Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსახლეობა მშენელობის წინააღმდეგ


ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის ნომერ 51 კორპუსში მცხოვრებნი მრავალბინიან კორპუსთან მიმდებარედ ახლახან დაწყებული მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ და დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 60 კვადრატულ მეტრზე მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს. კორპუსის მობინადრეებმა ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და რადგან საქალაქო სასამართლომ მოსახლეობის მოთხოვნა არ დააკამყოფილა, სარჩელი სააპელაციო სასამართლოში აქვთ შეტანილი. სააპელაციო სასამართლოში პროცესი 29 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც ჭავჭავაძის გამზირის ნომერ 51 კორპუსში მცხოვრები თამილა მამრიკიშვილი ამბობს, მოსახლეობა სკვერის შესანარჩუნებლად აღნიშნული ტერიტორიის გადაცემას მერიისგან რამდენიმე წელია ითხოვს.

თამილა მამრიკიშვილის მსგავსად, 4 მეტრის სიმაღლის შენობის მშენებლობას ეწინააღმდეგება კორპუსში მცხოვრები იამზე სვანაძეც. მისი თქმით, შენობა კორპუსის ბინადრებს სხვადასხვა პრობლემას შეუქმნის.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ჭავჭავაძის გამზირის ნომერ 51 კორპუსის მიმდებარედ გაზონისა და ტროტუარის 60 კვადრატამდე ფართი 2008 წელს ქალაქის ბალანსზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შევიდა და 2010 წელს აუქციონის წესით გაიყიდა, 2013 წელს კი მფლობელმა ედიშერ თავხელიძემ მშენებლობის ნებართვა მიიღო. პროექტის მიხედვით, შენობაში ლუდისა და სასოსისე ბარი უნდა განთავსდეს. მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას და მაჟორიტარ დეპუტატს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის პროცესის შეჩერებისთვის დახმარებას სთხოვს.

ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის გამარჯვების მაჟორიტარული ოლქის ფარგლებში მდებარეობს. ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ჭავჭავაძის 51 ნომერ კორპუსის მოსახლეობას დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში ჰპირდება.

მშენებლობის ადგილი ამჟამად შემოღობილია. იქ მომუშავე ადამიანები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. მშენებლობის ადგილზე გაკრული არ არის შენობის დანიშნულების, იერსახისა და მფლობელის მიმანიშნებელი საინფორმაციო ბანერი.

XS
SM
MD
LG