Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ოტობაიაში მამაკაცი მოკლეს


ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაუდგენელმა პირებმა 75 წლის ნაპო უჩავა მოკლეს. როგორც გარდაცვლილის ნათესავები ზუგდიდში ჰყვებიან, მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე ნიღბიანი მის გატაცებას ცდილობდა:

„საქონელზე იყო გადასული და იქ ესროლეს, ნიღაბიც იქ გდია. როცა ნიღაბი მოხსნა, იცნო ეს პიროვნება და მოკლა მიტო. მისი გატაცების მიზეზი იყო ფულის გამოძალვა. როცა ადამიანს გაიტაცებენ, შემოუთვლიან თანხას და ახდევინებენ იმას. ეს არ დათმო ამან. ეს ისეთი პიროვნება იყო. ერთხელ გადარჩა კიდევ. ასეთი მდგომარეობა ადრეც იყო“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი, ირა ქობალია.

ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამაკაცის მკვლელობის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი ოთარ გოგოხიაც ადასტურებს. მისი განმარტებით, გარდაცვლილი გალის პროზექტურაში წუხელვე გადაასვენეს:

„მეზობლებმა ნახეს სახლთან ახლოს მოკლული. ჩვენი ინფორმაციით, ეს ოჯახი შეძლებულია, მუშა ოჯახია. ვარაუდია ისეთი, რომ გატაცების მიზეზით იყო მოკლული ან იცნო. კონკრეტულად რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. ეს მომავალში გვეცოდინება“.

შემთხვევა 14 დეკემბერს ოტობაია-განმუხურის პირობით საზღვართან მოხდა. როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, დაიწყო თუ არა გამოძიება აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ.

XS
SM
MD
LG