Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში საქართველოს ელჩი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე


ნატალია საბანაძე
ნატალია საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ 3 დეკემბერს ევროპარლამენტში ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

საბანაძის შეფასებით, რომელიც მან ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტში გამოსვლისას გამოთქვა, რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების შეთანხმება, ისევე როგორც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდა, საქართველოსათვის ნიშნავს უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებას. საყურადღებო იყო მინიშნება იმ გარემოებაზე, რომ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ მოსკოვისა და სოხუმის ხელშეკრულებას „ე.წ. ხელშეკრულებას“ უწოდებენ საქართველოშიც და უცხოეთშიც.

„ამ შეთანხმებას შესაძლოა არ ჰქონდეს მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლით, მაგრამ პრაქტიკაში ის მოასწავებს მთელ რიგ შორსმიმავალ შედეგებს. ის ადგილზე შექმნის ვითარებას, რომელსაც რუსეთი ხშირად მოიხსენიებს ხოლმე „ახალ რეალობად“. ეს ახალი რეალობა - როგორიც არის ყირიმის ანექსია, გაყინული კონფლიქტები, ტერიტორიების ჩამოცილება - ძალიან ძნელი შესაცვლელია. როცა განვიხილავთ რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულებას, წინასწარვე შეგვიძლია საკმაოდ ზუსტად ვთქვათ, რა იქნება ამ ახალი რეალობის მთავარი მახასიათებლები. ცხადია ის, რომ აფხაზეთი უარს ამბობს მსგვასებაზეც კი თავის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობასთან, რომელიც თავისთავად უკანონოა, მაგრამ მაინც განსხვავებულად უკანონო“, - აღნიშნა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ევროპარლამენტის ქვეკომიტეტში გამოსვლისას.

ნატალია საბანაძემ ისაუბრა საფრთხეზეც, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ზოგადად, რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მატებიდან.

„მოწმე ვართ რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის ძალიან სწრაფად ზრდისა. ბოლო დროს რუსეთის მიერ თავისი სამხედრო ძალების არაკონვენციური გამოყენების ფაქტის გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ მისი ძალების გაზრდა არც მეგობრულია და არც სტაბილურობის ხელშემწყობი. მეტიც: ყირიმის ანექსიით და ახლა აფხაზეთის პრაქტიკული ანექსიით იცვლება რუსეთის პოზიცია შავ ზღვაზე. საქართველოსთვის ეს ნიშნავს საფრთხის მატებას - როცა უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, აღჭურვილობა და სამხედრო მომარაგება არის თავმოყრილი მის ტერიტორიაზე, მისი საზღვრების გასწვრივ“.

ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტში გამოსვლისას, ნატალია საბანაძემ საქართველოსთან მიმართებით რუსეთის უკანონო ნაბიჯები ახსნა, როგორც რეაქცია ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოებაზე: „თუ 2008 წლის ოკუპაცია წარმოადგენდა რეაქციას საქართველოს გამოცხადებულ მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებისაკენ, 2014 წელს ანექსიის შესახებ ხელშეკრულება არის რეაქცია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე”.

ამასთან, 2008 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ მისთვის ნატო არის წითელი ხაზი - მას ხედავს, როგორც საფრთხეს თავისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ამ კონტექსტში საბანაძემ აღნიშნა, რომ რახან ნატო სამხედრო ალიანსია, მოსკოვის პოზიციას ნატოსთან მიმართებით ბევრი ეკიდებოდა გარკვეული გაგებით. მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, რუსეთი მისი წინააღმდეგი (ნატოში ინტეგრაციისაგან განსხვავებით) თითქოს არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ადრე. მაგრამ დღეს ასე აღარ არის.

„რუსეთის მოქმედება უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში მკაფიოდ მიანიშნებს მოსკოვის დამოკიდებულების გამკაცრებაზეპოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერი ინტეგრაციული პროექტის მიმართ, რომელსაც თვითონ რუსეთი არ ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტში გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG