Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას კიევში 31 აგვისტოს მომხდარი ძალადობის მიღმა


პეტრო პორეშონკო პატივს მიაგებს ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნას
პეტრო პორეშონკო პატივს მიაგებს ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნას

ავტორი: ანა შამანსკა

31 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ეფუძნება თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებას და ითვალისწინებს მეტი ავტონომიის მინიჭებას ადგილობრივი მთავრობებისთვის, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინის იმ ადგილებში, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ. კენჭისყრამ გამოიწვია მწვავე დაპირისპირება და საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი აქცია, რომელიც ნაციონალისტებმა პარლამენტის წინ მოაწყვეს, მსხვერპლით დასრულდა - პოლიციის სპეცრაზმის რიგებში ყუმბარა ისროლეს, რასაც სამი გვარდიელი შეეწირა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ძალადობას უწოდა „ზურგში დანის ჩარტყმა“ და პირობა დადო, რომ ეს „ანტიუკრაინული აქტი“ არ დარჩება დაუსჯელი. მაინც რა დგას ამ ძალადობის მიღმა? გთავაზობთ ჩვენი კოლეგის, ანა შამანსკას, მასალას.

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო შესწორება დეცენტრალიზაციის თაობაზე. ეს გეგმა მწვავე კამათს იწვევს, განსაკუთრებით - ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებში, რომელთაგან ბევრი იყო მისული პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. ისინი ამ გეგმას აღიქვამენ თავის დახრად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აგრესიის წინაშე.

შეიცვალა თუ არა უკვე უკრაინის კონსტიტუცია?

ჯერ არა. როგორც ყველგან, უკრაინაშიც კონსტიტუციის შეცვლის პროცესი განსხვავდება უბრალოდ კანონების მიღების პროცესისგან. დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარუდგინა პარლამენტს და დეპუტატებმა ის მიიღეს. შემდეგ, ივლისში, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთავაზებული ცვლილებები შესაბამისობაში იყო ქვეყნის კანონებთან. ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იყო 31 აგვისტოს გამართული კენჭისყრა, რომელსაც კანონპროექტის დასამტკიცებლად დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. თუმცა კონსტიტუციაში შესწორებები არ შევა მეორე მოსმენამდე, რომელიც ჯერ არ არის დანიშნული და რომლის დროსაც კანონპროექტს დამტკიცებისთვის ხმების ორი მესამედი დასჭირდება.

მაინც რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია?

დეცენტრალიზაცია გულისხმობს ძალაუფლებისა და საბიუჯეტო სახსრების დიდი წილის გადაცემას სახელმწიფოსგან ადგილობრივ დონეზე. უკრაინის შემთხვევაში, ახლებურად მოხდება ქვეყნის ორგანიზება, სამი დონისგან შემდგარი ადმინისტრაციული და ტერიტორიული სტრუქტურის, ანუ 27 რეგიონის, 120-150 ოლქისა და 1500-1800 თემის გათვალისწინებით. ყველას საკუთარი ბიუჯეტი და პასუხისმგებლობა ექნება. ამავე დროს, სათემო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა არ დაექვემდებაროს საოლქო დონეს და საოლქო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა არ იქნეს განხილული რეგიონის დონეზე. მაგალითად, თუკი რომელიმე თემი გზის შეკეთებას მოისურვებს, ის თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და თანხებსაც თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფს ისე, რომ უფრო მაღალი დონეებიდან ნებართვა არ დასჭირდება.

რატომ ჰყავს ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები?

ცხადია, ამ ინიციატივას ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ სხვა ექსპერტები და დეპუტატები მწვავედ აკრიტიკებენ საკონსტიტუციო შესწორებების პროექტის ზოგიერთ ასპექტს. მაგალითად, პრეფექტები, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტი წარადგენს და პრეზიდენტი დაამტკიცებს, რეგიონის ხელმძღვანელები იქნებიან. ეს ამჟამინდელი კონსტიტუციითაც ასეა, მაგრამ შესწორებების მიღების შემდეგ პრეფექტებს გაცილებით გაეზრდებათ ძალაუფლება. მაგალითად, თუ ის ჩათვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა კანონს არღვევს, მას უფლება ექნება ის დაითხოვოს. ანალოგიური ძალაუფლება ექნება პრეზიდენტსაც: თუ საჭიროდ ჩათვლის, ის დაითხოვს ოფიციალურ პირებს ან მთელ მთავრობას. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

ამიტომ მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის?

არა. საკონსტიტუციო შესწორების პროექტი შეიცავს კამათის საგნად ქცეულ პუნქტს, რომელმაც ბევრი მოქალაქის გულისწყრომა გამოიწვია. კერძოდ, ის ამბობს, რომ „საგანგებო კანონი მოაწესრიგებს ადგილობრივი მთავრობის მოქმედებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში“. ეს კანონი უკვე არსებობს. ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ, ადგილობრივ არჩეულ ხელისუფლებას შეეძლება თავისი გასამხედროებული დაჯგუფებები შექმნას და ამნისტია მიანიჭოს იმ პირებს, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა დონბასში, ანუ დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინაში კანონების შეცვლა შესაძლებელია. უთანხმოებას ის ფაქტორი იწვევს, რომ ამ შესწორებების მიღების შემდეგ ისინი კონსტიტუციის ნაწილი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მათი შეცვლის პერსპექტივას. ბევრი უკრაინელი - მათ შორის, ყოფილი პოლიტპატიმარი სტეპან ხმარა - თვლის, რომ ახალი შესწორებები უკრაინაში დააკანონებს „რუსულ ანკლავს“, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას და შესაძლოა უკრაინის სახელმწიფოს დაშლასაც კი.

რამდენად რეალისტურია ეს სცენარი?

თუმცა სურათი არც ისე მარტივია. ამ კანონის ასამოქმედებლად
გარკვეული პირობების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. დონბასის შესახებ კანონი ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის ჯარი სრულად გავა უკრაინის ტერიტორიიდან - მათ შორის, სავარაუდოდ, ყირიმიდან, რომელიც უკრაინის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალისმიერი ანექსირება რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა. კანონის ამოქმედების კიდევ ერთი პირობაა ის, რომ უკრაინა თავის საზღვრებს სრულად უნდა აკონტროლებდეს - მათ შორის, რუსეთთან საზღვრის იმ მონაკვეთისას, რომელსაც ახლა სეპარატისტები აკონტროლებენ. ამავე დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები უკრაინის კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად უნდა გაიმართოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ახლად არჩეული ოფიციალური პირები - სეპარატისტები ან სხვა ფიგურები - კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების მიღებას. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ კანონს ვადა სამ წელიწადში გასდის. ერთი წელი უკვე გავიდა და მთავრობამ შესაძლოა მას აღარ გაუხანგრძლივოს მოქმედების ვადა.

საერთოდ, რატომ გამოვიდა უკრაინა დეცენტრალიზაციის ინიციატივით?

დეცენტრალიზაცია გათვალისწინებულია მინსკში თებერვალში მიღწეულ მეორე საზავო შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა რუსეთთან, გერმანიასა და საფრანგეთთან. დოკუმენტი უკრაინისგან კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს 2015 წლის ბოლომდე. ნათქვამია, რომ კონსტიტუციამ უნდა გაითვალისწინოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ზოგიერთი ტერიტორიის განსაკუთრებული ვითარება. ამასთან, უკრაინის მთავრობამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ზოგიერთ რეგიონს „განსაკუთრებულ სტატუსს“ მიანიჭებს, თუმცა კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს „განსაკუთრებული სტატუსი“, ნათქვამი არ არის. შესაძლოა ისეც იყოს, რომ უკრაინის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფრაზა, რომლის ინტერპრეტაციასაც მთავრობა საკუთარი შეხედულების მიხედვით მოახდენს.

რას ფიქრობენ ამაზე სეპარატისტები?

სეპარატისტები უარყოფენ უკრაინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პირველ რიგში, ისინი ჩივიან, რომ იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო სტატუსი უნდა ერგოს, არ მოიცავს ყველა ტერიტორიას, რომელიც მათ სურთ. ამავე დროს, პრორუსული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების თვითგამოცხადებული ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობამ მათ არ შეუთანხმა საარჩევნო პროცედურები იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ - განსაკუთრებით, დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, ეუთოს მიერ არჩევნებზე დაკვირვების საკითხი. სეპარატისტები საგანგებო სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ პირობებსაც ეწინააღმდეგებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG