Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" წარსული და მომავალი აქცენტები


სპორტის სასახლეში პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, 40 წუთს გაგრძელდა. ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მიწვეული სტუმრები და პარტიის მხარდამჭერები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. რიგით მეოთხე ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე, ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ყრილობაზე აირჩიეს დელეგატებმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 20 წევრი, რომელთაგან 12 პოლიტსაბჭოს ძველი წევრია, 8 კი - ახალი. მიუხედავად მოლოდინისა, ყრილობაზე არ თქმულა არაფერი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესახებ.

ჩვენი ლიდერი ხალხია, ჩვენი ღირებულებაა თავისუფლება, ერთობა და პროგრესი
კახა კალაძე

„ჩვენი ლიდერი ხალხია, ჩვენი ღირებულებაა თავისუფლება, ერთობა და პროგრესი“ - ეს იყო პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის მისასალმებელი სიტყვის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული შრომის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, მისი თქმით, ქვეყანა ღირსების შემლახველი რეჟიმისაგან იხსნა. კახა კალაძემ მოკლედ შეაფასა ის ოთხწლიანი ციკლი, რომელიც მმართველმა გუნდმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო, და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ისევ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს:

„საქართველო ახალ გზაზე დადგა, სწორ გზაზე. საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ხალხის გვერდით დგომით და ნდობის მანდატით ჩავუყარეთ საძირკველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას, ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია“.

სწორედ ოთხწლიანი ციკლის შეფასება იყო პარტიის ახალი თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 25-წუთიანი სიტყვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი: საშინაო და საგარეო პოლიტიკა, დასავლეთისკენ სწრაფვა, ეკონომიკა, ბიზნესის ხელშეწყობა, უმუშევრობის დაძლევა, ჯანდაცვა, განათლება, მიღწევები თუ სამომავლო პერსპექტივები ამ სფეროებში - სწორედ ამ მიმართულებებმა შეადგინა მისი სიტყვის ძირითადი ნაწილი. იყო თუ არა ოთხი წელი უშეცდომო? ეს კითხვა დასვა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში:

„პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, არა. და ეს ბუნებრივიცაა ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისთვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. ერთი რამ შეიძლება თამამად ითქვას: ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით. და ეს არის უზენაესი, რაც ჩვენ გვიხელმძღვანელებს ჩვენს მომავალ გადაწყვეტილებებშიც“.

განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის მიერ აღებულ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე - ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი:

ჩვენი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი.
გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან. ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისათვის. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატოსკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ“.

მისივე სიტყვებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ჩიხიდან გამოიყვანოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. მისი სიტყვებით, ეს არის ის, რაც არასდროს არაფერში გაიცვლება.

„მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - ასეთი მოლოდინი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისგან. მან მოუწოდა და დავალება მისცა ყრილობის დელეგატებს, საკრებულოების ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ხვალიდანვე დაიწყონ პირისპირ შეხვედრები მოსახლეობასთან და ადგილზე განსაზღვრონ ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, რათა მმართველი გუნდი მზად შეხვდეს მათ საჭიროებებს.

ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის „ერთი კვირის თავზე“ აპირებს გამოაქვეყნოს წერილი, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და როგორი იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალი სახეებით შევსებას, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, მას ახალი წევრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია და არ იცნობს მათ. პოლიტსაბჭოს, რომელიც 20 წევრისგან შედგება, რვა ახალი წევრი შეემატა, მათ შორის, დავით ბაქრაძე - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სოფიო კილაძე - შსს-ს აკადემიის პრორექტორი, აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარი, ირინე ფრუიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი.

ახალი ჯგუფის იმედი, რომ ახალი სახეებით შეძლებს „ქართული ოცნება“ ტრანსფორმაციას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, მგონი, ცოტა გაჭირდება.
კორნელი კაკაჩია

„საზოგადოებას, ალბათ, აინტერესებს, თუ რა ძალებით აპირებს „ქართული ოცნება“ დაპირებების შესრულებას“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომლის თქმითაც, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. კორნელი კაკაჩიას თქმით, სწორედ ამიტომ ცდილობენ ლიდერები პარტიის განახლებას და ახალი სახეების მოზიდვას, თუმცა, მისი აზრით, პოლიტსაბჭო, რომელიც 14 მაისის ყრილობაზე შეირჩა, ამ მიმართულებით დიდ გარღვევას ვერ მოახდენს:

„საბჭოში უმრავლესობა მაინც ე. წ. ძველი სახეებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ჯგუფის იმედი, რომ ახალი სახეებით შეძლებს „ქართული ოცნება“ ტრანსფორმაციას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, მგონი, ცოტა გაჭირდება“.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ იყო მიწვეული 14 მაისის ყრილობაზე. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი და, შესაბამისად, ის პარტიულ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით არ მიიწვიეს. თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მესამე ყრილობას 2013 წელს და, მეტიც, მაშინ ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშილმა იმ სამ ადამიანს შორის დაასახელა, რომელთაც ის ქვეყნის სათავეში ხედავდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო, ის ყრილობაზე არ იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG