Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრინს როჯერს ნელსონი


გასულ კვირაში, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და მსახიობი პრინს როჯერ ნელსონი, იგივე პრინსი. წელს მას დიდი გეგმები ჰქონდა. სოლო-ტურნეს მართავდა, რომლის ფარგლებშიც, პირველად საკუთარი კარიერის მანძილზე, მხოლოდ ფორტეპიანოს ამარა წარდგა მსმენელის წინაშე და, საკუთარ თხზულებებთან ერთად, კოლეგების ნაწარმოებებიც შეასრულა. როგორც ამბობენ, მემუარების გამოცემას გეგმავდა და ახალ ალბომზეც მუშაობდა. ჰოდა, როცა ამ მასშტაბის მუსიკოსი სრულიად მოულოდნელად კვდება, ძალიან ძნელია მისი დანატოვარი მოკლე დროში გააანალიზო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინსის მუსიკა ყოველ წელს გამუდმებით იცვლიდა ფორმებს და კონცეპტუალურად მდიდრდებოდა, ყველაფრის მოხელთება თითქმის წარმოუდგენელი საქმეა. თუმცა, მაინც გავბედავ და ვეცდები არტისტის იმ რამდენიმე მხარეზე ვისაუბრო, რის გამოც მასზე, გადაჭარბების გარეშე, უნიკალური მუსიკოსი ითქმის.

პრინსი ბევრმა სახელოვანმა კოლეგამ დაიტირა. ელტონ ჯონმა, პოლ მაკარტნიმ, სტივი უანდერმა, მადონამ, რონი ვუდმა არტისტის მადიდებელი სიტყვები არ დაიშურეს, თუმცა ჩემი ყურადღება მიკ ჯაგერის ფრაზამ მიიქცია. მან პრინსი სრულყოფილ და მე-20 საუკუნის ყველაზე ნიჭიერ პოპმუსიკოსად მოიხსენია. ამ ფორმულირებაში ბრიტანელს არ უთქვამს "ერთ-ერთი" და ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანად. მართლაც, თანამედროვე პოპსცენაზე არ მეგულება მელოდისტი, რომელიც ასე ორგანულად ახდენდეს ე. წ. შავი და თეთრი მუსიკალური ტრადიციების სინთეზს, არ აღიარებდეს შოუ-ბიზნესის მეინსტრიმულ კანონებს და, ამავე დროს, ამ სამყაროს ყველა ნიუანსი იცოდეს, უშვებდეს ალბომებს, რომელთა უმეტესობაში თავადვე უკრავდეს ყველა გამოყენებულ ინსტრუმენტზე, ჰქონდეს ქუსლებზე შემდგარი სექსუალურად აღგზნებული შოუმენის იმიჯი და, პარალელურად, წერდეს სოციალურად აქტუალურ, მტკივნეულ ტექსტებს, ხოლო როგორც პროდიუსერი, ყოველთვის იყოს მაღალი ხარისხის გარანტი, დგამდეს სცენოგრაფიულად იდეალურ კონცერტებს, გამოირჩეოდეს მოცეკვავის განსაკუთრებული პლასტიკით და, ბოლოს და ბოლოს, გიტარაზე ლამის ჰენდრიქსივით უკრავდეს. დიახ, პრინსის მუსიკალური აზროვნება არ ექცეოდა ჟანრობრივ ჩარჩოებში. ამის დასტურად, შეგვიძლია გავიხსენოთ მუსიკა, რომელიც მან შექმნა ბალეტისათვის "Billborads", 80-იანი წლების გადახვევა ფიუჟენ-ჯაზში ბენდ Madhouse-სთან ერთად, როკენროლური აფეთქებები და ექსპერიმენტები 60-იანი წლების ამერიკული ვოკალური ჯაზისა თუ სოულის ჟანრში.

ამერიკული სცენა არ განიცდის ექსცენტრიულობით გამორჩეული და წინააღმდეგობებით აღსავსე არტისტების ნაკლებობას, თუმცა პრინსს მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის პირველი იყო, რომელიც საკუთარ ლეიბლს "Warner Bros"-ს დაუპირისპირდა, მონათმფლობელურ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი და პირველმა დააყენა ეჭვქვეშ ლეიბლების საჭიროება. გამუდმებით არღვევდა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საყოველთაოდ მიღებულ წესებს, გამოსცემდა რა მარკეტინგულად გაუმართლებელ დიდი ქრონომეტრაჟის ალბომებს (Emancipation 1996). "მე არც ქალი ვარ, არც კაცი, შენ ვერ გაიგებ ვისთან გაქვს საქმე" - მღეროდა ხოლმე ღვთისმოშიში იეჰოვას მოწმე და, მართლაც, პრინსი ყველაზე კარჩაკეტილი და, შესაბამისად, ამოუცნობი ვარსკვლავი გახლდათ - ამოუცნობი და მრავალმხრივი, როგორც მისივე სიმღერების ხასიათი. "Nothing Compares 2 U", "Let’s Go Crazy", "Sometimes It Snows in April", "The Cross", "Kiss" - აქ ყველაფერია, ტკივილი, ვნება, მომავლის შიში და, ამავე დროს, რწმენაც. ვერც ერთ მათგანზე ვერ იტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად ოპტიმისტურია ან დეპრესიული - მრავალმხრივია, როგორც მისი და ჩვენი ცხოვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG