Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ – 15 მხატვრის თვალით


მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, სინთეზური ხელოვნების ნიმუში, რომელიც ახლახან გამოიცა, 232 ნახატისგან შედგება. მათგან 132 ამბის დახატული შინაარსია, დანარჩენი - მხატვრულად გადაწყვეტილი ტექსტი. წიგნზე განსხვავებული ხელწერის მქონე 15 მხატვარი მუშაობდა. 26 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ წიგნის პრეზენტაცია და მასში შესული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ყველა ეს ნახატი უკვე მუზეუმის კოლექციის კუთვნილებაა და მათი ხილვა იქ დღესაც შეგიძლიათ. თავად მხატვრის წიგნი, „ვეფხისტყაოსანი“, ნამუშევრების ფოტოასლებითა და ტექსტით, წიგნის მაღაზიებში შეგიძლიათ მოიკითხოთ.

ყველაფერი „ვეფხისტყაოსანზე“ ფიქრით დაიწყო. უფრო სწორად, ჯერ რაღაც საინტერესოს და განსხვავებულის გაკეთების სურვილი გაჩნდა, სურვილი კი „ვეფხისტყაოსნამდე“ მივიდა. მაგრამ იმაზე, კონკრეტულად რა უნდა გაკეთებულიყო, კინომხატვარი ქეთი გალდავაძე კარგა ხნის განმავლობაში ფიქრობდა. რუსთაველის ეს გენიალური პოემა სხვადასხვა დროს არაერთ მხატვარს დაუხატავს. უბრალოდ ილუსტრირება ამ სურვილის ასასრულებლად საკმარისი არ იყო. ბოლოს გაჩნდა მხატვრის წიგნის შექმნის იდეა.

„მხატვრის წიგნი, თავისთავად, ხელოვნების ერთ-ერთი ცალკე ჟანრია, სადაც ტექსტი, ფორმა, შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა ერთ მთლიანობას ქმნის, არ მიჰყვები ზუსტად შინაარსს, უფრო ემოციური ატმოსფერო უნდა შეიქმნას ამა თუ იმ კონკრეტული ნაწარმოების ირგვლივ. აი, ეს სინთეზური ხელოვნება, მგონია, რომ დღეს უფრო აქტუალურია, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ერთგვარმა შერწყმამ შესაძლოა შექმნას ძალიან საინტერესო სურათი“, - გვეუბნება მხატვრის წიგნის ერთ-ერთი ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი ქეთი გალდავაძე.

ქეთი გალდავაძე
ქეთი გალდავაძე

მხოლოდ ერთ მხატვარს რომ დაეხატა, ეს თავიდანვე გამოირიცხა. ნახატებიც ისეთი მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო, როგორიც პოემის ტექსტია. შეირჩა 15 მხატვარი.

გოგი ალექსი-მესხიშვილი, მიშა გოგრიჭიანი, თამაზ ვარვარიძე, თამარ კვესიტაძე, თამუნა მელიქიშვილი, ოთარ მურაჩაშვილი, ია მჭედლიშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ცეცხლაძე, რუსუდან ხიზანიშვილი, უშანგი ხუმარაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თემურ ჯავახიშვილი. თავად „ვეფხისტყაოსანი“ კი სამყაროებად დაიყო და ასე შეხვდა ზოგს ქაჯეთი, ზოგს ხატაეთი, ზოგსაც არაბეთი და ა.შ. ქეთი ამბობს, რომ მხატვრის წიგნით მას სურს „ვეფხისტყაოსანს“ შეხედონ ახლებურად, თავიდან გაიაზრონ, თავიდან შეიყვარონ:

„ძალიან მინდა, რომ ამ ტექსტს უფრო თავისუფლად შეხედონ, მინდა ბავშვები მოვიდნენ და მათაც დაათვალიერონ. შეიძლება ბევრს არც მოეწონოს, მაგრამ უნდა ნახონ, რომ ასეც შეიძლება წაიკითხო და დაინახო, განსხვავებულად, და არ გქონდეს სტანდარტული წარმოდგენა, რომ მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს ესა თუ ის გმირი ან ასე უნდა დავინახოთ რომელიმე ეპიზოდი. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი კონტაქტი დაამყაროს ტექსტთან. ახალ-ახალ ინტერპრეტაციებში საშიში არაფერია. მე მქონდა იდეა, მაგალითად, რატომ არ შეიძლება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე კომიქსები გაკეთდეს? რატომაც არა!“

რუსუდან ხიზანიშვილი
რუსუდან ხიზანიშვილი

მუშაობისას მხატვრებს სრული თავისუფლება ჰქონდათ. ხატვის დაწყებამდე იყო მოსამზადებელი პერიოდი. ტექსტი ლიტერატორების დახმარებით კიდევ ერთხელ წაიკითხეს და გაიხსენეს, გაიაზრეს, შემდეგ თემები გაინაწილეს და ხატვას შეუდგნენ. რუსუდან ხიზანიშვილს გამოქვაბულის ეპიზოდი შეხვდა. გვეუბნება, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ტარიელს შავი ცხენი უნდა ჰყოლოდა და ვეფხის ტყავი სცმოდა, დანარჩენი უკვე ხატვის პროცესში სპონტანურად მოდიოდაო:

„ძალიან მინდოდა, რომ ქაჯეთი შემხვედროდა, რადგან ძალიან მისტიკურია, თუმცა გამოქვაბულიც არანაკლებ იდუმალია: ყველამ იცის, როგორი რაღაცები შეიძლება შეგხვდეს იქ, სიბნელეში. მე ცოტა სხვანაირად გამოვსახე: ჩემი გამოქვაბული არის კრისტალის შუშის სახლი, გამჭვირვალე. დღე და ღამე ვმუშაობდი, უფრო მეტს ვფიქრობდი, მგონი, ვიდრე ვხატავდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დახატო ‘ვეფხისტყასანი’“.

არტმენეჯერი ნესტან მერმანიშვილი, რომელსაც 26 იანვარს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე შევხვდით, ფიქრობს, რომ ხელოვნების დარგებს ერთმანეთი იმისთვის არ სჭირდებათ, რომ ისინი უკეთესად გავიგოთ, თუმცა ხანდახან ერთი სფეროს არტისტებისათვის მეორე სფეროს წარმომადგენლის ნამუშევარი ან რაიმე ქმნილება ინსპირაციის წყაროც ხდება. საინტერესო პროცესიც ამის შემდეგ იწყება:

„საინტერესოა როგორ არის ამა თუ იმ არტისტის მიერ აღქმული ესა თუ ის თემა - მით უმეტეს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ყველა ინტერპრეტაციას. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში თავისუფლება აუცილებელიც კია და ის არავითარ შემთხვევაში არ არის საშიში“.

თამუნა მელიქიშვილი
თამუნა მელიქიშვილი

როცა „ვეფხისტყაოსანს“ ხატავ, ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაც გაქვს და დიდი თავისუფლებაც, ფიქრობს მხატვრის წიგნის კიდევ ერთი ავტორი, მხატვარი თამუნა მელიქიშვილი, რომელმაც სპეციალურად ამ ნახატებისათვის ე.წ. ბრინჯის ქაღალდიც გამოიწერა, რომ ნახატებს დაძველებულის ეფექტი ჰქონოდა, თითქოს ტყავზე ან პერგამენტზე იყო დახატული:

„მე შემხვდა გულანშარო, ჩემი და ლურჯი ფერის დამოკიდებულების გამო, მოკლედ, ზღვა უნდოდათ მე დამეხატა და ამიტომ მეც წელგამართული შევუდექი საქმეს, რომ მანდეს ზღვა. მე მინდოდა, რომ ციტატები ზუსტად ყოფილიყო დასურათებული და ასეც ვხატავდი - ერთი კონკრეტული ციტატის ამბავს“.

თამუნა ფიქრობს, რომ, საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მაინც, ეს წიგნი, ნახატების ეს სერია შეიძლება გახდეს ერთგვარი დაბრუნება ტექსტთან - განსაკუთრებით მათთვის, ვინც „ვეფხისტყაოსანი“ ჩვეულებრივ საკითხავად აქცია, მათთვისაც, ვისაც რაღაც მიზეზით ამ პოემის წაკითხვა და გაგება დაეზარა - მით უმეტეს, რომ მათ „ვეფხისტყაოსნის“ ინდივიდუალურ და, ამავე დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას 15 მხატვარი სთავაზობს. თამუნა მელიქიშვილს კი, თავის მიერ დახატულ 12 ამბავში მაინც ჰყავს ერთი ფავორიტი:

„ალბათ, მაინც ნესტანი ნავში, რადგან მგონია, რომ ნესტანმა მაშინ ნახა პირველად ზღვა. ტექსტში არ არის მსხვილი ხედი, მაგრამ მე მომინდა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი და დამენახა ნავში რა ხდებოდა და ნესტანს ხელი ჩავაყოფინე წყალში“...

გურამ წიბახაშვილი
გურამ წიბახაშვილი

მხატვრის წიგნში შესული ნახატების ფოტოების ავტორი გურამ წიბახაშვილია. ის იხსენებს, 80-იანი წლების ბოლოს გერმანიაში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას, წიგნების თაროზე როგორ გადააწყდა „ვეფხისტყაოსნის“ საბავშვო ილუსტრირებულ გამოცემას - ზღაპრად მოთხრობილ „ვეფხისტყაოსანს“ და როგორ გაუხარდა. ინტერპრეტაციები საჭიროა, ამბობს გურამ წიბახაშვილი, მხატვრის წიგნიც ამის ერთ-ერთი მცდელობაა:

„’ვეფხისტყაოსანი’ იმხელა მოცულობის მასალაა, მართლა ამოუწურავი ყველა მხატვრისა თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლისთვის, სულ შეიძლება რამის კეთება. ინტერპრეტაცია, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ნაწარმოები სხვადასხვა დროს აბსოლუტურად სხვადასხვანაირად იკითხება. რაც უფრო დიდია ნაწარმოები, თანამედროვეა ყველა დროში. „ვეფხისტყაოსანიც“ ასეთია და ძალიან მიხარია, რომ ამჯერადაც ამდენი ავტორია ჩართული“.

სინთეზური ხელოვნების ნიმუში - მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი“ - „ტაია ფილმის“ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. პროექტის ხელმძღვანელს ქეთი გალდავაძეს იმედი აქვს, რომ მხატვრების ნამუშევართა პრეზენტაცია-გამოფენები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიმართება. მხატვრის წიგნის სერიის მეორე წიგნი კი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიეძღვნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG