიგიურ წარმონაქმნებს. სწორედ ასეთების „კეთილი ზრახვებით“ არის მოკირწყლული ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა... ამიტომ თავისუფალი აზრის, დისკუსიის, ზოგადად, სივრცის არსებობა სრულიად აუცილებელი პირობაა ადამიანის და ქვეყნის პროგრესისათვის. ყველგან დიდებული ფენომენია კონკურენცია: სულიერი სფეროთი დაწყებული, ეკონომიკური სივრცით დამთავრებული...

12 თებერვალი, ხუთშაბათი

გარდაიცვალა ნოდარ წულეისკირი − კეთილშობილი, უპრეტენზიო, მაგრამ პრინციპული ადამიანი. ადამიანი, იშვიათი თვისებების მქონე - არადამახასიათებელია თანამედროვე ქართველ მწერალთათვის. საკუთარ წერაქვში დაკრძალავენ ანდერძის თანახმად, ადამიანური დიდებისა და სიყალბისგან შორს. ამ პატარა სოფელმა ადრე საქართველოს მიხეილ ჯავახიშვილი აჩუქა. მსუბუქი იყოს მათთვის ქართული მიწა...

ნოდარის შვილიშვილისგან გავიგე, რომ დიდუბის პანთეონში დაკრძალვაზე ოჯახს უარი უთხრეს, ადგილი აღარ გვაქვსო. არა, ჩინგიზ აიტმატოვს საქართველო რომ ენახა, მანქურთები ვეღარ გააკვირვებდნენ!

ეჰ, ნეტავ რა ბედენაა საფლავი... მამაჩემის გადმოსვენების დროს, როდესაც აჟიოტაჟი და სპეკულაციები დაიწყო დასაფლავების ადგილთან დაკავშირებით, მახსოვს, ვთქვი: რა მნიშვნელობა აქვს, განა საფლავი აქცევს ადამიანს დიდად? განა სიკვდილი ყველას არ ათანასწორებს? რამდენი ეროვნული გმირისა თუ, უბრალოდ, კარგი ადამიანის საფლავი აღარ ვიცით, მაგრამ განა ამით მათ დააკლდათ რაიმე? სახალისოა, როცა ჩვენი სნობები გრანიტით და მარმარილოთი ცდილობენ უკვდავების მოპოვებას. Capitalism forever ;) ფუფუნების და გროტესკისადმი ვნებისგან ზოგი სიკვდილის შემდეგაც ვერ თავისუფლდება. ჩემი ძვირფასი მარტინ ლუთერ კინგის საფლავის ქვაზე წარწერა გამახსენდა: „როგორც იქნა, თავისუფალი ვარ“...

13 თებერვალი, პარასკევი

დღეს პროკურატურაში ვიყავით მე და ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიმართა პროკურატურას საპარლამენტო დროებითი კომისიის მიერ მოკვლეული ახალი ფაქტებისა და გარემოებების გამოძიების და რეაგირების თაობაზე. შარშან ოჯახის წევრებმა ერთობლივად კვლავ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს. შედეგი − ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

წელს, 4 თებერვალს, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ისევ მივმართე მთავარ პროკურორსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან, რომ ამ ქვეყანაში სამართალი იპოვო?! თუ მამაჩემს არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება, ბარემ ესეც მითხრან.

მოკლედ, პროკურატურაში როგორც შევედით, ისე გამოვედით. მიუხედავად მთელი რიგი ფაქტების არსებობისა, რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, ამ ფაქტების არათუ გამოძიება, არამედ ჯეროვნად დაფიქსირება და შეფასებაც არ ხდება საქმეში. გამომძიებლების ბნელმეტყველების მეტი ვერაფერი მოვისმინე... საშინელებაა, როცა სამართლებრივი საკითხები პოლიტიკის მძევლები ხდებიან და, ვფიქრობ, სხვა გზა აღარ არის: მხოლოდ საზოგადოებრივი ჩართულობა, მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა თუ აიძულებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ საკითხზე!

ისევ გამახსენდა საწყალი იური ვაზაგაშვილი: სასოწარკვეთილი რომ გაიძახოდა ყველა კუთხეში, ჩემი შვილის მკვლელები არათუ არ დასაჯეს, დააწინაურესო, მაგრამ კაციშვილმა ყური არ შეიბერტყა, სანამ ეს ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად არ გახდა საჭირო. ხოლო პოლიტიკური საჭიროება საზოგადოების აღშფოთებამ გამოიწვია. ამისთვის მან საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა...

14 თებერვალი, შაბათი

ესეც ასე, დღიურებიც დამთავრდა. დავწერე, როგორც შემეძლო: ბევრი რეცხვის, გაპრიალების და გადასხვაფერების გარეშე. ალბათ, ცოტა მაინც ვიზარმაცე. ყოველთვის არ მქონდა საჭირო გონების მდგომარეობა. ესეც თავისუფლების სამწუხარო გვერდითი ეფექტია, სიმართლენარევი ხუმრობით რომ ვთქვა. :) ახლა ეს ტექსტი ჩემთვის ან სხვისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა რომ ყოფილიყო, ალბათ, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ერთიცაა: ჩვეულებრივ, დღიურის წერისას ფიქრობენ, რომ მას ან ვერასდროს ვერავინ წაიკითხავს, ან მრავალი წლის შემდეგ გაეცნობა შთამომავლობა. მაგრამ ახლა, როდესაც ვიცი, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გონება მაინც აქტუალურ მოვლენებს ანიჭებს უპირატესობას. იმედია, მაპატიებს ამ დღიურების წამკითხველი. არ მაპატიებს და ნუ წაიკითხავს. და, ვინც წაიკითხავს, მას იოსიფ ბროდსკის ჩემეული თარგმანით დავემშვიდობები:

მე შევდიოდი გალიაში, როგორც ცხოველი,
ციხის კედლებზე ამოვკაწრე ჩემი სახელი,
მიყვარდა ზღვის პირს სეირნობა, ბანქოს თამაში,
წვეულებებზე სადილობა კოსტიუმ-შარვალში.
მე დავცქეროდი წუთისოფელს მთის მწვერვალიდან,
ორგზის გამფატრეს, სამგზის ლამის სული ამომხდა,
მე მომიწია გაძევებამ მშობელ ქვეყნიდან,
როდესაც ჩემი გასაგისიც არვის ახსოვდა...
ყურთ ჩამესმოდა გარდასულთა ჰუნთა ყივილი,
როცა ქოხმახებს ვაშენებდი მინდორში ტრიალ,
და ამოკემსილ ძველმანებში გამოწყობილი
არას ვნატრობდი ალბათ ქვეყნად წყალზე ძალიან.
მე ჩემს სიზმრებში შემოვუშვი მზერა ბადრაგის,
ბოლო წვეთამდე შევსვი დევნის მწარე ფიალა,
არ დამიწყია არასოდეს გმინვა, ღრიალი,
ეხლა ვჩურჩულებ. ორმოცის ვარ, ოცის კი არა...
აბა რა გითხრათ? ცხოვრების გზა გამოდგა გრძელი;
მხოლოდ სიმწარე გახდა ჩემი თანაზიარი.
მაგრამ სანამდის გამივსებდნენ მიწით ბაგეებს,
მათგან გაისმის მხოლოდ სიტყვა სამადლობელი!

XS
SM
MD
LG