Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთი ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციაში


147 ხმით 26-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია "საქართველო და რუსეთი: ჰუმანტირული სიტუაცია კონფლიქტით და ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე". რეზოლუციის საბოლოო ვარიანტმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს დელეგაციაში შემავალი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

დიახ, წნეხს განვიცდიდი როგორც რუსეთის დელეგაციის, ასევე საქართველოს დელეგაციის მხრიდან, მაგრამ გავუძელი და ძველებურად ფეხზე ვდგავარ - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 23 იანვარს შვედმა დეპუტატმა თინა აკეტოფტმა, რომლის მოხსენებაც დაედო საფუძვლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას. მიგრაციის, ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წარმომადგენელი თინა აკეტოფტი პრინციპულ საკითხად მიიჩნევს, რომ, მხარეთა დიდი დაინტერესებისა და კოლეგებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჰუმანიტარული საკითხი მკვეთრად უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას:

”ეს არის მოხსენება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი. ხანდახან ჩვენ გვჭირდება განვერიდოთ პოლიტიკას, ხანდახან პოლიტიკა ვერ გამოდგება სამუშაო იარაღად. აქ ჰუმანიტარული საკითხებია მთავარი. მთავარია, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომობა და ხელმისაწვდომობა. ეს არის ერთადერთი, რასაც მე ამ მოხსენებით ვითხოვ”.

ხელმიუწვდომლობის მრავალმხრივი პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ანგარიშის მომზადებისას თინა აკეტოფტს არ მიეცა საშუალება შეეღწია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რომელიც, მისი აზრით, კიდევ უფრო დახურულ ზონას წარმოადგენს, ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა. ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, და ეს რეზოლუციაშიც არის
მეორე საკითხი, რაზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი, არის ის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჰქონდეს უფლება განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის ოკუპირებული. ამას ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირ არის ასახული...
ირაკლი ჩიქოვანი

აღნიშნული, რომ, საკუთარ სახლებში დევნილების დაბრუნების ჯერჯერობით მიუღწეველი პრობლემის გარდა, მწვავე პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე თავისუფალი მიმოსვლა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის. მწვავე გამოწვევას წარმოადგენს ასევე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ხასიათის შეზღუდვა - იქნება ეს ადამიანების გაუჩინარება, სურსათის, ჯანდაცვისა თუ განათლების პრობლემები. რეზოლუციის თანახმად, პრობლემების გადაჭრაში დიდი როლი ეკისრება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რათა მოხერხდეს ნდობის აღდგენა და დიალოგის გზით საერთო ენის გამონახვა ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევა სწრაფად და ეფექტიანად რომ უნდა მოხდეს, ეს 23 იანვრის სხდომაზე, დებატების პროცესში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 23 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ჰუმანიტარული ხასიათის წინა რეზოლუციებთან შედარებით, ამ ბოლო რეზოლუციის ენა არათუ შერბილებული არ არის, არამედ, გარკვეულწილად, გამკაცრებულია და ეს შეეხება, მაგალითად, რუსეთის მიმართ მოწოდებას - შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება. აქვეა სხვა აქცენტებიც:

”გათვალისწინებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მეორე საკითხი, რაზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი, არის ის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჰქონდეს უფლება განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის ოკუპირებული. ამას ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირ არის ასახული”.

ტერმინ „ოკუპაციას“, რომელიც 23 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა კონტექსტშია მოხსენიებული, ტექსტის განხილვისას სხდომაზე ბრძოლა გამოუცხადა რუსეთის დელეგაციამ, რომელმაც რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი. მაგალითად, დეპუტატ კალაშნიკოვის გაგებით, ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთი იძულებით იცავდა თავს და ამიტომ ბუნებაში არანაირი ოკუპაცია არ არსებობს. ასეთ მიდგომას მარგინალურს უწოდებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც ასევე კმაყოფილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაკავებული უცვლელი პოზიციით:

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი
”დღევანდელი დღე კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ევროსაბჭოს პოზიცია არ შეიცვლება დროის ცვლილებასთან ერთად და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შეგვიძლია რუსეთის იძულება სამომავლოდ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით”.

რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ საქართველოს ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის აღარ გაგრძელებულა კამათი ტერმინ „ოკუპაციის“ თაობაზე, რაც გარკვეულწილად შეინიშნებოდა გასულ დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ოთხშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. მართალია, მათ მიერ შეთანხმებულად მოთხოვნილ ცვლილებათა დიდი ნაწილი არ იქნა გაზიარებული, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მისაღები აღმოჩნდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG