Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოს მთავარ დღის წესრიგში


ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ბრიფინგით გაიხსნა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც პირველად მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს საკითხს ევროატლანტიკური ნატოს 2012 წლის ბოლო მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიაზე ალიანსი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილებს ყურადღებას.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით“,- ასეთი საგანგაშო განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 12 ნოემბერს პრაღაში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. ამ შეკრებიდან ერთი თვეც არ არის გასული და, როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, ნატო უკვე „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის“ აღიარებას აპირებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება ალიანსის შტაბბინაში.

„ხვალ ჩვენ შევხვდებით ჩვენი ერთგული პარტნიორისა და ალიანსის წევრობის ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძოს დემოკრატიული რეფორმებისაკენ აღებული სიჩქარით სიარული. საქართველო ადასტურებს თავის განსაკუთრებულ ვალდებულებებს ავღანეთში ჩვენი მისიის მხრივ და ხვალ ISA-ში მონაწილე ყველა პარტნიორთან ერთად ვიმსჯელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალთა გრძელვადიან დაფინანსებაზე, რაც ფართო საერთაშორისო ძალისხმევის შემადგენელი ნაწილია - ესაა სტაბილური ავღანეთის მისაღწევად ჩვენ მიერ გაზიარებული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ხვალ ჩვენ შევხვდებით ჩვენი ერთგული პარტნიორისა და ალიანსის წევრობის ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ...
ანდერს ფოგ რასმუსენი

საქართველოსათვის მთავარი დღე 5 დეკემბერია. ნატო-საქართველოს კომისიაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის შესახებ. მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თავის სიტყვაში ისაუბრებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა, და ისაუბრებს იმ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ახალ მთავრობას ექნება ნატოში ინტეგრაციის გზაზე. საგარეო პოლიტიკის ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და საქართველო, პირიქით, აპირებს კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან.

ფანჯიკიძის თქმით, საქართველო-ნატოს კომისიაზე საუბარი იქნება წლიურ პროგრამაზე ANP და მის შეფასებაზე. ANP - ესაა ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ქვეყანამ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე MAP- ის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - ნაცვლად მიიღო.

ქართველ ჟურნალისტებთან სახელდახელო შეხვედრაზე ნატოს შტაბბინის პრესცენტრში მაია ფანჯიკიძე შეეხო პალესტინის, როგორც გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს, სტატუსის აღიარებას საქართველოს მიერ და განაცხადა, რომ ეს „რთული და ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად“ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არ მიგვიღია ნაჩქარევად. ამაზე იყო მსჯელობა საქართველოს მთავრობის შიგნით. იყო ძალიან რთული და ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, მე ვფიქრობ, არის ძალიან სწორი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა ამას ასეთი აჟიოტაჟი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრების წლის ბოლო შეხვედრაზე ნატოს წევრები იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას თურქეთისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების თაობაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე კვლავ გაუსვა ხაზი ნატოს მზადყოფნას დაიცვას თავისი მოკავშირე. „თუმცა საუბარია მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე და არ იგულისხმება არანაირი შეტევითი ოპერაცია ანდა ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნაო“, - დააზუსტა რასმუსენმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG