Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მოხსენება უდებატოდ


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარდგა ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ჩამოთვალა მიღწევები და ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ერთსაათიანი გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სამჯერ ახსენა სახელმწიფო სტრუქტურების დუბლირების პრობლემა როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის სფეროში. ილაპარაკა იმ საფრთხეებზე, რომელთაც მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უქმნის საქართველოს. გიორგი მარგველაშვილმა დიდი დრო დაუთმო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბარს.

საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატებთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ისმენდნენ. შარშანდლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლას არც წელს დაესწრო მთავრობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ იქცა პრეზიდენტის კრიტიკის ადრესატად. გიორგი მარგველაშვილმა დიდი დრო დაუთმო პარალელური სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის მანკიერებაზე საუბარს:

“დღეს სახეზე გვაქვს ორ ათეულამდე საბჭო და სტრუქტურა, რომლებიც კანონმდებლობით უკვე არსებული ორგანოების დუბლირებას ახდენენ და ხშირ შემთხვევაში მათ ზემდგომებად გვევლინებიან. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტში არსებობს შესაბამისი მიმართულების სამინისტრო, მაგრამ იქმნება პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული იმავე პროფილის საბჭო, სადაც დარგის მინისტრი რიგით წევრად გვევლინება. ეს წარმოშობს კითხვებს, თუ ვინ არის გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი. მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ცოტა არ არის“.

ახლად შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი კანონით ზუსტად არ არის განსაზვრული...
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული ფუნქციათა დუბლირება საგარეო ურთიერთობის სფეროში:

„ახლად შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი კანონით ზუსტად არ არის განსაზვრული. ასევე აუცილებელია, რომ მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაში და სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით“.

მთავრობის კრიტიკის კონტექსტში იქნა ნახსენები ხელოვნური წინაღობები, რომლებიც, გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტთან არსებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას აფერხებს. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს. კერძოდ, ითქვა, რომ კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი და აშკარაა ეკონომიკური ზრდის შენელება, ზრდის პრესპექტივას კი ქმნის როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და საქართველოს ტრანზიტული რესურსების სათანადოდ გამოყენება. საგარეო ურთიერთობაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მთავარი საფრთხე კი მოსკოვიდან მომდინარეობს:

„საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში. ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომელიც კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე“.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს; ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო 2014 წელს; დნესტრისპირეთის პრობლემები - ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდაველი ერის დასჯა...
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდას არ აკლებს რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად, მაგრამ მის ამ ძალისხმევას დასავლელი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ასევე პრობლემაა რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანია, რომლის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა, რომ რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა:

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს; ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო 2014 წელს; დნესტრისპირეთის პრობლემები - ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდაველი ერის დასჯა. საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში, აქ კი ერთიანი ძალისხმევაა საჭირო“.

ჩემთვის არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როცა უმაღლესი მთავარსარდალი გამოდის, აქცენტებს აკეთებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და დარბაზში არ იმყოფება პირი, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ამ მიმართულებებზე...
ტარიელ ლონდარიძე

საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ილაპარაკა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. მისი თქმით, ამჟამად ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა ეს საკმარისი არაა. გიორგი მარგველაშვილმა ნეგატიურ მაგალითად მოიტანა ე.წ. ,,ფარული მიყურადების შესახებ კანონთა“ გარშემო განვითარებული მოვლენები, რომელთა შედეგად პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასევე საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემის დანერგვა, რისთვისაც უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. პრეზიდენტმა ასევე ვრცლად ილაპარაკა სავალალო მდგომარეობაზე ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და განაცხადა, რომ ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად მხარს უჭერს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. პრეზიდენტის ერთსაათიანი მოხსენების შემდეგ სიტვით გამოვიდნენ საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების სახელით კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება მაჟორიტარულ არჩევნებზე უარის თქმა, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონების თავმჯდომარემ ტარიელ ლონდარიძემ მთავრობა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობის გამო:

„ჩემთვის არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როცა უმაღლესი მთავარსარდალი გამოდის, აქცენტებს აკეთებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და დარბაზში არ იმყოფება პირი, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ამ მიმართულებებზე, თავდაცვის მინისტრს ვგულისხმობ“.

4,9%-ს მიაღწია თებარვალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ. რეგიონში ჩვენ ვართ პირველები და ეს არის მართლა გმირობის ტოლფასი...
გიგა ბუკია

ასევე მთავრობისადმი კრიტიკით იყო გაჯერებული ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის გამოსვლა. ირაკლი ჩიქოვანმა ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის შექმნისა და მმართველობაში გაჩენილი ქაოსის გამო გააკრიტიკა, თუმცა მოიწონა პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანმა ცალკე ისაუბრა მმართველი კოალიციის ცალკეულ ლიდერთა ანტიდასავლური გამონათქვამების მავნებლობაზე:

„მივმართავ მთავრობას და კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას და სუბიექტს: ასეთი განცხადებების დრო დღეს ნამდვილად არ არის. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ერთადერთი და ბუნებრივი არჩევანია“.

„ქართული ოცნება - კონესერვატორების“ ლიდერმა გიგა ბუკიამ თავის გამოსვლის დიდიმ ნაწილი დაუთმო შედარებით ანალიზს, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს და როგორ იცვლება უკეთესობისკენ ეს ვითარება ახალი ხელისუფლების პირობებში:

„4,9%-ს მიაღწია თებარვალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ. რეგიონში ჩვენ ვართ პირველები და ეს არის მართლა გმირობის ტოლფასი. ეს არის ეკონომიკური გუნდისა და ხელისუფლების სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების შედეგი“.

საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით მეორედ წარდგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არც შარშან და არც წელს დებატები არ გამართულა, ისევე როგორც არ შეცვლილა მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მიმართ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG