პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:39

რუბრიკები / პარალელური რეალობა

პრეზიდენტთა სისაყვარლე

x
ტექსტის ზომა - +
საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გაცვლის თავის სახლს ელისეს სასახლეში. "მე ჩემს ბინაში ვრჩები!" - ბრძანა მან.

სავარაუდოდ, ის უარს იტყვის პირად (საპრეზიდენტო) თვითმფრინავზე და ეკონომიკური კრიზისის მომიზეზებით, სამოქალაქო რეისებით დაიწყებს ფრენას.

ცხადია, შეამცირებს პრეზიდენტის ხელფასს.

ცხადია, მინისტრებსაც შეუმცირებს ხელფასებს.

გადასახადებს მოუმატებს მდიდრებს.

ცხადია, დაუკლებს ღარიბებს.

უმეტეს დროს არა კაბინეტში, არამედ ხალხში გაატარებს (და შესაბამისად, თავსატეხს გაუჩენს დაცვის თანამშრომლებს).

იქნება პრინციპული და შეურიგებელი მუქთახორა ტექნოკრატების მიმართ.
იტყვის: "შვებულებაში არ გავალ, დღე და ღამე ვიმუშავებ".

იცხოვრებს უბრალო მოქალაქის მსგავსად - უპრეტენზიოდ.

ღმერთო, რა საყვარლები არიან პრეზიდენტები არჩევიდან პირველი სამი თვის განმავლობაში (ოღონდ ზოგი, უკაცრავად, სამ თვესაც ვერ ქაჩავს)! და რაც მთავარია, თავად როგორ უნდათ, რომ საყვარლები იყვნენ...

მაგრამ რა რთულია სისაყვარლის შენარჩუნება!

ასეთი საყვარელი დაპირებები ჩვენც ვისმინეთ 2004 წელს...

ისიც მახსოვს, როგორ შეგვპირდა ჩვენი ახლად არჩეული პრეზიდენტი, ერთ წელიწადში მინისტრების ბინებს დავივლი და ვაი მათ, ვისაც რაიმე ზედმეტს აღმოვუჩენო.

დაიარა?

რა მნიშვნელობა აქვს...

სად ჩვენ და სად ფრანგული დემოკრატია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ვერც მუსიე ოლანი მოახერხებს სისაყვარლის შენარჩუნებას.

ჯერ ელისეს სასახლეში მოუწევს გადაბარგება (უსაფრთხოების მიზნით).
მერე სამოქალაქო რეისებით მგზავრობაზე ათქმევინებენ უარს (უსაფრთხოების მიზნითვე, ცხადია).

მდიდრები გადასახადებს არ მოამატებინებენ (როდის მოუმატებიათ, ახლა რომ მოუმატონ? თანაც - მეორედ ხომ მოუნდება კენჭისყრა? ფულს ვის გამოართმევს).

ღარიბები ისევ ღარიბებად დარჩებიან (ეჰ, ჯერ კიდევ ცხონებული ბრეხტი წერდა ამის შესახებ).

თავის ხელფასზე კრინტს აღარ დაძრავს.

მოუკლებს ხალხთან შეხვედრებს (ხალხი პრობლემებს გაახსენებს და ნერვები აეშლება).

ბუნებრივია, ხალხსაც აეშლება მასზე ნერვები.

უკვე ერთი წლის თავზე აღარავის გაახსენდება, რომ ეს კაცი ოდესღაც ძალიან საყვარელი იყო...

თუ იქნებ ვცდები და უსიყვარულო ქართული გამოცდილება მალაპარაკებს?
იქნებ იქ სხვანაირად ესაყვარლებათ ერთმანეთი? იქნებ იქ მეტს ქაჩავს პრეზიდენტი? ჰა, თუ ორ-სამ თვეს არა, ხუთ-ექვს თვეს მაინც...


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული