Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძვირდება თუ არა ფქვილი?


სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ვერ ხედავს საქართველოში ფქვილის გაძვირების საფუძველს. მისი ინფორმაციით, წელს საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია. "შესაძლოა, ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შესარევადმისაღები ხარისხი აქვს, რასაც ემატება საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაიაფება და, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ.

კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ 17 აგვისტოს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან ყოველი ორშაბათი იქცა ფქვილის გაძვირების დღედ და თუ ამ პროდუქტის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, საქართველოში პური მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება. ბაკურაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ, რადგან, მისი თქმით, ფქვილის შემოტანა თავად სცადა, თუმცა საბაჟოზე პრობლემები შეექმნა. შაქრო ბაკურაძის ცნობით, მას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრაზე უარი უთხრეს.

კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელის განცხადებები უარყო სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. „ძალიან მაინტერესებს და ყველამ დააკონკრეტოს, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ გამკაცრებულია კონტროლი ფქვილის და ხორბლის ნაწილში” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ. მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფასების მიხედვით, საქართველოში ფქვილის და შესაბამისად, პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, დანარჩენი კი უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია. 17 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში ფქვილისა და ხორბლის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს და ყველა შესაბამისი საბაჟო პროცედურა ერთ დღეში სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG