Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფორმები, დეპოლიტიზების განაცხადით


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, რომლებიც აღნიშნული ძალოვანი სტრუქტურების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და პოლიტიკური მმართველობისაგან დისტანცირებას ისახავს მიზნად. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კურსის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებენ არც მმართველი ძალის პოლიტიკური ოპონენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ რეფორმა სისტემების დეპოლიტიზებას ძირეულად ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეფორმირების კონცეფციები, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წარადგინეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანახმად, ცვლილებების პროექტით, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე:

“იუსტიციის მინისტრი უკვე პრემიერს კი არ შესთავაზებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას, როგორც ეს დღეს არის, არამედ საპროკურორო საბჭოს, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს 2/3-ის უმრავლესობით ან უარყოს ის. თუკი დამტკიცდება, შემდეგ კოლეგიური ორგანო, მთავრობა ამტკიცებს კანდიდატურას და შემდეგ აირჩევა პარლამენტის მიერ. საპროკურორო საბჭოს ექნება უფლებამოსილება მოუსმინოს 6 თვეში ერთხელ მაინც მთავარი პროკურორის ანგარიშს და დაუყოვნებლივ, თუკი გამოჩნდება რაიმე ტიპის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“.

ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის შექმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორებიცაა კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური...
ვახტანგ გომელაური

იუსტიციის მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია, აირჩევა მხოლოდ ერთი ვადით და მისი ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს რევოლუციურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ცვლილებები პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში უყენებდნენ საქართველოს. რეფორმების მოსალოდნელ ეფექტურობას, ამჯერად უკვე საკუთარ სისტემაში, ასევე ოპტიმისტურად უყურებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან უშიშროებისა და უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფას გულისხმობს:

“ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის შექმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორებიცაა კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური. აქვე კანონში ჩაწერილი რაცაა, არის მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს მას“.

სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკვე იქნება არა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, იქნება არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, არამედ პროფესიონალი...
ვახტანგ ხმალაძე

ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ პოლიციური დანაყოფები დარჩება, - ამბობს ვახტანგ გომელაური. საქართველოს მთავრობაში მხარდაჭერის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში მოსალოდნელი ცვლილებების კანონპროექტებმა განსახილველად ქვეყნის პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ცვლილებების კონცეფციებს, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების რიგშია, დეპუტატები აქამდეც იცნობდნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი მზადაა ორივე რეფორმის პაკეტის დეტალური განხილვისთვის. მათგან, დეპუტატის შეფასებით, პროკურატურის რეფორმა ზრდის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, მთავარი პროკურორის არჩევის ლეგიტიმაციას და კანონმდებლობით უზრუნველყოფს სისტემის დეპოლიტიზებას. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პოზიტიურ მხარეებზე ლაპარაკობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე:

“სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკვე იქნება არა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, იქნება არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, არამედ პროფესიონალი. და ხელისუფლების შეცვლა არ გამოიწვევს ამ სამსახურის უფროსის შეცვლას“.

ვახტანგ ხმალაძის ოპტიმიზმს არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას კოსმეტიკური ცვლილებების რიგში განიხილავს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი სვამენ კითხვას: ვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ განაყოფს დარჩება ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღები?

შეკითხვები მრავლად აქვს სამოქალაქო სექტორსაც, რომელიც აღიარებს რა ცვლილებების აუცილებლობას, მიიჩნევს, რომ რეფორმებზე მუშაობის პროცესი მთავრობამ ნაჩქარევად, გაუმართლებლად ფორსირებულ რეჟიმში განახორციელა. კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წევრი ორგანიზაციის “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი სოფო ვერძეული შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმას მხოლოდტექნიკურ გაყოფად მიიჩნევს, პროკურატურის რეფორმაში კი, ეფექტური სიახლეების მიუხედავად, პრობლებსაც ხედავს, მათ შორის:

“თუკი პოლიტიკური თანამდებობის პირს, იუსტიციის მინისტრს, შეუნარჩუნდება ერთპიროვნულად კანდიდატურის დასახელების უფლება, ეს ალბათ არსებითად გაართულებს მთავარი პროკურორის პროფესიული ნიშნით შერჩევას, მიუხედავად იმისა, რა პროცესები მოსდევს შემდეგ ამ ნომინირებას. გარდა ამისა, პრობლემურია ის, რომ პრინციპში ამ კონცეფციამ მთლიანად მაინც ერთი მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელში მოაქცია მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესი“.

სოფო ვერძეული მთავრობის პროექტებში საპარლამენტო განხილვების დროს არსებით ცვლილებებს არ მოელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG