Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მოლაპარაკებას გამართავს „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო სტრატეგიაზე


ბარაკ ობამა და ჯონ კერი
ბარაკ ობამა და ჯონ კერი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 14 ოქტომბერს 20 ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შეხვდება და განიხილავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების საწინააღმდეგო სტრატეგიას სირიასა და ერაყში.

შეხვედრებს, რომლებიც ვაშინგტონს გარეთ, ენდრიუსის საჰაერო ბაზაზე გაიმართება მთელი დღის განმავლობაში, უხელმძღვანელებს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარტინ დემპსი.

შეხვედრების ფონია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაზე განხორციელებული ზეწოლა შეაჩეროს ექსტრემისტული ჯგუფის შეტევა. ექსტრემისტებმა ბოლო ხანებში წინ წაიწიეს ერაყის დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციასა და სირიის ქალაქ კობანიში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს.

გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაში მონაწილე ქვეყნებს შორის თურქეთიც იქნება, ისევე როგორც ის არაბული ქვეყნები, მაგალითად, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომლებიც შეუერთდნენ სირიაში ექსტრემისტების წინაღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო კამპანიას.

შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან ავსტრალიის, ბაჰრეინის, ბელგიის, კანადის, დანიის, ეგვიპტის, საფრანგეთის, გერმანიის, ერაყის, იტალიის, იორდანიის, კუვეიტის, ლიბანის, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, ყატარისა და ესპანეთის წარმომადგენლები.

დემპსის პრესმდივნის, პოლკოვნიკ ედ ტომასის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ ხედვას, გამოწვევებს და სამომავლო ნაბიჯებს. მისი თქმით, გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის.

ობამამ 17 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები „დაასუსტებდნენ და, ბოლოს, გაანადგურებდნენ“ ამ ისლამისტ ექსტრემისტულ ჯგუფს, „მასშტაბური და სტაბილური კონტრტერორისტული სტრატეგიის მეშვეობით“.

თუმცა მას შემდეგ პრეზიდენტი აშშ-ში ბევრმა ოპონენტმა გააკრიტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გატარებული კამპანიის გამო.

ობამას ხშირი კრიტიკით გამორჩეულმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 12 ოქტომბერს განაცხადა, „ისინი იმარჯვებენ და არა ჩვენო“.

ერაყის არმიის წარმომადგენლებმა 13 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ექსტრემისტებმა ერაყის სამხედროები აიძულეს დაეტოვებინათ ანბარის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბანაკი. დაჯავშნილი მანქანების და ტანკების ხელში ჩაგდების შემდეგ ექსტრემისტებმა ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს.

სამხედრო ბანაკი დაახლოებით 8 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ჰიტიდან, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 2 ოქტომბერს ჩაიგდეს ხელში. გაეროს ცნობით, ჰიტში და მის გარშემო შეტაკებების გამო 180,000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ანბარის პროვინციის ხელში ჩაგდება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს საშუალებას მისცემს მომარაგებისთვის საჭირო არხი შექმნან და დედაქალაქ ბაღდადზე დაიწყონ შეტევა.

ერაყში ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა 13 ოქტომბერს განაცხადა, ექსტრემისტების დასამარცხებლად საკმარისი არ არის საჰაერო იერიშები და ერაყის არმიამ სახმელეთო კამპანიაც უნდა განახორციელოსო.

გავრცელებული ცნობებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები კვლავ უტევენ სირიის ქალაქ კობანის, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს და ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ ჯიჰადისტებმა ხელში ჩაიგდეს კობანის კულტურული ცენტრი.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია განაგრძობს საჰაერო იერიშებს კობანის გარშემო.

თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ უარყო ცნობა, თითქოს ვაშინგტონსა და ანკარას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული თურქეთის ინჯირლიკის ბაზის გამოყენებაზე კამპანიის ფარგლებში:

თურქეთის ვიცე-პრემიერი ბიულენთ არნიჩი ორშაბათს შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით სიახლე არ არის, გარდა ტერორიზმთან ბრძოლაში მიმდინარე თანამშრომლობისა. განვიხილავთ შესაძლებლობას გარკვეული ობიექტები შევთავაზოთ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროექტს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამ დღეებში გაგრძელდება მოლაპარაკება აშშ-ის ოფიციალურ პირებთან იმ ზომებზე, რომლებიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ [ექსტრემისტების] წინააღმდეგ უნდა გატარდეს, მათ შორის, ფრენის აკრძალვაზე და ბუფერული ზონის შექმნაზე“.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის ადმინისტრაციის მრჩეველმა სიუზან რაისმა 12 ოქტომბერს თქვა, თურქებმა განაცხადეს, კოალიციის ძალებს შესაძლოა მიეცეთ საშუალება თურქეთის შიგნით მდებარე ობიექტები გამოიყენონ სირიასა და ერაყში განხორციელებული იერიშებისთვისო.

XS
SM
MD
LG