Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაციის გენდერული ასპექტები


შეხვედრა-სემინარი სტამბოლში
შეხვედრა-სემინარი სტამბოლში

ანა კოკოევა პირველად დაესწრო შეხვედრა-სემინარს, რომელიც გენდერულ თემატიკას და სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით სტამბოლში ჩატარდა და მასში ქართველი, აფხაზი და ოსი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ანა კოკოევა ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიაქვს და ამის შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ქალთა ჩართულობის საკითხებს პოლიტიკურ პროცესებში.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესებში ხშირად ნაყოფიერია და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, მაგრამ კავკასიური კონფლიქტების მოგვარება ძირითადად კაცებისგანაა მონოპოლიზებული, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზანია რეგიონში გამოკვეთოს და გადაამზადოს ის ლიდერი ქალები, რომლებიც მომავალში მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის თამარ საბედაშვილის აზრით, დიალოგის შენარჩუნების გარდა, ამ ფორმატის შეხვედრებს სტერეოტიპების, სიძულვილის ენისა და მტრის ხატის დაძლევის ფუნქციაც აქვს.

ქართველი, აფხაზი და ოსი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო შეხვედრის თემები იყო: ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, კონფლიქტების ანალიზი, მშვიდობის ადვოკატირება, პოლიტიკური მედიაცია და მედიაციის ხერხებით კონფლიქტების მოგვარება. გამოცდილმა ევროპელმა ტრენერებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მაგალითები წარმატებული მედიაციისა, რასაც სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარებისას იყენებდნენ. გაეროში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით შედგა როლური თამაში. გარდა ამისა, მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებშია დამკვიდრებული. აიდა ლადარია, სოხუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მოადგილე, ასეთ შეხვედრებს ხშირად ესწრება. მისი აზრით, მშვიდობის მომხრეებმა უნდა შექმნან გაერთიანებები და ასე გასწიონ მშვიდობის ადვოკატირება.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ხელმძღვანელი კავკასიაში ბექა ბაჯელიძე ამბობს, რომ ამ ფორმატის შეხვედრები 60-მდე ადამიანმა გაიარა და ამით საფუძველი ეყრება პრაქტიკულად სამშვიდობო მოძრაობას, რომელშიც ახალი ლიდერები ერთიანდებიან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მხარს უჭერს ინიციატივებს ქალების ჩართულობით მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესასრულებლად, ასევე ქალების როლის გაზრდას ნდობის დამკვიდრებაში, კონფლიქტის პრევენციასა და სამშვიდობო პროცესებში. სტამბოლში გაიმართა შეხვედრა-სემინარი „მედიაციის გენდერული ასპექტები“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG