Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსუბუქი ნარკოტიკი - მძიმე დანაშაული


მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში

საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ მსჯელობა გრძელდება. 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მარიხუანის მოხმარებისათვის პატიმრობის გაუქმებას, თუმცა ჯერაც გადაუჭრელია ქუჩის ნარკოტესტირების საკითხი.

მარიხუანის მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას არა, მაგრამ პატიმრობის გაუქმებას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საკანონმდებლო ინიციატივა ამ თემაზე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დღეს კი დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ წარადგინა. მისი ინიციატივით, მარიხუანის მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს და მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს.

კომიტეტის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმება „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, რომელმაც 30 სექტემბერს ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართა. ის ამბობს, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანს არ უნდა აპატიმრებდნენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში მსგავსი საპატიმრო სასჯელი საჭიროც გახდეს:

„მე, როგორც პროფესიით ექიმი, არ ვარ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები არაადეკვატურად მკაცრად დაისაჯონ, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ თუ მარიხუანა ზეპოპულარული გახდება და სხვადასხვა სისტემაში გავრცელდება, არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ხვალ და ზეგ საჭირო არ გახდება“.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ძალიან ბევრი კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დასჯა მოხმარების მასშტაბებთან არანაირ კორელაციაში არ არის...
დავით ოთიაშვილი

ამ აზრს არ იზიარებს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი. მისთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ თუ ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელი შემსუბუქდება, ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება გაიზრდება.

„გვეუბნებიან, როგორც კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გავაუქმებთ, ჩვენ მარიხუანა ან ჰეროინი წაგვლეკავს და ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნებაო. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ძალიან ბევრი კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დასჯა მოხმარების მასშტაბებთან არანაირ კორელაციაში არ არის“.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც დავით ოთიაშვილი ლაპარაკობს, ქუჩის ნარკოტესტირებებია, ანუ, როდესაც პოლიციას პირდაპირ ქუჩიდან გადაჰყავს ადამიანები ნარკოტიკებზე შესამოწმებლად. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მან 29 სექტემბერს მოძრაობის „ბექა კრიმინალი არ არის“ წევრებთან ერთად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ქუჩის ნარკოტესტირების უარყოფით მხარეებზე აჩერებს ყურადღებას. მისი თქმით, კანონი არ განსაზღვრავს, რა მიზეზით შეიძლება ადამიანი ქუჩიდან ნარკოლოგიურში გადაიყვანონ და რომც განსაზღვროს, ეს ეფექტური ვერ იქნება, რადგან არსებობს მეორე პრობლემა: პოლიციის მუშაობას ამ შემთხვევაში არავინ აკონტროლებს. პრობლემაა იმ ადამიანების გაურკვეველი უფლებრივი მდგომარეობაც იმ 12 საათის განმავლობაში, როდესაც ისინი დაკავებულები არიან. ვერძეული ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში კრიმინალიზებულია, ქუჩის ნარკოტესტირებას პოლიცია ადამიანების დასაშინებლად იყენებს:

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

„არ შეიძლება პოლიციელს შეეძლოს აბსოლუტურად უკონტროლოდ 12 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდეს მოქალაქე. ამ დროის განმავლობაში რა ხდება, არავინ იცის. თუ მე ვინმე მეტყვის, ნარკოტესტირების კრიტერიუმებს დავხვეწავო, ვუპასუხებ, თუ ამ 12 საათს არ ვუშველით, მანამდე ჩემთვის კანონების კოსმეტიკურ შელამაზებებს აზრი არ აქვს“.

რაც შეეხება მარიხუანის მცირე რაოდენობით მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას, ოთხ საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. გადაწყვეტილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის მესამედით უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG