Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ლარს


საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 1.898 ლარი ღირს. ოფიციალური კურსისგან განსხვავდება როგორც ბანკების კომერციული, ისე სავალუტო ჯიხურებში დოლარის გადაცვლის კურსი. ოპოზიცია ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვს და მთავრობას გადამჭრელი ზომების მიღებას ურჩევს, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია - ეკონომიკის სფეროში ექსპერტების შიშს საფუძველი არ გააჩნია და ლარის კურსი გარკვეული დროის განმავლობაში სტაბილური გახდება.

რას უნდა ველოდეთ, დაუბრუნდება თუ არა ლარის კურსი ძველ ნიშნულს და როგორ აისახა კურსის ცვალებადობა სამომხმარებლო ფასებზე?

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საინფორმაციო დაფაზე წითლად ანთია: ერთი დოლარი - ერთ ლარი და 90 თეთრი. ეს მაშინ, თუ დოლარს ყიდით. თუ დოლარს ყიდულობთ, მაშინ ერთი ლარი და 92 თეთრი დაგჭირდებათ. ამ კურსისგან განსხვავებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა კომერციული ბანკების კურსები. ლარის გაუფასურების პროცესი 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ლარი ძველ ნიშნულს, სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება, თუმცა დოლართან მიმართებით მისი კურსი აიწევს:

მდგომარეობა რუსეთში, სომხეთსა თუ უკრაინაში - ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. იმავე უკრაინაში ჩვენგან უფრო მეტი ექსპორტი გადიოდა, რაც ბოლო დროს შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ვალუტის შემოდინება...
ზურაბ ტყემალაძე

„ვფიქრობთ, რომ ლარი 1,80 ნიშნულს ისევ დაუბრუნდება. ინფლაციაც დღეს იმ პარამეტრებშია, რაც დაგეგმილი იყო, და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად კურსმა არ უნდა აიწიოს“.

მმართველ გუნდში ლარის კურსის ცვლილების საგარეო ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე, მაგალითად, აცხადებს, რომ ცვლილებების მიზეზებს მხოლოდ შიგნით არ უნდა ვეძებდეთ:

„მდგომარეობა რუსეთში, სომხეთსა თუ უკრაინაში - ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. იმავე უკრაინაში ჩვენგან უფრო მეტი ექსპორტი გადიოდა, რაც ბოლო დროს შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ვალუტის შემოდინება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩაკეტილი წრეა, რომ ჩვენ გავატარებთ გარკვეულ ზომებს და ამით ყველაფერი გამოსწორდება. ცხადია, ვალუტის კურისის ცვალებადობა მეზობელ ქვეყნებში, მათი ეკნომიკური მდგომარეობა ჩვენსაზეც ზემოქმედებს“.

ლარის კურსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ტელეკომპანია „რუსთავი ორთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მან თქვა, რომ ის არ იზიარებს ექსპერტების შიშს ლართან მიმართებით:

„ექსპერტების მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები. მე შემიძლია ამ ექსპერტებს, რომელთაც ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთი შიშები აქვთ, შევხვდე, მივაწოდო სტატისტიკური ინფორმაცია და დავარწმუნო ისინი, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ ცოტა, არ ემსახურება ლარის სიმყარეს. ისინი მოსახლეობაში თესავენ პანიკას, რაც, სამწუხაროდ, ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას“.

ლარის კურსის ცვალებადობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მხოლოდ ერთი უწყების კომპეტენციაზე აქცენტის გაკეთება სწორი არ არის, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე და იმ რამდენიმე მიზეზს ჩამოთვლის, რამაც ლარის კურსის ვარდნაზე მოახდინა გავლენა:

გასულ თვესთან შედარებით, გაძვირებულია ალკოჰოლური ნაწარმი და სიგარეტი. ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერშიც გაზრდილი იყო და 0.8 %-ია. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6,2%-ით...
ნინო ევგენიძე

„ლარის კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, რამაც, თავის მხრივ, ასევე მოიტანა დოლარის მასის შემცირება საქართველოში. კიდევ ის, რომ ექსპორტი იზრდება, მაგრამ არა იმპორტი და ქვეყანაში უფრო ნაკლები დოლარი შემოდის, ვიდრე გადის; ის, რომ ხარჯვითი პოლიტიკა არაგეგმაზომიერად მიმდინარეობს და მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობის ლარი გამოდის - ყველა ეს მიზეზი, ცხადია, მოქმედებს იმაზე, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება“.

ლევან კალანდაძის თქმით, არასწორად წარმართულმა საბიუჯეტო პროცესმა გამოიწვია ის, რაზეც დღეს ფინანსთა სამინისტროს მიმოქცევაში ჭარბი ფულის გამოშვება უწევს. ფორმალურად ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტს სჯობს პასუხიმსგებელმა უწყებებმა აღიარონ, რომ ბიუჯეტი გარღვეულია.

აისახა თუ არა ლარის კურსის ვარდნა სამომხმარებლო ფასებზე და მოჰყვება თუ არა ამას ინფლაციური პროცესები? ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ ძირითად ცვლილებებს მიმოიხილავს, რაც ქვეყანაში ლარის კურსის ცვალებადობამ გამოიწვია:

ახლა მაინც უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და შევცვალოთ ქვეყნის ეკონომიკური ხელმძღვანელობა. მეორე, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა დაიხარჯოს სავალუტო რეზერვები იმისათვის, რომ შემცირდეს ლარის გაუფასურების ტემპი...
ზურაბ ჯაფარიძე

„გასულ თვესთან შედარებით, გაძვირებულია ალკოჰოლური ნაწარმი და სიგარეტი. ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერშიც გაზრდილი იყო და 0.8 %-ია. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6,2%-ით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები 27, 7%-ით გაიზარდა, ხილისა და ყურძნის -12%-თ, რძის, ყველისა და კვერცხის - 4%-ით. ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე 3,8%-ით - ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები გახლავთ“.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიცია ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვს. 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, განაცხადა, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ შარშან, ბიუჯეტის გარღვევის შემდეგ, უნდა დამდგარიყო. ჯაფარიძემ მთავრობას კიდევ რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდა:

„ახლა მაინც უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და შევცვალოთ ქვეყნის ეკონომიკური ხელმძღვანელობა. მეორე, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა დაიხარჯოს სავალუტო რეზერვები იმისათვის, რომ შემცირდეს ლარის გაუფასურების ტემპი; ასევე, მთავრობამ წლის ბოლომდე მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ხარჯები, უნდა გაიცეს მხოლოდ სოციალური ხარჯები და უარი უნდა თქვან ავანსების გაცემაზე“.

4 დეკემბრის მონაცემებით, გადამცვლელ ჯიხურებში ერთი ლარის ფასი 1,90 და 1.92 ლარს შეადგენს. რამდენიმე ბანკში კი გვითხრეს, რომ მათი კომერციული კურსია 1,87 და 1.92. ხოლო ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი დოლარი ჯერჯერობით 1,898 ლარის ტოლია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG