Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ქურდიანის სამოქალაქო პოეზია


მიხეილ ქურდიანი სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო: ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მათემატიკოსი, ენციკლოპედიური განათლების ადამიანი და, ამავე დროს, ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრების მთელ გზაზე პოეზია რეფლექსიისა და თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენდა. მეცნიერება და პოეზია მასში ერთმანეთს ავსებდა, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ეხმარებოდა კიდეც. მიხეილ ქურდიანი 4 წლის წინ გარდაიცვალა. წელს იგი 60 წლის იქნებოდა. მას უთვალავი სამეცნიერო შრომა აქვს დაწერილი და გამოქვეყნებული, თუმცა სიცოცხლეში მხოლოდ ორი პატარა პოეტური კრებული გამოსცა, მისმა პოეტურმა ტექსტებმა კი ყველაზე სრულად შარშან, გამომცემლობა „საუნჯის“ მიერ გამოცემულ კრებულში - „მარადიული სრბოლის ხმაურში...“ - მოიყარა თავი.

სანამ უშუალოდ კრებულზე გადავალთ, კარგი იქნება, თუკი ორიოდე შტრიხით მიხეილ ქურდიანის პორტრეტს მოვხაზავთ. ჩვენ ეს ვთხოვეთ კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს და პოეტ გიორგი კეკელიძეს, რომელთაც მასთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებდათ.

ლევან ბრეგაძე: “მრავალმა თვისებამ განაპირობა მიხეილ ქურდიანის უნიკალურობა და ამ თვისებებს შორის ერთ-ერთი იყო სიტყვის არაჩვეულებრივი გრძნობა, სალექსო სტრიქონის ფლობა, საერთოდ, სიყვარული პოეზიისა - ცხადია, აქედან იწყება ყველაფერი - და ცოდნა პოეზიისა: ქართული პოეზიის, რუსული პოეზიის, ინგლისურენოვანი პოეზიის... როდესაც ლექსთმცოდნეობის იმ რანგის სპეციალისტი ხარ, რომელთანაც საკონსულტაციოდ სხვა ქვეყნებიდან, ევროპიდანაც ჩამოდიან სპეციალისტები, ცოდნის ამ მარაგით აღჭურვილმა ადამიანმა როგორი ლექსები შეიძლება დაწეროს? ცოდნის ამ დონეზე იწყებ თამაშს სიტყვებით, ფორმებით, აზრებით. და იუმორი, რაც მთავარია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არაჩვეულებრივი იუმორის ნიჭით იყო იგი დაჯილდოებული და ეს იუმორი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანდა და, ცხადია, მის პოეზიაშიც. ერთი წერილი მაქვს მასზე გამოქვეყნებული, მისი გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც დავარქვი „ბანალურობის მტერი“. ბანალურად მას მისალმებაც კი არ შეეძლო, ხალისი შეჰქონდა ყველგან”.

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: “მიშა ქურდიანი იყო ჩემი მასწავლებელი, ამ სიტყვის ფართო გაგებით, და მე ვფიქრობ, რომ დღემდე, რაღაც თვალსაზრისით, მასთან ვალში ვარ, იმიტომ რომ ბევრი რამ გაუკეთებია ჩემთვის, როგორც უშუალოდ მასწავლებელს და ლექტორს, ასევე ადამიანს და, შესაბამისად, შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ, ამ აზრით, მე სუბიექტური ვიყო, მაგრამ მე მგონია, რომ მიშა ქურდიანი, თუკი დღეს ვსაუბრობთ მის პოეზიაზე, ნამდვილად იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი იმ პერიოდის, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე დიდწილად იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელსაც ბევრი პროფესია აქვს, რაღაცები საზოგადოების თვალში გადადის უკანა ფლანგზე და ის ძნელად იყო შემჩნეული ფართო ლიტერატურული წრიდან. თუმცა მას ჰყავდა საკუთარი გულშემატკივარი, საკმაოდ კვალიფიციური. მიხეილ ქურდიანის პოეზია არის ნოვაციური. განსაკუთრებით ეს ითქმის მის ბოლო ლექსებზე. ის საოცარი ოსტატობით ახერხებდა ისეთი რთული და რომანტიკული პოეზიის მოყვარულთათვის საჩოთირო ტერმინების, როგორიცაა ინტერნეტტერმინები, ტექნიკური ტერმინები, შემოტანას ლექსში, და ძალიან კარგი იქნება, თუ სხვადასხვა მკვლევარი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს ამ მიმართულებით, წინა პლანზე წამოsწევს ამ ლექსებს და შეიტანენ მათ ანთოლოგიებში. როგორც წესი, ამ თვალსაზრისით ის საოცრად დაჩაგრული იყო”.

ზემოხსენებულ წიგნში პირველად თვალნათლივ გამოჩნდა მიხეილ ქურდიანის, როგორც პოეტის, ყველა ეტაპი, მისი ძიებები და ესთეტიკური პრინციპები. წიგნი ხუთ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი, „ჭაბუკური ვნებანი“, 1966-71 წლის პერიოდს მოიცავს და პოეტური ხელწერის შემუშავების პროცესში გალაკტიონის გავლენები იგრძნობა. მეორე, „ბუხარის ღამე (აღმოსავლური ციკლი)“ ,უზბეკეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებების ქვეშაა დაწერილი და აქ უკვე სპარსული პოეზიის ესთეტიკის შემოტანით ცდილობს ავტორი სათქმელის ყალიბში მოქცევას. მესამე, „სეზანის სეზონი“, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხია და აქ უკვე მიხეილ ქურდიანი ექსპერიმენტირებას იწყებს სულ სხვადასხვა მიმართულებებით. აქ შეგხვდებათ გრაფიკული ექსპერიმენტებიც, მინიმალისტური ლექსებიც და წმინდა წყლის კონცეპტუალური პოეზიაც. ასეთია ლექსი „მეწამულით მოწამლული“, რომელსაც თავად ავტორი ანტიპოემას არქმევს, ქვესათაურით „ბერტოლდ ბრეხტთან ემიგრაციაში“.

გამოსაცემი არის არაჩვეულებრივი ნაშრომი მიშასი, პირველი დისერტაცია, რომელიც მან დაწერა ქართულ მოდერნიზმზე და ავანგარდიზმზე. ეს არის ძალიან სასარგებლო ყველასთვის. ჰქონდა მას არაჩვეულებრივი ეპიგრამები...
ლევან ბრეგაძე

გაუცხოების ეფექტს იგი აღწევს იმით, რომ პოეზიას ამსგავსებს ხან მანქანას, ხან მგელს, ხან ხარს, ვინაიდან პოეზიას და მათ წითელ ფერზე ერთი და იგივე რეაქცია აქვთ. მაგალითად: „ხარი და პოეზია / გვანან ერთმანეთს / წითელი ფერის დანახვისას / ორივე ცოფდება“. მერე კი ასეთი მინაწერები იწყება: „თანამედროვე პოეტები დალტონიკებია / წითელი მწვანედ ეჩვენებათ“. „ფუტურისტებიც / დალტონიკები იყვნენ / სემაფორის წითელ შუქს უყურებდნენ / და გზა ხსნილი ეგონათ“. ეს ყველაფერი კი ფიზიკური ფორმულით სრულდება, დოპლერის ეფექტს რომ აღწერს ოპტიკაში.

წიგნის მეოთხე ნაწილში ქურდიანი ექსპერიმენტირებას განაგრძობს. აქაა ირონიულ-პაროდიულ სტილში დაწერილი ლექსები, რომელთაგანაც ერთi ამ სტილის ერთ-ერთ დამამკვიდრებელს, ტარიელ ჭანტურიას, ეძღვნება. აქვეა პოემა „მეოცე საუკუნის სახელით“, რომელიც მის სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს. ესაა სამოქალაქო პოეზიის ფენომენზე დაწერილი ტექსტი, რომელშიც მკაფიოდაა გამოკვეთილი უშუალოდ ავტორის პოზიციაც. ქურდიანი პოემას გრაფიკულად მაიაკოვსკისებურ ფორმას აძლევს და მთელი პოემაც მაიაკოვსკისთან გაბაასება, მისი პრობლემატიკის დღევანდელობის ჭრილში დანახვა და მოსინჯვაა. ქურდიანი ახერხებს მაიაკოვსკივით დაძაგრული და შთამბეჭდავი მეტაფორებით გაძეძგილი სტრიქონების ჭედვას. ამ პოემის ნებისმიერი ფრაგმენტი ციტატად გამოდგება და ამიტომ მე საშინლად გამიჭირდა არჩევანის გაკეთება იმის საჩვენებლად, თუ როგორ წერს და აზროვნებს მიხეილ ქურდიანი აქ. აი, ვთქვათ: „ბევრი პოეტი თავს თვლის დროის გამომსახველად / აბა რა გითხრათ - დრო მათ საათის მნიშვნელობით ესმით, როგორც ჩანს. / ხოლო საათში სხვა დეტალებზე უფრო მეტად მოსწონთ ქანქარა... / ბაძავენ კიდეც, ქანაობენ მარცხნიდან - მარჯვნივ.“ საერთოდ, ხელოვანის უპოზიციობა, კონფორმულობა პოემის მთავარი თემაა. 80-იანი წლების დასაწყისში დაწერილი ეს ტექსტი იმ პერიოდის საქართველოზე ღია სიმართლეს ლაპარაკობს და ქართული სამოქალაქო პოეზიის იშვიათ ნიმუშად დარჩება.

ერთ ადგილას მიხეილ ქურდიანს სამშობლო სამ შაბლონთან აქვს გარითმული. მაგრამ ასეთი ორიგინალური რითმის მოძებნა მას მაინც არ აკმაყოფილებს იდეურად და ერთ ლექსში იგი წერს: „ თუ მოვინდომე, / ყველაფერს შევძლებ, / მეტრ იპოლიტ ტენს / გავურითმავ მეტროპოლიტენს, მაგრამ, / ღმერთო, / გთხოვ მოწყალებას: / შვილებისათვის დაწერილ ლექსში / გამარითმინე / სამშობლო და თავისუფლება“. აი, რას ამბობს ლევან ბრეგაძე ამ ლექსზე:

ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე

“პირველად პოეტმა და მქარგავმა ბეატა აბშილავამ ამოქარგა ეს ლექსი ქსოვილზე და ნაქარგების გამოფენაზე გამოიტანა. აი, ამ ფორმით გამოქვეყნდა ის პირველად, ხოლო მეორედ 90-იან წლებში მე გამოვიყენე ის სტატიაში, როცა ვადარებდი რატი ამაღლობელის ლექსს და ორივე ლექსი არის მეტატექსტი არარსებულ ტექსტზე. ტექსტზე, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მერე უნდა დაიწეროს. ასეთი უცნაურობები პოსტმოდერნს ახასიათებს”.

წიგნის ბოლო ნაწილში მეუღლისადმი გაგზავნილი სატრფიალო წერილებია წარმოდგენილი, რომელიც მიხეილ ქურდიანის სათუთ შინაგან ბუნებას გვაჩვენებს. მთლიანობაში, „მარადიული სრბოლის ხმაურში...“ მიხეილ ქურდიანის პოეტურ დანატოვარს ჯერჯერობით ყველაზე სრულად წარმოაჩენს, მაგრამ მისი არქივიდან ბევრი რამ ჯერ კიდევ მზის გულზეა გამოსატანი. მოვუსმინოთ ისევ ლევან ბრეგაძეს:

“გამოსაცემი არის არაჩვეულებრივი ნაშრომი მიშასი, პირველი დისერტაცია, რომელიც მან დაწერა ქართულ მოდერნიზმზე და ავანგარდიზმზე. ეს არის ძალიან სასარგებლო ყველასთვის. ჰქონდა მას არაჩვეულებრივი ეპიგრამები. ნიჭი ძალიან მკაფიოდ ჩანს ამ უძველეს და არაჩვეულებრივ ჟანრში. ამ ეპიგრამებს ისე ფანტავდა ის ზეპირად, ხანდახან დაწერდა და უჩუქებია ჩემთვის და მაქვს მე მისი ნაჩუქარი, მისივე ხელით დაწერილი ეპიგრამები, რომლებიც, ალბათ, დადგება დრო და გამოქვეყნდება - ეს მწვავე, ძალიან კრიტიკული ეპიგრამებია, შეიძლება დღეს მათი გამოქვეყნება ცოტა ნაადრევიც იყოს”.

„მცირერიცხოვან ერის პოეტს ვინ მისცა ნება, / რომ არ იყოს თანამედროვე“, - ამბობს იგი ერთგან. შეიძლება ითქვას, ეს მისი ცხოვრების კრედო იყო, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ის საქართველოსთვის მუდამ თანამედროვე იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება.

XS
SM
MD
LG