Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, სავარაუდოდ, დაამტკიცებს აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერების გეგმას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოელის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დაამტკიცებენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერებას. სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში ორდღიანი მინისტერიალის დაწყებამდე გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთში და რუსეთის მეზობლად მდებარე სხვა ქვეყნებში ნატოს ძალების გაზრდა „მკაფიო სიგნალს გააგზავნის“ და ეს სიგნალია, რომ „ნატო უპასუხებს მოკავშირის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას“. დაგეგმილ ზომებს შორის არის სამხედრო აღჭურვილობის გაზრდა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, მრავალეროვანი ძალების პირადი შემადგენლობის მატება. სტოლტენბერგი შეეხო საქართველოსთან ალიანსის თანამშრომლობასაც: „ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ახლო პარტნიორთან. და საქართველოსთან თანამშრომლობა - განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება „არსებითი პაკეტის“ განხორციელებას - არის საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო პარტნიორობის ნაწილი და, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია გამოწვევებისათვის, რომელთა მოწმენიც ვართ შავ ზღვაში“. ნატოს 10-11 თებერვალის მინისტერიალთან დაკავშირებით, ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. მისი განცხადებით, „თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას“. ამ ზომებს შორის, ხიდაშელის თქმით, საქართველოსათვის ყველაზე საინტერესოა შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა. 11 თებერვალს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების დონეზე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც საუბარი იქნება კონკრეტულად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG