Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის სამიტის კვირა


რიგის სამიტი, 2015 წლის 22 მაისი
რიგის სამიტი, 2015 წლის 22 მაისი

გასულ კვირას მსოფლიოს ყურადღება ლატვიის დედაქალაქ რიგისკენ იყო მიმართული, სადაც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი გაიმართა. საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამ სამიტზე საქართველომ მაქსიმუმი მიიღო, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიამ „საშემოდგომო“ გამოაყოლა.

საქართველო, სავარაუდოდ, შემდეგი წლის დასაწყისიდან შეძლებს ისარგებლოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით, - განაცხადა რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ. მისივე განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წლის ბოლოს ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე გამოქვეყნებული დასკვნა დადებითი იქნება. ევროკომისიის დასკვნა კი15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

„რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დელეგაციას ევროკომისიამ საშემოდგომო გამოაყოლა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა: „ეს საშემოდგომო გამოსწორებადია, უბრალოდ თუ იქნება პოლიტიკური ნება, გუნდური მუშაობა და ძალისხმევა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

22 მაისს რიგის სამიტის მონაწილე ევროპის ლიდერებმა დასკვნით დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაეხმარონ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით, პოლიტიკური რეფორმებითა და კანონის უზენაესობის განმტკიცებით ევროპასთან დაახლოებას ესწრაფვიან. დეკლარაციაში საუბარია ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიაზე და ხაზგასმულია ევროკომისიის მზადყოფნა, დაეხმაროს უკრაინასა და საქართველოს 2015 წლის ბოლოსათვის წარმატებით დაასრულონ სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით ნაკისრი მეორე, გადამწყვეტი ფაზის სამუშაოები.

„ის სამი ქვეყანა, რომელსაც ასოცირებული შეთანხმება აქვს ევროპასთან, დამატებითი რესურსის სახით მიიღებს 200 მილიონის [ევროს] დახმარებას და პლუს 2 მილიარდის [ევროს] დახმარებას, რაც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მუშაობას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სამიტის დასრულების შემდეგ რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის უზარმაზარ დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის 23-ე პუნქტში, რომელსაც „თავისუფლად გადაადგილება და ხალხთა შორის კონტაქტები” ეწოდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეები 2015 წლის ბოლოსთვის მოელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებას, რაც სპეციალური ანგარიშით ევროკომისიამ უნდა შეაფასოს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, რომ წლის ბოლოს მიიღონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება.

ლინას ლინკიავიჩუსი
ლინას ლინკიავიჩუსი

„ვფიქრობ, [სავიზო ლიბერალიზაციის] პროცესი მეტად მშვიდი და დადებითი პროცესია. მართალია, სამიტისთვის დასახულ ზოგიერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პროცესი წინ მიდის და არსებობს ძალიან კარგი შანსი, - განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, საქართველოსათვის და ასევე უკრაინისთვისაც, - რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის მთავარი და ეს ჩვენს პარტნიორებს უნდა შევატყობინოთ. ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ უარყოფით მხარეებზე საუბრობს,“ - განაცხადა ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

გასულ კვირაში პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიზანიც საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის საქართველოს ეროვნული ბანკისგან ჩამოცილება და მისი დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებაა. ინიციატივის ავტორს მიაჩნია, რომ ამით პოლიტიკურად ანგაჟირებულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტს პოლიტიკური საპირწონე შეექმნება.

„მე მინდა მოვახდინო - უფრო სწორად, პარლამენტმა მოახდინოს - ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება და ამის ერთადერთი საშუალებაა პოლიტიკური საპირწონე შევუქმნათ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ეროვნული ბანკის საბჭოს. ამ სააგენტოს გამოსვლა მათი უშუალო დაქვემდებარებიდან მინიმუმ გააკეთებს იმას, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ გაუჩნდებათ ზოგიერთებს ცდუნება ლარის კურსის ასეთი რყევების პერიოდში რაღაც სპეკულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ ეს“, - განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

ამ ინიციატივას ჯერჯერობით საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ მიუღია, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისა და, მათ შორის, იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთაც საქართველოს ბანკებში აქვთ ფულადი მიმოქცევა, ეს შესაძლოა უსიამოვნო სიგნალი იყოს. მათივე განცხადებით, ინიციატივის თაობაზე საბანკო სექტორთან კონსულტაციები გავლილი არ არის.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებისადმი დაქვემდებარებული დაწესებულების თანამშრომელი, სწორედ მაკონტროლებელ ორგანოს ვთხოვ, მოისმინეთ იმ ადამიანების აზრი, რომელთა მართვაც თქვენ გევალებათ...
ნესტან ჩხიკვაძე

გასულ კვირაში გრძელდებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების გაფიცვა. ცენტრის ყველა, ანუ 110, თანამშრომელი 18 მაისის დილას გაიფიცა. მათ შორის იყო ნესტან ჩხიკვაძეც, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, რომელიც 33 წელია ამ დაწესებულებაში მუშაობს. მისი თქმით, სამეცნიერო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ცენტრის მმართველმა ორგანომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათთან ყოველგვარ კონტაქტზე უარი განაცხადა და ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა უპასუხოდ დატოვა როგორც ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფლის, ისე ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე:

„როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებისადმი დაქვემდებარებული დაწესებულების თანამშრომელი, სწორედ მაკონტროლებელ ორგანოს ვთხოვ, მოისმინეთ იმ ადამიანების აზრი, რომელთა მართვაც თქვენ გევალებათ. იქნება ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ამ განძთა საცავის მდებარეობა, მუშაობის რეჟიმი თუ სხვა მიმართულებების განსაზღვრა, ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეუთანხმდეს ამ დარგის სპეციალისტებს“, - ამბობს ნესტან ჩხიკვაძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ღია პროტესტი მას შემდეგ გამოხატეს, რაც აპრილის ბოლოს სამინისტრომ ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა და ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორს, ბუბა კუდავას, კონკურსში მონაწილეობის მიღება ურჩია. კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე კი სამინისტროში შექმნილმა ცხრაკაციანმა კომისიამ 11 კანდიდატიდან, რომელთა შორის ბუბა კუდავაც იყო, არჩევანი ისტორიკოს ზაზა აბაშიძეზე შეაჩერა, რომლის დამტკიცებაც ამჯერად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით ​ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროტესტს გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელიც აბსურდულად მიიჩნევს განცხადებას, თითქოს ახალი დირექტორი ტენდენციურად იქნა არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ 18 მაისის დილას ახლად შერჩეული დირექტორი სამსახურში არ მივიდა, თამარ სანიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ ზაზა აბაშიძე უახლოეს მომავალში შეუდგება მუშაობას.

საზოგადოების არაერთვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „დემარკის“ პროექტის გამარჯვებას. პროექტი 21 მაისს წარუდგინა საზოგადოებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ. მან თქვა:

„ამ პროექტის პლუსი, სხვა პროექტებთან შედარებით, არის ის, რომ სივრცეების გადანაწილებას აკეთებს სწორად, ანუ რეალურად მას აქვს ტერასებიც და მთის ფერდთან მიმართებითაც არის სწორად ნაფიქრი. არქიტექტურულად არის სწორად გადაწყვეტილი და ამ პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ისტორიული იერსახის შენარჩუნება და ეს ობიექტი არ იყოს დომინანტი აღნიშნულ ტერიტორიაზე“.

გამარჯვებული პროექტი
გამარჯვებული პროექტი

ხელოვნებათმცოდნეთა ერთი ნაწილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის არჩევანს იწუნებს. თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ფინალურ ეტაპზე გასული სამივე პროექტი შეუსაბამოა მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიისათვის. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს 10-12-სართულიანი სახლების აშენებას, ასევე შესაძლებელია, რომ შემდგომში პროექტის მასშტაბები გაიზარდოს.

​„ინვესტორმა განაცხადა, რომ ეს პროექტი არ არის საბოლოო. ის ზრდის მოცულობას, გაბარიტებისა და სართულების თვალსაზრისით. მას აქვს სურვილი, რომ განაშენიანება გადავიდეს ბააზოვის ქუჩაზე და გაზარდოს კოეფიციენტები, ანუ ჩვენ მივიღეთ მირზა შაფიზე ის პროექტი, რომელიც არ განხორციელდება, ვინაიდან ინვესტორს აქვს სხვა განზრახვა - მასშტაბი გაიზარდოს იმდენად, რომ განაშენიანება სიმაღლეში სცდება კლდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ჩადგამენ ახალ კორპუსს“, უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცირა ელისაშვილის ვარაუდის პასუხად, კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორმა, კომპანია „დემარკის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროექტი არ ითვალისწინებს ლანდშაფტისა და განაშენიანების შეუსაბამო კორპუსების აშენებას.

გასულ კვირაში საქართველოს მწერალთა სახლმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელსაც საქართველოს არაერთი ცნობილი პოეტი და პროზაიკოსი სტუმრობდა. მწერალთა სახლის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. როგორც კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG