Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხასინ რადუევი: გამსახურდიას თვალებში სევდა ამოვიკითხე


ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

31 მარტს დაბადებიდან 76 წელის შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელსაც იხსენებენ არა მხოლოდ საქართველოში, მის სამშობლოში, არამედ ჩეჩნეთშიც, სადაც ზვიად გამსახურდიამ და მისმა ოჯახმა დევნილობაში წელიწად-ნახევარი გაატარეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტთან შეხვედრას და საუბარს იხსენებს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი ხასინ რადუევი, რომელმაც 22 წლის წინ ერთ-ერთმა პირველმა ჩამოართვა ინტერვიუ ზვიად გამსახურდიას.

ხასინ რადუევი: საქმე ის არის, რომ იგი [ზვიად გამსახურდია] ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის მახლობლად ცხოვრობდა და ყოველთვის, როდესაც მივდიოდი სამსახურში, ტელევიზიაში, სადაც მე ერთხანს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად ვმუშაობდი, ვხედავდი რეზიდენციას. ეს იყო ორსართულიანი სახლი, მთელ გროზნოში ცნობილი სამთავრობო ვილა. შენობას განსაკუთრებული დაცვა იქ არ ჰქონია, მაგრამ სახლზე, ცხადია, ეკიდა საქართველოს დროშა და ხალხმა იცოდა, რომ იქ ძალიან მშვიდად ცხოვრობდა გამსახურდია. მე არ მინახავს იგი გარეთ, ქალაქში გამოსული, მაგრამ ერთხელ, სამსახურში მიმავალი, შევჩერდი სახლთან და დაცვას ვუთხარი, საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აღება მსურს-მეთქი. გარკვეული დროის შემდეგ გამსახურდიამ თავისთან მიმიწვია, თავად გამოვიდა ეზოში, მასთან იყო დაცვის რამდენიმე წევრი. ისინი ყოველი შემთხვევისთვის იმყოფებოდნენ რეზიდენციის ტერიტორიაზე, მაგრამ გამსახურდიას ცხოვრებაში დიდად არ ერეოდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო, გავსაუბრებოდი ადამიანს, რომელსაც წართმეული ჰქონდა სამშობლოში ჩასვლის უფლება და იმ დროს ჩვენი, ჩეჩნების, მდგომარეობაც ძალიან მყიფე იყო. ყველას გვესმოდა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ჩეჩნეთისთვისაც მოიცლიდა და ვვარაუდობდით, რომ ჩვენც ზვიად გამსახურდიას ბედს გავიზიარებდით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომედგინა, რომ ზვიად გამსახურდიას ბედს გაიზიარებდა ყველა, ვინც რუსეთისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად ცხოვრებას მოინდომებდა.

კობა ლიკლიკაძე: ვიდრე გროზნოს შეაფარებდა თავს, ზვიად გამსახურდია მცირე ხნით სომხეთის ქალაქ იჯევანში იმყოფებოდა ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებთან ერთად. სომხეთის მაშინდელმა მთავრობამ არ გადასცა დევნილი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ სახელმწიფო საბჭოს, თუმცა ერევანი ზედმეტ პრობლემებსაც მოერიდა და გამსახურდია, როგორც მისი მომხრეები ამბობენ, აიძულეს სომხეთის ტერიტორია დაეტოვებინა. ჩეჩნეთში კი, რომელიც უკვე გრძნობდა, როგორც თქვენ ამბობთ, რუსეთის სუნთქვას და მოახლოებულ საფრთხეს, საქართველოს დევნილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი უყოყმანოდ შეიფარეს. მაგრამ ყველა ასე სტუმართმოყვრულად იყო განწყობილი? რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესების შიშით, არავინ იყო ჩეჩნეთში ასეთი სახიფათო სტუმრის მიღების წინააღმდეგი?

საერთოდ, ზვიად გამსახურდია ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. შევნიშნე, რომ მის ოთახში ყველგან იყო ხატები. და ყოველთვის, როდესაც ის საქართველოს ბედსა და საკუთარ ოჯახზე საუბრობდა, ზვიად გამსახურდია ყოველთვის ამ ხატებისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს...
ხასინ რადუევი

ხასინ რადუევი: ვფიქრობ, ასეთი მოტივებით ჩეჩნებზე გავლენის მოხდენა იმ დროს შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ურთიერთობა რუსეთთან უკვე იმდენად იყო გაფუჭებული, რომ ჩეჩნეთში რუსეთის ყველაზე დიდი მტრის ყოფნასაც კი აღარ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. უფრო სწორად, რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის იმხანად არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა და სრულიად აშკარა იყო, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი ძალიან სერიოზული დაპირისპირებით დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, არ გამიგია, რომელიმე ჩეჩენს ჩემი ნაცნობებიდან ან იქ, სადაც იმხანად ვმუშაობდი, გამოეთქვა საყვედური ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ზვიად გამსახურდიას ყოფნის გამო. გასაგებია, რომ, პირველ ყოვლისა, ეს არის კავკასიური სტუმართმოყვარეობა. მეორე მხრივ, ადამიანი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად, ჩვენი შეფასებით, საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი განდევნილ იქნა, იგი აღმოჩნდა გასაჭირში და, ცხადია, რომ ჯოხარ დუდაევს, რომელიც ძალიან ფაქიზად ეპყრობოდა ასეთ საკითხებს, არ შეეძლო არ მიეღო ზვიად გამსახურდია და საკადრისად არ დახვედროდა მას.

კობა ლიკლიკაძე: და მესამეც, ალბათ, საჭიროა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური კრედოც, რაც ერთიანი თავისუფალი კავკასიის შექმნისაკენ იყო მიმართული.

ხასინ რადუევი: ვფიქრობ, მათი სურვილები ამ საკითხებშიც ემთხვეოდა ერთმანეთს. თუმცა, როგორც ვიცი, ეს კავკასიური კავშირი არ იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. რატომღაც მიჩნეულია, რომ ეს ასე იყო, რაც არასწორია. ჩეჩნეთი ხომ ავტონომიური რესპუბლიკა იყო. და რაც უნდა ითქვას, ჩეჩნები არ გასულან და არც შეეძლოთ გასულიყვნენ ამ ავტონომიის ფარგლებიდან, როგორც ეს საბჭოთა რესპუბლიკებმა გააკეთეს. მაგრამ დუდაევმა შეძლო თავისუფლების ამ იდეის აკუმულირება. ცდილობდა არ ყოფილიყო ომი კავკასიაში და თავიდან აეცილებინა ყოველგვარი დაპირისპირება, რაც მისი მთავარი ამოცანა გახლდათ. ეს ვრცელი საუბრის თემაა, თუმცა მე დავუბრუნდები გამსახურდიასთან შეხვედრას. გამსახურდიას თვალებში სევდა ამოვიკითხე. ეს იყო უსაშველობა. იგი გრძნობდა, რომ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კობა ლიკლიკაძე: რაზე საუბრობდით? რა გაინტერესებდა, როგორც ჟურნალისტს?

ხასინ რადუევი: მაინტერესებდა, როგორ გრძნობდა თავს და როგორ წარმოედგინა მომავალი. საერთოდ, ზვიად გამსახურდია ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. შევნიშნე, რომ მის ოთახში ყველგან იყო ხატები. და ყოველთვის, როდესაც ის საქართველოს ბედსა და საკუთარ ოჯახზე საუბრობდა, ზვიად გამსახურდია ყოველთვის ამ ხატებისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს. ვგრძნობდი, რომ ეს რწმენა ძალას მატებდა მის იმედებს, რადგან ძალიან რთულია სამშობლოს გარეთ ყოფნა და, მით უფრო, როდესაც არ გაგაჩნია საარსებო საშუალება. გასაგებია, რომ გამსახურდია ნამდვილად არ იყო ის ადამიანი, რომელიც ფულს ისე, ყოველი შემთხვევისათვის მოიპარავდა.

გულწრფელად გეუბნებით, ის მართლაც ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მე თავად მინახავს ეს მდგომარეობა. მას ეხმარებოდნენ ჩეჩენები, რომლებიც თავადაც გაჭირვებაში ცხოვრობდნენ...
ხასინ რადუევი

კობა ლიკლიკაძე: თუმცა, საქართველოს ახალი ხელისუფლება მას სწორედ სახელმწიფო ქონების დატაცებაშიც სდებდა ბრალს.

ხასინ რადუევი: შესაძლოა. მაგრამ, გულწრფელად გეუბნებით, ის მართლაც ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მე თავად მინახავს ეს მდგომარეობა. მას ეხმარებოდნენ ჩეჩენები, რომლებიც თავადაც გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. იმხანად ჩეჩნეთში ძალიან მძიმე ვითარება იყო და ნამდვილად არ შეედრება დღევანდელ ჩეჩნეთს, სადაც დიდი ოდენობით ფულს ატრიალებენ. მოკლედ, ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო.

კობა ლიკლიკაძე: მოკლედ, შედგა ინტერვიუ? კარგი საუბარი გამოვიდა?

ხასინ რადუევი: კი, არ გამოვიდა ცუდი ინტერვიუ. ერთი რამეც შევამჩნიე, რომ მთელ ამ საქმეებში მისი ცოლი თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც პრესმდივანი და როგორც ადამიანი, რომელიც სხვადასხვა იდეის აკუმულირებას ახდენდა. ის იყო.. აღარ მახსოვს მისი სახელი.

კობა ლიკლიკაძე: მანანა.

ხასინ რადუევი: ხო, მანანა. ის ძალიან მკაცრი ადამიანი იყო. და ზვიად გამსახურდიას დიდწილად ისიც აძლევდა ძალას, რომ მისი მეუღლე ასეთი გაბედული ადამიანი იყო. ჩვენთვის გასაოცარი კიდევ ის იყო, რომ ზვიად გამსახურდია მოულოდნელად აღმოჩნდა საქართველოში. ეს ამბავი ვერაფრით ამოვხსენი, რადგან არ არსებობდა არავითარი პირობა იმისა, რომ ის საქართველოში წასულიყო და სადღაც მთებში აღმოჩენილიყო.

კობა ლიკლიკაძე: და როგორ შეიტყვეთ გამსახურდიას გაუჩინარება? როგორ აღმოჩნდა, თქვენი ინფორმაციით, დევნილი პრეზიდენტი საქართველოში, სადაც ომი მიმდინარეობდა აფხაზეთში და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან სოხუმი ბოლო დღეებს ითვლიდა?

ხასინ რადუევი: აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა. ჩვენ გვეგონა, რომ ის გროზნოში იმყოფებოდა. მის რეზიდენციაზე დროშა ეკიდა, ყველაფერი ადგილზე იყო, მხოლოდ გამსახურდია არ აღმოჩნდა იქ. ჩემთვის ეს გამოცანად რჩება. არ მესმის, რატომ წავიდა, როგორ აღმოჩნდა საქართველოში. თუ იმისათვის წავიდა, რომ სათავეში ჩასდგომოდა წინააღმდეგობის მოძრაობას და დაებრუნებინა პრეზიდენტის პოსტი, ის წავიდა ნაჩქარევად, სრულიად მოუმზადებელ ნიადაგზე. მისი მომხრეები, დეპუტატებიც კი, სახლებში იყვნენ, გროზნოში, ისინი ჩემ მეზობლად ცხოვრობდნენ და ყოველდღე ვხედავდი მათ.

კობა ლიკლიკაძე: დუდაევი რას ამბობდა გამსახურდიას საქართველოში ჩასვლაზე? მან თუ გააკეთა ამაზე კომენტარი?

იცი? ჩვენთან იყო ერთი ბარდი, მომღერალი და პოეტი, რომელმაც დაწერა სიმღერა ზვიად გამსახურდიაზე - ძალიან ლამაზი სიმღერა, რომლის მოძებნაც იოლად შეიძლება იუტუბით...
ხასინ რადუევი

ხასინ რადუევი: არ გამიგია მას ამაზე კომენტარი გაეკეთებინოს. მაგრამ შემდეგ, როცა ზვიადის სიკვდილის ამბავი გავრცელდა, დუდაევმა თქვა, საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპაო. როგორც ჩანს, გამსახურდიას ძალიან უჭირდა სამშობლოსგან მოშორებით, ჩეჩნეთში ცხოვრება.

კობა ლიკლიკაძე: საერთოდ, ზვიად გამსახურდია საჯარო შეკრებებზე თუ ჩნდებოდა გროზნოში? პრესკონფერენციებს თუ მართავდა, თუ მონაწილეობდა ფორუმებში?

ხასინ რადუევი: კი, ზოგიერთ ფორუმზე, რაც კავკასიურ სახლს შეეხებოდა. გამსახურდია, რა თქმა უნდა, ჩნდებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის სასახლეში, რომლის შორიახლოსაც საქართველოს დევნილი პრეზიდენტი ცხოვრობდა. საერთოდ, ვილა, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ედო ბინა, ღია იყო ჟურნალისტებისათვის, რადგან მას სურდა ესაუბრა იმაზე, როგორ წარმოედგინა მოვლენების განვითარება. გამსახურდია მიიჩნევდა, რომ ის რჩებოდა საქართველოს პრეზიდენტად დევნილობაში და სურდა, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში დაებრუნებინა. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, მან კარგად არ იცოდა, რამდენად რთული პროცესები ვითარდებოდა საქართველოში. აშკარა იყო, რომ ის საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდა ხელისუფლებას, რომელსაც მოსკოვი უჭერდა მხარს. ამიტომ, ვფიქრობ, ზვიად გამსახურდიამ აპრიორი იცოდა, რომ განწირული იყო დამარცხებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა მოვლენათა განვითარებიდან. და მაინც, გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და დაიღუპა იქ, იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც იყო. და ესეც ძალიან ღირსეული ნაბიჯია და ისტორიაში არის ასეთი მაგალითები.

კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, ხასინ, როგორ ახსოვთ საქართველოს პრეზიდენტი ჩეჩნეთში, სადაც ასევე ბევრი რამ შეიცვალა ზვიად გამსახურდიას იქ ყოფნის შემდეგ? როგორ იხსენებ პირადად შენ?

ხასინ რადუევი: იცი? ჩვენთან იყო ერთი ბარდი, მომღერალი და პოეტი, რომელმაც დაწერა სიმღერა ზვიად გამსახურდიაზე - ძალიან ლამაზი სიმღერა, რომლის მოძებნაც იოლად შეიძლება იუტუბით. ვფიქრობ, რომ პატრიოტები, ის ხალხი, ვინც ისეთივე აყვავებულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოზე ოცნებობს, როგორიც ზვიად გამსახურდიას წარმოედგინა,ისინი საქართველოს პრეზიდენტს გაიხსენებენ სწორედ ისე, როგორც ამ სიმღერაშია ნათქვამი. სხვების აზრი კი სრულიად არ მაინტერესებს. ​

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG