Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის გამოსახლება პრეზიდენტის სასახლიდან


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

ახალ ძალებს იკრებს კამათი ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული კატეგორიული განცხადებების კვალდაკვალ. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე მისთვის გარემონტებულ შენობაში გადასვლა. იძლევა თუ არა დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამის გაკეთების საშუალებას, მაშინ როცა თავად პრეზიდენტს ეს არ სურს, და როგორ გამოიყურება საკითხი პოლიტიკურ ჭრილში?

ახალი არ არის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატება მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები – იქნება ეს „ქართული ოცნების“ სასურველ კანონპროექტზე ვეტოს დადების პრაქტიკა თუ ცალკეული შეფასებები ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ამ ნუსხაში, რამაც ბიძინა ივანიშვილი გააბრაზა, ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი, თავდაპირველი უარის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც შევიდა თავისი წინამორბედის – მიხეილ სააკაშვილის – მიერ აშენებულ სასახლეში.

ადრეც ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ ბოლო ინტერვიუებში ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო კატეგორიულ განცხადებებს აკეთებს ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ძირითად მიზნად გაუმართლებელი მასშტაბური ხარჯის თავიდან აცილებას ასახელებს. 10 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ასეც მოხდება:

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება – მას ეს სურს თუ არ სურს... სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სამშაბათის განცხადების ერთგვარ განმტკიცებას ოთხშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ცნობილი სპიკერი, თამაზ მეჭიაური შეეცადა. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია აუცილებლად უნდა დატოვოს. როგორც დეპუტატი მეჭიაური აღნიშნავს, ეს პროცესი სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს და უნდა გაკეთდეს ისე, „როგორც განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით“.

„მას თვითონვე ჰქონდა გაცხადებული, რომ ის იქ არ აპირებდა მუშაობას და ძალიან კარგად ეტეოდა იქ, სადაც იყო განსაზღვრული. მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაობენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია კინაღამ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს თავისი საქმიანობის წესს, სადაც საქმიანობის ადგილიც მოიაზრება და მას აღარ სჭირდება რომელიმე სხვა სტრუქტურის და, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ნებართვა...
თამარ გვარამაძე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის კომპეტენციაა სახელმწიფო დაწესებულებების სარგებლობისთვის შენობა-ნაგებობების გამოყოფა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის თამარ გვარამაძის განმარტებით, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამონაკლისია:

„კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს თავისი საქმიანობის წესს, სადაც საქმიანობის ადგილიც მოიაზრება და მას აღარ სჭირდება რომელიმე სხვა სტრუქტურის და, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ნებართვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტმა განსაზღვრა თავის ადგილსამყოფლად ის ადგილი, სადაც დღეს არის ადმინისტრაცია განთავსებული და ეს საკითხი გადაწყვიტა თავად და, ამ გადაწყვეტილებასთან შედარებით, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა დოკუმენტი და სხვა გადაწყვეტილება არ არსებობს, წარმოუდგენელია სამართლებრივად როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის შეცვლა“.

სწორედ კონსტიტუციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის პერსპექტივა წარმოუდგენლად ეჩვენება კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, ამ სადავო საკითხს იურიდიულზე უფრო სერიოზული და მწვავე პოლიტიკური შემადგენელი აქვს:

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„თუკი პრეზიდენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს სასახლე, ნებისმიერი უწყება, რომელიც არ უნდა შეეცადოს და როგორი იურიდიული საფუძველიც არ უნდა დაასახელოს... რა გამოდის, კაცო, მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური იდევნება ქვეყანაში?! პოლიტიკურად ეს არის ძალიან წამგებიანი თემა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის უაღრესად წამგებიანი თემა... ქვეყნის შიგნითაც იქნება მუდმივი ლაპარაკი უამრავი თანხის გაურკვევლად ხარჯვის გამო, ხოლო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს იქნება აღქმული, როგორც პრეზიდენტის დევნა. ძალით ვეძებთ, ძალით ვიქმნით პრობლემებს?!“

შექმნილი სიტუაციიდან ვახტანგ ძაბირაძე ერთადერთ გამოსავალს ხედავს, კერძოდ, იმას, რომ, თუკი ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტს აუთვისებელი ფართი აქვს და ეს ტვირთად აწევს ბიუჯეტს, მთავრობას შეუძლია ეს ფართი სხვა უწყებებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუთმოს და აათვისებინოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG