Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დგას „პაკისტანის დემოკრატიული მარშის“ უკან?


გავლენიანი მუსლიმანი პაკისტანელი მეცნიერი მუჰამედ ტაჰირ ულ ყადრი ცნობილია 2011 წელს მის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ფატვათი, ანუ წესდებით. ახლა კი პაკისტანელი მეცნიერი აპირებს სათავეში ჩაუდგეს მილიონიან მარშს, რომელიც ისლამაბადის ქუჩებში 14 იანვარს უნდა გაიმართოს სუფთა არჩევნების მოთხოვნით. რატომ გადაწყვიტა მეცნიერმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

საერთაშორისო საზოგადოებისათვის ტაჰირ ულ ყადრი ცნობილია მის მიერ 2010 წელს შედგენილი წესდებით. ისლამისტი მეცნიერის მიერ შემუშავებული 600 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, არც ერთ მუსლიმანს არა აქვს უფლება დაღვაროს სამოქალაქო პირის სისხლი რელიგიის სახელით. ამიერიდან ყადრი პაკისტანის ფარგლებს გარეთ სხვა რამის გამოც გახდება ცნობილი. იგი პირობას დებს, რომ 14 იანვარს ისლამაბადის ქუჩებში გამოიყვანს მილიონობით მხარდამჭერს, ოღონდ ამჯერად საპროტესტო აქციის ძირითადი მესიჯი არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური შინაარსისა იქნება.

„თუ გსურთ ცვლილებები, თუ მართლა გსურთ ცვლილებები, მეც აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ ცვლილებები მოვიტანო“, - ასე მიმართა ყადრიმ თავის მხარდამჭერებს 23 დეკემბერს ლაჰორში.

ცვლილებები, რომელზეც მუსლიმი მეცნიერი ლაპარაკობს, მარტში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გზით მთავრობის სრულ შეცვლას გულისხმობს.

მუჰამედ ტაჰირ ულ ყადრი ესწრაფვის, რომ პაკისტანის მმართველი კოალიცია გადადგეს და არჩევნებამდე ქვეყანას უხელმძღვანელოს დროებითმა მთავრობამ, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, სასამართლო და სამხედრო ხელისუფლებისათვის იქნება მისაღები.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი იქნებაო, ჩვენ მაინც გამოვიყვანთ პოლიციას, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ინციდენტი ...
მირვაის იმტიაზი

დარწმუნებულმა, რომ პაკისტანის მოქმედი ხელისუფლება მოუსმენს, ყადრიმ 10 იანვრამდე მისცა ხელისუფლებას მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა. მაგრამ თუკი ხელისუფლება უარს იტყვის მოთხოვნებზე, ყადრი პირობას დებს, რომ მილიონთა მარში 13 იანვარს ლაჰორში დაიწყება და 14-ში უკვე ისლამაბადს მიაღწევს. აქამდე პაკისტანის ხელისუფლებამ უგულებელყო ყადრის შეთავაზება, რომ მისი წინადადების განსახილველად გამართულიყო შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებთან. თუმცა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი რაჰმან მალიკი 7 იანვარს ისლამაბადში ჩავიდა, რათა მარტის არჩევნებისათვის უსაფრთხოების ზომები განეხილა.

ისლამაბადის პოლიციის მაღალჩინოსანმა მირვაის იმტიაზმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ დემონსტრანტებს აკრძალული ექნებათ „წითელი ზონის“ გადალახვა და ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოება:

„ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი იქნებაო, ჩვენ მაინც გამოვიყვანთ პოლიციას, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ინციდენტი. არავინ არ უნდა გადალახოს „წითელი ზონა“. ორგანიზებული იქნება მოქალაქეთა შემოწმება გასასვლელებში და ასევე ცალკე იქნება მოწყობილი მანქანების სადგომი პროცესიაში მონაწილეთათვის“.
ხალხი, რომელიც მას უჭერს მხარს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყადრის დაარსებული ინსტიტუტი - მინჰაჯ ულ ყურანი - დაამთავრეს ...
ომარ ჩეემა

პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, წითელი ზონა შემოღობილი იქნება კონტეინერებითა და მავთულხლართებით. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისლამაბადში დაახლოებით 5000 პოლიციელი იქნება თავმოყრილი.

თუმცა პაკისტანის მედიაში ძირითადად დომინირებს შეკითხვა, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანას შეძლებს საპროტესტო აქციაზე სამართლის პროფესორი და ისლამისტურ მეცნიერებაში მსოფლიო მუსლიმთა განათლების ორგანიზატორი ტაჰირ ულ ყადრი.

როგორც პაკისტანში არსებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის წარმომადგენელი ომარ ჩეემა ამბობს, ყადრი განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერით თავის ყოფილ სტუდენტებში სარგებლობს:

„ხალხი, რომელიც მას უჭერს მხარს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყადრის დაარსებული ინსტიტუტი - მინჰაჯ ულ ყურანი - დაამთავრეს. მას ამ ტიპის მიმდევრები ჰყავს“.

მინჰაჯ ულ ყურანი სუფიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მუჰამედ ტაჰირ ულ ყადრიმ 1981 წელს დააარსა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ისლამის შემწყნარებლური ხედვა გაავრცელოს და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთგაგების მიღწევას.

თუმცა რამდენადაც წარმატებული იყო ყადრის, როგორც რელიგიური ლიდერის, მოღვაწეობა, იმდენად საეჭვოდ ჩანს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, საქმიანობა. 1989 წელს ყადრიმ დააარსა პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „პაკისტანის ავამი ტეჰრიკი“, ხოლო 2002 წელს ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პარტია, რომელმაც ვერ მიიღო მანდატები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ერთი ლიდერის პარტიას წარმოადგენს და იქ, საკუთრივ მუჰამედ ტაჰირ ულ ყადრის გარდა, არც ერთი ცნობილი მოღვაწე არ არის. რაც მთავარია, ბოლო 7 წლის განმავლობაში ყადრი კანადაში ცხოვრობდა და, დიდი ანგარიშით, შორს იდგა პაკისტანის საზოგადოების თვალთახედვისაგან. ახლა, როცა ცნობილი მეცნიერი ისლამაბადის მილიონთა საპროტესტო მარშს გეგმავს, ის არა მხოლოდ პაკისტანის პოლიტიკას დაუბრუნდა, არამედ მის ცენტრში დაიკავა ადგილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG