Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მინგუსის დინასტია“


ჩარლი მინგუსი
ჩარლი მინგუსი

1979 წელს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი, ბენდლიდერი და ნოვატორი კონტრაბასისტი ჩარლი მინგუსი აღესრულა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში მუსიკოსის ცოლმა, სიუზანმა, მეუღლის დადუმებული კონტრაბასის ახლებურად ამეტყველება გადაწყვიტა. როგორც პროდიუსერმა, არტისტის სატიტულო კომპოზიციებისა და იმ თხზულებების გაცოცხლება დაიწყო, რომელიც ჯერ არავის მოესმინა. ეს საქმე კი სახელდახელოდ შექმნილ კოლექტივს ანდო. ბენდს ჩარლი მინგუსის 1959 წლის ალბომის სახელი Mingus Dynasty დაარქვა. 1980 წლიდან მოყოლებული, ორკესტრმა 9 სტუდიური და საკონცერტო დისკი გამოსცა, ხოლო 1989 წელს თბილისის პირველ საერთაშორისო ჯაზფესტივალსაც სტუმრობდა.

90-იანების დასაწყისში „მინგუსის დინასტიის“ შემადგენლობა 14 კაცამდე გაიზარდა და დღემდე „Mingus Big Band“-ად იწოდება. არტისტის დანატოვარის შენარჩუნებისა თუ პოპულარიზაციის მიზნით, მეტწილად კლასიკურ რეპერტუარს უტრიალებენ. ბუნებრივია, მინგუსისეული ხასიათის, ბგერის, სტრუქტურისა და კლასიკურ ტრადიციებთან ნაჯვარი ავანგარდის კოლექტიურ შესრულებას მხოლოდ მაღალი დონის მუსიკოსები ახერხებენ. Mingus Big Band-ში ასეთები მრავლად ჩნდებიან ხოლმე - მაგალითად, საქსოფონისტი ჯეიმს კარტერი, მესაყვირეები როი ჰარგროუვი და რენდი ბრეკერი და მრავალი სხვა.

თუ ამა თუ იმ კომპოზიციის ორიგინალსა და Mingus Big Band-ის ვერსიებს შევადარებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები ჩინებულად ახერხებენ მინგუსისეული ვნებებისა თუ ექსპრესიის გადმოცემას. ნათქვამის საიულუსტრაციოდ ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ თხზულებას Faubus of Fables გავიხსენებ, რომელიც ჩარლი მინგუსმა ერთ არკანზასელ რასისტ გუბერნატორს, ვინმე ფობუსს მიუძღვნა და გვარიანადაც გამოლანძღა. აი, როგორ ჟღერს ნახევარი საუკუნის თავზე მინგუსის კაკაფონიური სიბრაზე, Mingus Big Band-ის შესრულებით.

ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, Mingus Big Band თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ჯაზური კოლექტივია, რომელიც ჟურნალებმა “Jazztime”-მა და “Down Beat”-მა არაერთხელ აღიარეს „წლის საუკეთესო ორკესტრად“. რაც შეეხება ბოლო საკონცერტო დისკს “Live at JazzStandard”, 2011 წლის „გრემის“ გამარჯვებული გახდა, კატეგორიაში „ბიგბენდის წლის საუკეთესო ალბომი“.

XS
SM
MD
LG