Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი აქცია, სხვადასხვა შეძახილებით


"სადღესასწაულო" დაპირისპირება გორში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

„პუტინის მონებო, კრემლის აგენტებო, საქართველოს მოღალატეებო“ - ამ შეძახილებით ახალგაზრდების ჯგუფი კომუნისტებისა და სტალინისტების მანიფესტაციაში შეიჭრა, რამაც გრიშა ონიანი გაანაწყენა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა გორში დილიდან დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული კომუნისტები და სტალინისტები სტალინის სახლ-მუზეუმთან საბჭოთა კავშირის დროშებით შეიკრიბნენ და ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმეს. მათი მოთხოვნები ტრადიციული იყო: სტალინის ძეგლის დადგმა და საქართველოს ევრაზიულ სივრცეში ინტეგრირება. წლევანდელი მიტინგი სხვა წლების მიტინგებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ დღეს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვალერი კვარაცხელია დაასახელეს. კვარაცხელიამ ეს წინადადება მიიღო.

მიტინგის დასრულების შემდეგ კომუნისტებმა ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს და იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 2010 წლამდე იოსებ სტალინის ძეგლი იდგა. მათ ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

კომუნისტების მიტინგის პარალელურად კონტრაქციას აწყობს იმ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც ევროპის დღეების აღნიშვნა გუშინ დაიწყეს. გორის უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია ტოტალიტარიზმის შესახებ და აქვე მოეწყო პრეზენტაცია წიგნისა „13 მითი სტალინის შესახებ“, რომელიც გამოსცა ორგანიზაციამ „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“. ისტორიკოსი, პროფესორი ბონდო კუპატაძე აცხადებს, რომ გორში 9 მაისს ამ ლექციის ჩატარება არის საზოგადოების ინფორმირებისა და სტერეოტიპების დაძლევის კიდევ ერთი მცდელობა.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის კონტრაქცია
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის კონტრაქცია

ისტორიის გადაფასება და ინფორმაციით ცნობიერების ამაღლება - ეს იქნება საღამოს კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის მთავარი გზავნილი. პარკში გაიმართება კონცერტი როკ-ჯგუფების მონაწილეობით. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გვანცა დოლუაშვილი აცხადებს, რომ გორი არ არის წითელი და ახალგაზრდების არჩევანი ტოტალიტარიზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგაა მიმართული.

კონცერტის მსვლელობისას იქნება გამოსვლები დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების თაობაზე, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი 10 მაისს დასრულდება. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონის ავტორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოების წარმომადგენლებთან ისაუბრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG