Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​რუსი გურმანები არ იზიარებენ საიმპორტო პროდუქციის აკრძალვით გამოხატულ პატრიოტიზმს


გასული კვირის ბოლოს რუსეთმა გადაწყვიტა სამაგიერო მიეზღო დასავლეთისათვის და, პრინციპით „კბილი კბილისა წილ“, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის აკრძალვით უპასუხა მის მიმართ დაწესებულ სანქციებს. კრემლის ამ ნაბიჯს, რასაც უმალ გამართლება მოუძებნა პატრიოტულად განწყობილმა რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ, შუბლშეჭმუხნით შეხვდნენ მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვარული საშუალო ფენის წარმომადგენლები.

7 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ სურსათისა და პროდუქციის გრძელი ჩამონათვალი, რომელთა იმპორტი შეუძლებელი იქნება იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს, მის მიერ უკრაინის საქმეებში ჩარევის გამო. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, აშშ-დან, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან ერთი წლის განმავლობაში დაექვედებარება აკრძალვას ხორცის, ხილისა და ყოველდღიური სურსათის იმპორტი.

მიუხედავად პუტინის გარანტიებისა, რომ შურისძიების მიზნით შემოღებული სანქციები ბევრს ვერაფერს დააკლებს რუსეთის მოქალაქეებს, ხელისუფლების ნაბიჯს სოციალურ ქსელში უმალვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები იმ მაღალი გემოვნების მქონე გურმანების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის საშუალო კლასს განეკუთვნებიან და ძალიან უყვართ იმპორტირებული სურსათი. მოსკოვში მდებარე მდიდრული სუპერმარკეტ „აზბუკა ვკუსას“ კლიენტებს შორის კი ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა.

ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და მან კარგად უნდა იმოქმედოს ჩვენი სამამულო პროდუქციის წარმოებაზე. უფრო სწორად, ჩვენი სამამულო პროდუქციის მწარმოებლებისათვის ეს კარგი ბიძგი იქნება გასავითარებლად...

77 წლის პენსიონერი სვეტლანა, რომელმაც, თავისი წარსული პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი გვარის გამჟღავნებაზე უარი თქვა, ქებით მოიხსენია ვლადიმირ პუტინის განცხადება და დასძინა, რომ ის და მისი ქმარი ბაზარში წავლენ კვირაში ერთხელ ახალი ხილისა და ბოსტნეულის საყიდლად, თუ სუპერმარკეტები ვერ შეძლებენ მათ უზრუნველყოფას ან თუ ისინი პროდუქტებს გააძვირებენ:

„მათ სანქციები დაგვიწესეს და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ უმოქმედოდ?“

23 წლის ალექსანდრა აკიმოვა, სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც კლიენტისათვის უცხოური ლიქიორის შესაძენად მოვიდა, ასევე ამაყობს რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთის ქვეყნების პროდუქციის აკრძალვით:

„ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და მან კარგად უნდა იმოქმედოს ჩვენი სამამულო პროდუქციის წარმოებაზე. უფრო სწორად, ჩვენი სამამულო პროდუქციის მწარმოებლებისათვის ეს კარგი ბიძგი იქნება გასავითარებლად. და რატომაც არა, როდესაც ჩვენ მიმართ ღებულობენ სანქციებს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ხმაამოუღებლად და ჩუმად ჩავყლაპოთ ეს?!“

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არავისთვის არ არის კარგი. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, ყოველივე ეს საბჭოთა გადმონაშთია...

საზოგადოების ერთი ნაწილის ასეთი პატრიოტული შემართების მიუხედავად, სხვები ნირწამხდარნი ჩანან. მათ შორის არის 22 წლის ილია, მოსკოველი კომპიუტერის პროგრამისტი, რომელმაც ასევე უარი თქვა საკუთარი გვარის გამხელაზე:

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არავისთვის არ არის კარგი. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, ყოველივე ეს საბჭოთა გადმონაშთია“.

57 წლის მაია, რომელიც მოსკოვის ელიტური სუპერმარკეტ „აზბუკა ვკუსადან“ საყიდლებით სავსე ჩანთებით გამოვიდა, თავს გურმანად მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ცუდ ხასიათზე აყენებს იმის გაფიქრებაც კი, რომ მომავალში ვეღარ შეძლებს იტალიური სპაგეტისა და ბალზამის ძმრის შეძენას:

„ვფიქრობ, ეს არც მეთოდია და არც საშუალება. ჩვენ გვჭირდება საშინაო პოლიტიკის შეცვლა და ეკონომიკის გაზრდა. მაგრამ ფურთხს უპასუხო ფურთხით და იძახო, „სულელი თავი გაბიაო“, ცხადია, არ არის მეთოდი. მე ხშირად ვყიდულობ იტალიურ და ფრანგულ ღვინოებსა და ყველს. თუ ამ პროდუქციას აკრძალავენ, სამწუხარო იქნება, მაგრამ რას ვიზამთ?“

ასე ფიქრობენ რუსეთის მოქალაქეები. თუმცა, ალბათ, ყველაზე კურიოზული იყო რუსეთის ტელეკომპანია „როსიას“ინფორმაცია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე. „რუსეთი არ მოკვდება იმპორტული ხილისა და ბოსტნეულის გარეშე, მას დაღესტანი გამოკვებავსო“, - განაცხადა გასულ კვირაში რუსული ტელეკომპანია „როსიას“ გადაცემა „ვესტიში“ გამოსვლისას დაღესტნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ამ განცხადებას საინტერესო ბლოგით გამოეხმაურა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელი ელენა რიკოვცევა. „წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ დაღესტნის სოფლის მეურნეობას შეეძლო დაეკმაყოფილებინა მთელი რუსეთის მოთხოვნილება ხილსა და ბოსტნეულზე. ტელეარხ „როსიასგან“ აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი დაღესტანზე, რომ იქ ომი მიდისო“, - დაწერა ელენა რიკოვცევამ თავის ბლოგში.

XS
SM
MD
LG