Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობელთა ჩართულობა და განათლება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამას იწყებს. სიახლეების თანახმად, კლასის დამრიგებლის მშობელთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება. თავის მხრივ, მშობელს ეძლევა საშუალება სკოლის სრულფასოვანი პარტნიორი იყოს. სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. როგორც განათლების მინისტრი აღნიშნავს, მშობელთა განათლების პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა სამინისტრის მიზანია, პროგრამამ რაც შეიძლება მეტი მშობელი მოიცვას.

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პროგრამის ერთი ნაწილი, რომელიც კლასის დამრიგებლისა და მშობლის კომუნიკაციის ინტენსივობას შეეხება, აკადემიური სასწავლო წლის დაწყებისთანავე ამოქმედდება, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს, 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. ეს მიმართულება, უმთავრესად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანგებოდ გადამზადებას, ანუ ინკლუზიურ განათლებას, მოიცავს. ქვეპროგრამა ამოქმედდება ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნითაც, რაც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებულობას ისეთ თემებზე, როგორიცაა სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვ.. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს, მშობელთა ჩართულობის პროგრამები ბევრ ქვეყანაში არსებობს, საქართველომ კი ამ მიმართულებით დააგვიანა კიდეც. მისივე განმარტებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში წელს პირველად გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც დაავალდებულებს კლასის დამრიგებელს გარკვეულ ფორმატში მუდმივი და სტაბილური ურთიერთობა იქონიოს მშობელთან, კერძოდ, არანაკლებ თვეში ერთხელ მოსწავლის მიღწევების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი:

“წარმოვადგენთ დეტალურ გზამკვლევს, სადაც კარგად იქნება ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ფორმატი, როგორი უნდა იყოს სიხშირე, რა უნდა იყოს თემები კომუნიკაციის. ამ შემთხვევაში ჩვენ შემოვიფარგლებით მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც გარკვეული ანალიზის საშუალებას მისცემს მშობელს. ასევე მიეწოდება ამ ქცევასთან და მოსწრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომლის ნაწილიც შესასრულებელი იქნება სახლის პირობებში და რომლის ნაწილიც შესასრულებელი იქნება სკოლაში და სასკოლო აქტივობებში“.

რიგ შემთხვევებში ბავშვებში სწავლის პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება ხოლმე, როდესაც მშობელი დროულად არ არის ინფორმირებული თავისი შვილის სწავლის შედეგების შესახებ და ასევე თავისი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ...
თამარ მოსიაშვილი

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია დამრიგებელს პასუხს მოსთხოვს, ამბობს თამარ სანიკიძე. განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი, თავის მხრივ, განათლების სამინისტროს ინიციატივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ კლასის დამრიგებლის ფუნქცია ახალ დატვირთვას იძენს და ახალ გარემოებაში გასათვალისწინებელია დამრიგებლის ფინანსური ანაზღაურების საკითხი. ზოგადად კი, ექსპერტი ფიქრობს, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ფორმალიზება სკოლაში დიდწილად დამოკიდებულია სკოლის ლიდერზე, ანუ სკოლის დირექტორზე:

“რიგ შემთხვევებში ბავშვებში სწავლის პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება ხოლმე, როდესაც მშობელი დროულად არ არის ინფორმირებული თავისი შვილის სწავლის შედეგების შესახებ და ასევე თავისი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ. შესაბამისად, სკოლებში მშობლების ინფორმირების მექანიზმების დანერგვა მისასალმებელია. ამგვარი პრაქტიკა არსებობს დასავლეთში და ზოგიერთ კერძო სკოლაში საქართველოში“.

აქ საუბარია იმ უკუკავშირზე, რაც სასწავლო პროცესში ჩნდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა, აქვს სუსტი მხარე და ძლიერი მხარე, თავისთავად ცხადია, როდესაც მასწავლებელს ეს ყველაფერი კარგად აქვს გაანალიზებული, მშობელთან ერთად იგი გეგმავს...
ია აფთარაშვილი

კლასის დამრიგებლის მშობელთან ურთიერთობის ფორმებად, პირადი ურთიერთობის გარდა, სახელდება ურთიერთობა ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.. როგორც ფსიქოლოგი ია აფთარაშვილი აღნიშნავს, მშობელთა ჩართულობა სასკოლო პროცესში თავისთავად სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მშობელთა ჩართულობა არ არის მხოლოდ კრებებზე დასწრება, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიღება, ექსკურსიების ორგანიზება და ასე შემდეგ. ია აფთარაშვილი ფიქრობს, რომ სიახლის ზუსტი დეფინიციაა საჭირო:

“აქ საუბარია იმ უკუკავშირზე, რაც სასწავლო პროცესში ჩნდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა, აქვს სუსტი მხარე და ძლიერი მხარე, თავისთავად ცხადია, როდესაც მასწავლებელს ეს ყველაფერი კარგად აქვს გაანალიზებული, მშობელთან ერთად იგი გეგმავს, თუ რა უნდა განახორციელოს მშობელმა სახლში იმისათვის, რომ მისი შვილის განვითარება უფრო სწორი გზით წავიდეს და მიიღოს ის შედეგი, რაც მას უნდა“.

განათლების მაღალი ხარისხი და უსაფრთხო, ბავშვის განვითარებისთვის საჭირო გარემო სურს სკოლაში მეორე კლასის მოსწავლის მშობელს, ანა ხატისაშვილს:

“როცა კონკრეტულ ბავშვს აქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია უნდა მივიდეს მშობლამდე და მშობელსაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიეწოდოს ის დარიგება თუ რაც არის, როგორ მოექცეს ბავშვს“.

ბავშვთან მოქცევის საკითხში მშობელთა განათლების დონის ამაღლების მიზნით კი განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შემუშავდება საგანმანათლებლო რეკომენდაციები და დეტალური გზამკვლევები, რომლებიც საჯარო სკოლების ადმინისტრაციას მიეწოდება. მშობლების განათლების პროგრამაში გაეროს მოსახლეობის ფონდი იქნება ჩართული.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე მოხარულია, რომ განათლების სამინისტრომ მოიწონა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ევროკავშირის ხელშეწყობით შექმნილი ეროვნული კონცეფცია „ჯანსაღი და ჰარმონიული აღზრდისათვის“, რომელიც განათლების სისტემას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სთავაზობს, რა საკითხები უნდა იქნეს ინტეგრირებული სასწავლო გეგმაში:

“ახლა, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმების გადახედვის პროცესი და, რადენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეროვნული კონცეფცია „ჯანსაღი და ჰარმონიული აღზრდის შესახებ“ იქნება გამოყენებული, როგორც ერთ-ერთი ბაზისი რეკომენდაციებისა და ცვლილებების შეტანისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ეს ყოველივე ნამდვილად ძალიან წამახალისებელია და ძალიან დიდ იმედს გვაძლევს, რომ მოხდება გარღვევა ჩვენს განათლების სისტემაში“.

მშობლების განათლების პროგრამაში ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი განათლების სამინისტროს 5 წლის განმავლობაში გაუწევს პარტნიორობას საინფორმაციო კამპანიის წარმართვასა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაში.

XS
SM
MD
LG