Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ანგარიში ყუნდუზში ქაოსისა და უწესრიგობის შესახებ


ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში გასული წლის შემოდგომაზე მიმდინარე ინტენსიური ბრძოლები, რომელთა დროსაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა შეცდომით საავადმყოფო დაბომბეს, ბრძოლის ველზე არსებულ სრულ ქაოსსა და უწესრიგობას მოწმობს. აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფებმა, რომლებიც ფრონტის ხაზზე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების რჩევით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი, მოწინააღმდეგის შეტევის გამო, ბრძოლებში აღმოჩნდნენ ჩათრეული, ნათქვამია პენტაგონის მიერ მკაცრად რედაქტირებულ ანგარიშში, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა.

პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იმ სამხედრო პირების ინტერვიუებს ეყრდნობა, რომლებიც თავად გახდნენ მოწმენი იმ ქაოსისა და უწესრიგობის, რამაც თალიბანის თავდასხმის შედეგად მოიცვა ავღანეთის არმია. გასული წლის სექტემბერში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სწრაფად იგდო ხელთ ყუნდუზის პროვინცია, სადაც ავღანეთის თავდაცვის ძალები იმდენად უწესრიგოდ მოქმედებდნენ, რომ ადგილზე მყოფი ამერიკის ელიტური „მწვანე ბერეტები“ და სხვა ძალები იძულებულნი გამხდარან, თავად ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში. „ჩვენ წავაწყდით ისეთ დახვეწილობას და კოორდინაციას, რასთანაც მანამდე არ გვქონია შეხება“, - წერს ფიცის ქვეშ მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე 700-გვერდიან ანგარიშში, რომელიც ქალაქ ყუნდუზის კონტროლის აღდგენის ოპერაციას შეეხება.

„ბრძოლაში რამდენიმე ქვეყნისაგან წარმოდგენილი ძლიერი სამხედრო კოალიცია მონაწილეობდა. ქალაქის ხელში ჩაგდების ოპერაციის დროს მოწინააღმდეგემ ათობით და ათასობით ტყვია დაგვიშინა. ნამდვილად სასწაულია, როგორ მოხდა, რომ არავინ დაღუპულა და არც დაჭრილა“, - აღნიშნავს ანონიმი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩვენებაში აკრიტიკებს ასევე აშშ-ის სამხედრო ძალების „სიღრმისეული სტრატეგიის უქონლობას“, რამაც გასულ წელს ავღანეთის ჩრდილოეთში საქმე ქაოსამდე მიიყვანა.

გასული წლის სექტემბერში ყუნდუზიდან სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული გაეროს მისიაც, რომელიც თავისი საქმიანობის გამო არაერთხელ გამხდარა ავღანეთში ექსტრემისტების სამიზნე. აი, რა განუცხადა რადიო თავისუფლებას ქართველმა გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც მეექვსე თვეა ავღანეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე მისიის უფროსი მრჩევლის პოსტზე მუშაობს:

„სულ ახლახან, როდესაც ყუნდუზი დაეცა, მოხდა დროული ევაკუირება ჩვენი ორგანიზაციის პირადი შემადგენლობის და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული... ჩემამდე იყო გერმანელი გენერალი და როდესაც მე მას ვესაუბრე, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული სიგნალები მიღებული და, შესაბამისად, ინფორმირებული ჰყავდათ პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ასევე ინფორმირებული იყო ადგილზე ადგილობრივი შტაბი. და როდესაც საკითხი დადგა ევაკუაციაზე, ადგილობრივი შტაბის ხელმძვანელობამ მიიღო ის სწორი გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა ყუნდუზის შტაბი“.

ინტერვიუს გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, რომელიც ავღანეთში მივლინების დროს ჩავწერე, ხვალ საავტოროო გადაცემა „დაბრკოლების ზოლში“ შემოგთავაზებთ, მანამდე კი მივუბრუნდები პენტაგონის ანგარიშს ყუნდუზის მოვლენებზე.

სპეციალური ძალების კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მან ვერც ერთხელ ვერ მიიღო თავისი მეთაურებისაგან პასუხი შეკითხვაზე, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო მათი დახმარება ავღანეთის ძალებისათვის. „ასეთ ცვალებად გარემოში ამას, სტრატეგია კი არა, კატასტროფის ნამდვილი რეცეპტი შეიძლება ეწოდოს“, - ასკვნის ანონიმი ჯარისკაცი პენტაგონის ანგარიშში, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა.

ამასთან, არც ერთი გამოკითხული ამერიკელი ჯარისკაცი არ თვლის, რომ ბრძოლის დროს დაშვებული არაორგანიზებულობით ყოფილიყოს გამოწვეული ამერიკელი მფრინავების შეცდომა, რასაც გასული წლის 3 ოქტომბერს ყუნდუზში ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ კუთვნილი საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა. ამ საავიაციო დარტყმის შედეგად, გასულ წელს 42 ადამიანი დაიღუპა.

პენტაგონის წინა ანგარიშში ეწერა, რომ ეს ტრაგედია ყუნდუზში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების დროს დაშვებული მთელი რიგი შეცდომების შედეგია. ხსენებული საავიაციო დარტყმის შედეგად, გასულ წელს 42 ადამიანი დაიღუპა.ამერიკული AC-130 ტიპის შვეულმფრენის ეკიპაჟს საავადმყოფოს შენობა თალიბების განლაგებაში აერია.

პენტაგონმა დისციპლინური სასჯელი დააკისრა ამ ინციდენტში მონაწილე 16 ამერიკელ ოფიცერსა და ჯარისკაცს, თუმცა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს არ არის ომის დანაშაული, რადგან დაბომბვა განზრახ არ მომხდარა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG