Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი კვლავ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე


მოლდავეთის პროევროპული პარტიები, რომლებმაც 30 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ჯამში, ხმათა 45.2 პროცენტი მიიღეს, მძლავრი კოალიციის შექმნას ცდილობენ, არჩევნებში პირველ-მესამე ადგილებზე გასულ პრორუსულ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს კი არ ჰყოფნით ხმები კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. მიუხედავად ასეთი თანაფარდობისა, მოლდავეთში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის კოალიციის შექმნა პროდასავლურ ძალებს შორის, წარსულში არსებული განხეთქილების გამო.

მოლდავეთში ჩატარებულ არჩევნებში ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა მონაწილეობამ დაახლოებით 56 პროცენტი შეადგინა. ისევე როგორც წინა ჯერზე, 30 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არ გამართულა პრორუსულად განწყობილ თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში. ეუთომ, მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, მაღალი შეფასება მისცა მოლდავეთში განვლილ არჩევნებს, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, კარგად იყო ორგანიზებული და უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი და ღირსეული საარჩევნო უფლება.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენი დათვალა, მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევა მოლდავეთის პროევროპულ არჩევანს. ეს შეკითხვა არსებითია თუნდაც იმის გამო, რომ ხმათა 20.93 %-ით პირველ ადგილზე გასული სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი პარლამენტის პირველსავე სხდომაზე დააყენებს ევროკავშირთან მოლდავეთის ასოცირების შესახებ შეთანხების გაუქმების საკითხს:

„პირველ ყოვლისა, მივმართავ მოლდავეთის პარლამენტს, მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დენონსაცია და დანიშნოს სახელმწიფო რეფერენდუმი საბაჟო კავშირში გაწევრიანების თაობაზე“.

სოციალისტური პარტიის ლიდერის ეს მესიჯი სერიოზული გამოწვევაა მოლდავეთის პროდასავლური პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებმაც პრორუსულ პარტიებთან რთულ კონკურენციაში, ჯამში, 45 პროცენტი მიიღეს და რეალური შანსი აქვთ შექმნან საპარლამენტო კოალიცია და ჩამოაყალიბონ მოლდავეთის მთავრობა. ლიბერალურ-დემოკრატიულმა, დემოკრატიულმა და ლიბერალურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მომავალი კოალიციის ფორმირებაზე. ვლად ფილატი, მოლდავეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, იმედოვნებს, რომ პროევროპული ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას:

„არჩევნების შედეგები დამსახურებულია და მჯერა, რომ ის მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ პროევროპული კოალიციის ხერხემალი“.

თუმცა პროევროპული კოალიციის შექმნისკენ მიმართული მოლაპარაკებები არ იქნება იოლი, პროევროპულ პოლიტიკურ ბანაკში წინა წლებში არსებული დაპირისპირების გათვალისწინებით. ამ დაპირისპირების გამო ლიბერალურმა პარტიამ, რომელთანაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების იმედი აქვს ვლად ფილატს, გასულ წელს დატოვა მმართველი კოალიცია და ოპოზიციაში გადავიდა. სწორედ ეს დაპირისპირება აქვს მხედველობაში ჩვენს კოლეგას, ვასილე ბოტნარუს, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურიდან, როდესაც ამბობს, რომ მოლდავეთის ლიბერალური პარტიის ლიდერი მკაცრ პირობებს წამოაყენებს კოალიციაში გაერთიანების სანაცვლოდ:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე მათ შორის იყო დიდი ბრძოლა და მოლაპარაკებები თანამდებობებისა და პორტფელების განაწილებისას, ისინი, შეიძლება ვივარაუდოთ, უფრო შეძლებენ დათმობასა და შეთანხმებას. მაგრამ, მეორე მხრივ, მათ შორის დაძაბულობაც დიდი იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ლიბერალი გიმპუ, რომელიც გარკვეულ ეტაპზე გარიცხეს თუ თვითგაირიცხა მმართველი კოალიციიდან, ახლა თეთრ რაშზე ამხედრებული დაბრუნდება და, სავარაუდოდ, უფრო მკაცრ მოთხოვნებს დააყენებს. თითოეულ ლიდერს ესმის, რომ მათი მონაწილეობის გარეშე კოალიცია ვერ ჩამოყალიბდება, ამიტომ წინ არის ძალიან რთული მოლაპარაკებები“.

თუმცა ამ რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვს პროევროპული ბანაკის წამყვანი ძალის - მოლდავეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის - ლიდერს, ვლად ფილატს, რომელიც ფიქრობს, რომ წარსულის მწარე გამოცდილება და ხალხის ნება პროევროპული ძალების სასარგებლოდ მუშაობს:

„ხელისუფლების სათავეში ვიყავით ხუთი წელი ქვეყნისთვის არცთუ სახარბიელო დროს - ეს იყო დრო, როცა რეგიონში ეკონომიკური კრიზისი იყო, გვქონდა ღრმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც, ქვეყნის აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობდა, რუსეთს მოლდავურ ექსპორტზე დაწესებული ჰქონდა ემბარგო და ჩვენს ქვეყანაზე გარედან უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გაუძლეს ყველა სირთულეს და ქვეყნის მომავალს მათი არჩევანი გადაწყვეტს“.

ასეთი მოლოდინი არსებობს არჩევნების შემდგომ მოლდავეთში, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად არის ცნობილი. გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, მოლდავეთში მწვავედ დგას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტის სახით. 1992 წლის ზაფხულის ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ პრორუსულად განწყობილ დნესტრისპირეთს 1000-კაციანი რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფი აკონტროლებს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ამბოხის შემდეგ სულ უფრო გაძლიერდა იმის შიში, რომ რუსეთი მოუგვარებელ კონფლიქტებს ს ევროპის გზაზე მდგარი სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების და, მათ შორის, მოლდავეთის წინააღმდეგაც გამოიყენებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG