Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კრიზისი თუ ნაბიჯი მისკენ?


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრი და საკუთარი სურვილით პოსტიდან წასული კიდევ ორი მინისტრი - საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები - ასეთია საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებების სურათი, 5 ნოემბრის მდგომარეობით. პროცესი გრძელდება - კიდევ ვინ დატოვებს სახელისუფლებო გუნდსა და უმრავლესობას და როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი მდგომარეობა - პოლიტიკურ კრიზისად თუ ნაბიჯად სახელისუფლებო კრიზისისაკენ მიმავალ გზაზე?

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოსტიდან გადაყენებას და მის თანმდევ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში განვითარდა, საქართველოს ხელისუფლებაში „რეალურ დემოკრატიად და სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად აფასებენ“. მმართველი გუნდის წევრები ახლო მომავალში არც პოლიტიკურ კრიზისს ელიან, თუმცა ოპოზიციასა და საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრი, რომ საქართველო შეიძლება სახელისუფლებო კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს გული დასწყდება, თუ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ 10 დეპუტატი თავიანთი პარტიული ლიდერის, ირაკლი ალასანიას ფაქტორის გამო უმრავლესობას დატოვებს. თუმცა არც დავით საგანელიძე ფიქრობს, არც ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და არც, მაგალითად, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის:

ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა ქაოსისაკენ მიექანება. ამიტომ ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა...
გიორგი ბარამიძე

„გული დამწყდება, თუ ის ადამიანები, ვინც ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ შემადგენლობაში შედიან, დატოვებენ უმრავლესობას იმის გამო, რომ მათი ლიდერი მინისტრი აღარ არის“.

„არც კოალიციის დაშლაა პრობლემა. მე ვფიქრობ, მისი ხელოვნურად შენარჩუნება დემოკრატიული პროცესებისათვის ძალიან ცუდი იქნება“.

„ეს არის სისხლსავსე, მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრება და ეს კარგია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი, პირიქით, ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ, პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევისაკენ მოუწოდებენ და ღრმა პოლიტიკურ კრიზისზეც ლაპარაკობენ:

„ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა ქაოსისაკენ მიექანება. ამიტომ ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რათა ყველა, ვისაც გვაქვს შეგნებული მდგომარეობის სირთულე, შევეცადოთ, რომ ქვეყნის სტაბილურად განვითარებას ხელი შევუწყოთ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე.

დღის განმავლობაში მომხდარს აფასებდნენ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებიც. მინისტრობიდან გადამდგარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში მხარე აღმოჩნდა:

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ერთი კონკრეტული უწყების, პროკურატურის, და იქ მომუშავე ინდივიდუალური ადამიანების მცდელობა შეუტიონ იმ მთავარ რგოლს სახელისუფლებო ჯაჭვში, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ასევე ვწუხვარ, რომ პრემიერი აღმოჩნდა მხარე ამ ამბავში და მისთვის უფრო დამაჯერებელი პროკურატურის არგუმენტები აღმოჩნდა“.

თუ რესპუბლიკელებმაც გადაწყვიტეს ოპოზიციაში წასვლა, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაშინ შეგვიძლია იმაზე ლაპარაკი, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ეყოლება და სახელისუფლებო კრიზისის ფორმალური ნიშნებიც გვექნება...
გია ნოდია

„ნაბიჯი კრიზისის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით არა კლასიკური პოლიტიკური კრიზისი“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს პოლიტიკურ არენაზე შექმნილ ვითარებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების კორუფციაში ბრალდებით დაიწყო, პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებით გაგრძელდა და პროცესები დღესაც სწრაფად ვითარდება.

„კლასიკური პოლიტიკური კრიზისი ჯერ არ შექმნილა, იმიტომ რომ ალასანიას პარტიის წევრი ათი დეპუტატის გარეშეც, თუ ისინი დატოვებენ უმრავლესობის რიგებს, ამავე უმრავლესობას მაინც შეუძლია ფუნქციონირება. ხოლო თუ რესპუბლიკელებმაც გადაწყვიტეს ოპოზიციაში წასვლა, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაშინ შეგვიძლია იმაზე ლაპარაკი, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ეყოლება და სახელისუფლებო კრიზისის ფორმალური ნიშნებიც გვექნება“.

როდესაც კრიზისზე ლაპარაკობს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გია ნოდია იმასაც შენიშნავს, რომ, ბევრი ქართველი და უცხოელი კომენტატორის აზრით, ირაკლი ალასანია და მისი პოლიტიკური გუნდი, „თავისუფალი დემოკრატები“, იმის გარანტად აღიქმებოდა, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად მყარად იდგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ გუნდის წასვლამ ხელისუფლების მიმართ ნდობა შეიძლება სერიოზულად შეამციროს. პოლიტიკური პროცესების მიმართულებაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების გადაწყვეტილებაც:

„თუ „რესპუბლიკელები“ დარჩებიან, მაშინ ხელისუფლებას შეეძლება იმის მტკიცება, რომ ალასანიას უბრალოდ რაღაც ეწყინა და პოლიტიკა არ იცვლება, მაგრამ თუ ისინი წავიდნენ, მაშინ გამოდის, რომ ის ძალები, რომლებიც ასე თუ ისე პროდასავლურ იმიჯს უნარჩუნებდნენ ხელისუფლებას, იქ აღარ იქნებიან და კიდევ უფრო ძნელი გასარკვევი იქნება რა ხელისუფლებაა ეს, რა ორიენტაცია აქვს მას და გაცილებით გაძლიერდება ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ეს უფრო მეტად პრორუსული ხელისუფლებაა“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი გვიხსნის, რომ მთავრობა შეიძლება ორ შემთხევაში გადააყენონ: თუ შეიცვლება მინისტრების ერთი მესამედი და საქართველოს რეალობაში ეს არის 7 მინისტრი. მეორე შემთხვევაა, როდესაც მინისტრები არ იცვლებიან, თუმცა პარლამენტი უცხადებს მთავრობას უნდობლობას:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„თუ ამ შემთხვევების შემდეგაც პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა, მაშინ ჩნდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროება. პირველ შემთხევვაში ეს დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის ნებასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს გარდაუვალი იქნება“.

თუ „თავისუფალი დემოკრატების“ ათი დეპუტატი დატოვებს პარლამენტის უმრავლესობას, ავტომატურად „ქართული ოცნება“ კარგავს უმრავლესობისათვის საჭირო ხმებს და აუცილებელი გახდება ახალი უმრავლესობის ფორმირება. ხოლო თუ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდა, განმარტავს ვახუშტი მენაბდე, საქართველოს ეყოლება „ტექნიკური მთავრობა“, რომელიც იძულებული გახდება ყველა ცალკეულ საკითხზე, ინიციატივების მხარდასაჭერი დეპუტატების რაოდენობას ცალ-ცალკე მოუყაროს თავი. რა მოხდება, თუ უმრავლესობას დატოვებს 9 რესპუბლიკელი დეპუტატიც?

„აქ უკვე მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიჭერენ ფრაქციებს გარეთ დარჩენილი დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე კოალიციის სხვა სუბიექტები, როგორიცაა „კონსერვატორები“, „ფორუმი“ და ა.შ“.

რა მოხდება მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ მაინც მოახერხებს უმრავლესობის თავმოყრას? ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება დემოკრატიულ მმართველობას, რადგან, ფაქტობრივად, გაჩნდება ერთპარტიულობის რისკი, ზუსტად ისევე, როგორც ეს სააკაშვილის მმათველობის დროს მოხდა. ასეთ ვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა ცალკეულ საკითხთან მიმართებით - იქნება ეს ვეტო, მთავრობისთვის უნდობლობის თუ ნდობის გამოცხადება თუ სხვა საკითხები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG