Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ ხარბედიას წითელი ფანქარი


დღეს ვისაუბრებთ მალხაზ ხარბედიას კრიტიკული წერილების კრებულზე - „ტექსტი და სიმართლე“. იგი გამომცემლობა „აზრმა“ გამოსცა შარშან. წესით, ჩემთვის ამ წიგნზე საუბარი ძალიან იოლი უნდა იყოს, იმიტომ რომ ბოლომდე ვგრძნობ და ვიცი, როგორ იწერებოდა ეს წიგნი. ის პოზიციები, სადაც ავტორი იდგა და საიდანაც რაღაც რაკურსებით ხედავდა ქართულ თუ საერთოდ, მსოფლიო ლიტერატურას, ჩემთვისაც ორგანულია. პირველი, ესაა რედაქტორის მრავალწლიანი გამოცდილება: როდესაც ორი ათეული წლის განმავლობაში საკუთარ თავში ატარებ უთვალავ ტექსტს, აქედან აისბერგის ზედა ნაწილივით რაღაცას დაბეჭდვის ვიზას აძლევ, უფრო მეტს - იწუნებ, მაგრამ რაც მთავარია, განუწყვეტლივ კითხულობ ახლად შექმნილ ნაწარმოებებს და ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს ხედავ არა მხოლოდ როგორც ჩვეულებრივი მკითხველი ან თუნდაც კრიტიკოსი, რომელიც მხოლოდ გამოქვეყნებული ნაწარმოებებით აფასებს სიტუაციას, არამედ ხედავ იმ ფარულ დინებებსაც თუ ჭაობებსაც, რაც ყოველივე ამის მიღმაა. მერწმუნეთ, რედაქტორის ყოველდღიური რუტინიდან დანახული და დაწერილი კრიტიკა სულ სხვაა. მეორე პოზიცია, რომელიც ჩემთვის ასევე ორგანულია, ესაა თუ შეიძლება ასე ითქვას, „ჟურნალისტური კრიტიკა“. რადიო თავისუფლების რუბრიკა „ბიბლიოთეკას“ დღემდე ოთხი ავტორი ჰყავდა: დათო პაიჭაძე, მალხაზ ხარბედია, გიორგი ლობჟანიძე და ამჯერად თქვენი მონა-მორჩილი. ამიტომ მშვენივრად ვიცი, თუ რას ნიშნავს, ყოველ კვირა წაიკითხო ერთი წიგნი, კონცენტრირება გააკეთო მასზე, გააანალიზო და ლაკონურად გადმოსცე შენი დამოკიდებულება ამ წიგნისადმი. ეს სულ სხვა ტემპორიტმია, სულ სხვა რაკურსია, არ ჰგავს იმ მდგომარეობას, როცა ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის კალაპოტში მყოფი მისდევ აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხის ტექსტების მღვრიე დინებას და ეს უწყვეტი დინება ხანდახან რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფენომენებზე აქცენტის დასმის სურვილს გიჩენს. ერთი სიტყვით, ესაა წიგნი ავტორის, რომელიც სხვადასხვა პოზიციიდან აკვირდებოდა ლიტერატურულ ცხოვრებას და მისი ეს გამოცდილებები ამ წიგნში კარგად იგრძნობა.

მალხაზ ხარბედიას „ტექსტი და სიმართლე“-ზე სასაუბროდ მოვიწვიეთ პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი.

ნუგზარ ზაზანაშვილი
ნუგზარ ზაზანაშვილი

ნუგზარ ზაზანაშვილი: „პირველი პანორამული წიგნი არის, რომელშიც ქართული თანამედროვე ლიტერატურული პროცესის დიდი ნაწილია ასახული. თან ნიჭიერი მწერალია, მალხაზი არის შესანიშნავი მწერალი და ბოლოს და ბოლოს რა არის კრიტიკა? - ეს არის მწერლობა მწერლობის შესახებ, და რაც უფრო ნიჭიერადაა ეს გადმოცემული და რაც უფრო სიღრმისეული პლასტებია განხილული, მით უფრო საინტერესოა ის. აქ არის პოლიტიკა: დაწყებულია ისეთი საკითხებიდან, როგორიცაა ნამდვილი, რასაც ქვია, ლიტერატურის პოლიტიკა - სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ასევე სწავლების დონეზე, მეორე მხრივ საგამომცემლო საქმიანობებიც არის მიმოხილული, და მთელი რიგი, რაც კი განშტოებები აქვს პროცესს, ფაქტობრივად ყველაფერი არის მოცული. ეს არის შესავალი ნაწილი ამ წიგნისა და შემდეგ უკვე „დაკვირვებები პროზაზე“, „დაკვირვებები პოეზიაზე“ და ბოლოს თარგმნილი ლიტერატურით ამთავრებს, ანუ უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ, აქ რამდენი ავტორი არის განხილული, ეს თავისთავად უკვე უზარმაზარ ფართო პანორამას ქმნის“.

მე ვიტყოდი, რომ მალხაზ ხარბედიას ამ საქმეში არ უყვარს სუბიექტივიზმი. იმ ტიპის სუბიექტივიზმი, რითიც ხშირად წერენ მწერლები ერთმანეთის შესახებ და ხანდახან ასეთი დამოკიდებულება ძალიან სწორიცაა, რადგან არცთუ იშვიათად სწორედ სუბიექტივიზმი აღმოჩნდება ხოლმე ის იარაღი, რომლითაც კოლეგა მწერლები ახერხებენ ერთმანეთის მხატვრულ სივრცეებში შეღწევას. და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნუგზარ ზაზანაშვილმა აღნიშნა, მალხაზ ხარბედია არის ნიჭიერი მწერალი, იგი მაინც ერიდება ამ მეთოდს, თუმცა კი ძალიან კარგად გრძნობს, როცა ამის საჭიროება დგება და უცებ სუბიექტივისტურ, ემოციურ პასაჟებსაც უშვებს ხოლმე. წიგნის პირველ ნაწილში არის წერილი „კრიტიკის დაბადება“, საიდანაც შესანიშნავად ჩანს მალხაზ ხარბედიას დამოკიდებულება კრიტიკისადმი, ტექსტის აღქმისა და მასზე რეაგირების ის წესები, რომლებიც მასში, როგორც კრიტიკოსში, პრინციპულადაა გამჯდარი. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიტიკაში „ერთმანეთს უნდა შეერწყას მეთოდოლოგიური სიმკაცრე და რეფლექსიური მიუკერძოებლობა“. არადა, მისი აზრით აქ ყველაფერი პირიქით ხდება: „თანამედროვე კრიტიკა ხომ არსებითად კაფიობაა, სადაც მხოლოდ ორი მხარე ჩანს. კრიტიკა ჩვენში ხომ მხოლოდ სახელდახელოა, კრიტიკა წაკითხვის გარეშე, ე.წ. ჭორ-კრიტიკა.“

როდესაც აკრიტიკებს მალხაზ ხარბედია რამეს, იქვე თავის ხედვასაც გაძლევს, ანუ ეს უბრალოდ კრიტიკა კრიტიკისთვის კი არ არის, ეს არის გზების ძიება, რომ პროცესს ხელი შეეწყოს, გაცოცხლდეს, მეტი ყურადღება მიექცეს მას...
ნუგზარ ზაზანაშვილი

როგორია მალხაზ ხარბედია, როგორც კრიტიკოსი? ამაზე საუბარს ნუგზარ ზაზანაშვილი აგრძელებს.

ნუგზარ ზაზანაშვილი: „ერთი რომ, რა თქმა უნდა, რეგულარულობა. არაფერში არ გვახასიათებს რეგულარულობა, მით უმეტეს ლიტერატურული კრიტიკის თუ ლიტმცოდნეობის მიმართულებით. და აქ ძალიან დიდი როლი, რა თქმა უნდა, რადიო თავისუფლებამ შეასრულა. ამან სტილისტურ მომენტებზეც იმოქმედა: აქ ბლოგური კრიტიკაც არის, მოკლე, კვინტესენციური, და რაც მთავარია, ღიად წერს ის, გულწრფელად აკრიტიკებს ცალკეული ნაწარმოებები იქნება თუ პროცესუალური საკითხები. სადღაც წერს ის წიგნში: ზოგიერთი მწერალი ისე იწყებს წერას, რომ ლიტერატურის შეყვარებას ვერ ასწრებსო. ძალიან მენიშნა ეს ფრაზა, იმიტომ რომ ეს წიგნი არის, ყველაფერი დანარჩენის გარდა, ლიტერატურაზე დიდად შეყვარებული, ნიჭიერი მწერლის წიგნი. მთავარი მგონი ზუსტად ეს არის, რომ ამ ადამიანს რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ლიტერატურის მიმართ და მერე ასეთი დამოკიდებულება ზუსტად განსაზღვრავს გახსნილობას წიგნისას. ქვეტექსტების წიგნი არ არის. ბევრ რამეს ამოიკითხავ სტრიქონებს შორისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უზარმაზარ საკითხებზე არის საუბარი, მაგრამ არსებითად ეს არის გულწრფელი, ემოციური ხანდახან... სწორედ ასეთი უნდა იყოს - ნამდვილი კრიტიკა ემოციურიც უნდა იყოს. და მერე, როდესაც აკრიტიკებს მალხაზ ხარბედია რამეს, იქვე თავის ხედვასაც გაძლევს, ანუ ეს უბრალოდ კრიტიკა კრიტიკისთვის კი არ არის, ეს არის გზების ძიება, რომ პროცესს ხელი შეეწყოს, გაცოცხლდეს, მეტი ყურადღება მიექცეს მას... აი, ასეთი ნიშანსვეტია ეს წიგნი, რომელიც ასახავს ამ ეპოქას და თან ნიშანსვეტია თავისთავად ლიტერატურული კრიტიკის სფეროში. ჩემი აზრით, ეს დიდად მასტიმულირებელი უნდა იყოს ახალგაზრდა თაობის კრიტიკოსებისთვის, ვინც მოდის, და გამოჩნდნენ, 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც შემოდიან ამ სფეროში - მათთვისაც ეს უზარმაზარი მოტივაციაა. ანუ მომავლის ფორმირებაზეც უნდა იყოს ორიენტირებული ლიტერატურული კრიტიკა თავისთავად და ზუსტად ესეც არის აქ“.

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია

აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მალხაზ ხარბედიას უყვარს განსახილველი ტექსტების მეთოდოლოგიური, კონცეპტუალური ანალიზი, მეორე მხრივ, ის ხშირად საჭიროდ თვლის, წითელი ფანქარი აიღოს ხოლმე ხელში და პოეტის, პროზაიკოსის თუ მთარგმნელის კონკრეტული შეცდომები გახაზოს. და ეს კეთდება არა „ჩასაფრებულის“ პოზიციიდან (ერთგან იგი ამბობს კიდეც, რომ არ უყვარს ჩასაფრებულობა), არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთჯერად შეცდომასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ ეს შეცდომები სიმპტომატურია და ამიტომ თუ ავტორს ან გამომცემელს ამაზე მკაცრად არ მიანიშნებ, ყოველივე ეს გაგრძელდება და გაგრძელდება.

ერთი სიტყვით, ესაა წიგნი, რომელშიც ავტორი ლიტერატურის პოლიტიკით დაწყებული, კონკრეტული ტექსტების კონკრეტული სისუსტეების ჩვენებით დამთავრებული, ძალიან ბევრი ისეთი რამის მონიშვნას ახერხებს, რასაც ქართველმა ლიტერატორებმა საჭიროა ყურადღება მიაპყრონ.

XS
SM
MD
LG