ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:36

საზოგადოება / საქართველო

ნინა ხატისკაცის შეკითხვები ”საერთაშორისო გამჭვირვალობას”

ნინა ხატისკაცი
ნინა ხატისკაცი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლება არის საკადრო ცვლილება, რომელიც  შიდაორგანიზაციულ უთანხმოებას უკავშირდება  და მას პოლიტიკური ზეწოლის ან სხვა საფუძველი არ გააჩნია, - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური  და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ნინა ხატისკაცს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისათვის. თუმცა თავად ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ ის მიზეზები, რაც მან ხელმძღვანელობისგან მოისმინა, თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საკმარისი არ არის და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამატებით განმარტებას მოსთხოვს.

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელსაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი ხელმძღვანელობდა, საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ითვალისწინებდა. მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის გამოცემამდე, 20 ივლისს, ნინა ხატისკაცი სამსახურიდან დაითხოვეს. მას ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ მარკ მალენმა აცნობა და უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მუშაობის პერიოდში მას არ მიუღია არც  საყვედური, არც რაიმე გაფრთხილება. იყო საკითხები, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა სამსახურიდან დათხოვნა ხატისკაცისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა:
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა - ჩემთან მოსულიყო მარკ მალენი ან ეკა გიგაური და ჩემთვის სამსახურიდან განთავისუფლების ამბავი ეცნობებინა ...

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა - ჩემთან მოსულიყო მარკ მალენი ან ეკა გიგაური და ჩემთვის სამსახურიდან განთავისუფლების ამბავი ეცნობებინა. ამის საფუძველი ვერც მათთან ლაპარაკის შემდეგ გავიგე და არც მანამდე არსებულა. არანაირი შენიშვნა ან გაფრთხილება არ მიმიღია, რომ ჩემი საქმიანობით ვინმე უკმაყოფილი იყო ან რამე უნდა შემეცვალა. ცხადია, იყო საკითხები, რომლებზეც ვამბობდით, რომ ასე რომ გაკეთებულიყო საქმე და არა სხვაგვარად, აჯობებდა, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესი მგონია, ეს არ ყოფილა დაპირისპირების მიზეზი არასოდეს.”

საგულისხმო ფაქტია: ნინა ხატისკაცი არ უარყოფს, რომ ბოლო პერიოდში ორგანიზაციის  ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - კომუნიკაციამ იკლო. მისივე თქმით, მისი ელექტრონული მისამართი არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული მიმოწერიდანაც ამოიღეს - მაგალითად, როგორიც იყო კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა შესახებ მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებდა. კითხვები გაჩნდა და დაახლოებით ერთი თვის წინ ხატისკაცმა ხელმძღვანელობას შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა, როცა ნინა ხატისკაცმა განმარტება მოითხოვა და ამ შეხვედრაზე მოისმინა კიდეც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები. თუმცა ხატისკაცი აცხადებს, რომ დასახელებული მიზეზები სიმართლე არ არის და რომც იყოს, ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის არ კმარა.  ამიტომ ნინა ხატისკაცი ფიქრობს, რომ კითხვები უნდა დაისვას:

”მე უნდა მოვითხოვო ორგანიზაციისგან განმარტებითი გადაწყვეტილება ჩემი განთავისუფლების შესახებ, რომელშიც ახსნილი იქნება იმ მიზეზების ჩამონათვალი, რამაც მათ ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. ის მიზეზები, რაც მათ მე შეხვედრაზე ზეპირად მითხრეს, მართლა უსაფუძვლოა - მაგალითად, ის, რომ როცა წავედი სამუშაოდ ჩვენს ბათუმის ოფისში, დღენახევრით ადრე გავაგებინე მათ, თუმც კი არანაირი შინაგანაწესი არ გვაქვს, როდის უნდა შევატყობინოთ... ასეთ თემებზე თუ არსებობდა რაიმე შენიშვნა, ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა და ის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით, - და მე არ მგონია, რომ ამ საქმეში ძალიან უმნიშვნელო როლი მქონდეს, - მაფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან უდროო დროს და გაუაზრებლად მიიღეს.”

ნინა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მუდამ მთავარი მონიტორი იყო და ყველა მნიშვნელოვან დასკვნასაც ის აწერდა ხელს და ამ არჩევნებზე ასე უნდა ყოფილიყო ...

ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პროექტი დატოვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმაც, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს კახეთში ახორციელებდა. გელა მთივლიშვილის პროტესტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გახდა:

”როცა უკვე არჩევნები კარზეა მომდგარი, ანგარიში თითქმის მზადაა და უნდა გამოქვეყნდეს, ბოლო და ინტენსიური სამუშაოები დაგვრჩა და უცებ ნინას ათავისუფლებენ. ნინა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მუდამ მთავარი მონიტორი იყო და ყველა მნიშვნელოვან დასკვნასაც ის აწერდა ხელს და ამ არჩევნებზე ასე უნდა ყოფილიყო. მარტო ამ მონიტორინგის შედეგად, ანგარიშში შესატანად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 200-ზე მეტი სერიოზული ფაქტი გვაქვს  მოგროვილი, რომელიც ამ ანგარიშში უნდა შესულიყო. როგორც ვიცი, ეს ანგარიში აგვისტოში უნდა გამოსცენ.  ვნახავთ, თუ მოხვდება მასში ყველა ეს ფაქტი.”

ხომ  არ უნდა ვეძებოთ ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზები ბოლო დროს მის მიერ მედიისათვის მიცემულ მწვავე კომენტარებში  და უფრო კონკრეტულად  რას გულისხმობს ”ორგანიზაციული უთანხმოება”? - ამ კითხვაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების ყველა განცხადება  ემთხვევა ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” პოზიციას. ეს პოზიცია კი იმ გამოკვლევებს ემყარება, რომლებსაც ”საერთაშორისო გამჭირვალობა” დროდადრო ამზადებს. მენეჯმენტთან დაკავშირებულ შიდა უთახნმოებას კი ეკა გიგაური ასე ხსნის:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას ...

”ეს საკითხები შეეხება ორგანიზაციის განვითარებასთან, პროექტების მართვასთან დაკავშირებულ ცალკეულ შეხედულებებს. დეტალები საზოგადოებას, არა მგონია, აინტერესებდეს. ეს ყველა ორგანზიაციაში ხდება და ამავე მიზეზით ”საერთაშორისო გამჭვირვალობიდან” ადრეც არაერთი ადამიანი წასულა სამსახურდან. რაც შეეხება ნინას მოსაზრებებს, არასოდეს არც მისი, არც ჩემი, არც ერეკლე ურუშაძის თუ სხვათა მოსაზრებები არ ყოფილა კერძო, პირადი მოსაზრებები და ისინი ყოველთვის ემთხვეოდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ოფიციალურ პოზიციას. ძალიან მიკვირს, რომ ამ ფაქტს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა.”

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

”გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით."

სხვადასხვა საკითხზე კატეგორიულ აზრთა სხვადასხვაობას ან მისი აზრის შეზღუდვის მცდელობის ფაქტებს ნინა ხატისკაციც უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა, რომელზეც ”საერთაშორისო გამჭვირვალობისგან” პასუხს მოითხოვს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: lela საიდან გვწერთ: tbilisi
25.07.2012 19:36
ასეთ გამჭვირვალე ორგანიზაციას რატომ არ უწერია, რომელი წლიდან არის მარკ მალენი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე? თუ მარადმწვანე მმართველია? მგონი, ცოტა მეტი დემოკრატიული მმართველობა მოეთხოვება ასეთ ორგანიზაციას.

http://www.transparency.ge/our-board

ავტორი: ლევანი საიდან გვწერთ: თბილისი
25.07.2012 19:27
მე მაწუხებს კიდევ ერთი შეკითხვა, იმასთან ერთად, რაც აქ წინა კომანტარებში უკვე დაიწერა. ამერიკის მოქალაქე რატომ არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე და როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლების აყვანა-გაშვებითაც დაკავებული? მგონი ამ კაცს აშკარად ინტერესთა კონფლიქტი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ორგანიზაციის რეპუტაციაზე აისახება ცუდად.

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
25.07.2012 18:24
ქალბატონო nino (და თუ კიდევ თანამოაზრე არის ვინმე) განგიმარტავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება არის და უნდა იყოს მთავრობისა და ხელისუფლების მაკონტროლებელი და მიმთითებელი-დამსაზღვრელი სეგმენტი, რომლის ძირითადი ვალი სწორედ რომ კრიტიკაა და არა ჩინ-მედლების დარიგება.
ნინა ხატისკაცი უბრალოდ ერთი ადამიანი არაა, არამედ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა ამ ორგანიზაციის ფარგლებში. და ასეთ ცხელ ზაფხულს მისი მოულოდნელი გათავისუფლება სწორედაც რომ არის "ერთი ამბის ასატეხი" ამბავი.
ცხადია, ჩნდება ეჭვები და შეკითხვები და საჭიროა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ საჯაროდ უპასუხოს ქალბატონ ხატისკაცის კითხვებს (მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო).

ავტორი: nino საიდან გვწერთ: nino
25.07.2012 16:13
ეს ორგანიზაცია სულ რომ აკრიტიკებს მთავრობას, მაშინ არ გაგხსენებით არ მარკ მალენი და არ სხვები. ეხლა ერთი ადამიანი გაუშვეს და ატეხეთ ერთი ამბავი. დარწმუნებული ვარ ამის მიზეზი იყო. ეხლა შიდა სამზარეულოს არც-ერთი სერიოზული ორგანიზაცია არ გადმოგიშლით. ნინო ხატისკაცი თუ წავიდა დაიქცევა პროგრამა ხომ იცით. შეუცვლელები არ არიან.

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
25.07.2012 15:09
დროთა განმავლობაში ქალბატონი ნანა მისი ასეთი პრესტიჟული სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებს ხელახლა გადაიაზრებს, და, რაც მოხდა და რატომაც მოხდა, ყველაფერს კარგად მიხვდება.
მე მგონია რომ მან უბრალოდ დაიჯერა რომ დამოუკიდებელ მოთამაშეს წარმოადგენდა, გარკვეულ უხილავ ზღვარს გადააბიჯა და უმალვე დაისაჯა.
შედეგად მივიღეთ კიდევ ერთი შერცხვენილი (დისკრედიტებული) არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში რაც ძალიან სამწუხაროა.
გმადლობთ

ავტორი: Irakli საიდან გვწერთ: Paris
25.07.2012 13:56
მართლაც უცნაურია, როცა უფლებადამცველი და გამჭვირვალობისკენ მოწოდებული არასამთავორობო ორგანიზაცია ყოველგვარი ახსნის გარეშე, გადამწყვეტი არჩევნების წინ სამსახურიდან უშვებს თანამშრომელს, რომელიც საარჩევნო მონიტორინგის პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს გიგაური ან ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ან ჭკუასუსტია უბრალოდ. ერთიც და მეორეც დამღუპველია ორგანიზაციისთვის.

ავტორი: goga საიდან გვწერთ: kutaisi
25.07.2012 13:13
რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, მის მერე მარკ მალენია მისი გამგეობის თავმჯდომარე. რა ვადით არის ეს კაცი არჩეული? თუ მიშასი არ იყოს, უვადოა? კარგად მორგებია ქართულ რეალობას.

ავტორი: Chelentano საიდან გვწერთ: თბილისი
25.07.2012 00:29
2 წლის წინ ნავერიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მეორე დღეს კი მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კობალაძე ასევე გაანთავსუფლეს (შოთა უტიაშვილმა მძაფრად გააკრიტიკა არასამთავრობოების განცხადება რომელსაც გამჭვირვალობას აწერდა ხელს). მარკ მალენის და მისი ოჯახის სიახლოვე საქართველოს ხელისუფლებასთან ახალი არაა, არც მისი მზარდი ბიზნეს ამბიციები, გეოკაპიტალის, სასტუმროების და სხვა კომპანიების სახით. ორგანიზაციის გამგეობის კიდევ ერთი წევრი დიდი ლევან რამიშვილია. ალბათ ყველაფერი გასაგებია. სირცხვილია ორგანიზაცია რომელიც გამჭვირვალობას ქადაგებს, თვითონ ასე ექცევა თანამშრომლებს. სოლიდარობა ნინას

ყველაზე პოპულარული