Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის რამდენიმე წევრი რუსეთზე აღარ ყიდის იარაღს


ფრანგული მისტრალი
ფრანგული მისტრალი

ევროკავშირის იარაღის მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობამ ჩუმი აკრძალვა დააწესა იარაღის რუსეთისთვის მიყიდვაზე.

ეს დასკვნა გამოიტანა ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა euobserver-ის ანალიტიკოსმა ანდრიუ რეტმანმა, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად.

პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განაგრძობენ მოლაპარაკებას იმის დასადგენად, დააწესონ თუ არა იარაღზე კოლექტიური აკრძალვა, რუსეთისთვის განსაზღვრული სანქციების „მესამე ეტაპის“ სახით, იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ესკალაცია მოხდება.

მტკიცე გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში საფრანგეთმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის ორი საბრძოლო ხომალდის მიწოდებაში - შეთანხმებით, რომლის ღირებულებაც 1,2 მილიარდ ევროს აღწევს.

ამასთან, საფრანგეთის მთავრობამ არ გამორიცხა თავდაცვის სფეროში ახალი კონტრაქტების გაფორმება, თუ ევროკავშირის დონეზე ერთიანი პოლიტიკა არ იქნება შემუშავებული.

იმავე ხაზს მისდევს ესპანეთიც, რომელსაც რუსეთთან მოქმედი კონტრაქტები არა აქვს. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა მიგელ მორერ ერეამ გამოცემა euobserver-ს უთხრა, „არ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთს [ესპანეთმა] ემბარგო დაუწესაო“. მისი თქმით, საექსპორტო ლიცენზიაზე ნებისმიერი ახალი განაცხადი ინდივიდუალურად იქნება განხილული.

თუმცა, როგორც euobserver-ი იუწყება, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერეს ლიცენზიები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში ყირიმის ანექსირება მოახდინა.

ბერლინმა აპრილში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო რუსეთში იარაღის ექსპორტზე ნებართვა არ გაიცემა; ბრიტანეთის წარმომადგენელმა კი еuobserver-ს უთხრა, რომ ლიცენზიის შეჩერება ძალაში რჩება.

გერმანიის გადაწყვეტილების ფარგლებში შეჩერებულ იქნა კრიზისამდე მიღწეული შეთანხმება ცენტრალურ რუსეთში საბრძოლო წვრთნების 125 მილიონი ევროს ღირებულების ობიექტის აგების თაობაზე.

რუსეთისთვის დაჯავშნილი მანქანების დამზადებისთვის იტალიასაც ჰქონდა გაფორმებული 800 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი, თუმცა ეს შეთანხმება კრიზისამდე თავად მოსკოვმა გააუქმა და განაცხადა, რომ თავისი დაჯავშნილი მანქანები უფრო იაფი და გამძლეა. რომმა უარი თქვა ოფიციალური განცხადება გააკეთოს იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს მოქცევას ლიცენზიის მოპოვების შესახებ ახალი განაცხადების მიღების შემთხვევაში.

еuobserver-ი ავრცელებს ინკოგნიტოდ დატოვებული წყაროს სიტყვებს იტალიიდან - „ეს ამ ეტაპზე ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რადგან ვცდილობთ შევამციროთ დაძაბულობა აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს შორისო“. თუმცა იგივე წყარო დასძენს, რომ რეალურად იტალია, ალბათ, გერმანიისა და ბრიტანეთის მსგავსად მოიქცევა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ლიცენზიის მოსაპოვებლად ახალ განაცხადებს ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილებს.

როგორც еuobserver-ი წერს, ასევე იქცევა ევროკავშირის დანარჩენი მსხვილი ექსპორტიორების დიდი ნაწილი - ბელგია, ფინეთი, ჰოლანდია და შვედეთი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალურ ემბარგოსთან შედარებით, დე ფაქტო აკრძალვების დაწესება ადვილია, რადგან ასეთი აკრძალვები კონკრეტული სიტუაციის შექმნაზეა დამოკიდებული.

პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთთან მცირე მასშტაბის კონტრაქტების გაფორმებასაც კი ახლავს ევროკავშირის ქვეყნებისა თუ კომპანიებისთვის უხერხულობის შექმნის საფრთხე.

еuobserver-ი წერს, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გადაღებულ იქნა ფოტო, როგორ ეჭირათ სამხრეთ ოსეთის გასამხედროებული დაჯგუფებების წევრებს ფინური ფირმა „საკოს“ მიერ გამოშვებული სნაიპერის იარაღი, რომელიც თავის დროზე რუსეთს მიჰყიდეს სპორტული „ნადირობის“ სფეროში ექსპერიმენტისთვის.

რაც შეეხება თავად უკრაინას, ამ ქვეყანამ რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა 17 ივნისს შეაჩერა. ანალიტიკოსების აზრით, ის, რომ თანამშრომლობის შეწყვეტა კრიზისის დაწყებიდან ასე გვიან მოხდა, ადასტურებს, რაოდენ ღრმა იყო ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო კავშირები.

საბჭოთა კავშირში ეს კავშირები ყოვლისმომცველი იყო და რუსეთმა 1991 წლის შემდეგაც გააგრძელა უკრაინის აღქმა თავისი ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის მიმწოდებელთა ნაწილადო, უთქვამს გამოცემისთვის სამხედრო საკითხების ანალიტიკოსს, გაი ანდერსონს.

XS
SM
MD
LG