Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკის სანაცვლოდ გაწყვეტილი საოპერო კონტრაქტები


პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე

გაიმართა პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრთა პირველი შეხვედრა. ჟურნალისტების შეკითხვას, გარდაიქმნება თუ არა ფონდი პოლიტიკურ ძალად, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამას ცხოვრება აჩვენებს. პაატა ბურჭულაძისავე განცხადებით, ფონდის საქმიანობაზე მისი წევრები დეტალურად ისაუბრებენ დეკემბერში დაგეგმილ პრეზენტაციაზე. „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრებს შორის არიან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.

„საქართველოს განვითარების ფონდის" საჯაროდ ცნობილი პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ არასოდეს უფიქრია ოპერის მომღერლობასა და ქველმოქმედებაზე, მაგრამ ცხოვრებისგან მიცემული ეს შანსი გამოიყენა, ახლა კი ცხოვრებისგან მიცემულ სხვა შანსს იყენებს:

„დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი. მე არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით და არც არას. თუ ცხოვრება მანახვებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე აუცილებლად გავაკეთებ ამას“.

პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა, რაც ახლად დაარსებული ფონდის გაძლიერების აუცილებლობით ახსნა. ჟურნალისტების შეკითხვას, მართლაც ჰქონდა თუ არა კონსულტაციები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომ კონტაქტი ჰქონდა ყველასთან.

ფონდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შედარებით უფრო მეტი ილაპარაკა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის თქმითაც, ფონდის მიზანი იქნება ახალგაზრდების შემოკრებაც:

„მიზანი გახლავთ საზოგადოებაში არსებული პროფესიონალური და ინტელექტუალური პოტენციალის თავმოყრა ერთ მინდორზე და შესაბამისი ხედვების ჩამოყალიბება. 13 ივნისს ახალმა თაობამ სოციალური სოლიდარობა გვიჩვენა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ ამ თაობასთან. პოლიტიკური კონსულტაციები არ გვქონია, ჩვენ ყველანი ჩვენი წარსულით და ბიოგრაფიით მოვდივართ“.

მიუხედავად იმისა, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის პოლიტიკურ გეგმებზე ჯერ ძალიან ცოტაა ცნიბილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მომავალი პოლიტიკური ამბიციები პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულმა პირებმა ჯობს სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად განახორციელონ:

„არ მგონია, 230 პარტია რომ არის, იმ ქვეყანაში პარტიების აუცილებლობა იდგეს დღის წესრიგში და ეს იყოს საჭირო. პირიქით, ალბათ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ადგილი არსებულ პოლიტიკურ იდეოლოგიაში ვიპოვოთ“.

წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა სიახლე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით დარჩიაშვილისთვის:

„არ მგონია, მოახლოებულ საარჩევნო პროცესში ახალმა მცდელობებმა გადაფაროს ის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც არიან ქვეყანაში“.

კონსულტაციებს არ უწოდებს, მაგრამ პირადი ნაცნობობის ფარგლებში შესაძლო შეხვედრას არ გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი და ამბობს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის ფონდს პროდასავლური ინტერესი ექნება, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანას.

მაშინ, როცა „პოლიტიკური სივრცე მოსუფთავებულია“ და „პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია“ და როცა ძალაუფლება „პირდაპირ ქუჩაში გდია“ და ამღები არავინაა, ბუნებრივია ახალი, პოლიტიკური ინტერესის მქონე, ძალების გამოჩენა, ამბობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს ახლა პაატა ბურჭულაძე.

„’ქართულ ოცნებას’ აქვს არასახარბიელო და კლების დინამიკა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, „პატრიოტთა ალიანსსაც“ ჰყავს თავისი ელექტორატი, ნინო ბურჯანაძესაც ჰყავს გარკვეულ ფრთაზე, მაგრამ ამომრჩევლის დაახლოებით 60 % დარჩენილია პოლიტიკური იდენტიფიკაციის გარეშე და მცდელობები იქნება და პაატა ბურჭულაძესაც ეს მცდელობა აქვს, რომ ეს ძირითადი ელექტორალური მასა შეისრუტოს“.

იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძის ფონდი პოლიტიკური ძალის კონტურებს შეიძენს, მას კონკურენცია „თავისუფალ დემოკრატებთან“ მოუწევს, ვარაუდობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, თუმცა ამ ეტაპზე მას უჭირს უფრო მკაფიო ვარაუდის გამოთქმა:

„ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი არჩევნებამდე, მას გარკვეული შანსები მაინც აქვს და საზოგადოების შემოკრებას შეძლებს“.

კორნელი კაკაჩიას ამ აზრს მთლიანად იზიარებს გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, შემადგენლობა, რომლითაც პაატა ბურჭულაძის გუნდია წარმოდგენილი, უფრო იმის ჩვენებას ემსახურება, რომ გუნდი პროდასავლურია. ამით ბურჭულაძეს განზრახული აქვს შეაკავოს და გაანეიტრალოს პოლიტიკური ოპონენტების შემოტევა და მცდელობა მიაწებონ მას პრორუსულად განწყობილი ძალის იარლიყი. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს სტრატეგია თავის დროზე „ქართულმა ოცნებამაც“ გამოიყენა, როცა კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები შეიყვანა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG