Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშინ, როცა სწავლა გმირობაა


ადამიანები სწავლობენ და სწავლობენ ძალიან ბევრს. მერე უკვე, ძალიან ბევრი თუ იციან თავის სფეროში, შეიძლება რაღაც გარღვევაც მოახდინონ, ახალი აღმოაჩინონ და, სულ ბოლოს, შეიძლება ნობელის პრემიაც მიიღონ. შარშან კი ცოტა სხვანაირი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან სიმბოლური და მართალი რამ მოხდა: მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა 17 წლის გოგონას, რომელსაც ყველა და ყველაფერი, პატარაობიდან მოყოლებული, ხელს უშლიდა იმაში, რომ განათლება მიეღო, ის კი არაფერს ეპუებოდა და მაინც სწავლობდა. ამის გამო მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაც კი დადგა, რადგან თალიბანმა მისი მოკვლა სცადა. ეს გოგონა, მალალა იუსაფზაი, პაკისტანიდანაა, სვატის მხარიდან, რომელიც ამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და სადაც პუშტუნები ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ექიმებმა მისი სიცოცხლე სიკვდილს ხელიდან გამოჰგლიჯეს, მან ბრიტანელ ჟურნალისტ ქრისტინა ლემთან ერთად დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი "მე ვარ მალალა". ეს წიგნი უკვე ბევრ ენაზეა თარგმნილი და წელს იგი ქართულადაც გამოსცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ". მთარგმნელები არიან ლიკა ჩაფიძე და ნიკა სამუშია. ამ წიგნზე საუბარი ვთხოვეთ მწერალ სალომე ბენიძეს.

სალომე ბენიძე: ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, როგორც ქალთა უფლებებზე მომუშავე ადამიანს, ამ წიგნის ქართულად გამოცემა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ, როცა ვკითხულობთ წიგნებს ან ვუყურებთ ფილმებს, რომლებიც შორეულ ქვეყნებს ეხება, ხშირად გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი არც ისე შორეული პრობლემაა და სინამდვილეში ჩვენს საზოგადოებაშიც დგას ბევრი მსგავსი პრობლემა.

მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი

საქართველოში ყოველწლიურად უამრავი გოგონა ვერ ამთავრებს სკოლას ადრეული ქორწინებების გამო. ეს მაჩვენებელი არის საკმაოდ დიდი და საგანგაშო. ანებებენ თავს სწავლას, სხდებიან სახლში, აჩენენ შვილებს და შემდეგ მათთვის სწავლის გაგრძელება არის შეუძლებელი. და, როგორც წესი, ასეთი ქალები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე ძალადობის მსხვერპლნი. მალალა მართლა ძალიან საინტერესო მოვლენაა მსოფლიოსთვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი გოგონა იქცა გმირად, იქცა სახედ, იქცა ადამიანად, რომელიც გაიცნო ყველამ და რომელიც გახდა მისაბაძი ბევრისთვის. მალალა იქცა იმედად ბევრი გოგონასთვის მსოფლიოში, რომ მას თავადაც შეუძლია გადალახოს ყველა ის წინააღმდეგობა, რომელსაც ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, რეჟიმის, კულტურის, ოჯახის თუ სხვა გარემოებების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყდებიან გოგონები. ერთი გოგონას პრობლემიდან მალალას ისტორია გადაიზარდა გლობალურ კამპანიაში, რომელიც დღეს უამრავ ადამიანს აერთიანებს. საკმაოდ ცნობილი ხალხია ჩართული ამ მოძრაობაში. ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, რომ მალალამ აღმოსავლელი გოგონების ხმა შეუერთა იმ უზარმაზარ კამპანიას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებენ ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად.

წიგნი ხუთი თავისგან შედგება, მაგრამ, ფაქტობრივად, მასში სამი ეტაპია აღწერილი: ცხოვრება თალიბანის მოსვლამდე, თალიბანის მოსვლის შემდეგ და ცხოვრება უცხოეთში, დაჭრის შემდეგ. ის მძიმე სურათი, თუ რა ხდებოდა თალიბანის მოსვლამდე, კარგად აჩვენებს ყველა იმ სიმპტომს, რომელთა გამოც თალიბანის მოსვლის და გაბატონების პროცესი შეუქცევადი და კანონზომიერი ხდება. და ეს ხდება იმ მხარეში, რომელსაც ღმერთმა ყველა სიკეთე მიმადლა: აქ მდინარეები და ნაკადულები მორაკრაკებენ, აქ ყველგან ნაყოფით დახუნძლული ხეხილის ბაღებია, აქ ყველაფერი თვალწარმტაცია და აქ, წესით, ადამიანი ბედნიერად და ლაღად უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ადამიანის გამრუდებული და მახინჯი ცნობიერება აქ ყველაფერს ზღუდავს და სულს უხუთავს, რელიგიური ფანატიზმი ყველაფერს თავის ულმობელ რეჟიმს უწესებს, ტრადიციები ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს მისაღებს და ლეგალურს ხდის, თავაშვებული ჩინოვნიკები ცდილობენ ბოლომდე გამოსწოვონ სისხლი მოსახლეობას და მხარე, რომელსაც სამოთხეს უწოდებენ, ნელ-ნელა ჯოჯოხეთად იქცევა.

მალალას მამა არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რა შეუძლია გააკეთოს თითოეულმა კაცმა ქალების გასაძლიერებლად. მალალას მამა, ეს განათლებული და შესანიშნავი ადამიანი, სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ასე აძლიერებდა თავის გოგონას ამდენი ხნის განმავლობაში...
სალომე ბენიძე

ამ მძიმე სურათის ფონზე მხოლოდ რამდენიმე ნათელი წერტილი ჩანს და მალალას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მისი მამა ზიაუდინია. ის ვერანაირად ვერ ეგუება ასეთ შეზღუდვებს, მისი იდეალი განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია და ამიტომ მისი ოცნებაა ჰქონდეს საკუთარი სკოლა. ზიაუდინს უწევს გადალახოს უამრავი ბარიერი, ებრძოლოს რელიგიურ ფანატიკოსებს, ებრძოლოს კორუმპირებულ ხელისუფლებას, ხშირ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ვარდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღწევს თავის მიზანს, აარსებს სკოლას, აფართოებს მას. ერთდროულად დირექტორიცაა, ბუღალტერიც, იატაკსაც გვის, კედლებსაც ათეთრებს, საპირფარეშოსაც ალაგებს და ელექტროგაყვანილობის ბოძებზეც დაძვრება. სკოლის დირექტორთა ასოციაციასაც უდგება სათავეში და ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ სკოლის მფლობელობა დანაშაული კი არა, ყველაზე საჭირო საქმეა და ამიტომ არაფრით არ უნდა მისცენ ის ქრთამები ჩინოვნიკებს, რომლებსაც ისინი მათგან ითხოვენ. ზიაუდინი არის მაგალითი მალალასთვის, მამის პრინციპულობა მისთვისაც სისხლხორცეული ხდება, ბავშვობიდანვე უჩნდება მას სწავლის წყურვილი და მამამისი ამაში სულ მუდამ გვერდით უდგას.

მოვუსმინოთ კვლავ სალომე ბენიძეს:

გაეროს აქვს ასეთი ძალიან საინტერესო კამპანია - He for She, ანუ ქართულად რომ მოვარგოთ, მამაკაცები ქალებისთვის. მალალას მამა არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რა შეუძლია გააკეთოს თითოეულმა კაცმა ქალების გასაძლიერებლად. მალალას მამა, ეს განათლებული და შესანიშნავი ადამიანი, სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ასე აძლიერებდა თავის გოგონას ამდენი ხნის განმავლობაში და მის გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდა მალალას ამ ყველაფრის მიღწევა, არის არაჩვეულებრივი როლ-მოდელი იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მამამ, თითოეულმა კაცმა, რომ მის გვერდით მყოფი და მისი ყველაზე ახლო ქალები და გოგონები იყვნენ წარმატებულები, რეალიზებულები და, შესაბამისად, საზოგადოებაც, სადაც ისინი ცხოვრობენ, იყოს უფრო ბედნიერი და უფრო წინ წასული.

ამ წიგნში არის ბევრი ძალიან საინტერესო მომენტი პოლიტიკასთან და რელიგიასთან კავშირში. მე ვფიქრობ, რომ დაკვირვებულ მკითხველს ნამდვილად არ გაუჭირდება რაღაც პარალელების გავლება ჩვენს სინამდვილესთან...
სალომე ბენიძე

მერე კი იწყება კოშმარი, რაც თალიბანს თავის შემოსვლასთან ერთად მოაქვს. ეს შემოსვლა აგიტაცია-პროპაგანდით, ტვინების გამორეცხვით იწყება. სვატის მხარეში თალიბანის მთავარი იდეოლოგი, ფაზლულა, თავის რადიოს აარსებს და უამრავ მომხრესაც იჩენს. მერე კი, იარაღით ხელში, თავის სულის შემხუთავ კანონებსაც ამყარებს. წესებიდან ოდნავი გადაცდენაც კი უკვე სიკვდილის მომტანია. თუკი ქალი ბურკით არ შეიმოსება და ისე გამოვა გარეთ, შეიძლება მოკლან. რადგან ფაზლულა ამბობს, რომ ცეკვა ცოდვაა, ამიტომ მოცეკვავე გოგონას კლავენ. ადამიანის სიცოცხლეს ფასი საბოლოოდ ეკარგება. ყველგან გვამები ყრია, თალიბანის აზრით, ცოდვილი ადამიანების. ამ დროს კრძალავს ფაზლულა გოგონების სკოლაში სიარულს, მაგრამ ზიაუდინი, მალალა და მალალას რამდენიმე თანაკლასელი არ ემორჩილებიან ამ ბრძანებას და რაღაც ფარული თუ ნახევრად ფარული ფორმებით მაინც აგრძელებენ სწავლას.

და, რაც მთავარია, თანდათანობით მალალა თავისი უფლებების, გოგონათა უფლებების, სწავლის უფლების დამცველიც ხდება. ფსევდონიმის ქვეშ აწარმოებს დღიურს "ბი-ბი-სი"-ს ბლოგზე, იძლევა ინტერვიუებს, გამოდის სიტყვით სხვადასხვა ადგილზე.

რაღაც მომენტში ყველანი დევნილები ხდებიან - მაშინ, როცა არმია შედის სვატში და ებრძვის თალიბანს. მაგრამ ძალიან ბევრ მომენტში ჩანს არმიის გაუკუღმართებული სახე. ის თალიბანთან ფარულ გარიგებებს აწარმოებს, ზოგჯერ მასთან შეთანხმებულადაც კი მოქმედებს. არმია და თალიბანი ერთი მონეტის ორი მხარეა და ამ ორ ძალას შორის მოქცეულ მოსახლეობას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების იმედი საბოლოოდ ეკარგება. სწორედ ამ სიტუაციაში ესხმის თავს ერთ-ერთი თალიბანელი სკოლაში მიმავალ მალალას.

სალომე ბენიძე
სალომე ბენიძე

მოვუსმინოთ კვლავ სალომე ბენიძეს:

ამ წიგნში არის ბევრი ძალიან საინტერესო მომენტი პოლიტიკასთან და რელიგიასთან კავშირში. მე ვფიქრობ, რომ დაკვირვებულ მკითხველს ნამდვილად არ გაუჭირდება რაღაც პარალელების გავლება ჩვენს სინამდვილესთან. მაგალითად, მე მახსოვს ერთი ასეთი მომენტი, როცა ისლამის სწავლებასთან დაკავშირებით მალალას ეუბნება მამა: არ მოუსმინო ინტერპრეტაციებს, მარტო ღვთის სიტყვას მოუსმინე. ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე ხშირად ამ წიგნზე, რაც წავიკითხე, მას შემდეგ სულ მრცხვენია, სკოლაში წასვლა რომ არ მინდოდა ბავშვობაშიო, რაღაცებს რომ ვიგონებდი, სიცხე მაქვს და ა.შ. იმდენად სულისშემძვრელი ისტორიაა, მართლაც, როგორ იბრძვიან გოგონები იმისთვის, რომ სწავლის უფლება ჰქონდეთ. და კიდევ მახსენდება ასეთი მომენტი: ქორწილებში როცა მიდიან, მოგეხსენებათ, ხელებს იხატავენ ყვავილებით და სხვადასხვაგვარად აღმოსავლელი ქალები და მალალა წერს, ჩვენ მათემატიკურ ფორმულებს ვიხატავდით ხელზეო. მე მგონი, ამით ყველაფერი ჩანს. ამით ჩანს მთელი მათი დამოკიდებულება, მისწრაფება და აბსოლუტურად ყველაფერი.

მალალას მეგობარი მონიბა ერთხელ მას საუბარში ეუბნება: "ხანდახან მგონია, რომ "ბინდის" ვამპირობა უფრო იოლია, ვიდრე სვატში გოგოდ ყოფნა". მიუხედავად ამისა, მალალამ და მისმა მეგობრებმა ეს შეძლეს. ღირსეულად შეძლეს. და ამიტომ ის პრემია, რომელიც მალალას მიენიჭა, ცხადია, მის მეგობარ გოგონებსაც ეკუთვნით... და, ცხადია, მალალას მამასაც...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG