Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის მიღების პირველი დღე


11 აგვისტოს დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის მერიასთან. ორშაბათი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოქალაქეების მიღების დღედ გამოაცხადა. დავით ნარმანიასთან შეხვედრის მსურველები დილიდან თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და რიგში ჩადგნენ. რა საკითხების გადაწყვეტას მოითხოვდა ხალხი მერთან მიღების პირველ დღეს და რას დაჰპირდა მათ დავით ნარმანია?

ლეილა შამოიანი თბილისის მერთან შეხვედრის მსურველთა სიაში 162-ეა. მას შინ სამი შვილი ჰყავს დატოვებული. ამბობს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, დედაქალაქის მერს უნდა შეხვდეს და თავისი გასაჭირის შესახებ მოუთხროს. ლეილა ვარკეთილის დასახლებაში, ე.წ. სვანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურემონტებელ შენობაში ცხოვრობს.

„დღეს კონკრეტულად ვითხოვ, ან ის ფართი დაგვიმტკიცონ, სადაც ახლა ვართ, რომ რაღაც ელემენტარული პირობები შევქმნათ, - წყალი არ გვაქვს, სინათლე, გაზი,კანალიზაცია, - ან, თუ არ დაგვიმტკიცბენ, სხვა ფართით დაგვაკმაყოფილონ. ავადმყოფი შვილის დედა ვარ, უმძიმეს პირობებში ვზრდი გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს. ახლაც ჯანდაცვის სამინისტროში დავტოვე საბუთები, რომ იქნებ როგორმე ტვინის ენცეფალოგრამის საფასური - 250 ლარი - დამიფინანსონ. არ ვიცი, მომცემენ კი? დავდივართ მოწყალებაზე და იქაც მუშაკები გვიშლიან, არ იაროთო. ვერ ვცხოვრობთ ჩვენი სოციალური დახმარებით მხოლოდ, ვერ ვარსებობთ“...

მინდა დავსაქმდე, იქნებ ორი კაპიკი ფული მქონდეს, აქეთ-იქით ასე უაზროდ არ ვიარო. თავი ადამიანდ ვიგრძნო.
პაატა რაზმაძე

თბილისის მერიასთან მისული ხალხის უმრავლესობას ბინის საკითხი აქვს გადასაწყვეტი, ზოგი აპირებს მერს დასაქმება მოსთხოვოს. ასეთია, მაგალითად, პაატა რაზმაძე - ლტოლვლი გორის რაიონიდან, უმუშევარი. ამბობს, რომ მშობლების სარჩენი ფული არ გააჩნია და დავით ნარმანიასთან სამსახურის სათხოვნელად მიდის:

„მინდა დავსაქმდე, იქნებ ორი კაპიკი ფული მქონდეს, აქეთ-იქით ასე უაზროდ არ ვიარო. თავი ადამიანდ ვიგრძნო“.

თავად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრების მიზანი არის ის, რომ მოქალაქეებმა თავად გააცნონ საკუთარი პრობლემა თუ საჩივარი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს:

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„მიზანი სწორედ ესაა, რომ მთავრობამ და მოქალაქეებმა ერთად განიხილონ ის საკითხები, რაც მხოლოდ წერილის შემოტანით შესაძლოა ვერ გადაწყდეს.ამას ვპირდებოდით კიდეც ჩვენს ამომრჩეველს, რომ ასეთი შეხვედრები მოსახლოებასთან დაწესდებოდა“.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ შელეგია ამბობს, რომ მოქალაქეების მიღების დღედ ორშაბათი დაწესდა. მერი და მისი მოადგილეები მოქალაქეებს დღის ორიდან ექვს საათამდე მოუსმენენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აიღონ რიგის ნომერი, როგორც ეს, მაგალითად, მიღებულია ბანკებსა თუ სადაზღვევო კომპანიებში და თავის რიგს დაელოდონ.

რიგი მერთან შესახვედრად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

თაკარა სიცხეში თავის რიგს ელის მრავალშვილიანი მამა, როლანდ თოდუაც. ის წლებია შავი ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მას და მის მეზობლებს შენობის დაცლის მოთხოვნით იფიციალური წერილი მიუვიდათ. დედაქალაქის მერთან შეხვედრაზეც ამიტომ მოვიდა - ან სადაც ცხოვრობენ, იქ დატოვონ, ან სხვა ფართით დააკმაყოფილონ, რომ მისი ოჯახი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს:

„რეაგირებას მოვითხოვთ, არ გვინდა სახლის გარეშე დავრჩეთ. ჩემი ოთხი შვილით ქუჩაში თუ გამოგვყრი, სად წავიდეთ?“.

როლანდ თოდუას მსგავსად, მერიისგან საკუთარი პრობლემების გადაჭრას კიდევ ასობით ადამიანი ელის. მერიაში განსახილველად ამ დროისათვის მოქალაქეთა 1800 განცხადებაა შესული.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG